პედოლოგია საქართველოში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''პედოლოგია საქართველოში''' - Pedology in Georgia - Педология в Грузии [[ფსიქოლოგ...)
 

მიმდინარე ცვლილება 17:30, 8 ნოემბერი 2019 მდგომარეობით

პედოლოგია საქართველოში - Pedology in Georgia - Педология в Грузии

ფსიქოლოგიის ქართულ სკოლაში პედოლოგია. 1920-1930-იან წლებში დიმიტრი უზნაძემ წამოიწყო პედოლოგიური კვლევა, რომელშიც ჩართულნი იყვნენ მისი მოწაფეებიც (რევაზ ნათაძე, ზოსიმე ხოჯავა, ფატი ხუნდაძე და სხვანი). თბილისში მუშაობდა პედოლოგიის კვლევითი ლაბორატორია, მიმდინარეობდა პრაქტიკული მუშაობა. 1933 წელს უზნაძემ გამოსცა სქელტანიანი წიგნი „პედოლოგია”, რომელშიც განაზოგადა ამ სამუშაოთა შედეგები. რაც მთავარია, დაამუშავა რამდენიმე ფუნდამენტური კონცეპტური საკითხი, რომელთა დიდი ნაწილი შემდგომში მის ცნობილ წიგნს „ბავშვის ფსიქოლოგია” (1947) დაედო საფუძვლად: ასაკობრივი გარემოს ცნება, ბავშვის განვითარების პერიოდიზაცია და სხვა. მაგრამ „ბავშვის ფსიქოლოგიაში” ვერ მოხვდა კოინცინდენციის თეორია, რომელიც თანმიმდევრული ინტერაქციონიზმის გამო ნამდვილად მიუღებელი იყო საბჭოთა მარქსისტული ფსიქოლოგიის აშკარად გამოხატული სოციოცენტრული პოზიციისთვის. 1936 წელს, საბჭოთა მთავრობის საგანგებო იდეოლოგიური დადგენილების შემდეგ, პედოლოგია მთელ საბჭოთა კავშირში განადგურდა. ამის შედეგად დიდი ქართველი მეცნიერის კოინცინდენციის კონცეფცია, თანამედროვე ფსიქოლოგიისთვის უაღრესად საინტერესო, კარგა ხნით მიჩუმათებული იყო და, სამწუხაროდ, თითქმის არ არის ცნობილი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისთვის. საქართველოში, ისევე როგორც მთელ საბჭოთა კავშირში, პედოლოგიამ პედაგოგიკური ფსიქოლოგიის სახით განაგრძო შეზღუდული არსებობა.

სწავლასთან დაკავშირებით უზნაძე მრავალ მნიშვნელოვან თეორიულ საკითხს განიხილავს. მათ შორის ერთერთი უმნიშვნელოვანესია საკითხი სწავლებისა და განვითარების (მომწიფების) ურთიერთმიმართების შესახებ. პედაგოგიკური ფსიქოლოგიის ყველა სერიოზული მკვლევარი ვალდებულია, გამოკვეთოს თავისი პოზიცია ამ საკვანძო საკითხთან დაკავშირებით, რასაც უზნაძე სრულიად ნათლად აკეთებს. სასწავლო მასალა, ერთი მხრივ, „მოსწავლის ძალთა განვითარების აქტუალური დონისთვის უნდა იყოს შესატყვისი; მეორე მხრივ, საკმარისად უნდა იყოს მას დაშორებული: წინააღმდეგ შემთხვევაში, ესე იგი რომ იგი სავსებით განვითარების აქტუალური დონის შესატყვისი ყოფილიყო, როგორ შეძლებდა იგი წინსვლისა და უფრო მაღალ დონეზე ამაღლების პირობად გამხდარიყო. სასწავლო მასალა, მაშასადამე, ყოველთვის ისეთია, რომ მოწაფის განვითარების აქტუალურ დონეზე მაღალია”. თუმცა, ცხადია, ზედმეტად მაღალიც არ უნდა იყოს (განვითარების უახლოესი ზონა). რაკი სასწავლო მასალა მოსწავლის აქტუალურ ზონას გადაუსწრებს, მოსწავლეს დახმარება დასჭირდება − საჭირო ხდება მასწავლებლის ჩარევა, რომელიც ისე აწოდებს მასალას მოსწავლეს, რომ მისთვის მისაწვდომი შეიქმნეს (სასწავლო ხარაჩოები). ამ საკითხებში უზნაძე სრულად ეთანხმება ლ. ვიგოტსკის.

საზოგადოდ, უზნაძის პოზიცია განვითარების განმსაზღვრელი ფაქტორების ერთგვარი კომპრომისია ორ დაპირისპირებულ შეხედულებას შორის − ერთი მომწიფების ბუნებრივ პროცესზე აკეთებს აქცენტს (ჟ. პიაჟე, ლ. კოლბერგი), ხოლო მეორისთვის განმსაზღვრელია სწავლების სოციალურად ორგანიზებული პროცესი [ლ. ვიგოტსკი, ჯ. ბრუნერი და სხვანი]. უზნაძე საუბრობს განვითარების „ბუნებრივ გზაზე”, რომელიც, თავისთავად, არასაკმარისია და მოითხოვს შევსებას სწავლების პროცესით. აღსანიშნავია, რომ აზრთა ამ ჭიდილს მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობა არა აქვს; ის პედაგოგიკური ფსიქოლოგიის დღევანდელ სახესაც განაპირობებს.

უზნაძის მუშაობას პედაგოგიკური ფსიქოლოგიის დარგში ყოველთვის პრაქტიკული მიმართულებაც ჰქონდა. იგი მუდამ ზრუნავდა იმაზე, რომ დახმარებოდა სკოლას სწავლება-აღზრდის ოპტიმიზაციის საქმეში. მაგ., როდესაც 1940-იანი წლების მეორე ნახევარში დაისვა საკითხი სასკოლო ასაკის შემცირების თაობაზე, უზნაძემ მაშინვე დაიწყო სასკოლო ასაკის განსაზღვრისა და სკოლისათვის მზაობის საკითხების დამუშავება. მოგვიანებით, 1970-იან წლებში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტის პედაგოგიკური ფსიქოლოგიის განყოფილებაში შალვა ჩხარტიშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო ინტენსიური კვლევა სკოლაში შემსვლელი ბავშვების სასკოლო სწავლებისადმი მზაობასთან და მათ სწავლებასთან დაკავშირებით (მ. ზარანდია, ი. იმედაძე, ნ. დევიძე, მ. მაღრაძე, ი. კეჭაყმაძე, თ. მუსერიძე და სხვანი). ამან წაახალისა მრავალმხრივი მუშაობა დაწყებითი სკოლის ფსიქოლოგიის პრობლემებზე. ალექსანდრე მოსიავამ შექმნა წერა-კითხვის სწავლების ორიგინალური მეთოდიკა, რომელიც უზნაძისეულ ობიექტივაციის ცნებას ემყარება. დაწყებით კლასებში სწავლების მეთოდიკაზე მუშაობდნენ აგრეთვე იათამზე კოტეტიშვილი და მისი თანამშრომლები (თამარ კერძაია, მანანა მელიქიშვილი, დოდო ჯვარიშეიშვილი, მარინე ჯაფარიძე, დარეჯან კახიანი, დოდო მირიანაშვილი და სხვანი). მიმდინარეობდა და მიმდინარეობს მუშაობა აღზრდისა და სწავლების პროცესის ოპტიმიზაციის მიმართულებით. ი. კოტეტიშვილმა, მათემატიკოს გ. ბერიშვილთან ერთად, შეიმუშავა დაწყებით კლასებში მათემატიკის სწავლების ორიგინალური და ფრიად წარმატებული მეთოდიკა. ეს სამუშაო მომდევნო კლასებისთვის, აგრეთვე ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მიმართულებით, განაგრძო ზურაბ ვახანიამ. ა. მოსიავას, არჩილ ალხაზიშვილის, ი. კოტეტიშვილის, ზ. ვახანიას, თ. კერძაიას და მათი თანაავტორების მიერ შეიქმნა და დაინერგა 50-ზე მეტი სასკოლო სახელმძღვანელო.

ქართველი ფსიქოლოგები აქტიურად მონაწილეობენ საშუალო და უმაღლესი სკოლის პროგრამების დადგენისა და შესრულების მონიტორინგის საქმეში. ისინი ჩაბმულნი არიან ერთიანი სახელმწიფო გამოცდების ტესტური უზრუნველყოფის პროცესშიც. სწავლებისა და აღზრდის თეორიისა და პრაქტიკის საკითხები სხვადასხვა კუთხით გაშუქებული აქვთ ნოდარ ბარამიძეს, ზეინაბ გაბაშვილს, თამაზ გოგიჩაიშვილს, ნათელა იმედაძეს, ქეთევან მდივანს, თ. მუსერიძის, გიორგი მჭედლიშვილს, შოთა ნადირაშვილს, რევაზ ნათაძეს, ვლადიმერ ნორაკიძეს, ნოდარ როგავას, ალექსანდრე ფრანგიშვილს, ლელა ქსოვრელიშვილს, ფატი ხუნდაძეს, მამია ყოლბაიას, ზ. ვახანიას და სხვებს.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია შ. ჩხარტიშვილის ღვაწლი საქართველოში პედაგოგიკური ფსიქოლოგიის განვითარების საქმეში. იგი წლების განმავლობში ედგა სათავეში პედაგოგიკური ფსიქოლოგიის განყოფილებას დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტში. ჩხარტიშვილს ეკუთვნის მრავალი ნაშრომი პედაგოგიკური ფსიქოლოგიის ფუნდამენტურ და აქტუალურ საკითხებზე. მათ შორის გამორჩეულია მონოგრაფია „აღზრდის სოციალური ფსიქოლოგია”. მისი რედაქტორობით შეიქმნა პედაგოგიკური ფსიქოლოგიის სისტემატური კურსი ორ ტომად, რომელიც მოიცავს დაწყებითი და საშუალო სკოლის ძირითად საკითხებს. მასში გაერთიანებულია საქართველოში იმ დროისათვის განხორციელებული ძირითადი კვლევები.

ამ დარგში კვალიფიციური კადრების მომზადება ხდებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტის პედაგოგიკური ფსიქოლოგიის კათედრაზე (აკაკი ბაინდურაშვილი) და სულხან-საბას (ადრე ა. პუშკინის) სახ. პედაგოგიკური ინსტიტუტის ფსიქოლოგიის კათედრაზე (ნათელა იმედაძე). დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში პედაგოგიკური ფსიქოლოგიის განყოფილებას ხელმძღვანელობდნენ: შალვა ჩხარტიშვილი, იათამზე კოტეტიშვილი, ზურაბ ვახანია, თამარ კერძაია.


[რედაქტირება] წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ზურაბ ვახანია, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები