მცხეთის ჯვრის მონასტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მცხეთის ჯვრის მონასტერი

მცხეთის ჯვრის მონასტერი - არაგვს გაღმა აღმართულმა ჯვარმა წმიდა ნინოს ლოცვით რევ მეფეს მყისიერად გამოუჯანმრთელა მომაკვდავი შვილი. რევ მეფე უფალს და წმიდა ნინოს შეჰპირდა, თუ ეს ჯვარი მეფეს შვილს გამოუჯანმრთელებდა, მას კუბოს ანუ სასახლეს აუშენებდა. ბავშვის გამოჯანმრთელების შემდეგ რევ მეფემ შეასრულა თავისი სიტყვა: მცხეთის სასწაულმოქმედ ჯვარს ხის ეკლესია აუშენა და ჯვრის ეკლესია უწოდა, შემდეგ კი ჯვრის მონასტერი დაერქვა.

V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა ხის ჯვარი სპეციალურ კვარცხლბეკში ჩასვა და მის გარშემო ააშენა ქვიტკირის ეკლესია, რომელსაც ამ ჯვრის პატივსაცემად ეწოდა „ჯვრის მონასტერი“. VI საუკუნის მეორე ნახევარში ქართლის ერისთავმა გუარამმა ამ ჯვრის გვერდით ააგო მცირე ეკლესია, რადგანაც ქრისტიანულმა სარწმუნოებამ ფესვი გაიდგა და ჯვრის თაყვანსაცემად მისულ მლოცველებს ეს პატარა ეკლესია ვეღარ იტევდა. გუარამის აშენებული ეკლესია დღემდე შემონახულია დიდი ტაძრის გვერდით, ჩრდილოეთის მხარეს. მისი ქვედა სართული სამარხისათვის იყო განკუთვნილი. შენობა ადრინდელი ქართული ეკლესიის არქიტექტურის ნიმუშია. შიგნით ჯვარისებრი მოხაზულობისაა, შიგნითვე ჰქონდა ჩუქურთმიანი მორთულობა. მის საკურთხეველს კი, როგორც ჩანს, მოზაიკა ამშვენებდა.

გავიდა ხანი და სულ მალე საჭირო გახდა ახალი, უფრო დიდი ტაძრის აგება, რადგან გუარამისეული მცირე სამლოცველოც ვეღარ აკმაყოფილებდა უკვე მომრავლებულ ქრისტიანთა მოთხოვნილებებს. დიდი ტაძარი ააგო გუარამის ძემ, სტეფანოზ ერისთავმა; მშენებლობაში გარკვეული მონაწილეობა მიუღიათ მის ძმას დემეტრეს და მის მემკვიდრეებს.

აქ მოხსენიებულ პირთა მიხედვით და სხვა წერილობითი საბუთების შეჯერებით გამოირკვა, რომ სტეფანოზს ტაძარი აუშენებია 585/86-სა და 604-605 წლებს შუა ეს ის ხანაა, როცა ქართულმა ხუროთმოძღვრებამ მაღალ მხატვრულ დონეს მიაღწია და საქართველოში მრავალი ღირსშესანიშნავი ნაგებობა აიგო.

საუკუნეთა მანძილზე მცხეთის ჯვარმა განსაკუთრებული სახელი და პოპულარობა მოიპოვა. მისდამი მოკრძალების გრძნობას ზრდიდა მისი სიძველე და კავშირი ძველ დედაქალაქთან. მისდამი ყურადღებას იზიდავდა იშვიათი სილამაზის მდებარეობა, მთა-გორებით გარშემორტყმულ და უძვირფასესი ისტორიული ნაშთებით მდიდარ ადგილას, მისი განსაცვიფრებელი შეხამება გარემოსთან; იგი თავისი ფორმებითა და მასშტაბებით ისეა შეზრილი მთასთან, თითქოს მასთან ერთად იყოს აღმოცენებული, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი.

სხვა ქართულ ძეგლებთან შედარებით ჯვარი უკეთ გადაურჩა დროთა მსვლელობასა და „ჟამთა სიავეს“, თუმცა X საუკუნეში მას არაბებმა ცეცხლი გაუჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი რამ დაზიანდა, ჯვრის ტაძარმა დღემდე მაინც შეინარჩუნა თავდაპირველი სახე, ხუროთმოძღვრული ფორმები, სამკაულები, წარწერები. იგი დღესაც წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე.

მცხეთის ჯვარი მსოფლიო მნიშვნელობის ხუროთმოძღვრების ძეგლია. ის სასწაულმოქმედი ჯვარი, რომელიც სვეტიცხოვლის ტაძარში ინახებოდა 1725 წლიდან თითქმის მეოცე საუკუნის დასასრულამდე XIX-XX საუკუნეებში გაუჩინარდა. ბოლოს ისევ სვეტიცხოვლის ტაძარში აღმოჩნდა და 2004 წლის 16 თებერვლიდან იგი მირონმდინარე გახდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის კურთხევით, ეს ჯვარი ჩააბრძნეს ტიხრული მინანქრით მოპირკეთბულ ლუსკუმაში და ასე ინახება სვეტიცხოვლის ტაძარში. ტაძრის გუმბათის ქვეშ დღესაც არის ამ ჯვრის კვარცხლბეკი, რომელშიც ჯერ-ჯერობით საზოგადოება „ძლევაის“ გაკეთებული ჯვარი დგას.


წყარო

ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები