ოპიოიდების ავადმოხმარება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ოპიოიდებზე დამოკიდებულება“ გადაიტანა გვერდზე „[[ოპიოიდების ავა...)
(იხილე აგრეთვე)
ხაზი 64: ხაზი 64:
  
 
==იხილე აგრეთვე==
 
==იხილე აგრეთვე==
[[ოპიოიდების მიღებით გამოწვეული აშლილობა]]
+
* [[ოპიოიდების მიღებით გამოწვეული აშლილობა]]
 +
* [[პერიფერიული ნევროპათია]]
  
 
==წყარო==
 
==წყარო==

11:56, 19 ივნისი 2019-ის ვერსია

ოპიოიდების ავადმოხმარება - ოპოიდების ჯგუფის ნარკოტიკულ ნივთიერებებს განეკუთვნება მორფინი, ჰეროინი, კოდეინი და სინთეტიკური ანალგეტიკები, როგორებიცაა პეტიდინი, მეთადონი და დიპიპანონი. ოპიოიდების ფარმაკოლოგიური ეფექტი ძირითადად გაშუალებულია სპეციალურ ოპიოიდურ რეცეპტორებთან ურთიერთზემოქმედებით, სადაც მორფინი და ოპიოიდები განსაკუთრებით სელექტიურია μ-ოპიოიდური ტიპის რეცეპტორების მიმართ. მედიცინაში ოპიოიდებს პირველ რიგში მათი ძლიერი ანალგეტიკური ზემოქმედების გამო იყენებენ, ხოლო ამ პრეპარატების ნარკოტიკის სახით მოხმარება მათი ეიფორიული და ანქსიოლიზური ეფექტების გამო ხდება.

წარსულში მორფინის მოხმარება ფართოდ იყო გავრცელებული დასავლეთის ქვეყნებში, მაგრამ შემდგომ, მორფინი ჰეროინმა ჩაანაცვლა, რომელსაც, განსაკუთრებით ინტრავენურად მიღებისას, ძალიან ძლიერი ეიფორიული ეფექტი აქვს.

სარჩევი

ეპიდემიოლოგია

2003 წელს აშშ-ში ჩატარებულმა NHSDUS გამოკვლევამ აჩვენა, რომ ამერიკელების 0.1%-ს წინა თვეში, სულ ცოტა, ერთხელ მაინც ჰქონდა ჰეროინი მიღებული. მთელი ცხოვრების მანძილზე ჰეროინის მოხმარების სიხშირის პროცენტული მაჩვენებელი 1.6%-ს შეადგენდა (SAMHSA, 2004). სანამ ბრიტანეთში მოქმედებდა ნარკოდამოკიდებული პირების სარეგისტრაციო ინდექსი, მისი მონაცემებით 1997 წელს დარეგისტრირებული პირების რაოდენობა დაახლოებით 40 000 იყო. რა თქმა უნდა, მომხმარებლების უფრო დიდი ნაწილი არ იყო დარეგისტრირებული. ბრიტანეთის ეროვნულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ გასულ წელს ოპიატის მოხმარების საშუალო დონე ზრდასრულ მოსახლეობაში დაახლოებით 1%-ს შეადგენდა (Coulthard et al., 2002). ბრიტანეთში ოპიატის პრობლემური მოხმარების გავრცელების დონე (ყოველი ათასი ადამიანიდან ექვსი) ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალია ევროპაში (Kraus et al., 2003). სავარაუდოდ, ასეთი პრობლემები უფრო ხშირად ფიქსირდება უსახლკარო ადამიანებსა და პატიმრებთან.

მოხმარება და ავად მოხმარება

ეპიდემიოლოგიური მონაცემების მიხედვით, ბევრ ადამიანს არ უჩნდება დამოკიდებულება ჰეროინის მიმართ. თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ ჰეროინის მრავალჯერადმა გამოყენებამ შეიძლება დამოკიდებულების სწრაფი განვითარება და მკვეთრად გამოხატული ფიზიოლოგიური ტოლერანტობა გამოიწვიოს. ინტრავენულის გარდა, ოპიოიდების მომხმარებლები მათი მიღების სხვა მეთოდებსაც იყენებენ (მაგ., კანქვეშ შეშხაპუნება ან ცხვირით შესუნთქვა). ჰეროინი, ასევე, შეიძლება შეისუნთქო მეტალის ფოლგაში გაცხელების შემდეგ. ჰეროინის მომხმარებლებმა შეიძლება დროდადრო შეცვალონ ნარკოტიკის მიღების ხერხი. ზიანის შემცირების თვალსაზრისით, უმჯობესია ნარკოტიკული ნივთიერებების მიღების არაინტრავენური მეთოდების გამოყენება.

კლინიკური ეფექტები

ეიფორიასა და ანალგეზიასთან ერთად, ოპიოიდები იწვევს სუნთქვის დათრგუნვას, შეკრულობას, მადის დაკარგვასა და ლიბიდოს დაქვეითებას. ტოლერანტობა სწრაფად ვითარდება, რაც დოზის გაზრდის აუცილებლობას იწვევს. ოპიოიდების სხვადასხვა ეფექტის მიმართ ტოლერანტობა ერთნაირად არ ვითარდება. მაგ., შეკრულობა ხშირად მაშინაც აღინიშნება, როდესაც სხვა ეფექტები უკვე შესუსტებულია. ოპიოიდის მიღების შეწყვეტასთან ერთად, ტოლერანტობა მალევე ქვეითდება და აბსტინენციის პერიოდის შემდეგ მიღებულ დოზას უფრო ძლიერი ზემოქმედება აქვს, ვიდრე შეწყვეტამდე. გარკვეული პერიოდით ნარკოტიკის შეწყვეტის შემდეგ (მაგ., საავადმყოფოში ან ციხეში ყოფნის შემდეგ), მისი ისეთი დოზით მიღებამ, რომლის მიმართაც პიროვნება წინათ ტოლერანტული იყო, შეიძლება სახიფათო (ზოგჯერ ლეტალური შედეგის მქონე) სუნთქვის დათრგუნვა გამოიწვიოს.

ოპიოიდების აღკვეთა

ოპიოიდების აღკვეთის სიმპტომებია:

  • ნარკოტიკული ნივთიერების მიმართ პათოლოგიური ლტოლვის გაძლიერება;
  • მოუსვენრობა და უძილობა;
  • კუნთებისა და სახსრების ტკივილი;
  • სურდო და ცრემლიანობა;
  • აბდომინალური სპაზმები, გულისრევა და ფაღარათი;
  • პილოერექცია, ოფლიანობა, თვალის გუგის გაფართოება, გახშირებული პულსაცია;
  • თერმორეგულაციის დარღვევა

ეს სიმპტომები, ჩვეულებრივ, ბოლო დოზის მიღებიდან დაახლოებით ექვსი საათის შემდეგ იჩენს თავს, 36-48 საათში მაქსიმალურ ინტენსივობას აღწევს და შემდეგ ქრება. აღკვეთის სიმპტომები იშვიათადაა საშიში ჯანმრთელი ადამიანის სიცოცხლისთვის; თუმცა, ძლიერ დისტრესს იწვევს და, სწორედ ეს აიძულებს პიროვნებას იზრუნოს ნარკოტიკული ნივთიერებების მოპოვებაზე.

მეთადონი

მეთადონი დაახლოებით იმავე სიძლიერის პრეპარატია, როგორიც მორფინი. ის იწვევს ხველების დათრგუნვას, შეკრულობასა და ცენტრალური ნერვული სისტემისა და სუნთქვის დათრგუნვას. თვალის გუგების შევიწროება ნაკლებადაა გამოხატული. აღკვეთის სინდრომი ისეთივეა, როგორიც ჰეროინისა და მორფინის დროს და მას არანაკლებ მწვავე ხასიათი აქვს. რადგან მეთადონს ხანგრძლივი ნახევრად დაშლის პერიოდი ახასიათებს (1-2 დღე), აღკვეთის სიმპტომები შეიძლება მხოლოდ 36 საათის შემდეგ გამოვლინდეს და მაქსიმალურ ინტენსივობას 3-5 დღეში მიაღწიოს. სწორედ ამიტომ ჰეროინზე დამოკიდებულების მქონე პაციენტებთან მეთადონს ხშირად ჰეროინის ჩამნაცვლებლად იყენებენ.

ოპიოიდებზე დამოკიდებულების ბუნებრივი მიმდინარეობა ოპიოიდების მომხმარებლების გრძელვადიანი და სისტემური შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ მათ უმრავლესობასთან აშლილობა, როგორც ჩანს, ქრონიკული რეციდივებისა და რემისიების ფონზე მიმდინარეობდა და ათი წლის მანძილზე ხშირად აღინიშნებოდა ლეტალური შემთხვევები (10-20%). მიუხედავად ამისა, აღმოჩნდა, რომ ოპიოიდების მომხმარებლების დაახლოებით 50%-მა ათი წლის შემდეგ თავი შეიკავა მათი მოხმარებისგან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ცოცხლად დარჩენილ პირებს აქვთ რემისიის ბუნებრივი ტენდენცა. (Robson, 2000).

სიკვდილს ხშირად იწვევს შემთხვევითი ზედოზირება, რაც, ჩვეულებრივ, იძულებითი აბსტინენციის შემდეგ ტოლერანტობის დაკარგვასთან არის დაკავშირებული. ასევე, ხშირია სუიციდის შემთხვევები. ბოლო წლებში იმატა აივ ინფექციითა და ჰეპატიტით გამოწვეულმა სიკვდილიანობამ. ხანგრძლივი პერიოდით დასაქმება და ოჯახის შექმნა დადებითი რეზულტატის ინდიკატორია. აბსტინენცია ხშირად ცხოვრების პირობების შეცვლასთანაა დაკავშირებული. მაგ., ამერიკელი ჯარისკაცების 95%-მა, რომლებსაც ოპიოიდებზე დამოკიდებულება ვიეტნამის ომში მონაწილეობის დროს განუვითარდათ, აშშ-ში დაბრუნების შემდეგ შეწყვიტეს მათი მოხმარება (Robins, 1993).

მკურნალობა კრიზისული პერიოდის დროს

ჰეროინზე დამოკიდებულების მქონე ადამიანები კრიზისულ პერიოდში ექიმს სამ შემთხვევაში მიმართავენ:

(1) როდესაც ნარკოტიკული ნივთიერების მარაგი ილევა. ამ დროს მათ შეიძლება პირდაპირ სთხოვონ ექიმს ნარკოტიკული ნივთიერების გამოწერა ან ტკივილის სიმულირება მოახდინონ. მიუხედავად იმისა, რომ აღკვეთის სიმპტომები იმდენად არასასიამოვნოა, რომ პიროვნება ნარკოტიკის მოსაპოვებლად შეიძლება ბევრ რამეზე წავიდეს, ჩვეულებრივ, ჰეროინზე დამოკიდებულება არ არის ძალიან საშიში სხვა მხრივ ჯანმრთელი ადამიანისთვის. ამიტომ მათთვის ნარკოტიკული ნივთიერების დანიშვნა მიზანშეწონილია მხოლოდ და მხოლოდ დაგეგმილი მხარდაჭერის ან აღკვეთის პროგრამის ფარგლებში, მის პირველ ეტაპზე.
(2) შემთხვევითი ზედოზირების დროს. ასეთ შემთხვევაში საჭიროა სამედიცინო მკურნალობა, რომელიც, პირველ რიგში, მიმართული იქნება ნარკოტიკული ნივთიერებით გამოწვეული სუნთქვის დათრგუნვის მოხსნაზე.
(3) მწვავე გართულებების დროს, რასაც იწვევს ნარკოტიკის ინტრავენური გზით მიღება; მაგ., ლოკალური ინფექცია, ნეკროზი იმ არეში, სადაც ინიექცია გაკეთდა ან რაიმე სხვა ორგანოს (ხშირად გულის ან ღვიძლის) ინფიცირება.

დაგეგმილი აღკვეთა (დეტოქსიკაცია)

აღკვეთის სიმპტომების სიმძიმე დამოკიდებულია როგორც ფარმაკოლოგიურ, ისე ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე. ამიტომ აღკვეთის დროს პაციენტის ფსიქოლოგიური მართვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ნარკოტიკული ნივთიერებების მიღების რეჟიმი. აღკვეთის მიმდინარეობის ტემპი პაციენტთან უნდა იქნეს შეთანხმებული. შემუშავებული გრაფიკი არც იმდენად დინამიკური უნდა იყოს, რომ პაციენტმა უარი თქვას თანამშრომლობაზე და არც იმდენად ნელი, რომ დამოკიდებულების მდგომარეობის შენარჩუნება გამოიწვიოს. აღკვეთის პერიოდში პაციენტის მხარდასაჭერად ექიმმა მასთან ხშირი კონტაქტი უნდა იქონიოს. ასეთი ურთიერთობა შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს შემდგომი მკურნალობისთვის.

როდესაც ოპიოიდის დოზა მცირეა, მისი აღკვეთა სწრაფად ხდება, თუმცა, ამ დროს პარალელურად უნდა ტარდებოდეს აღკვეთის ეფექტების სიმპტომატური მკურნალობა. ისეთი პრეპარატები, როგორებიცაა ლოპერამიდი ან მეტოკლოპრამიდი, შეიძლება სასარგებლო იყოს კუჭნაწლავის სიმპტომების მოსახსნელად, ხოლო არასტეროიდული ანალგეტიკები - რეკომენდებულია სხვადასხვა სახის ტკივილების დროს. ასევე შეიძლება სასარგებლო გამოდგეს α2 ადრენოცეპტორის აგონისტის - ლოფექსიდინის, გამოყენება. მას კლონიდინის მსგავსი ზემოქმედება აქვს, მაგრამ ნაკლებად იწვევს ჰიპოტენზიას. ზოგიერთი გამოკვლევის მიხედვით, ეს პრეპარატი ისეთივე ეფექტურია აღკვეთის სინდრომის შესამსუბუქებლად, როგორც მეთადონი.

როდესაც ჰეროინის ყოველდღიური დოზა მაღალია, შეიძლება აუცილებელი გახდეს პაციენტისთვის რომელიმე ოპიოიდის დანიშვნა, რომლის დოზა თანდათანობით შემცირდება. ერთ-ერთი გზა მეთადონის გამოყენებაა, რომელსაც უფრო შენელებული მოქმედება აქვს. აქ სიძნელეს მეთადონის დოზის სწორი შერჩევა წარმოადგენს, რადგანაც პაციენტები ხან აზვიადებენ მათ მიერ გამოყენებული ჰეროინის რაოდენობას აღკვეთის სინდრომის შიშით, ხან კი, გაკიცხვის თავიდან ასაცილებლად, უფრო მცირე დოზას ასახელებენ. გარდა ამისა, როგორც მოგვიანებით იქნება აღნიშნული, ყველა „ქუჩის ნარკოტიკი” ერთი და იგივე სიძლიერის არ არის.

მეთადონი უნდა დაინიშნოს თხევადი ფორმით და მისი მიღება პერორარულად უნდა ხდებოდეს. მეთადონის საწყისი დოზა დღეში 10 ან 40 მილიგრამს შეადგენს იმისდა მიხედვით, თუ რა რაოდენობის ნარკოტიკულ ნივთიერებას მოიხმარს, ჩვეულებრივ, პაციენტი. ოპიოიდების მიმართ ტოლერანტობის მქონე მომხმარებლებისთვის შეიძლება საჭირო გახდეს საწყისი დოზის მაქსიმალური ოდენობის დანიშვნა. თუ საწყისი დოზის მიღებიდან 4 საათის შემდეგ პაციენტს ისევ აღენიშნება აღკვეთის სიმპტომები, შეიძლება მას დამატებითი დოზა დაენიშნოს. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, რადგან მეთადონი ხანგრძლივი მოქმედების პრეპარატია და, ამდენად, შეიძლება აკუმულირება და ტოქსიკურობა გამოიწვიოს. სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა დროს შეძენილი „ქუჩის ჰეროინის” ზემოქმედების ძალა ძალიან განსხვავებულია. ამიტომ მისი შესაბამისი მეთადონის დოზის დანიშვნისას უნდა გავიაროთ კონსულტაცია ექიმთან, რომელსაც წამალდამოკიდებულების მკურნალობის გამოცდილება აქვს. მეთადონის შემცირების ტემპი დამოკიდებულია კლინიკურ ვითარებებზე და ავადმყოფის კლინიკურ რეაქციებზე. ყველაზე უფრო სწრაფი ტემპის რეჟიმი შეიძლება 10 დღიდან სამ კვირამდე გაგრძელდეს. თუმცა, ზოგჯერ, უპრიანია მეთადონის დოზის უფრო ნელი ტემპით კლება, მაგ., რამდენიმე თვის განმავლობაში.

ოპიოიდების აღკვეთის მართვისას ბუპრენორფინსაც (ოპიოიდური რეცეპტორების ნაწილობრივი აგონისტი) იყენებენ (Gowing et al., 2004). ამ შემთხვევაშიც დოზის თანდათანობით შემცირების ტემპი პაციენტთან უნდა შევათანხმოთ. ბუპრენორფინის მიმართ, უმეტეს შემთხვევაში, კარგი ამტანიანობა აღინიშნება, მაგრამ მკურნალობის დასაწყისში დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, რადგან ამ პრეპარატის, როგორც ნაწილობრივი აგონისტის მოქმედებამ, შეიძლება მწვავე აღკვეთის სინდრომი გამოიწვიოს იმ პაციენტებთან, რომლებიც მასზე მეთადონის მაღალი დოზიდან (30მგ-ზე მეტი) ან ჰეროინის მაღალი დოზიდან გადადიან. ამის თავიდან ასაცილებლად, ჩვეულებრივ, მკურნალობას მაშინ იწყებენ, როდესაც პაციენტი უკვე აღკვეთის მსუბუქ მდგომარეობაში იმყოფება.

ნალტრექსონის (ოპიოიდების ანტაგონისტი) გამოყენება, ძლიერ სედაციასთან და ზოგჯერ ზოგად ანესთეზიასთან ერთად, წარმოადგენს პროცედურას, რომელიც სწრაფი ოპიოიდური დეტოქსიკაციის სახელით არის ცნობილი. ამგვარი პროცედურის უსფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი (Spanagel, 1999).

როდესაც წამალდამოკიდებულების მქონე პაციენტებს ოპიოიდებს ვუნიშნავთ არსებობს იმის საშიშროება, რომ ეს პრეპარატები შავ ბაზარზე გაედინება. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა პაციენტის მიერ ყოველდღიური დოზის მიღებაზე მეთვალყურეობის დაწესება, რისი გაკეთებაც შეუძლია ექთანს ან აფთიაქის პერსონალს. ამგვარი პრაქტიკა ჰიპერდოზირების რისკსაც ამცირებს. გარდა ამისა, პაციენტთან ყოველდღიური კონტაქტის დამყარებას სხვა თერაპიული უპირატესობაც აქვს. ყოველდღიური კონტაქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მკურნალობის საწყის ეტაპზე, თუმცა, ეს შეიძლება გარკვეულ სირთულეებთან იყოს დაკავშირებული იმ პაციენტებისთვის, რომლებიც სრულ სამუშაო განაკვეთზე მუშაობენ.

ორსულობა და ოპიოიდებზე დამოკიდებულება

ოპიოიდების ავადმომხმარებელი ქალების შემთხვევაში უფრო დიდია ნაადრევი მშობიარობის ალბათობა, ხოლო მათი შვილები დაბადებისას ხშირად სხვა ბავშვებზე ნაკლებს იწონიან. ახალშობილებს შეიძლება გამოუვლინდეთ აღკვეთის სიმპტომები, როგორებიცაა, მაგ. გაღიზიანებადობა, მოუსვენრობა, ტრემორი და ხმამაღალი ტირილი. თუ დედა ჰეროინს მოიხმარს, ბავშვთან ეს სიმპტომები დაბადებიდან რამდენიმე დღეში იჩენს თავს, ხოლო თუ დედა მეთადონს იღებს, მაშინ შეიძლება მოგვიანებით გამოვლინდეს, რადგან ამ ნივთიერებას ორგანიზმში უფრო ხანგრძლივი ნახევრად დაშლის პერიოდი ახასიათებს. არ არის აუცილებელი, რომ ახალშობილის მცირე წონას და ნაადრევ მშობიარობას უშუალოდ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება იწვევდეს, რადგან ჰეროინის მომხმარებლები ხშირად ცუდად იკვებებიან და ბევრს ეწევიან. მეთადონით მხარდამჭერი თერაპიის პროგრამაში მონაწილე ქალებისთვის ორსულობის პერიოდი და მშობიარობა ნაკლებ რისკთან არის დაკავშირებული (Ward et al., 1999).

არსებობს მონაცემები ამ ნარკოტიკული ნივთიერების უფრო გვიანდელი ეფექტების შესახებ. ოპიოიდებზე დამოკიდებულების მქონე დედის შვილებს უფრო ხშირად ახასიათებთ ჰიპერაქტიურობა ფეხის ადგმის პერიოდში და ნაკლებად მიზანმიმართული არიან. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ამგვარი გვიანდელი ეფექტები უფრო არახელსაყრელი ოჯახური ვითარებით იყოს გამოწვეული, ვიდრე ნაყოფზე ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედებით.


იხილე აგრეთვე

წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები