პანკრატიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პანკრატიონი - ორთაბრძოლის უძველესი სახეობა. შეიქმნა საბერძნეთში, საიდანაც გავრცელდა ძველ რომში,გერმანულ და გალურ ტომებში, ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობის პერიოდში კი - სპარსეთსა და ინდოეთში.

ძვ. წ. 648 წლიდან პანკრატიონი ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შევიდა და ყველაზე რთულ სახეობად ითვლებოდა. პანკრატიონში გამარჯვებული ეროვნულ გმირად ცხადდებოდა. იბრძოდნენ დგომში და ჩოქბჯენში. აქ ერთმანეთს ერწყმოდა ბერძნული ჭიდაობის, ბაბილონური მუშტი-კრივისა და კრეტული კრივის ელემენტები: მახრჩობელა და მტკივნეული ილეთები, დარტყმა ხელით, ფეხით, იდაყვით, მუხლით და თავით.

ძველ ბერძნებს პანკრატიონი ორთაბრძოლის ყველაზე ლამაზ და ვაჟკაცურ სახეობად მიაჩნდათ, რომელიც, პინდარეს თქმით, ათლეტისგან „ლომის ძალას და მელიის ეშმაკობას“ მოითხოვდა. პანკრატიონში პირველი გამარჯვებული ყოფილა ლიგდამი სირაკუზიდან - ძვ.წ. 648 წელს. ცნობილი პანკრატიონისტი გახლდათ არაჰიონი ფიგალიიდან, რომელმაც მოიგო ძვ.წ. 572 და 568 წლების ოლიმპიადები, ხოლო შემდეგზე - ძვ.წ. 564 წელს - ბოლომდე იბრძოლა, არ დანებდა და სული განუტევა. გადმოცემით, გამარჯვება მას სიკვდილის შემდეგ მიანიჭეს. სახელგანთქმული მებრძოლი იყო თეაგენი თასოსიდან, რომელმაც ძვ.წ. 480 და 476 წლებში მოიგო ოლიმპიადები და არაერთხელ გაიმარჯვა სხვა პანელინურ შეჯიბრებებზე. ელინებმა მას „ჰერაკლეს ვაჟი“ შეარქვეს. მეტად ცნობილი და პოპულარული იყო პოლიდამე სკოტუზიდან, რომელმაც ძვ.წ. 408 წელს, ანუ 93-ე ოლიმპიადაზე გაიმარჯვა. მის ფიზიკურ შესაძლებლობებზე ლეგენდები დადიოდა. ყვებოდნენ, რომ ძალას ხარებთან ჭიდილში ივარჯიშებდა, ერთხელ კი შიშველი ხელებით დაარხჩო ლომი. პოლიდამე ნამდვილი გმირივით დაღუპულა თურმე უეცრად გროტის ჭერი ჩამოინგრა, სადაც მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მან მოასწრო და ჩამონგრეულ ჭერს მხარი შეუდგა, დრო მისცა მეგობრებს, თავი რომ გადაერჩინათ, გროტიდან გაეღწიათ, თვითონ კი ნანგრევებში ცოცხლად ჩაიმარხა.


წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები