ოლიმპიური თამაშების პროგრამა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოლიმპიური თამაშების პროგრამა - ოლიმპიური მოძრაობა აერთიანებს სპორტის იმ სახეობებს, რომლებიც შეტანილია ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში. კონკრეტულ სპორტის სახეობას ოლიმპიური სპორტის სტატუსი სწორედ მას შემდეგ ენიჭება, როცა ის თამაშების ოფიციალურ პროგრამაში ჩაერთვება. ოლიმპიური თამაშების პროგრამაში სპორტის ახალი სახეობა შეაქვთ საერთაშორისო სპორტული ფედერაციის ან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ-ი) ინიცირებით.

Programa.PNG

ოლიმპიური სახეობის სტატუსის მისაღებად აუცილებელია შესაბამისი სახეობის:

  • სერთაშორისო ფედერაციის არსებობა, მრომელიც აღიარებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ;
  • სერთაშორისო ფედერაციის მიერ ოლიმპიური ქარტიისა და მსოფლიოს ანტისადოპინგო კოდექსის აღიარება;
  • მსოფლიოს, კონტინენტური, რეგიონული და ეროვნული ჩემპიონატების რეგულარულად ჩატარება;

ფართოდ გავრცელება:

  • კაცთა ზაფხულის სახეობებისთვის - არანაკლებ 4 კონტინენტის 75 ქვეყანაში;
  • ქალთა ზაფხულის სახეობებისთვის - არანაკლებ 3 კონტინენტის 40 ქვეყანაში;
  • ზამთრის სახეობებისთვის - არანაკლებ 3 კონტინენტის 25 ქვეყანაში.

გარდა ამისა, ოლიმპიური აღიარებისთვის დაწესებულია სხვა მოთხოვნებიც: სანახაობრიობა, პოპულარობა ახალგაზრდებს შორის, ფართო ტელეაუდიტორია, კომერციული მიმზიდველობა და ა.შ.

ოლიმპიური ქარტიის შესაბამისად, სპორტის სახეობის აღიარებისთვის კრიტერიუმების დადგენის, ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შეტანის და ამოღების უფლებამოსილება აქვს სოკ-ის სესიას, ცალკეული დისციპლინის შეტანა-ამოღებისა კი - სოკ-ის აღმასრულებელ საბჭოს. ოლიმპიური თამაშების პროგრამის შემადგენელი კომპონენტებია სპორტის სახეობები (მაგ. ჭიდაობა, მძლეოსნობა, ცურვა, ძიუდო და ა.შ), ქვესახეობები (მაგ. თავისუფალი ჭიდაობა, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა და ა. შ.) და დისციპლინები (მაგ. მძლეოსნობაში - რბენა, სიმაღლეზე ხტომა, ბირთვის კვრა და ა.შ.).

ოლიმპიური თამაშების პროგრამა შედგება სპორტის ძირითადი და დამატებითი სახეობებისგან. ძირითადი სახეობის სტატუსი მინიჭებული აქვთ იმ სახეობებს, რომლებსაც აერთიანებენ ქვემოთ ჩამოთვლი ზაფხულის სპორტის 28 და ზამთრის სპორტის 7 საერთაშორისო ფედერაციები (იხ.ჩამონათვალი).

სოკ-ის კლასიფიკაციით, აღიარებული საერთაშორისო სპორტული ფედერაციების საერთო რაოდენობის შესაბამისად, თანამედროვე ოლიმპიური თამაშების პროგრამაში სტაბილურად შედის ზაფხულის 28 და ზამთრის 7 ძირითადი სახეობა. თავის მხრივ, ზოგიერთი სახეობა აერთიანებს რამდენიმე ქვესახეობას.

მაგალითად:
ჭიდაობა > თავისუფალი ჭიდაობა, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა;
საწყლოსნო სპორტი > ცურვა, წყალში ხტომა, წყალბურთი, მხატვრული ცურვა (ადრინდელი სინქრონული ცურვა);
ტანვარჯიში > სპორტული ტანვარჯიში, მხატვრული ტანვარჯიში, ბატუტზე ხტომა;
თხილამურობა > თხილამურებით რბოლა, სამთო თხილამურობა, სათხილამურო ორჭიდი, ტრამპლინიდან ხტომა, სნოუბორდი, ფრისტაილი;
ციგურაობა > ფიგურული ციგურაობა, ჩქაროსნული ციგურაობა, შორტ-ტრეკი;

გარდა სპორტის სახეობებისა, პროგრამის შემადგენელი კომპონენტებია სპორტული დისციპლინები.

მაგალითად:
ძიუდო > ცალკეული წონითი კატეგორიები;
ცურვა > ცალკეული დისტანციები;
ტანვარჯიში > ცალკეული იარაღები;
ფიგურული ციგურაობა > ცალკეული პროგრამები;
ბარის თხილამურობა > ცალკეული დისტანციები.

სპორტის სახეობები, რომლებიც სხვადასხვა დროს შედიოდა, შემდეგ კი ამოიღეს ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან

ბაგირის გადაძალვა - 1900-1920;
პოლო - 1900, 1908, 1920, 1924, 1936;
ბასკური პელოტა - 1900;
კრიკეტი - 1900;
კროკეტი - 1900;
ლაკროსი - 1904, 1908,
ჟო დე პომი - 1908,
რეკეტსი - 1908;
წყალსამოტორო სპორტი - 1908.

ზამთრის სპორტის სახეობები - ფიგურული ციგურაობა და ყინულის ჰოკეი თავდაპირველად ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში იყო შეტანილი (შესაბამისად - 1908 და 1920 წლებში), 1924 წლიდან კი ზამთრის ოლიმპიადის პროგრამაშია.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები