პროსკომიდია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პროსკომიდია - (ბერძნ. Προσκομιδή – მიტანა, შეწირვა). საეკლესიო ღვღისმსახურება, საღვთო ლიტურგიის პირველი ნაწილი.

მღვდელი ეკლესიაში ლიტურგიის დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე მიდის, კითხულობს განსაკუთრებულ ლოცვებს და იმოსება. შემდეგ იგი მიდის სამკვეთლოში, რათა ევქარისტიისთვის პური და ღვინო მოამზადოს. მსახურების ამ საწყის ნაწილს ეწოდება პროსკომიდია.

პროსკომიდია შედარებით გვიან გახდა საღვთო ლიტურგიის წეს-განგების ნაწილი და იმ ფორმით, როგორსაც დღეს მას ვხედავთ, ნათელია, რომ იგი XIV საუკუნეში ჩამოყალიბდა. პროსკომიდია არის ერთ დიდ მთლიანობად მთელი ეკლესიის შეკრების სიმბოლო: ქრისტე-თავი და მასთან ერთად ღვთისმშობელი და ქრისტეს სხეულის ყველა წევრი, უკვე განდიდებულნი ქრისტეში, და ყველა მართალი მოწაფე მიწაზე.

თავდაპირველად მღვდელი ამოკვეთს კუბის ფორმის ნაწილს სპეციალურად გამომცხვარი პურიდან – პროსფორიდან, რაც ნიშნავს „მიტანას”. მისგან ამოკვეთილ ამ ნაწილს ტარიგი ჰქვია და ის აღნიშნავს ქრისტეს – „პურს ჭეშმარიტს ზეცით“, „ტარიგს ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“ (იოანე, 6:32-405; 1:296). ნაწილის ამოკვეთისას მღვდელი კითხულობს ესაიას წინასწარმეტყველებას:

„... ვითარცა კრავი, წინაშე მრისველისა თვისისა უხმოჲ, ეგრეთ არა აღაღებს პირსა თვისსა“

ტარიგი ამოიკვეთება ისეთი სახით, რომ სეფისკვერის ბეჭედი უნდა აღმოჩნდეს ზევით, მის ცენტრში. ბეჭედზე გამოსახულია ჯვარი და წარწერა: IC. XC. NI. KA., რომელიც ნიშნავს: იესო ქრისტე – გამარჯვებული. შემდეგ ტარიგი ჯვრისებურად გაიჭრება ქვემოდან, რათა შემდეგ, ზიარების დროს, ადვილი იყოს მისი ოთხ ნაწილად განტეხა. შემდეგ მღვდელი ლახვრით უგმირავს მარჯვენა მხარეს და წარმოთქვამს სახარებისეული მოწმობის სიტყვებს: „ერთმან ერისაგან მან ლახურითა უგუმირა გუერდსა მისსა, და მეყსეულად გარდამოხდა სისხლი და წყალი. და რომელმან იხილა, წამა, და ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი, და მან უწყის, რამე თუ ჭეშმარიტსა იტყვის, რაჲთა თქუენცა გრწმენეს“ (იოანე, 19:34-35).


შემდეგ მღვდელი ბარძიმში ჩაასხამს ღვინოსა და წყალს, ამოკვეთს ნაწილს მეორე სეფისკვერიდან და მოათავსებს მას ფეშხუმზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე, შემდეგ კი ფეშხუმზე დაალაგებს სხვა ნაწილებსაც, რომლებიც ამოკვეთილია წმინდანთა სახელზე. გარდა ამისა, ფეშხუმზე იდება ნაწილები, რომლებიც ამოკვეთილია ცოცხალი და გარდაცვლილი ეპისკოპოსისა და მორწმუნეებისათვის, რომლებსაც მღვდელი კვეთისას სახელებით იხსენიებს.

მღვდელი ფეშხუმსა და ბარძიმს გადააფარებს დიდ და მცირე დაფარნას და კითხულობს 92-ე ფსალმუნს, სხვა მუხლებს ფსალმუნებიდან და ბოლოს აკმევს და წარმოთქვამს შემდეგ ლოცვას:

„უფალო, ღმერთო ჩვენო, რომელმან ზეცისა პური, საზრდელი ყოვლისა სოფლისაჲ, უფალი ჩუენი და ღმერთი იესუ ქრისტე მოავლინე სოფლად მაცხოვრად და მხსნელად და ქველის მოქმედად და მაკურთხეველად და წმიდამყოფელად ჩუენდა, შენ აკურთხე წინა და გებაჲ ესე და შეიწირე წმიდასა და ზეშთა ცათასა და საცნაურსა საკურთხეველსა შენსა. მოიხსენენ, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, შემომწირველნი, და რომელთათვის შემოსწირნეს, და ჩუენ დაუშჯელად და მიცვენ მღვდელმოქმედებასა შინა საღმრთოთა შენთა საიდუმლოთასა, რამეთუ წმიდა და დიდებულ არს ყოვლად პატიოსანი და დიდად შუენიერი სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისაჲ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.“


წყარო

მართლმადიდებლობის საფუძვლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები