ნიხასი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 14: ხაზი 14:
 
:ბ) ქვის ნაგებობა – ხაძარი, რომელსაც აქვს კერა და აღჭურვილია სათანადო ავეჯით (როგორც ჩანს, სწორედ ასეთი სახის ნიხასს გულისხმობს ზოგიერთ ნართულ გადმოცემებში ნახსენები "ნიხასდონი").  
 
:ბ) ქვის ნაგებობა – ხაძარი, რომელსაც აქვს კერა და აღჭურვილია სათანადო ავეჯით (როგორც ჩანს, სწორედ ასეთი სახის ნიხასს გულისხმობს ზოგიერთ ნართულ გადმოცემებში ნახსენები "ნიხასდონი").  
  
იქ, სადაც არ იყო სპეციალური ნაგებობა, უამინდობის ჟამს ნიხასი სოფლის უხუცესის სახლში იკრიბებოდა. უნდა ითქვას, რომ ღიაცისქვეშა ნიხასები მთელს [[კავკასია]]შია გავრცელებული, ხოლო სპეციალური ნაგებობა, ნიხასისათვის დამოწმებულია ჩეჩნეთში (სოფ. მიზუ) და [[საქართველო]]ს მთიანეთში ([[ხევსურეთი]] – სოფ. შატილი; რაჭა – სოფ. ჭიორა, ღები, გლოლა).
+
იქ, სადაც არ იყო სპეციალური ნაგებობა, უამინდობის ჟამს ნიხასი სოფლის უხუცესის სახლში იკრიბებოდა. უნდა ითქვას, რომ ღიაცისქვეშა ნიხასები მთელს [[კავკასია]]შია გავრცელებული, ხოლო სპეციალური ნაგებობა, ნიხასისათვის დამოწმებულია ჩეჩნეთში (სოფ. მიზუ) და [[საქართველო]]ს მთიანეთში ([[ხევსურეთი]] – სოფ. შატილი; [[რაჭა]] – სოფ. ჭიორა, ღები, გლოლა).
  
 
ოსური ნიხასი, როგორც ითქვა, წარმოადგენდა მამაკაცთა საკრებულოს, სადაც განსაკუთრებული შემთხვევების გარდა ქალი არ დაიშვებოდა (ვ. პფაფის ცნობით, ნიხასში ქალი მიდიოდა მხოლოდ თხოვნით ან იბარებდნენ როგორც მოწმეს ან დამნაშავეს). ნიხასის შეკრების დროსა და განსახილველ საკითხებზე
 
ოსური ნიხასი, როგორც ითქვა, წარმოადგენდა მამაკაცთა საკრებულოს, სადაც განსაკუთრებული შემთხვევების გარდა ქალი არ დაიშვებოდა (ვ. პფაფის ცნობით, ნიხასში ქალი მიდიოდა მხოლოდ თხოვნით ან იბარებდნენ როგორც მოწმეს ან დამნაშავეს). ნიხასის შეკრების დროსა და განსახილველ საკითხებზე

მიმდინარე ცვლილება 16:08, 16 იანვარი 2020 მდგომარეობით

ნიხას-ი (ოს. Ныхас – „სიტყვა“, „ლაპარაკი“, „საუბარი“) – სოფლის საკრებულო, ასაკოვან მამაკაცთა კრება და თვით შეკრების ადგილის სახელწოდება. ტრადიციული ოსური საზოგადოებისათვის დამახასიათებელ ინსტიტუტთა შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ნიხასს – სოფლის მმართველობასთან, მისი ეკონომიკური, სოციალური და იდეოლოგიური ცხოვრების რეგულირებასთან დაკავშირებულ ორგანოს. ახალგაზრდობის მიერ ჩვეულებითი სამართლის ნორმებისა და ზოგადად ოსური ტრადიციული ეტიკეტის (ирон æгъдауттæ) დაუფლების თვალსაზრისით, მას გარკვეული აღმზრდელობითი ფუნქციაც ეკისრებოდა (მამაკაცთა ჩვეულებრივ შეკრების დღეებში ნიხასზე ყოფნა მამრობითი სქესის მოზარდებსაც შეეძლოთ). ნიხასის საკულტო დანიშნულებაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ იგი საერთო-სასოფლო ზეიმების, სახატო დღეობების, ცალკეული რელიგიური წეს-ჩვეულებების ჩატარების ცენტრი ან კულტმსახურების ბოლო, დამამთავრებელი ეტაპის პუნქტი იყო (სწორედ ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ "ხატის", "სალოცავის" აღმნიშვნელი აფხაზური ტერმინი ა-ნHხა ოსურ ныхас სიტყვას უკავშირდებოდეს). ნართული ეპოსის მიხედვით, ნიხასი ნართების შეკრების, დასვენებისა და გართობის საყვარელი ადგილია. ნართებში გათამაშებული თითქმის ყველა ინტრიგა ნიხასიდან მოდის. სახელოვანი ნართებიდან ყველაზე ხშირად ნიხასში ურუზმაგი იმყოფება, თავდავიწყების ლურჯ ქვაზე ზის ან წევს და თვლემს (შესაძლოა, ეს ურუზმაგის მედიტაციური თავდავიწყებაა).

ოსეთში გავრცელებული იყო ორი ტიპის ნიხასი: ღია ცისქვეშა და დახურული (агъуыст ныхас, хæдзар). პირველ ტიპში ხუთი სახე გამოიყოფა:

ა) მოედნები, რომლებზედაც ჩამოსასხდომი ქვები განლაგებულია წრიულად ან ოვალურად,
ბ) ქვათა ერთი, სწორხაზოვანი რიგით გამართული ნიხასები,
გ) გრძელი სკამის ფორმით მოწყობილი ნიხასები,
დ) ტერასული ნიხასები და
ე) მოედნები ჩამოსასხდომი ქვების გარეშე.

დახურული ნიხასი ორი სახისაა:

ა) ფარდულის ტიპის და
ბ) ქვის ნაგებობა – ხაძარი, რომელსაც აქვს კერა და აღჭურვილია სათანადო ავეჯით (როგორც ჩანს, სწორედ ასეთი სახის ნიხასს გულისხმობს ზოგიერთ ნართულ გადმოცემებში ნახსენები "ნიხასდონი").

იქ, სადაც არ იყო სპეციალური ნაგებობა, უამინდობის ჟამს ნიხასი სოფლის უხუცესის სახლში იკრიბებოდა. უნდა ითქვას, რომ ღიაცისქვეშა ნიხასები მთელს კავკასიაშია გავრცელებული, ხოლო სპეციალური ნაგებობა, ნიხასისათვის დამოწმებულია ჩეჩნეთში (სოფ. მიზუ) და საქართველოს მთიანეთში (ხევსურეთი – სოფ. შატილი; რაჭა – სოფ. ჭიორა, ღები, გლოლა).

ოსური ნიხასი, როგორც ითქვა, წარმოადგენდა მამაკაცთა საკრებულოს, სადაც განსაკუთრებული შემთხვევების გარდა ქალი არ დაიშვებოდა (ვ. პფაფის ცნობით, ნიხასში ქალი მიდიოდა მხოლოდ თხოვნით ან იბარებდნენ როგორც მოწმეს ან დამნაშავეს). ნიხასის შეკრების დროსა და განსახილველ საკითხებზე სოფლის დაუწყებას სპეციალური მაცნე ახდენდა. მამაკაცები შეკრებაზე შეიარაღებულნი მოდიოდნენ (ხშირი იყო კამათი, რომელიც ზოგჯერ მკვლელობითაც მთავრდებოდა). ქურთათის, ალაგირისა და ნაწილობრივ დიგორის (სოფლების – მახჩესქი, ქუსუ, სტირ დიგორი, ძინგა და სხვ.) ხეობების ნიხასები შედარებით დემოკრატიული ხასიათის ინსტიტუტებს წარმოადგენდნენ (აქ ხმის უფლება მხოლოდ ტყვეებს არ ჰქონდათ); თაგაურისა და დიგორის (სოციალურად არაერთგვაროვანი სოფლები) ხეობებში ხმის უფლებით ტყვეები და უკანონოდშობილები (кумаиаг) არ სარგებლობდნენ. დიდგვაროვნები ნიხასის მუშაობაში მხოლოდ მაშინ მონაწილეობდნენ, როცა მათთვის საინტერესო საკითხები განიხილებოდა (სხვა შემთხვევაში ნიხასზე გასვლა უღირს საქმედ მიაჩნდათ). ნიხასის მუშაობას შეიძლებოდა დასწრებოდა სოფელში სტუმრად მყოფი პირი, რომელსაც, თუ იგი ოსი არ იყო, უხუცესებთან ახლოს საპატიო ადგილზე დასვამდნენ (ოსი სტუმარი საერთოდ არ ჯდებოდა). განსაკუთრებული პატივით სარგებლობდა სოფლის უხუცესი (хъæуы хистæр, хъæуы хицау), რომლის საჯდომ ადგილს ნიხასში „უხუცესის დასაჯდომი ადგილი“ (хистæры бандон) ან „უხუცესის ქვა“ (хистæры дур) ერქვა. ხისტარი დური ("უხუცესის ქვა")ხშირად სპეციალურად მუშავდებოდა და სავარძლის ფორმა ეძლეოდა.

გარდა იმისა, რომ სპეციალურ შეკრებებზე იხილებოდა სოფლისა თუ თემის ან ხეობის საჭირბოროტო საკითხები (სასოფლო-სამეურნეო, ტყის დაცვისა და გამოყენების, ხიდებისა და გზათა კეთილმოწყობის, სოფლის ახალი წევრების მიღების, დანაშაულისა და სასჯელის, თავდაცვისა და ლაშქრობის ორგანიზების და სხვ. პრობლემები), თავისუფალ დროს მამაკაცები ნიხასზე საუბრით ერთობოდნენ. ხშირად აქ ისეთი სახელოსნო სამუშაოებიც სრულდებოდა, რომელიც მამაკაცთა ერთობოლივ შრომას საჭიროებდა (მაგ., ტყავის დამუშავება, თოკის გრეხა, ტყივია-წამლის დამზადება და სხვ.).

ნიხასზე სოფლის ახალგაზრდობა თავს ირთობდა ტრადიციული თამაშებითა და სპორტული შეჯიბრებებით (ყველაზე პოპულარული იყო შეჯიბრი ქვის სროლასა და ჯილდაობაში). აქვე ხალხური მთქმელები თაობიდან თაობას გადასცემდნენ ოსური ფოლკლორის საუკეთესო ნიმუშებს. ერთი სიტყვით, ოსური სოფლის ცხოვრება ნიხასის გარეშე წარმოუდგენელი იყო.

ოსური ნიხასის ფუნქციის იდენტურია კავკასიელთა ანალოგიური ინსტიტუტები: ბალყარული – ნიჰაში, ინგუშური – ფჰეგა, ხევსურული – ფეხონი, მოხეური – ერობა, თუშური – საბჭეო, საამჯნო, წოვა-თუშური – შეკრი, სვანური – სოფლობ, რაჭული – სანახშო და სხვ. ტერმინი ныхас (ეს უკანასკნელი ბალყარულში და ქართული ენის რაჭულ დიალექტში ოსურიდან არის შესული), ვ. აბაევის აზრით, ინდოევროპული წარმომავლობის სიტყვაა.


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • გ. ჩიქოვანი. ჩრდილოეთ ოსეთის ხეობათა სტრუქტურა ძველად ნიხასების მიხედვით // საისტორიო კრებული. ტ. II. თბ., 1971;
  • მისივე, ოსური ნიხასის შემადგენლობა და სტრუქტურა // ასპირანტთა და ახალგაზრდა მეცნიერ მუშაკთა სამეცნიერო კონფერენცია: მოხსენებათა თეზისები. თბ., 1972;
  • მისივე, ნიხასის ადგილი ოსთა საზოგადოებრივ ყოფაში ნართული ეპოსის მიხედვით // საისტორიო კრებული. ტ. VI. თბ., 1973;
  • მისივე, Виды осетинского ныхаса // Всесоюзная научная сессия, посвященная итогам полевых археологических и этнографических исследований 1970 г.: Тезисы докладов. Тб., 1971;
  • მისივე, Из общественного быта осетин – ныхас. Автореферат диссерт. на соиск. уч. ст. канд. исторических наук. Тб., 1973;
  • მისივე, Осетинский ныхас // КЭС. Т. V. 2. 1979;
  • მისივე, Один из видов площадей народного схода горного Кавказа // КЭС. Т. VII. 1988.

[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები