ნამგალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნამგალი


ნამგალი - ხელით სამუშაო პურეული კულტურების სამკალი იარაღი. მზადდებოდა საქართველოს მჭედლობის ცენტრებში. ნამგალი ძირითადად მზადდებოდა ე.წ. ნაკუწი რკინისაგან - ჯართისაგან. ქურაში მჭედელი ჯართს ერთ ზოდად შეადუღებდა, ნამგლისათვის საჭირო ნაწილს ჩამოაჭრიდა, ჯერ სიგრძეზე გაჭიმავდა, შუაზე გააპობდა და ფოლადს ჩაუდებდა, შემდეგ სანამგლე რკინა-ფოლადს კვლავ ქურაში დაადუღებდა. როცა რკინა სათანადოდ გახურდებოდა და ყვითელ ფერს მიიღებდა, ქურიდან გადმოიღებდა, გრდემლზე დადებდა და კვერის ცემით ნამგლის ფორმას მისცემდა, „პირს გამოუყვანდა“.

შემდეგ ეტაპზე ხდება პირისა და ტარის გამოყვანა. ნამგლის პირი წყალში წრთობის შემდეგ რომ არ გამრუდებულიყო, მომზადებული ჰქონდათ ნამგლის ფორმის ყალიბი და ძროხის ქონწასმულს ზედ დააკრავდნენ. ამ ხერხით იარაღის თხელი პირი აღარ მრუდდება და ფხა-ალმასიანი გამოდის.

წრთობის სხვადასხვა წესები მჭედლის გვარში საიდუმლოდ რჩებოდა და მომავალ თაობას მემკვიდრეობით გადაეცემოდა. მათ დამღაც საგვარეულო ჰქონდათ (მაგ., მეჯვრისხეველ მჭედელ მაზანაშვილების დამღა ე.წ. „კურდღლის კანჭი“ იყო, რომელიც დღემდე არსებობს მათ მიერ გაჭედილ რკინის იარაღებზე). ნამგალს, როგორც სხვა იარაღს, მჭედელი უკეთებდა დამღას, რაც ხშირად მოხელის გვარისა და სახლის ინიციალებით შემოიფარგლებოდა, ზოგჯერ სხვადასხვა ნიშნებს დაადაღავდა. მჭედლის დამღა თაობიდან თაობაში გადადიოდა. ოჯახის გაყრის შემთხვევაში ამ ნიშნით სარგებლობის უფლება გვარის განაყრებს ჰქონდათ. საქართველოში ცნობილია სხვადასხვა სახეობის ნამგალი: სამკალი, სათიბი, სასხლავი, საჩეხი და სხვ. საქართველოს ტერიტორიაზე ნამგლის არსებობა უძველესი დროიდან დასტურდება. ყველაზე ადრინდელ ტიპად კაჟის პირიანი ნამგლებია მიჩნეული.

ლიტერატურა

გ. ჯალაბაძე, აღმ. საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღების ისტორიიდან, 1960. ა.გ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები