პათოფსიქოლოგია საქართველოში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''პათოფსიქოლოგია საქართველოში''' - - Abnormal Psychology in Georgia - Патопсихология в Гр...)
 

მიმდინარე ცვლილება 16:28, 8 ნოემბერი 2019 მდგომარეობით

პათოფსიქოლოგია საქართველოში - - Abnormal Psychology in Georgia - Патопсихология в Грузии
(ბერძ. pathos ავადმყოფობა + psychё სული + logos სწავლება, მოძღვრება)

ფსიქოლოგიის ქართულ სკოლაში პათოფსიქოლოგია. მას სკოლის ფუძემდებელმა, დიმიტრი უზნაძემ ჩაუყარა საფუძველი. თავდაპირველად ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყო თბილისის ფუნქციონალურ-ნერვულ დაავადებათა ინსტიტუტის პათოფსიქოლოგიის განყოფილებაში, ხოლო შემდგომ, ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დაარსებისთანავე (1943), გაგრძელდა ამ ინსტიტუტის პათოფსიქოლოგიის განყოფილებაში. მას ხელმძღვანელობდა ამ დარგის თვალსაჩინო სპეციალისტი, პროფესორი იოსებ ბჟალავა. შემდგომში მის დაწყებულ საქმეს წარმატებით განაგრძობდა პროფესორი მარინე საყვარელიძე. 2000 წლიდან ამ განყოფილებას დ. ნადირაშვილი ხელმძღვანელობდა.

მეცნიერთა რამდენიმე თაობის მიერ ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, ძირითადად პათოფსიქოლოგიის განყოფილებაში, მნიშვნელოვანი მონაცემები იქნა მიღებული ფსიქიკური გადახრების განწყობისეული გააზრების თვალსაზრისით (ა. ბარკალაია, თ. ბჟალავა, ბ. ბეჟანიშვილი, ე. ვაჩნაძე, ნ. ელიავა, ქ. მაყაშვილი, ქ. მდივანი, მ. მიქაბერიძე, ვ. ნორაკიძე, ქ. ცინცაძე, ზ. ჯაფარიძე და სხვანი). აქვე უნდა მოვიხსენიოთ მომიჯნავე დარგების სპეციალისტები, პირველ რიგში ფსიქიატრები, რომლებიც თავიანთ კვლევას განწყობის მეთოდოლოგიაზე აფუძნებდნენ (თ. აბრამიშვილი, შ. გამყრელიძე, ა. კვინიკაძე, ფ. კონტრიძე, ნ. ჯაიანი, რ. ჯანჯღავა, ბ. ჯინჭარაძე, ო. ჭითავა, ნ. რუხაძე და სხვანი). მაგ., დადასტურდა ტლანქი-სტატიკური ან ვარიაბელურ-ლაბილური ტიპის სანდო კორელაცია დეპრესიის მაღალ დონესთან.

დ. უზნაძე ამოდიოდა იქიდან, რომ ფსიქიკური დაავადების არსი პიროვნების მთლიანობითი სტრუქტურის დარღვევაში უნდა ვეძიოთ. ეს სტრუქტურა, პირველ ყოვლისა, განწყობაშია წარმოდგენილი (ხასიათის ტიპოლოგია განწყობის თეორიაში). ამიტომ ფსიქიკური მოქმედების მეტ-ნაკლებად სერიოზულმა გადახრამ განწყობის მექანიზმში უნდა იჩინოს თავი და თავისებურად შეცვალოს ის. მართლაც, აღმოჩნდა, რომ ფსიქიკური პათოლოგიის შემთხვევებში განწყობის მახასიათებლები არსებითად განსხვავდება ნორმისაგან; მეტიც, ყოველი კონკრეტული დარღვევისას ფიქსირებული განწყობის დინამიკის ტიპოლოგია სპეციფიკურად იცვლება (განწყობის ფსიქოპათოლოგია).

უზნაძის სკოლაში მყარად იქნა დადგენილი, რომ გარკვეულ ნოზოლოგიებს განწყობის დინამიკის სათანადო ტიპი შეესაბამება. აქედან გამომდინარე ქართულ ფსიქოლოგიურ სკოლაში წარმოებულმა პათოფსიქოლოგიურმა კვლევა-ძიებამ ერთგვარი კლინიკურ-დიაგნოსტიკური მნიშვნელოვნება შეიძინა. ის მნიშვნელოვანია არამარტო ფსიქიატრიული პრაქტიკის, არამედ აგრეთვე ფსიქოპათოლოგიის თეორიული პრობლემების გადაჭრისთვისაც.

უფრო მეტიც, განწყობის ფსიქოლოგიის მეთოდები ფსიქოსომატურ სნეულებებზეც გავრცელდა. 1980 წელს კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნა კლინიკური ფსიქოლოგიის ლაბორატორია. ლაბორატორია შეისწავლიდა ფსიქისომატურ პრობლემებს შინაგანი სნეულებებით დაავადებულ ადამიანებში და ამ პრობლემების მოგვარებას ფსიქოთერაპიული და ფსიქოფარმაკოთერაპიული მეთოდებით, ცხადია, ძირითადი სამკურნალო მეთოდების გამოყენების ფონზე. კვლევების მიზანი იყო დაავადების მიმდინარეობისა და მკურნალობის ეფექტურობის პროგნოზირება. თუმცა შესაძლებელია, რომ საგანწყობო პარამეტრები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენდეს სომატურ დაავადებათა მიმდინარეობაზეც. მართლაც, გამოვლინდა სანდო კორელაციური კავშირი ადამიანის ფსიქოსომატურ სიჯანსაღესა და ფიქსირებული განწყობის ნორმალურ დინამიკურ-პლასტიკურ ტიპს შორის; გულ-სისხლძაღვების სნეულებასა და სტატიკურ ტიპს შორის.

ეს კვლევები ფიქსირებული განწყობის მეთოდის კლასიკურ ვარიანტს ემყარებოდა (ფიქსირებული განწყობის უზნაძისეული კლასიკური ექსპერიმენტი). ა. გრიგოლავამ კვლევები შ. ნადირაშვილისეული მთელ-ნახევრის მეთოდით განაგრძო და უფრო მკაფიო შედეგები მიიღო. აღმოჩნდა სანდო კორელაციური კავშირი ფსიქიკური/ფსიქოსომატური სნეულების სიმძიმის ხარისხსა და კონტრასტული ილუზიის სიმცირეს შორის (კონტრასტული ილუზიის ადაპტაციური მნიშვნელოვნება). სამწუხაროდ, ნაადრევმა გარდაცვალებამ ა. გრიგოლავას ამ კვლევების დასრულების საშუალება არ მისცა.

პათოფსიქოლოგიის დარგში საქართველოში შექმნილი სამეცნიერო პროდუქცია ასეულობით გამოკვლევას ითვლის. მათ შორის გამორჩეული ადგილი უკავია ი. ბჟალავას ფუნდამენტურ მონოგრაფიებს და ნაშრომებს შიზოფრენიის (1958), ეპილეფსიის (1959), ინვოლუციური ფსიქოზის (1955), ფსიქოტური პიროვნების (1957) ფსიქოპათოლოგიის შესახებ; სულით ავადმყოფთა ფსიქოლოგიური გამოკვლევის შესახებ (1961); „ფსიქოზურ განცდათა ფენომენოლოგია” (1968); მ. საყვარელიძისა – „შიზოფრენიული აზროვნების ფსიქოპათოლოგიისთვის” (1976); გ. ქავთარაძე − „ფიქსირებული განწყობის ტიპოლოგია შინაგან სნეულებათა კლინიკაში” − „საქართველოს ფსიქოლოგიის მაცნე” (2013) და სხვა მრავალი.

[რედაქტირება] წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ზურაბ ვახანია, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები