პურის ცხობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პურის ცხობა

პურის ცხობა - ხაშიანი ცომის გაფუებას 2-3 საათი მაინც უნდა, რასაც გებულობენ ხელის დაჭერით. რაც უფრო ახალია ფქვილი, მით უფრო „მარდად ფუვდება“. საპურე ცომი ღუმელ-ფურნეში და კეცში რომ „შასხან“, ჩვილი უნდა იყოს და კარგად გაღვივებული. თონეში ჩასაკრავი კი მაგრად მოზელილი და არც ძალიან გაღვივებული. ფურნისაგან განსხვავებით, თონე „აზიზია“ და თუ რომელიმე პირობა კარგად არ არის დაცული პური ჩავარდება. ერთ საპურე ცომს „საფხეკელათი“ მოჭრიან, ვარცლში მოაგუნდავებენ კვერებად. იმის მიხედვით, თუ რომელ საცხობში აცხობენ, მისცემენ სასურველ ფორმას. თონეში პურს ხელით ჩააკრავენ, ლავაშს კი - „ლაქათით“ (ნიჩაბი). ვარცლი უსათუოდ თონის მარჯვნივ უნდა დაიდგას, რომ ცომი მარჯვენა ხელით მარჯვნივ „შემაირტყას“ თონეში. მარცხენას, თუ საჭირო იქნა, შეაშველებენ, ისე კი, კარგ მცხობელს მარცხენის მიშველიება არც სჭირდება. პურები ოთხ წრედ ჩაიკვრება (დიდ თონეში - 6 წრე), თითო წრეში ჩვეულებრივ 4-5 პურია, როცა თონე ძალიან ცხელია, „თახად“ ჩაყრა იცის. ჩავარდნილი პურის ძირს სველ ხელს გაუსვამენ და კვლავ მიაკრავენ. გამომცხვარი პურის „მოხდას“ ძირიდან იწყებენ და თანდათანობით ზევით აჰყვებიან. თონის კედლიდან პურს ასტამის ბრტყელი ბოლოთი ააცლიან, „კინჭოტს“ (ასტამის წვეტიანი ბოლო) პურის ზედა ნაწილში გაურჭობენ და ფიცარზე ერთმანეთის გვერდზე დააწყობენ. (ნ.ჯ).

ჟან შარდენი საინტერესო ცნობებს გვაწვდის მე-17 საუკუნის საქართველოსა და კავკასიის შესახებ: „...კავკასიის მთა თვით წვერამდე ნაყოფიერია: უხვი თაფლით, პურით და ღომით. დედაკაცები ხორბალს მაშინ გამოჰფქვავენ, როცა პური დასჭირდებათ. პურს აცხობენ კეცებში. ძალიან გაახურებენ კეცს, ჩასდებენ შიგ პურს, ზედ წააყრიან ცხელ ნაცარს და ნაღვერდალს. ისეთი ადგილებიც არის, სადაც პირდაპირ ნაცარში აცხობენ პურს, გამოსწმენდნენ კერიის ერთ კუთხეს, ჩასდებენ შიგ ცომს და ზევიდან ცხელ ნაცარს და ნაღვერდალს წააყრიან. თუმცა ასე აცხობენ, მაგრამ პურის ქერქი მაინც საკმაოდ თეთრია და პურიც ძლიერ კარგი” (შარდენი, 2014).


წყარო

  • ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი
  • პური ჩვენი არსობისა: წიგნი II /საქართველო სამიწათმოქმედო კულტურის უძველესი კერა/,-ავტ: ფრუიძე ლევან, მაისაია ინეზა, სიხარულიძე შალვა, თავართქილაძე მაია. თბილისი: პალიტრა L, -2016
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები