პარიზის II ოლიმპიური თამაშები (1900)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:17, 2 დეკემბერი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პარიზის II ოლიმპიური თამაშები - მეორე ოლიმპიური თამაშები ჩატარდა 1900 წელს (14 მაისი - 28 ოქტომბერი) საფრანგეთში, პარიზში.

  • მონაწილე ქვეყანა - 24
  • სპორტსმენი - 997 / 22 ქალი / 975 კაცი
  • სპორტის სახეობა - 19
  • მედლების კომპლექტი - 95

1900 წელს საფრანგეთის დედაქალაქში ჩატარებულ II ოლიმპიურ თამაშებს წინამორბედთან შედარებით ბევრად მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ეწვია, გაიზარდა სახეობების რაოდენობაც, მაგრამ ეს არ იყო სტატუსის შესაფერისი შეჯიბრება - ახალბედა და ჯერაც უსახელო ოლიმპიადა მსოფლიო გამოფენის ჩრდილში მოექცა. თუ არ ჩავთვლით 3 ივნისს გამართულ ტანმოვარჯიშეთა აღლუმს, პარიზში არ მოწყობილა გახსნისა და დახურვის ცერემონიები.

თანამედროვეობის მეორე თამაშებზე პირველად გამოჩნდნენ არგენტინის, ბელგიის, კანადის, კუბის, ბოჰემიის (1920 წლის ოლიმპიადიდან - ჩეხოსლოვაკია), ინდოეთის, მექსიკის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, რუმინეთის, რუსეთის იმპერიის და ესპანეთის წარგზავნილები (ზოგიერთი წყაროს ცნობით, 1900 წლის ოლიმპიადაზე პერუელმა და ირანელმა მოფარიკავეებმაც იასპარეზეს).

დღემდე ზუსტად არ არის დადგენილი, 1900 წელს სპორტის რომელი სახეობა ითვლებოდა ოლიმპიურად და რომელი არა. იშვიათად იყენებდნენ სიტყვა „ოლიმპიურს”, ასევე „ოლიმპიური თამაშების” ნაცვლად, პარიზის თამაშებს მოიხსენიებდნენ, როგორც d’exercices Concours internationaux physiques et de sport („სპორტი და საერთაშორისო ფიზიკური ვარჯიშები”). პრესაში იხმარებოდა ტერმინები: „საერთაშორისო ჩემპიონატი”, „საერთაშორისო თამაშები”, „პარიზის ჩემპიონატი”, „მსოფლიო ჩემპიონატი”, „პარიზის გამოფენის გრანპრი”. სპორტსმენთა შორისაც იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც არც იცოდნენ, რომ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდნენ. ბევრი მათგანი ფიქრობდა, რომ ასპარეზობები მხოლოდ მსოფლიო გამოფენის ფარგლებში იმართებოდა. საქმე ის არის, რომ რიგ სახეობაში შეჯიბრებები სოკ-ის ორგანიზებით ტარდებოდა, ზოგიერთზე კი მსოფლიო გამოფენის მესვეურებს ერთგვარი მეურვეობა ჰქონდათ აღებული.

ათენის I ოლიმპიური თამაშებისგან განსხვავებით, პარიზში შეჯიბრებები არ გამართულა ძალოსნობასა და ჭიდაობაში, მაგრამ 13 სახეობის (წყალბურთი, ცხენოსნობა, მშვილდოსნობა, ფეხბურთი, გოლფი, ნიჩბოსნობა, აფროსნობა, რაგბი, ბასკური პელოტა, კრიკეტი, კროკეტი, პოლო, ბაგირის გადაძალვა) დებიუტი შედგა. ამასთან, ბასკური პელოტა, კრიკეტი და კროკეტი ერთადერთხელ იყო ოლიმპიური პროგრამის ნაწილი. ეს იყო ოლიმპიური თამაშები, სადაც ტყვიის მსროლელებს ცოცხალი სამიზნეები (მტრედები) ჰყავდათ.

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე პირველად იასპარეზეს ქალებმა. მათ შორის პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა შვეიცარიელი აფროსანი ელენ დე პურტალე მეუღლესთან და მეუღლის ძმისშვილთან ერთად, ინდივიდუალურ სახეობაში კი პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ბრიტანელი შარლოტ კუპერია, რომელმაც ჩოგბურთელთა შორის გაიმარჯვა, მოგვიანებით კი, შერეულ წყვილთა შეჯიბრებაც მოიგო. საინტერესოა ისიც, რომ ჩოგბურთში ყველა ჩემპიონი უიმბლდონის ყოფილი გამარჯვებული იყო. პირველი ფერადკანიანი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა, ჰაიტელი კონსტანტინ ენრიკესია. მან საფრანგეთის მორაგბეთა გუნდთან ერთად იზეიმა ჩემპიონობა.

1908 წლამდე მედლების ცხრილის შედგენისას არ არსებობდა ეროვნებათა ზუსტი განსაზღვრება. იმ ქვეყნების სპორტსმენები, რომლებსაც არ ჰქონდათ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები, მეტწილად საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს ან რომელიმე ევროპულ ქვეყანას წარმოადგენდნენ. თამაშებზე გამარჯვებულს ვერცხლის, მეორე ადგილზე გასულს კი ბრინჯაოს მედლებს გადასცემდნენ. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულთა ერთ ნაწილს თასებს თუ სხვა ჯილდოს გადასცემდნენ (მაგალითად, ფრანგ ალბერ რობერ აიას დაშნით ფარიკაობაში ჩემპიონობისთვის პრიზის სახით 3 ათასი ფრანკი გადაეცა), ნაწილმა კი ოლიმპიური მედალი მოგვიანებით მიიღო. პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ყველაზე დიდ წარმატებას ამერიკელმა მძლეოსანმა ელვინ კრენცლაინმა მიაღწია, რომელმაც 60 მეტრზე რბენაში, 110 და 200 მეტრზე თარჯრბენსა და სიგრძეში ხტომაში მოიპოვა ჩემპიონობა. 2012 წლამდე ეს შედეგი მძლეოსნობის ინდივიდუალური სახეობებისთვის რეკორდული მაჩვენებელი იყო.

წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები