ორმარცვლიანი ასლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ორმარცვლიანი ასლი – Triticum dicoccon (Schrank) Schübl. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საკოლექციო ნაკვეთი
ხორბლის სალეწი წყლის საცეხველი

ორმარცვლიანი ასლი - (Triticum dicoccon (Schrank) Schübl). ასლი, იგივე ორმარცვალა, ანუ ემმერი, ნეოლითური ხანის ხორბლის რელიქტური კულტურაა. V ს.-ის ქართულ ისტორიულ წყაროებში „ასლი“ მოხსენიებულია იფქლთან ერთად.

უახლესი არქეოლოგიური გამოკვლევებით, ნეოლითური ხანის (ძვ.წ. VI-V ათასწლეულები) სამოსახლო ბორცვზე („გადაჭრილი გორა“) აღმოჩენილია ხორბლის მარცვლები, აგრეთვე თავთავის ნაწილები, სადაც ორმაცვლიანი ასლის კარბონიზირებული ნაშთები ჭარბობს (ჯალაბაძე და სხვ. 2010).

ქსენოფონტეს გადმოცემით, ჭანურ ტომს მოსინიკებს ბეღელში ორი წლის მოსავლის გალეწილი და გაულეწავი ხორბალი ჰქონიათ შენახული, მეტადრე კი ასლის დიდი სიუხვე ყოფილა (მიქელაძე, 1967).

ასლი საგაზაფხულო კულტურაა. სავეგეტაციო პერიოდი სხვებთან შედარებით მოკლე აქვს, მთის პირობებში დროულად ასწრებს შემოსვლას. ასლის მარცვალი გამოირჩევა სითეთრით. ფქვილიც განსაკუთრებული თეთრი გამოდის. ცომი კარგი სახაჭაპურეა. საყოველთაოდ ცნობილი იყო ასლის კორკოტი. ის მიღებული იყო ქართულ მონასტრებში, მარხვის დროს. მაღალი სელექციური ღირებულების მქონე ხორბალია, გამოირჩევა ეკოლოგიური პლასტიურობით, გვალვაგამძლეობით (ნასყიდაშვილი, 2013).

XX ს.-ის 20-30-იან წლებში ასლის გავრცელების არეალი დასავლეთ საქართველოში შემოიფარგლებოდა რაჭა-ლეჩხუმით, ზღ. დ.-დან 1000-1500 მ; აღმოსავლეთ საქართველოში – ხევსურეთით, ფშავით, ერწო-თიანეთით, ჯავახეთით მესხეთით, წალკით (სუპატაშვილი, 1929; Декапрелевич, Менабде, 1929; Декапрелевич, 1942; Менабде, 1948).

ეთნოგრაფიული მონაცემებით ირკვევა, რომ ასლი ძველად აჭარაში, მაჭახლის ხეობაშიც მოჰყავდათ (კახიძე, 1968; 1974).

ნ. კეცხოველის (1957) მოანაცემებით, ასლი დიდი რაოდენობით ითესებოდა დიდი და პატარა ლიახვების, ლეხურის, არაგვის, ქსნის, იორის ხეობებში, მცირე კავკასიონზე (მთა ბორჩალო), წალკის და თეთრი წყაროს რ-ნებში, ზემო თრიალეთში. ასლებიდან უმთავრესად ითესებოდა თეთრთავთავიანი ასლი –Triticum dicoccon var. farrum (Bayle-Bar.) Flaksb. რომელიც გაბატონებული სახესხვაობა იყო და წითელი ასლი – Triticum dicoccon var. rufum Schuebl. წითელი ასლი თეთრ ასლში მინარევის სახით გვხვდებოდა. ასლს თესავდნენ, როგორც საკორკოტე პურს.

მთხრობელთა გადმოცემით, „...ცივგომბორის ქედზე ითესებოდა რბილი და მაგარი ხორბალი, დოლის პური, ქონდარა ხორბალსაც ურევდნენ, მაგრამ უფრო ხშირად ითესებოდა ასლი (ორმარცვალა), გაზაფხულზე, მთის ფერდობებზე. იმკებოდა ნამგლით მთვარიან ღამეში, რომ დანესტილიყო და თავთავი არ ჩაშლილიყო; მკის დროს („წუხრეულა“ – ღამით მკა) კოლექტიურად ვმუშაობდით. ძირითადად ქალები მკიდნენ. ძნის შესაკრავად კი კაცები იყვნენ გამოყოფილნი. ხელზე უნდა ჰქონოდათ სათითურები, მკის დროს ნამგლით ხელი რომ არ გაეგლიჯათ. ორი-სამი ხელეულიდან გამოდიოდა ერთი ძნა. იკვრებოდა ძნა „ულო-თი“ (ხელეულით). ამის შემდეგ ძნები სამეულად იდებოდა, კეთდებოდა „წერილა“– პატარა დადგმული კონები ისე, რომ თავთავის თავი შიგნით იყო. მარხილით ჩამოიტანდნენ სახლში და „სერკვებად“ დადგამდნენ. შემოდგომაზე იწყებოდა კალო. კალო წინასწარ გასუფთავებული იყო, გაზეკვა ხდებოდა საგორებით. კალოზე გაშლიდნენ ძნებს და ლეწავდნენ ხარებით, ზოგჯერ კევრითაც. როცა ნაწილობრივ გაილეწებოდა ზედა მხარეს, გადმოაბრუნებდნენ (ამას ეწოდებოდა გვერდის გადაქცევა). გადაბრუნება ხდებოდა ფიწლით; კიდევ გადააბრუნებდნენ და მერე ხდებოდა გადაფიწვლით გვერდის გადაქცევა. ნამჯას ვიყენებდით საქონლისათვის, მარცვალი კალოზე რჩებოდა. მოვაგროვებდით ხის ნიჩბით და ვანიავებდით „ხელვარცლით“, ადრე, მთის დილის ნიავზე. ჯერ ფარდაგებზე შრებოდა მარცვალი, მერე წაიღებდნენ წისქვილში, რადგან პურის ფქვილი ცოტა იყო, ვურევდით ქერს, თუ ქერიც არ იყო, მაშინ ცომში ურევდნენ მოხარშულ კარტოფილს. პურის ფქვილს ზოგჯერ პანტასაც ვურევდით. პანტას დავაჩირებდით ფურნეში, მერე დავფქვავდით, ამას გადავურევდით პურის ცომში და ვაცხობდით. ასეთი პური გამოყენებული იყო სამკურნალოდაც კუჭ-ნაწლავის დაავადების დროს, მოქმედებდა შემკვრელად“ (თელავის რ-ნი, სოფ. თეთრიწყლები, მთხ. ა. არაბული, 2014 წ.).

XIX ს.-ის ბოლოსა და XX ს.-ის დასაწყისისათვის ასლის ნათესები ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი წალკაში, ჯავახეთში, მესხეთში, დმანისში, ფშავსა და ხევსურეთში. მესხეთში ასლის ნათესები განსაკუთრებით მაღალ ადგილებში იყო თავმოყრილი. მესხეთში გავრცელებული ასლის ორმარცვლიანი სახეობა ადგილობრივ ქართველ მოსახლეობაში ცნობილია „ასლის“ სახელწოდებით, ხოლო მუსლიმანი მოსახლეობა მას „ყაბღჯას“ უწოდებდა. მთხრობელის გადმოცემით, შემოსული პურის ყანა ცელით ითიბებოდა და კალოზე ლეწავდნენ კევრით. გალეწვის შემდეგ ასლის მარცვალი ჯერ კიდევ არ იყო ვარგისი გამოსაყენებლად, რადგან მარცვალს კილები არ ჰქონდა მოცილებული. კილების მოსაცილებლად მესხეთში გამოყენებული იყო სპეციალური მოწყობილობა – „დინგი“. „დინგში“ გარჩეულ ასლის მარცვალს იყენებდნენ კორკოტისათვის, ხოლო ფქვილს – პურის გამოსაცხობად. მესხეთში კორკოტის შემზადების სხვადასხვა წესი არსებობდა: ჩადგმული კორკოტი, დოკორკოტი, რძიანი კორკოტი, წყალკორკოტი, კორკოტის ფლავი, მარხვის კორკოტი ბაქმაზით და სხვ. (ბერიაშვილი, 1973).

ხორბალას ლეწავდნენ მექანიზებული წყლის საცეხველითაც.

ნ. კეცხოველის (1957) ცნობით, საქართველოში, გომარეთში, წალკაში, ჯავახეთში არსებობდა ე.წ. „საკორკოტე დღე“, როცა ამ მარცვლეულს თესავდნენ.


წყარო

პური ჩვენი არსობისა: წიგნი II /საქართველო სამიწათმოქმედო კულტურის უძველესი კერა/,-ავტ: ფრუიძე ლევან, მაისაია ინეზა, სიხარულიძე შალვა, თავართქილაძე მაია. თბილისი: პალიტრა L, -2016

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები