ოლიმპიური თამაშები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(სენტ ლუისის III ოლიმპიური თამაშები (1904))
(ლონდონის IV ოლიმპიური თამაშები (1908))
ხაზი 100: ხაზი 100:
 
სენტ ლუისში სპორტსმენები პირველად დაჯილდოვდნენ ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით. ათენის პირველ თამაშებზე გამარჯვებულებს მხოლოდ ვერცხლის მედლები გადაეცემოდათ, რადგან ოქროს მედლების დასამზადებლად თამაშების ორგანიზატორებს სახსრები არ ჰქონდათ, ხოლო 1900 წელს პარიზის თამაშებზე ჩემპიონებს მოოქროვილი მედლები გადაეცემოდათ.
 
სენტ ლუისში სპორტსმენები პირველად დაჯილდოვდნენ ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით. ათენის პირველ თამაშებზე გამარჯვებულებს მხოლოდ ვერცხლის მედლები გადაეცემოდათ, რადგან ოქროს მედლების დასამზადებლად თამაშების ორგანიზატორებს სახსრები არ ჰქონდათ, ხოლო 1900 წელს პარიზის თამაშებზე ჩემპიონებს მოოქროვილი მედლები გადაეცემოდათ.
  
====ლონდონის IV ოლიმპიური თამაშები (1908)====
+
====[[ლონდონის IV ოლიმპიური თამაშები (1908)]]====
 
ლონდონის IV ოლიმპიური თამაშები პირველი იყო, რომლის გახსნის ცერემონიაზეც მასში მონაწილე ქვეყანათა დროშების აღლუმი შედგა.  
 
ლონდონის IV ოლიმპიური თამაშები პირველი იყო, რომლის გახსნის ცერემონიაზეც მასში მონაწილე ქვეყანათა დროშების აღლუმი შედგა.  
  

15:45, 2 დეკემბერი 2020-ის ვერსია

პროფესიონალი მოკრივე
(ძვ.წ. 100-50 წ.წ.), ტარკვინია, ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი
მეეტლე.
ამფორას ფერწერა (ძვ.წ. V ს.).

ოლიმპიური თამაშები – ოლიმპიური თამაშები უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მულტიკომპლექსური სპორტული შეჯიბრებაა, რომელსაც ატარებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (სოკ-ი) 4 წელიწადში ერთხელ. ოლიმპიური თამაშების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 16 დღეს.

ოლიმპიური ქარტიის განმარტებით, ოლიმპიური თამაშები წარმოადგენს ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრებებს სპორტსმენებს შორის და არა ქვეყნებს შორის. ოლიმპიური თამაშები შედგება ზაფხულისა და ზამთრის თამაშებისგან. ზამთრის ოლიმპიადის პროგრამა აერთიანებს სპორტის იმ სახეობებს, რომელშიც შეჯიბრებები ტარდება მხოლოდ თოვლზე ან ყინულზე.

სარჩევი

ანტიკური ოლიმპიური თამაშები

პირველ ოლიმპიურ თამაშებზე კონკრეტული ცნობები არ მოიპოვება. ყველაზე ადრეული და ისტორიულად სარწმუნო ცნობა თარიღდება ძვ.წ. 776 წლით, როცა გამარჯვებულთა გვარების ჩაწერა და თამაშების აღრიცხვა დაიწყეს.

ანტიკური ოლიმპიური თამაშები საერთო-სახალხო რელიგიური დღესასწაული იყო, რომელიც საკულტო ცერემონიალისა და სპორტული შეჯიბრებებისგან შედგებოდა. ეძღვნებოდა ძველბერძნული პანთეონის უმაღლეს ღვთაებას - ზევსს. ზოგიერთი გადმოცემის თანახმად, ოლიმპიური თამაშები თვით ზევსმა დააფუძნა, სხვა ლეგენდის მიხედვით - მისმა ვაჟმა, ჰერაკლემ.

ზევსმა ოლიმპიური თამაშები საკუთარ მამაზე, კრონოსზე გამარჯვების აღსანიშნავად დააფუძნა. კრონოსს უწინასწარმეტყველეს, რომ მას თავისი შვილი დაამხობდა ისევე, როგორც მან დაამხო თავისი მამა, ურანოსი. ფატალური საშიშროება თავიდან რომ აეცილებინა, პირქუში კრონოსი, თავისი მეუღლის, ქალღმერთ რეას მიერ გაჩენილ შვილებს სიცოცხლეს უსწრაფებდა - ცოცხლად ყლაპავდ. მითის თანახმად, სწორედ ამ თავისი დიადი გამარჯვების აღსანიშნავად დააფუძნა ზევსმა ოლიმპიური თამაშები, რომელიც 5 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. პირველ დღეს, ზევსისა და ჰერას სადიდებლად, იმართებოდა მსხვერპლშეწირვა და საზეიმო მსვლელობა ანთებული ჩირაღდნებით, შემდეგ კი - ათლეტური თამაშობები.

ერთ-ერთი გავრცელებული მითის თანახმად, ოლიმპიური თამაშები ზევსის ვაჟიშვილმა, ლეგენდარულმა გმირმა და ნახევრადღმერთმა, ჰერაკლემ დააარსა. სახელოვანი პოეტი პინდარე ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებულისადმი მიძღვნილ თავის ოდაში ამ დღესასწაულის დამაარსებლად სწორედ ჰერაკლეს ასახელებს.

მეეტლე.
თეფშის ფერწერა (ძვ.წ. 545 წ.), ტარკვინია, ეროვნული მუზეუმი.

ერთ-ერთი მითის თანახმად, ჰერაკლემ პელოპონესის ნახევარკუნძულზე, კრონოსის საფლავთან, მამამისის - ზევსის გამარჯვების აღსანიშნავად ათლეტური შეჯიბრება დააწესა სირბილში - 11 სტადიაზე. მანძილი ჰერაკლემ დაადგინა - სტადია იყო მისი 600 ტერფის ტოლი მანძილი, 192 მეტრი და 27 სანტიმეტრი. გადმოცემით, სწორედ ამ მანძილის გავლა მოასწრო ჰერაკლემ კრონოსის ბორცვთან მზის პირველი სხივის გამოჩენის მომენტიდან მანამ, სანამ მზე მთლიანად ამოვიდოდა. შეჯიბრება ჰერაკლემ მოიგო. ღმერთებმა ამ გამარჯვების აღსანიშნავად, იგი ველური ზეთისხილის გვირგვინით შეამკეს.

ჰერაკლე სწორუპოვარი ათლეტი ყოფილა - ყველაზე ძლიერი, სწრაფი, მიზანაუცდენელი და მარჯვე. მან პატარობიდან შეიყვარა სირბილი, ხტომა, სროლა თუ ბრძოლა. მას შეეძლო ემართა დიდი სისწრაფით მავალი ეტლი, აუცდენლად ისროდა მშვილდ-ისარს. დაუმარცხებელი იყო კრივსა და ხელჩართულ ბრძოლაში, არ ჰყავდა ბადალი ჭიდაობასა და პანკრატიონში. ჰერაკლე ათლეტიზმის და ჭიდაობის სკოლების, პალესტრების მფარველ ღვთაებად ითვლებოდა. იგი იყო გმირთაგმირი, „უდიდესი ათლეტი“ (როგორც ანტიკური ავტორები უწოდებდნენ), ამიტომ სრულიად ლოგიკური ჩანს მითოლოგიური ვერსია, რომელიც ოლიმპიური თამაშების დამფუძნებლად სწორედ მას მიიჩნევს.

ოლიმპიური თამაშები ყოველ მეოთხე წელს, ზაფხულის ბუნიაობის (ივლისი-აგვისტო) შემდეგ ტარდებოდა. დღესასწაულის განმავლობაშ მთელ საბერძნეთში საყოველთაო სიმშვიდე სუფევდა. ასპარეზობის ადგილი იყო ელისის ოლიმპია. ძველი ქალაქის-პისას მახლობლად მდებარე ადგილი ზევსის წმინდა სავანედ ითვლებოდა. შესაბამისად, იქ იყო ზევსის ტაძარი, პელოფსის წმინდა სამაროვანი, ზევსის სამსხვერპლო, თორმეტი ღმერთის ექვსი ორმაგი საკურთხეველი და სხვა წმინდა ნაგებობები. შემოსაზღვრული ადგილის მიღმა, ალფეოსის გაყოლებაზე მდებარეობდა სტადიონი და ჰიპოდრომი. დღესასწაული გრძელდებოდა შვიდი დღე. მსაჯულები იყვნენ ელისის მკვიდრნი. ასპარეზობები ტარდებოდა შემდეგ სახეობებში: სრბოლა, ორმაგი სრბოლა, შორს სრბოლა, სრბოლა იარაღით, შებმა, მუშტი-კრივი, მრავალჭიდი („პანკრატიონი“ – მუშტი-კრივი შებმითურთ), ხუთჭიდი („პენტათლონი“ – სრბოლა, ხტომა, დისკოს ტყორცნა, შუბის ტყორცნა და შებმა), ჯირითი, ეტლით სრბოლა. აგრეთვე – სრბოლა, შებმა და მუშტი-კრივი ჭაბუკებისათვის. უძველეს და უმთავრეს ასპარეზობად ითვლებოდა უბრალო სრბოლა, ხოლო ყველაზე საპატიოდ – ეტლით სრბოლა. ძვ.წ. V საუკუნიდან ოლიმპიურ ასპარეზობებზე გამოდიოდნენ პოეტებიც.

ასპარეზობაზე თავიდან დაიშვებოდნენ მხოლოდ ზრდასრული მამაკაცები, შემდეგ კი, ძვ.წ. 632 წლიდან, ანუ 37-ე ოლიმპიადიდან, ეს უფლება 20 წლამდე ჭაბუკებმაც მიიღეს. მათი შეჯიბრებანი ზრდასრულებისგან განცალკევებით იმართებოდა. მონებს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღება არ შეეძლოთ, მაგრამ ისინი შეიძლება ყოფილიყვნენ მეეტლეები, რადგან რბოლაში გამარჯვებულად ცხენების მფლობელი ცხადდებოდა

ოლიმპიადაზე ათლეტები სრულიად შიშვლები ასპარეზობდნენ (გარდა მეეტლეებისა).

ქალებს არათუ წართმეული ჰქონდათ თამაშებში მონაწილეობის უფლება, არამედ დასწრება, თვალყურის დევნებაც კი სასტიკად ეკრძალებოდათ. გამონაკლისი იყო მხოლოდ მიწათმოქმედებისა და ნაყოფიერების ქალღმერთ დემეტრას ქურუმი. პავსანია თავის წიგნში „ელადის აღწერილობა“ აღნიშნავს, რომ ოლიმპიის მახლობლად არსებობდა კლდე, ტიპაიონი, საიდანაც ოლიმპიურ თამაშებზე შეპარულ ქალებს უფსკრულში აგდებდნენ. პედოტროპად, ანუ მწვრთნელად გადაცმული ქალი სტადიონზე რომ არ შეპარულიყო, ერთ-ერთი პრეცედენტის შემდეგ დაადგინეს, რომ მწვრთნელებიც ასპარეზობას ათლეტებივით სრულიად შიშვლები უნდა დასწრებოდნენ. ეს ამბავი ასე მომხდარა: ძვ.წ. 404 წელს, 94-ე ოლიმპიადაზე კალიფატერია, მეორენაირად - ფერენიკა, სტადიონზე მწვრთნელის მოსასხამით შეპარულა, რათა ენახა, თუ როგორ იასპარეზებდა მისი ვაჟიშვილი, პეისედორი კრივში, ახალგაზრდების შეჯიბრებაში. როდესაც მისმა ვაჟმა გამარჯვება მოიპოვა, უზომოდ გახარებული კალიფატერია წამოხტა და მისკენ გაექანა, მაგრამ ამ დროს მოსასხამი ჩამოსძვრა და ყველამ დანახა, რომ ქალია. მას სასტიკი განაჩენი ელოდა, მაგრამ შეიწყალეს, რადგან სახელგანთქმული ოლიმპიონიკის, დიაგორეს ქალიშვილი გახლდათ. ოღონდ, მსგავსი სიტუაცია მომავალში რომ აღარ განმეორებულიყო, დადგინდა - სტადიონზე მწვრთნელებიც შიშვლები უნდა ყოფილიყვნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ქალებს ოლიმპი ურ თამაშებში მონაწილეობა და თვით დასწრებაც კი ეკრძალებოდათ, ისტორი - ამ შემოგვინახა ქალის სახელი, რომელიც ოლიმპიონიკი გამხდარა ცხენებით რბოლაში - კინისკა. როგორც უკვე ვთქვით, ოლიმპიონიკად ცხენების მფლობელი ცხადდებოდა და არა მეეტლე.

არაბერძნებს, ანუ უცხოტომელებს (ბარბაროსებს) ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდათ, თუმცა ოლიმპიადების ისტორიიდან ცხადად ჩანს, რომ მოგვიანებით ამ წესს უკვე აღარ იცავდნენ. როგორც მაკედონიელები, ისე რომის იმპერიის მკვიდრნი თამაშებში ერთვებოდნენ და იმარჯვებდნენ კიდეც. შეჯიბრებაში თვით რომის იმპერატორებიც კი გამოდოდნენ. ასე მაგალითად, ოლიმპიონიკად გამოცხადდა რომის იმპერატორი ნერონი, რომელმაც „გაიმარჯვა“ 10 ცხენით შებმული ეტლით უკონკურენტო რბოლაში, რადგან მასთან გაჯიბრება ვერავინ გაბედა. ნერონი გამარჯვებულად გამოაცხადეს, არადა, სინამდვილეში, მისი ეტლი მოსახვევში გადაბრუნდა და ფინიშამდე ვერც კი მიაღწია.

თავდაპირველად ოლიმპიური თამაშები მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში იმართებოდა - მხოლოდ სირბილში - მაგრამ შემდგომ ის ხუთ დღემდე გაიზარდა.

პირველ დღეს იმართებოდა დღესასწაულის საზეიმო გახსნა. სტადიონზე ელანოდიკები წარადგენდნენ მონაწილეებს. შემდეგ ყველანი გადადიოდნენ ალტისში, სადაც მსხვერპლშეწირვის რიტუალს ატარებდნენ, ათლეტები და მსაჯები კი დებდნენ ფიცს, რომ პატიოსნად იბრძოლებდნენ და პატიოსნად განსჯიდნენ ასპარეზობას. იმავე დღეს იმართებოდა კენჭისყრა, ყალიბდებოდა ორთაბრძოლების წყვილები, ღამით კი - ანთებული ჩირაღდნებით - მსვლელობა. მეორე დღეს იმართებოდა ჭაბუკების შეჯიბრებანი სირბილში, ჭიდაობაში, კრივსა და ცხენოსნობაში. მესამე დღეს ტარდებოდა ძირითადი ასპარეზობები - პროგრამის სხვადასხვა სახეობაში. მეოთხე დღეს სტადიონზე იმართებოდა შეჯიბრება პენტატლონში, იპოდრომზე კი - რბოლა ეტლებით და დოღი. ოლიმპიური თამაშები სრულდებოდა ჰოპლიტოდრომით - შეიარაღებული ათლეტების სირბილით. მეხუთე დღე ეთმობოდა გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოებას, ლხინსა და თამაშების დახურვას.

გამარჯვებულებს „ოლიმპიონიკებს“ უწოდებდნენ. მათი ჯილდო იყო წმინდა ზეთისხილის გვირგვინი და პალმის რტო. მას, ვინც სამგზის გაიმარჯვებდა, უფლება ეძლეოდა დაედგა თავისი ქანდაკება ოლიმპიაში. გამარჯვებულთა სახელებს საქვეყნოდ აცხადებდნენ და განადიდებდნენ იმ ქალაქებს, საიდანაც ისინი იყვნენ. ოლიმპიონიკესი ცხოვრების ბოლომდე თავისუფლდებოდა სახელმწიფოებრივი ვალდებულებისაგან და საყოველთაო პატივით იყო მოსილი.

განახლებული ოლიმპიური თამაშები

სოკ-ის მიერ დადგენილი წესების და პირობების შესაბამისად, სოკ-თან ერთად ოლიმპიური თამაშებში ჩართულნი არიან საერთაშორისო სპორტული ფედერაციები, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები, მასპინძელი ქვეყნის და ქალაქის მთავრობები თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის სახით.

ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქალაქს ირჩევენ სოკ-ის სესიაზე და გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, ეს ხდება თამაშებამდე 7 წლით ადრე. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღვის ხანგრძლივი შესარჩევი პერიოდი, რომელიც რამდენიმე ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე პრეტენდენტ ქალაქებს ენიჭებათ აპლიკანტის სტატუსი. მათი განაცხადების განხილვის შემდეგ, სოკ-ის აღმასრულებელი საბჭოს დადგენილებით და სესიის დასტურით, გამოვლინდებიან კანდიდატი ქალაქები, რომელთა რიგებიდან, სოკ-ის შემფასებელი კომისიის ანგარიშის საფუძველზე, ირჩევენ ერთ მასპინძელ ქალაქს. ამ ქალაქთან და შესაბამისი ქვეყნის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან (ეოკ-ი) სოკ-ი აფორმებს ხელშეკრულებას, რომლითაც განისაზღვრება მხარეების უფლება-მოვალეობები.

ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონია ტარდება თავად მასპინძელ ქალაქში. ყველა სპორტული შეჯიბრება ასევე უნდა ჩატარდეს ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქალაქში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სოკ-ის აღმასრულებელი საბჭო გასცემს ნებართვას კონკრეტული ღონისძიებების იმავე ქვეყნის სხვა ქალაქებში გამართვის თაობაზე. თუ გეოგრაფიული ან კლიმატური მიზეზების გამო შეუძლებელია კონკრეტული ღონისძიებების ან შეჯიბრებების ჩატარება მასპინძელი ქალაქის ქვეყანაში, სოკ-მა, გამონაკლისის სახით, შეიძლება დაუშვას მათი ჩატარება მოსაზღვრე ქვეყანაში. ოლიმპიური თამაშების ორგანიზება ეკისრება მასპინძელი ქვეყნის ეოკ-ს, თავად მასპინძელ ქალაქს და ამ მიზნით შექმნილ საორგანიზაციო კომიტეტს.

სპორტსმენების, მწვრთნელების და სხვა პერსონალის ერთად თავმოყრის მიზნით, მასპინძელ ქალაქში ეწყობა ოლიმპიური სოფელი (ან რამდენიმე სოფელი, საჭიროების შემთხვევაში). სპორტსმენების, გუნდების ხელმძღვანელებისა და სხვა პერსონალის ოლიმპიურ სოფელში ცხოვრების, კვების, ასევე შიდა სატრანსპორტო ხარჯებს ფარავს საორგანიზაციო კომიტეტი.

ოლიმპიური თამაშების მონაწილეებისთვის არ არსებობს ასაკობრივი შეზღუდვა, გარდა საერთაშორისო ფედერაციების მიერ ცალკეულ შემთხვევებში დადგენილი შეჯიბრების წესებით განსაზღვრული შეზღუდვისა. ოლიმპიელის სტატუსის მოსაპოვებლად სპორტსმენს უნდა ჰქონდეს შესაბამისი სპორტული კვალიფიკაცია, რომელიც დადასტურებულია სალიცენზიო ტურნირებზე, ასევე - შემაჯამებელი რეიტინგებით.

სპორტულ არენებს, ოლიმპიურ საშეჯიბრო და სავარჯიშო ობიექტებს, აღჭურვილობის ტექნიკურ პარამეტრებს, შეჯიბრებათა განრიგს სოკ-თან შეთანხმებით, ადგენენ შესაბამისი საერთაშორისო ფედერაციები. მათ მიერ შემუშავებული და სხვა საერთაშორისო შეჯიბრებებზე აპრობირებული წესებით წარიმართება უშუალოდ სპორტული შეჯიბრებები, გამოვლინდებიან თამაშების მედალოსნები, დგინდება საბოლოო შედეგები. საერთაშორისო ფედერაციასთან კონსულტაციის შედეგად, სოკ-ის აღმასრულებელი საბჭო განსაზღვრავს ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობის დროს დოპინგზე ტესტირებისა და სხვა ანტისადოპინგო ღონისძიებებზე გამოსაძახებელი სპორტსმენების რაოდენობასა და შერჩევის კრიტერიუმს.

სხვა დიდი საერთაშორისო შეჯიბრებებისგან განსხვავებით, აკრძალულია ყველა სახის რეკლამა შეჯიბრებების და სავარჯიშო ადგილებზე, დამხმარე ობიექტებზე, ოლიმპიურ ცერემონიებზე, ოლიმპიურ სოფელში და სხვა ოლიმპიურ ტერიტორიებზე. ამავე ადგილებზე ასევე იკრძალება დემონსტრაციები, პოლიტიკური, რელიგიური და რასობრივი პროპაგანდა. ოლიმპიური თამაშების მსვლელობის მთელ პერიოდში, მთავარ სტადიონზე, ოლიმპიურ სოფელში, შეჯიბრებებისა და ვარჯიშების ჩატარების ადგილებზე, მასპინძელი ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე და მოედნებზე ფრიალებს ოლიმპიური დროშა, რომლის ზომა აღემატება ყველა სხვა დროშის ზომას. ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიები ტარდება სოკ-ის პროტოკოლის შესაბამისად, სადაც დეტალურად არის აღწერილი ცერემონიის მიმდინარეობა. მისასალმებელი სიტყვით გამოდიან სოკ-ის და საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტები, თამაშებს გახსნილად აცხადებს მასპინძელი ქვეყნის მეთაური.

პირველი ოლიმპიური თამაშები

ოლიმპიური ასპარეზობები განახლდა 1896 წლიდან. ფრანგი ბარონის პიერ დე კუბერტენის ძალისხმევით სორბონაში ჩატარდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დამფუძნებელი კონგრესი, რომლის ხელმძღვანელადაც აირჩიეს საბერძნეთის წარმომადგენელი, პოეტი, ლიტერატორი და მთარგმნელი დემეტრიოს ვიკელასი.

პირველი ოლიმპიური თამაშების ათენში ჩატარების თაობაზე სოკ-მა ოფიციალურად მიმართა საბერძნეთის მთავრობას, რომელმაც, თავდაპირველად, უარი განაცხადა საბიუჯეტო სახსრების ნაკლებობის გამო, თუმცა მოგვიანებით ვითარება შეიცვალა. მეფე გეორგიოს პირველის დავალებით, ტახტის მემკვიდრე - კონსტანტინე სათავეში ჩაუდგა თამაშების ორგანიზებას, ხაზინაში შემოვიდა შემოწირულობანი, მთავრობამ გამოუშვა საფოსტო მარკების სერია, ალექსანდრიელმა ბერძენმა, მილიონერმა გეორგიოს ავეროფმა აღადგინა ანტიკური მარმარილოს სტადიონი ათენში. თავის მხრივ, ბარონი დე კუბერტენი მთელს ევროპაში აგროვებდა შემოწირულობას და საკუთარ თანხებსაც უშურველად გასცემდა. საბოლოოდ, ყველა სირთულე და დაბრკოლება გადალახულ იქნა.

ისტორიულ კონგრესზე გადაწყდა, რომ თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშები ჩატარდებოდა 1896 წელს და მას ათენი უმასპინძლებდა, 1900 წლის თამაშების ჩატარების უფლება კი პარიზს მიეკუთვნა.

ათენში ჩატარდა თანამედროვეობის პირველი საინაუგურაციო თამაშებზე პირველად გაჟღერდა ბერძენი პოეტის კოსტის პალამასის ტექსტზე ბერძენი კომპოზიტორის სპირიდონ სამარასის მიერ შექმნილი ოლიმპიური ჰიმნი, თუმცა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მას ოფიციალური სტატუსი 1958 წელს მიანიჭა.

I ოლიმპიური თამაშების პირველი ჩემპიონი გახდა ამერიკელი სამმხტომელი ჯეიმს კონოლი. პირველი ძმები, რომლებიც ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ, იყვნენ ამერიკელები - ჯონ და სამნერ პეინები. მათ ოქროს მედლები ტყვიის სროლაში მოიპოვეს.

ტრადიციულად, ოლიმპიური თამაშები ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება, თუმცა იცვლება მისი ჩატარების ადგილი. ქალაქში, სადაც ეს უდიდესი ზეიმი ეწყობა, ოლიმპიაში ანთებული ჩირაღდანი მიაქვთ მსრბოლელებს.

პარიზის II ოლიმპიური თამაშები (1900)

პარიზის ოლიმპიური თამაშებში პირველად მიიღეს მონაწილეობა ქალებმა. პირველი ოლიმპიური ქალი ჩემპიონი გახდა შვეიცარიელი აფროსანი ელენ დე პურტალე (იგი მეუღლესთან და მეუღლის ძმისშვილთან ერთად ასპარეზობდა). ინდივიდუალურ სახეობაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ბრიტანელი ჩოგბურთელი შარლოტ კუპერი. პირველი შავკანიანი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა, ჰაიტელი კონსტანტინ ენრიკესია, რომელმაც საფრანგეთის მორაგბეთა გუნდთან ერთად იზეიმა ჩემპიონობა. ოლიმპიური პროგრამის პირველი გუნდური სახეობა გახდა ფეხბურთი.

სენტ ლუისის III ოლიმპიური თამაშები (1904)

სენტ ლუისის III ოლიმპიური თამაშები პირველი იყო, რომელიც ევროპის გარეთ ჩატარდადა პირველად - ჩრდილოეთ ამერიკაში. ამერიკელი ტანმოვარჯიშე ჯორჯ ეისერი პირველია, რომელმაც პროთეზიანი ფეხით ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა და ჩემპიონი გახდა.

სენტ ლუისში სპორტსმენები პირველად დაჯილდოვდნენ ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით. ათენის პირველ თამაშებზე გამარჯვებულებს მხოლოდ ვერცხლის მედლები გადაეცემოდათ, რადგან ოქროს მედლების დასამზადებლად თამაშების ორგანიზატორებს სახსრები არ ჰქონდათ, ხოლო 1900 წელს პარიზის თამაშებზე ჩემპიონებს მოოქროვილი მედლები გადაეცემოდათ.

ლონდონის IV ოლიმპიური თამაშები (1908)

ლონდონის IV ოლიმპიური თამაშები პირველი იყო, რომლის გახსნის ცერემონიაზეც მასში მონაწილე ქვეყანათა დროშების აღლუმი შედგა.

Annuaire du comité international olympique-ის სახელით პირველად გამოქვეყნდა ოლიმპიური ქარტია. ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე პირველად ჩატარდა ასპარეზობა ზამთრის სახეობაში, კერძოდ - ფიგურულ ციგურაობაში.

მარათონის მანძილი 536 მეტრით გაზარდეს, რამაც ჯამში 42 კილომეტრი და 195 მეტრი შეადგინა (მანძილი სტანდარტული გახდა 1921 წლის მაისიდან).

პირველად მოცურავეთა ასპარეზობები უმთავრეს სტადიონზე საგანგებოდ მოწყობილ 100-მეტრიან აუზში ჩატარდა და არა ღია წყალში, როგორც ეს იქამდე იყო. პირველი მამა-შვილი, რომლებმაც ოლიმპიურ მედლებთან ერთად ჩემპიონობა მოიპოვეს, შვედები - ოსკარ და ალფრედ სვანები იყვნენ. მათ ტყვიით სროლაში 3 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს.

პირველი და-ძმა, რომლებმაც ოლიმპიური მედლები მოიპოვეს, ბრიტანელები ვილიამ და შარლოტა დოდები იყვნენ. მათ მშვილდოსნობაში შესაბამისად, ოქროს და ვერცხლის მედლები მიიღეს.

სტოკჰოლმის V ოლიმპიური თამაშები (1912)

პირველად ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, ხუთივე კონტინენტის წარმომადგენლები სტოკჰოლმში წარსდგნენ. სტოკჰოლმის V ოლიმპიური თამაშები პირველი იყო, სადაც მძლეოსნობაში გამოიყენეს დროის ელექტროაღმრიცხველი, ფოტოფინიში და ხმის გამაძლიერებლები.

საფუძველი ჩაეყარა ხელოვანთა კონკურსებს არქიტექტურაში, მხატვრობაში, ქანდაკებაში, ლიტერატურასა და მუსიკაში. ოლიმპიური ჩემპიონობა პირველად იზეიმეს ტყუპებმა - ვილჰელმ და ერიკ კარლბერგებმა, რომლებმაც ოქროს მედლები ტყვიის სროლაში მოიპოვეს. პორტუგალიელი მარათონელი ფრანსიშკო ლაზარო იყო პირველი ათლეტი, რომელიც ოლიმპიური თამაშების მსვლელობისას გარდაიცვალა.

ანტვერპენის VII ოლიმპიური თამაშები (1920)

ანტვერპენის VII ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიაზე პირველად ისტორიაში დაიდო ოლიმპიური ფიცი. ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად აღიმართა ხუთრგოლიანი ოლიმპიური დროშა. თამაშების გახსნის ცერემონიაზე პირველად, როგორც მშვიდობის სიმბოლო, თეთრი მტრედები გაუშვეს.

ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად ერთი სახეობის (აფროსნობა) ასპარეზობები 2 ქვეყანაში (ბელგია/ჰოლანდია) გაიმართა.

შამოის ზამთრის I ოლიმპიური თამაშები (1924)

ზამთრის თამაშების პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ამერიკელი ჩარლზ ჯოტროუ, რომელმაც მისთვის პირველ დაერთადერთ საერთაშორისო შეჯიბრებაში, 500 მეტრზე ციგურებით რბენაში გაიმარჯვა.

შამონიში, პირველად თანამედროვე ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, მასპინძელი ქვეყანა - საფრანგეთი, უჩემპიონოდ დარჩა. შვედი გილის გრაფსტრიომი აღმოჩნდა პირველი, ვინც ერთი და იგივე სახეობაში - ფიგურულ ციგურაობაში ჩემპიონობა მოიპოვა როგორც ზაფხულის (1920), ისე ზამთრის (1924) ოლიმპიურ თამაშებზე.

პარიზი გახდა პირველი ქალაქი, სადაც მეორედ ჩატარდა ზაფხულის ოლიმპიური თამაშები.

პარიზში პირველად გამოჩნდა ოლიმპიური დევიზი: Citius, Altius, Fortius („სწრაფად, მაღლა, ძლიერად“). ოლიმპიური თამაშები პირველად გადაიცა პირდაპირი რადიოსიგნალით.

ამსტერდამის IX ოლიმპიური თამაშები (1928)

IX ოლიმპიური თამაშები გახსნეს ოლიმპიური თამაშების სამშობლოს - საბერძნეთის წარმომადგენლებმა და დაასრულა მასპინძელმა ქვეყნამ. ესტრადიცია დღემდე ასე გრძელდება. პირველად თამაშების ხანგრძლივობა 16-დღიან სტანდარტში მოექცა. იქამდე ასპარეზობები რამდენიმე თვე გრძელდებოდა. მძლეოსნობაში პირველად დაუშვეს ქალები. მძლეოსანთა ასპარეზობები შემდგომში სტანდარტად ქცეულ 400-მეტრიან სარბენ ბილიკზე პირველად მოეწყო.

სენტ-მორისის ზამთრის II ოლიმპიური თამაშები (1928)

სოკის მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილება, რომ ერთ წელიწადს გამართული ზამთრისა და ზაფხულის თამაშებისთვის ერთ ქვეყანას ემასპინძლა, 1928 წლისათვის გაუქმდა. ზამთრის II თამაშების ჩატარბა შვეიცარიის სამ ქალაქს სურდა - სანქტ-მორიცს, დავოსსა და ენგელბერგს. სოკმა უპირატესომა სამთო კორორტ სანტ-მორიცს მიანიჭა.

ლოს ანჯელესის X ოლიმპიური თამაშები (1932)

ლოს ანჯელესის X ოლიმპიური თამაშები პირველი იყო, რომლის მონაწილეებიც საგანგებოდ აშენებულ ოლიმპიურ სოფელში დაბინავდნენ.

X ოლიმპიადა პირველი იყო, სადაც მედალოსანთა დასაჯილდოებლად საპატიო კვარცხლბეკი გამოიყენეს. გამარჯვებულის პატივსაცემად პირველად აჟღერდა ეროვნული ჰიმნი და აღიმართა შესაბამისი ქვეყნის დროშა.

ლეიკ პლესიდის ზამთრის III ოლიმპიური თამაშები (1932)

ლეიკ პლესიდის ზამთრის III ოლიმპიური თამაშები პირველი იყო, რომელიც ევროპის კონტინენტს მიღმა, ჩრდილოეთ ამერიკაში ჩატარდა.

ამერიკელი ედი იგანი ისტორიაში პირველი და ერთადერთი ათლეტია, ვინც ოქროს მედალი მოიპოვა 2 სხვადასხვა სახეობაში - კრივსა და ბობსლეიში, როგორც ზაფხულის (1920), ისე ზამთრის თამაშებზე (1932).

გარმიშ პარტენკირხენის ზამთრის IV ოლიმპიური თამაშები (1936)

ზამთრის IV ოლიმპიური თამაშებიზე მასპინძლებმა სიმბოლურად ოლიმპიური ცეცხლი დაანთეს, რაც ზამთრის თამაშებზე პირველი შემთხვევა იყო.

ბერლინის XI ოლიმპიური თამაშები (1936)

ზაფხულის XI ოლიმპიური თამაშები გაიმართა 1936 წელს გერმანიაში, ქალაქ ბერლინში. მონაწილეობდა 49 ქვეყნის 4066 სპორტსმენი (მათ შორის 328 ქალი)

ბერლინის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები იყო პირველი, რომლის ხილვის საშუალებაც გერმანელებს ჰქონდათ საგანგებოდ მოწყობილ ტელედარბაზებში. ბერლინში სათავე დაედო ოლიმპიაში მზის სხივებით ანთებული ჩირაღდნის ასპარეზობის ადგილზე ესტაფეტით ჩატანას. ოლიმპიური ცეცხლის პირველი მეჩირაღდნე იყო ბერძენი კონსტანტინოს კონდილისი.

სენტ მორიცის ზამთრის V ოლიმპიური თამაშები (1948)

სენტ მორიცის ზამთრის ოლიმპიური თამაშების არაოფიციალურ საერთო ჩათვლაში მედლების ხარისხობრივი და რაოდენობრივი თანაზიარი შედეგი პირველად აღმოაჩნდა ორ ქვეყანას - ნორვეგიასა და შვედეთს, რომლებმაც პირველი ადგილი გაიყვეს.

ლონდონის XII ზაფხულის ოლიმპიური თამაშები (1948)

ლონდონის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებიარდა პირველია, რომლის ასპარეზობებიც პირდაპირ ეთერში გადაიცა (ლონდონის მასშტაბით). სპრინტერულ მანძილებზე მძლეოსანთათვის შემოიღეს სასტარტო ბლოკები. მოცურავეებმა პირველად იასპარეზეს გადახურულ აუზში. პირველი ოქროს მედალოსანი შავკანიანი ქალი გახდა ამერიკელი სიმაღლეზე მხტომელი ელის კოუჩმენი

ოსლოს VI ზამთრის ოლიმპიური თამაშები (1952)

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტას საფუძველი ოსლოში ჩაეყარა. პოლარეთის ცნობილი მკვლევარის ფრიტიოფ ნანსენის შვილიშვილი, ეიგილ ნანსენი პირველი არასპორტსმენი იყო, რომელმაც ზამთრის თამაშებზე ოლიმპიური ცეცხლი დაანთო.

ჰელსინკის XV ზაფხულის ოლიმპიური თამაშები (1952)

ჰელსინკის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები იყო პირველი, რომლის აღსანიშნავადაც ოლიმპიური მონეტა (500 მარკა) მოიჭრა.

კორტინა დ`ამპეცოს VII ზამთრის ოლიმპიური თამაშები (1956)

კორტინა დ’ამპეცოს ზამთრის ოლიმპიადაზე, პირველად თამაშების ისტორიაში, ათლეტთა სახელით ფიცი ქალმა სპორტსმენმა დადო.

კორტინას ზამთრის ოლიმპიური თამაშები პირველი იყო, რომელიც ევროპის ბევრ ქვეყანაში ტელევიზიით გადაიცა.

მელბურნის XVI ზაფხულის ოლიმპიური თამაშები (1956)

მელბურნის XVI ზაფხულის ოლიმპიური თამაშები აღმოჩნდა პირველი, რომელიც სამხრეთ ნახევარსფეროში და ოკეანეთში ჩატარდა. პირველად ოლიმპიზმის ისტორიაში, ერთ თამაშებს ორ სხვადასხვა სეზონზე, ივნისსა და ნოემბერში ორი კონტინენტის ორმა ქალაქმა - მელბურნმა და სტოკჰოლმმა უმასპინძლა (ავსტრალიის მკაცრი საკარანტინო რეგულაციების გამო, ცხენოსანთან ასპარეზობები შვედეთის დედაქალაქში ჩატარდა). მონაწილეობდა 67 ქვეყნის 3342 სპორტსმენი (მათ შორის 384 ქალი); მათ შორის ცხენოსნობაში - 158 სპორტსმენი (13 ქალი).

მელბურნის თამაშებიდან საფუძველი ჩაეყარა დახურვის ცერემონიაზე დელეგაციათა აღლუმზე ქვეყნების წარმომადგენელთა ერთიანად შესვლას.

სკვო-ველის VIII ზამთრის ოლიმპიური თამაშები (1960)

ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ოლიმპიური ჰიმნი ოფიციალურად პირველად სკვო ველიში შესრულდა (1896 წლის ათენის საინაუგურაციო ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისგან განსხვავებით, სადაც პირველად გაიჟღერა ოლიმპიურმა ჰიმნმა).

სკვო ველის თამაშებზე, სამთო მოთხილამურეთა ასპარეზობისას საფუძველი ჩაეყარა ვიდეო-გამეორებას. სკვო ველის ზამთრის თამაშები პირველია, სადაც შედეგების შესაჯამებლად კომპიუტერი გამოიყენეს.

რომის XVII ოლიმპიური თამაშები (1960)

რომის XVII ოლიმპიური თამაშებში მონაწილეობდა 83 ქვეყნის 5338 სპორტსმენი (მათ შორის 611 ქალი).

დოპინგის პირველი მსხვერპლი აღმოჩნდა 23 წლის დანიელი ველომრბოლი კნუდ იენსენი. ის ასპარეზობისას წაიქცა, მოგვიანებით კი, გარდაიცვალა. ექსპერტიზამ იენსენის ორგანიზმში დოპინგის კვალს მიაგნო.

ინსბრუკის IX ზამთრის ოლიმპიური თამაშები (1964)

ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის (ინსბრუკი) პირველად, ცეცხლი ოლიმპიაში ჰერას ტაძრის ნანგრევებთან დაანთეს, რაც დღემდე ასე გრძელდება.

ინსბრუკში პირველად მოხდა, რომ თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიები სხვადასხვა ადგილზე გაიმართა.

ტოკიოს XVIII ოლიმპიური თამაშები (1964)

ოლიმპიური თამაშების (ტოკიო) ტელეტრანსლაცია მსოფლიო მასშტაბით პირველად განხორციელდა თანამგზავრით. ოლიმპიური სარბიელიდან ტელევიზიით ასევე პირველად გადაიცა ფერადი გამოსახულება (მხოლოდ ნაწილი). ოლიმპიური თამაშების შედეგები პირველად შეინახეს კომპიუტერში.

გრენობლის X ზამთრის ოლიმპიური თამაშები (1968)

გრენობლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები პირველი იყო, სადაც გამოჩნდა ოლიმპიური თილისმა - სტილიზებული მოთხილამურე სახელად შუსი, თუმცა მას ოფიციალური სტატუსი არ ჰქონია.

გრენობლის თამაშები იყო ზამთრის პირველი ოლიმპიადა, რომელიც ტელევიზიით ფერადი გამოსახულებით გადაიცა. გრენობლში, ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გენდერული ტესტი შემოიღო. პირველად ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულთათვის დოპინგ-ტესტის გავლა სავალდებულო გრენობლში გახდა. პირველად ისტორიაში, გრენობლის თამაშების პრიზიორებისთვის გადასაცემი ჯილდოების ავერსზე იმ სახეობის პიქტოგრამა იყო დატანილი, რომელსაც მედალოსანი წარმოადგენდა.

მეხიკოს XIX ოლიმპიური თამაშები (1968)

მეხიკო გახდა ლათინური ამერიკის პირველი ქალაქი, სადაც ოლიმპიური თამაშები ჩატარდა. მეხიკოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მასპინძელთა თარჯმრბენი ენრიკეტა ბასილიო გახდა პირველი ქალი, ვისაც გახსნის ცერემონიაზე ოლიმპიურ ფიალაში ცეცხლის დანთების პატივი ერგო.

მეხიკოს ოლიმპიური თამაშები პირველი იყო, სადაც მძლეოსნებს ხელოვნურსაფარიან, სინთეტიკურ სარბენ ბილიკებზე უწევდათ ასპარეზობა. პირველი ათლეტი, ვინც დოპინგტესტზე ჩავარდა, შვედი თანამედროვე ხუთჭიდელი ჰანს-გუნარ ლილიენვალია, რომელიც დისკვალიფიკაცით დასაჯეს.

საპაროს XI ზამთრის ოლიმპიური (თამაშები 1972)

პირველად ისტორიაში, ზამთრის ოლიმპიური თამაშები ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მიღმა - იაპონიის საპოროში ჩატარდა.

მიუნხენის XX ოლიმპიური თამაშები (1972)

მიუნხენის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მსაჯების სახელით ისტორიაში პირველად დადეს ფიცი.

ზაფხულის თამაშებზე ათლეტთა სახელით ოლიმპიური ფიცი პირველად დადო ქალმა. მიუნხენში პირველად გამოჩნდა ოფიციალური ოლიმპიური თილისმა - ტაქსას ჯიშის ძაღლი, სახელად „ვალდი“.

მონრეალის XXI ოლიმპიური თამაშები 1976

პირველად ისტორიაში, მონრეალის ოლიმპიური თამაშებისთვის ოლიმპიური ცეცხლის ალი რადიოსიგნალად გარდაქმნეს, ათენიდან ოტავაში თანამგზავრით გადაგზავნეს და შემდეგ ლაზერის სხივით ცეცხლი ხელმეორედ დაანთეს, საიდანაც ის ესტაფეტით მონრეალში ჩაიტანეს.

მონრეალის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები აღმოჩნდა პირველი, რომლის მასპინძლებმაც ასპარეზობები ოქროს მედლის გარეშე დაასრულეს.

ლეიკ პლესიდის XIII ზამთრის ოლიმპიური თამაშები (1980)

ლეიკ პლესიდის ზამთრის ოლიმპიური თამაშები პირველი იყო, სადაც ხელოვნური თოვლის მწარმოებელი მანქანები გამოიყენეს. ლეიკ პლესიდის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის პირველად ცოცხალი თილისმა - ენოტი, სახელად როკი შეარჩიეს, მაგრამ არ გაუმართლათ, რადგან თამაშების დაწყებამდე მოკვდა.

მოსკოვის XXII ოლიმპიური თამაშები (1980)

ოლიმპიური თამაშები პირველად ჩატარდა კომუნისტურ ქვეყანაში და მის დედაქალაქ მოსკოვში.

სარაევოს XIV ზამთრის ოლიმპიური თამაშები (1984)

პირველად ზამთრის ოლიმპიური თამაშები ჩატარდა სოციალისტურ ქვეყანაში და მისდედაქალაქ სარაევოში.

ლოს ანჯელესის XXIII ოლიმპიური თამაშები (1984)

ლოს ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებზე ახალზელანდიელი მშვილდოსანი ნეროლი ფეირჰოლი პირველი პარაპლეგი სპორტსმენი აღმოჩნდა, ვინც ოლიმპიურ სარბიელზე შშმპ ეტლით იასპარეზა.

კალგარის XV ზამთრის ოლიმპიური თამაშები (1988)

კალგარის ზამთრის ოლიმპიური თამაშები პირველია, სადაც მისმა ორგანიზატორებმა წარადგინეს არა ერთი, არამედ ორი თილისმა - ჩრდილოური დათვის ბელი ჰიდი და ჰოუდი.

პირველი შავკანიანი ათლეტი, ვინც ზამთრის ოლიმპიადების მედალი მოიპოვა, ამერიკელი დები ტომასია. ამერიკელმა ეს ფიგურულ ციგურაობაში მესამე ადგილის დაკავებით შეძლო.

სეულის XXIV ოლიმპიური თამაშები (1988)

სეულის ოლიმპიური თამაშები აღმოჩნდა პირველი, სადაც პროფესიონალი ჩოგბურთელები დაუშვეს.

აღმოსავლეთგერმანელი კრისტა ლუდინგ-როტენბურგერი გახდა პირველი და ერთადერთი, რომელმაც ზამთრის და ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მედლები მოიპოვა ერთ წელიწადს (ციგურებით რბენასა და ველორბოლაში).

ბარსელონას XXV ოლიმპიური თამაშები 1992

ბარსელონის ოლიმპიური თამაშები აღმოჩნდა პირველი, სადაც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) კალათბურთელები დაუშვეს.

ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე პირველად გამოჩნდა საქართველოს დროშა, რომელიც დავით ხახალეიშვილს მოჰქონდა

ლილეჰამერის ზამთრის XVII ოლიმპიური თამაშები (1994)

ისტორიაში პირველად, ზამთრისა და ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გზები გაიყარა და ისინი არა ერთსა და იმავე წელს, არამედ ორწლიანი ინტერვალით გაიმართა. ახლებურად ათვლა 1994 წლის ლილეჰამერის ზამთრის XVII თამაშებიდან დაიწყო.

ლილეჰამერის ზამთრის თამაშები პირველი და ერთადერთია, რომელიც წინა თამაშებიდან ორი წლის მერე ჩატარდა.

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე პირველად შემოიღეს მკაცრი საკვალიფიკაციო სტანდარტები, რაც თავის მხრივ, ზღუდავდა ისეთი სპორტსმენების მონაწილეობას, რომელთა მაჩვენებლებიც მინიმუმს ვერ აკმაყოფილებდა.

დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით ოლიმპიურ თამაშებზე პირველად წარდგა საქართველო.

ატლანტის XXVI ოლიმპიური თამაშები (1996)

ოლიმპიურმა ჩირაღდანმა ისტორიაში პირველად შატლ „კოლუმბიით“ კოსმოსში იმოგზაურ ატლანტის ოლიმპიური თამაშები პირველია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ყველა წევრმა ქვეყანამ (197).

დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით პირველი ოლიმპიური მედალი მოიპოვა საქართველომ (სოსო ლიპარტელიანი, ძიუდო, ბრინჯაო).

ნაგანოს XVIII ზამთრის ოლიმპიური თამაშები (1998)

ნაგანოს ზამთრის ოლიმპიური თამაშები პირველია, სადაც ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) მოთამაშეები და, შესაბამისად, პროფესიონალები დაუშვეს.

სიდნეის XXVII ოლიმპიური თამაშები (2000)

ოლიმპიურმა ჩირაღდანმა პირველად იმოგზაურა წყალქვეშ.

ავსტრალიელი აბორიგენი მძლეოსანი კეტი ფრიმენი პირველია, ვინც იმავე ოლიმპიურ თამაშებზე დაანთო ოლიმპიური ცეცხლი, სადაც შემდგომ ჩემპიონობა მოიპოვა.

სიდნეის ოლიმპიური თამაშების ტელეაუდიტორიამ პირველად იხილა რეკორდის აღმნიშვნელი ვირტუალური გრაფიკული ზოლი, რომელიც მოცურავეთა ასპარეზობისას წყლის ზედაპირზე არსებულ სარეკორდო შედეგს ასახავდა. სიდნეის თამაშები პირველი იყო, რომელიც მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) შექმნის (1999) შემდეგ ჩატარდა.

სოლტ ლეიკი სიტის XIX ზამთრის ოლიმპიური თამაშები (2002)

სოლტ ლეიკ სიტიში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად ოქროს მედალოსანი გახდა შავკანიანი ვონეტა ფლაუერსი (პირველი, როგორც ქალებში, ისე ვაჟებში), რომელიც ქალთა ბობსლეიში გახდა ჩემპიონი. ვაჟებში პირველი შავკანიანი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა კანადელი ჰოკეისტი ჟერომ იგინლა.

ათენის XXVIII ოლიმპიური თამაშები (2004)

პირველად ისტორიაში, ათენის ოლიმპიური თამაშებისთვის ოლიმპიურმა ჩირაღდანმა ხუთივე კონტინენტზე იმოგზაურა.

ტურინის XX ზამთრის ოლიმპიური თამაშები (2006)

ტურინის ზამთრის ოლიმპიური თამაშები პირველია, სადაც ასპარეზობებისთვის თვალ-ყურის მიდევნება შესაძლებელი გახდა მობილურ ტელეფონების დახმარებით.

პეკინის XXIX ოლიმპიური თამაშები (2008)

პეკინის ოლიმპიური თამაშებისთვის ოლიმპიური ცეცხლი პირველად აიტანეს დედამიწის უმაღლეს მწვერვალ ევერესტზე. 2022 წელს პეკინი მეორედაც უმასპინძლებს ოლიმპიადას - ამჯერად, ზამთრის თამაშებს. ოლიმპიზმის ისტორიაში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ერთი ქალაქი გახდება, როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ოლიმპიადის დედაქალაქი.

ვანკუვერის XXI ზამთრის ოლიმპიური თამაშები (2010)

ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიური თამაშები პირველია, რომლის გახსნისა და დახურვის ცერემონიები ჭერქვეშ ჩატარდა. 2010 წლის ოლიმპიადა პირველი ზამთრის თამაშებია, რომელსაც ზღვისპირა ქალაქმა უმასპინძლა.

ლონდონის XXX ოლიმპიური თამაშები (2012)

ლონდონი გახდა პირველი ქალაქი, რომელსაც 1908 და 1948 წლების შემდეგ ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლება მესამედ მიეცა.

ლონდონში საასპარეზოდ სოკ-ის ყველა წევრმა ქვეყანამ, პირველად ისტორიაში, სულ ცოტა, ერთი ქალი ოლიმპიელი გაგზავნა. პირველად ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, გახსნის საზეიმო ცერემონიაზე მწვრთნელთა სახელით ფიცი დადეს. ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად, მასში მონაწილეობა მიიღო პარალიმპური თამაშების ოთხგზის ჩემპიონმა, ფეხებამპუტირებულმა სამხრეთაფრიკელმა სპრინტერმა ოსკარ პისტორიუსმა.

სოჭის XXII ზამთრის ოლიმპიური თამაშები (2014)

პირველად ისტორიაში, სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის ოლიმპიური ჩირაღდანი და არა ცეცხლი, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მოგზაურობის შემდეგ ღია კოსმოსში გაიტანეს.

რიო დე ჟანეიროს XXXI ოლიმპიური თამაშები(2016)

რიო დე ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები პირველია, რომელიც მაშინ ჩატარდა და დასრულდა, როდესაც მასპინძელ ქვეყანაში ზამთარი იდგა. რიო გახდა პირველი სამხრეთ ამერიკული ქალაქი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა.

რიოს თამაშები პირველი იყო, სადაც პროფესიონალმა მოკრივეებმა იასპარეზეს. ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ერთ ოლიმპიადაზე თანაც სპორტის ერთ სახეობაში (ტყვიის სროლა) ერთად გამოვიდნენ დედა და ვაჟიშვილი. ლეგენდარული ნინო სალუქვაძე ვაჟთან - ცოტნე მაჭავარიანთან ერთად ამ ნიშნითაც შევიდა სპორტის ისტორიაში. ნინოსთვის ეს იყო მერვე თამაშები, ცოტნესთვის - პირველი. სტატისტიკოსების მიერ აღნუსხულია მამისა და ვაჟიშვილის ოლიმპიადებში ერთდროულად მონაწილეობის 56 შემთხვევა, მამისა და ქალიშვილის - 12 შემთხვევა, დედისა და ქალიშვილის - 2 შემთხვევა.

ტოკიოს XXXII ზაფხულის ოლიმპიური თამაშები(2020)

ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშებისთვის ტოკიოს 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით უნდა ემასპინძლა და თამაშებში 200-ზე მეტი ქვეყნის 12 500-მდე სპორტსმენი უნდა გამოსულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიასთან შექმნილი ვითარების გამო საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო ოლიმპიადის გადავადების შესახებ. შევთანხმდით იმაზე, რომ ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს 2021 წლის ზაფხულისა.


იხილე აგრეთვე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები