რაჭა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(რიტუალები)
ხაზი 65: ხაზი 65:
  
„ბოსლობა” ყველიერის დაწყების წინა დღეებში იცოდნენ. „ამ დღისათვის ყოველ ოჯახში განსხვავებული საჭმელი უნდა მომზადებულიყო. აცხობდნენ ბაჭულებს, ქადიანებს, ხარშავდნენ ლორს და ა. შ. საღამოზე ოჯახის უფროსები ბოსელში გზავნიდნენ ახალგაზრდებს, უმთავარესად ბიჭებს, თან გაატანდნენ ხოლმე ღორის ნაჭერსა და კვერცხს. ბიჭები გავიდოდნენ თუ არა ეზოში, ხმამაღლა დაიძახებდნენ „ბოსელ, ბოსელ, ბუ” და ამ ძახილით შევიდოდნენ ბოსელში. თავიანთ საქონელს ლორის მსუქან ნაჭერს ჩამოუსვამდნენ შუბლზე რამდენჯერმე და თან ეუბნებოდნენ: „სუქდებოდე, კეთდებოდე, ნადირს მოერიდებოდე, დათვი მჭლე და შენ მსუქანი”. ამის შემდეგ, ერთის გარდა, ყველანი გარეთ გამოვიდოდნენ. ვინც ბოსელში დარჩებოდა, წამოღებულ კვერცხს დამალავდა. მეორე დღეს, ვინც ამ კვერცხს იპოვიდა, ხალხური „რწმენით”, ის ბედნიერი იქნებოდა; როდესაც ბოსლიდან სახლისაკენ წამოვიდოდნენ, სახლის კარები დაკეტილი ხვდებოდათ. შიგნიდან დიასახლისი გარეთ მყოფებს ეკითხებოდა: „ხარებმა რა დაგაბარეს? – გუთანი დაგვახვედრეო, ძროხებმა რა დაგაბარეს? – რძის ჭურჭელი დაგვიმზადეთო, ცხენებმა რა დაგაბარეს? – ურემი გაგვიმზადეთო, ღორებმა რა დაგაბარეს? – საღორე გაგვიმზადეთო, ყანებმა რა დაგაბარეს? – ბეღლები დაგვიმზადეთო, ქათმებმა რა დაგაბარეს? – საბუდრები დაგვიმზადეთო.”  ასეთი კითხვა-პასუხის დამთავრების შემდეგ სახლში კარის ზღურბლთან დიასახლისი ხვდებოდათ, რომელსაც ხელში ეჭირა ჯამი თხლად აზელილი ქატოთი, ან სიმინდის ფქვილი და თითოეულ მათგანს სახეში შეაყრიდა. ხალხური რწმენით ოჯახის წევრებს ამის შემდეგ არავითარი სენი არ შეეყრებოდათ”.
 
==წყარო==
 
==წყარო==

12:56, 23 იანვარი 2020-ის ვერსია

რაჭასაქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე. რაჭას ჩრდილოეთით ოსეთისაგან კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი ჰყოფს. სამხრეთით ესაზღვრება იმერეთი, აღმოსავლეთით რაჭას შიდა ქართლი ესაზღვრება, ჩრდილო-დასავლეთით – ქვემო სვანეთი, დასავლეთით ლეჩხუმი. რაჭა, რომელიც რიონისა და ჯეჯორის ხეობებში მდებარეობს, დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ამბროლაურისა და ონის რაიონებს მოიცავს.

ისტორიულად რაჭა ზემო და ქვემო რაჭად იყოფა. ცალკე გამოიყოფა მთის რაჭაც. რაჭის ფართობი 2.818 კვ. კმ.-ია. დღეს რაჭა ფაქტობრივად დაცლილია მოსახლეობისაგან. 1897 წლისათვის რაჭაში 61.621 კაცი იყო აღრიცხული. რაჭის, როგორც ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარის მოხაზულობა რამდენჯერმე შეცვლილა. დღეს თუ რაჭის ტერიტორია მთლიანად მოიცავს ონისა და ამბროლაურის რაიონებს, არცთუ ისე დიდი ხნის წინ მდინარე ასკისწყლის მარჯვენა ნაპირზე მდებარე რამდენიმე სოფელი – ჭრებალო, ჟოშხა, გენდუში, ქვიშარი, ჭყვიში – ლეჩხუმში შედიოდა. სხვანაირადაც რომ ვთქვათ, რაჭას დასავლეთ საქართველოს უდიდესი მდინარის – რიონის ზემო წელი უკავია.

სარჩევი

ისტორია

ხშირად რაჭას ლეჩხუმის ეთნოგრაფიულ ერთეულთან ერთად გაიაზრებენ ხოლმე – „რაჭა-ლეჩხუმი”. მაგრამ საქართველოს ჩრდილოეთის ეს ორი მხარე დამოუკიდებელი ტერიტორიულ-ეთნოგრაფიული ერთეულებია. რაჭისა და ლეჩხუმის ერთად გააზრებას, ერთ კომპლექსში წარმოდგენას ისტორიული საფუძველიც აქვს. ამ ორი ეთნოგრაფიული ერთეულის გაჩენამდე, ეს ორი კუთხე ერთი ისტორიულ-ეთნოგრაფიული რეგიონი იყო, რომელსაც თაკვერი ეწოდებოდა.

„თაკვერი” დამოწმებულია VII საუკუნის სომხურ გეოგრაფიაში. თაკვერს თავდაპირველად რაჭის ერთეული გამოჰყოფია და „თაკვერის” სახელწოდება მხოლოდ ლეჩხუმს ჰქონდა შემორჩენილი. X საუკუნიდან რაჭა ცალკე საერისთავო იყო. რაჭის შემადგენელი ნაწილი იყო კუდაროს „ქვეყანაც”, რომელიც ჯეჯორის ხეობის ზემო წელშია. ის პირველად სორის სახარების XVI საუკუნის მინაწერშია მოხსენიებული: „ერთი ზროხა კუდარული და ერთი ცხვარი”. იმავე სახარების XVI საუკუნის მინაწერში კი ვკითხულობთ: „ერთი ზროხა კუდაროს ბეგრისაგან”. გვიან ფეოდალურ ხანაში კუდაროში ოცამდე სოფელი შედიოდა. მოგვიანებით, კუდაროდან რაჭველთა გადასახლების შემდეგ, მათ ნასახლარებზე ოსები დაფუძნდნენ (XVIII საუკუნის დასაწყისი) – „მას ზეით მოსახლენი არიან ოვსნი, და უვენახო-უხილო, ვითარცა სხუანი მთის ადგილნი. უწოდებენ ამას კუდაროს”.

მთის რაჭას რაც შეეხება, ის XV საუკუნემდე სვანეთის საკუთრება ყოფილა. ვახუშტი მთის რაჭის სოფლებს გლოლას, ჭიორასა და ღებს მოიხსენიებს, როგორც „კოშკოვან-გოდლოვან-ზღუდიან” დასახლებულ პუნქტებს. ეს სოფლები ზღვის დონიდან 1400, 1500 და 1550 მეტრზე მდებარეობს. ამას ადასტურებს დიუბუა დე მონპერეს მიერ XIX საუკუნის 30-იან წლებში გადაღებული ღების სურათი, სადაც რაჭულ დუროიან (სათოფურიან) სახლებს შორის არაერთი კოშკიც ჩანს. ეს არცაა გასაკვირი; როგორც 1503 წლის სასისხლო სიგელით ირკვევა, მთის რაჭა სვანეთის შემადგენელი ნაწილი იყო და ის „სვანეთის მთიულეთად” მოიხსენიებოდა.

მთის რაჭა ერთი მხრივ ესაზღვრებოდა საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეს დვალეთს, სადაც XVI-XVII საუკუნეებიდან ქართველ მთიელ დვალებს სხვა ეთნოსი – ოსები – ჩაენაცვლნენ და ოსეთის დიგორის საზოგადოებას. მთის რაჭველებს დიგორელ ოსებთან მტრობაც ჰქონიათ და მოკეთეობაც.

რაჭული სახლი

რაჭაში ბევრი ეკლესია და ნაეკლესიარი, ციხე და ნაციხარია აღრიცხული. რაჭველები ცნობილი ხელოსნები იყვნენ (კალატოზები, ხეტყის ოსტატები, ქვის დამმუშავებლები). XI საუკუნეში რაჭასა და მის მეზობელ არგვეთ-ოკრიბაში მრავლად უშენებიათ ორ-სამსართულიანი სახლები, რომლის ქვედა ქვითკირით აშენებული სართული ბოსლად და ფარეხად იყო გამოყენებული. ზედა მეორე და მესამე სართულებში, რომელიც ძირითადად ხისაგან კეთდებოდა და „სენა” და „ქორედი” ერქვა, ადამიანები ცხოვრობდნენ. თუმცა ისეთი სახლებიც შენდებოდა, რომლის პირველი სართულიც საცხოვრებლად იყო გამოყენებული.

მთის რაჭას გარკვეული ეთნოგრაფიული თავისებურებები ახასიათებდა, რაც პირველ რიგში განსხვავებული ლანდშაფტით იყო განპირობებული. განსხვავებული იყო მთის რაჭაში ბოლო დრომდე შემორჩენილი ციხე-სახლი, რომელსაც დუროიან სახლს უწოდებდნენ. ასეთი სახლი სოფელ ღებში დღესაცაა შემორჩენილი. ამ სახლის სიმაღლე 12 მეტრამდე აღწევს, სიგრძე ათ მეტრამდეა, ხოლო სიგანე – რვა მეტრს უდრის. დუროიანი სახლის პირველი სართული ბოსელს წარმოადგენს, მეორე – საცხოვრებელს, რომლის შუა ნაწილში კერა („ყვერფი”) იყო გამართული და ის ერთიანი გაუტიხრავი დარბაზი იყო. გაუტიხრავი იყო მესამე სართულიც, რომელიც შემდგომ ახალი ოჯახების საცხოვრებლად გამოიყენებოდა. სახლის სახურვის ქვეშ მოქცეული მეოთხე სართული თავდაცვითი ფუნქციისა იყო. კედლებს ოთხივე მხრიდან დატანებული აქვს ოთხ-ოთხი თაღიანი და სათოფურიანი დურო. ის თავის დროზე გამოიყენებოდა როგორც ქვის დასაშენად, ისე ცეცხლსასროლი იარაღისათვის. ცეცხლსასროლი იარაღის მოქმედების არე საკმაოდ შორ მანძილს მოიცავდა. უშუალოდ კედელთან მომდგარ მტერს კი ქვებს უშენდნენ.

საყურადღებო ფაქტია, რომ მთის რაჭის დუროიან სახლის ყველა სართულს ცალკე შესასვლელი ჰქონდა. პირველი სართულს შესასვლელი თუ აღმოსავლეთით ჰქონდა გაკეთებული, მეორეს – სამხრეთით, მესამეს და მეოთხეს – დასავლეთით. მიუხედავად ამისა ყოველი სართული ერთმანეთთან სართულთაშორისი ხვრელებითაც იყო დაკავშირებული. მეოთხე სართულს ციხეს უწოდებდნენ. როგორც სხვაგან, აქაც კერია ორ ნაწილად იყო გაყოფილი – საკაცოდ და საქალებოდ. აქვე ედგათ ოჯახის უფროსი მამაკაცისათვის განკუთვნილი სკამი.

რაჭველებს საცხოვრებელი სახლები საკუთარი ხელით დამზადებული ავეჯით ჰქონდათ დამშვენებული, დამშვენებული იმიტომ, რომ ისინი გემოვნებით მოჩუქურთმებული იყო. სამწუხაროდ სრულიად მოისპო ისეთი ჩუქურთმიანი ავეჯი, როგორიც არის კოჩაბანდი (ხის საწოლი), სალარო (ახლანდელი ბუფეტის მაგიერი), სკივრები, სავარძლები.

სახლშივე ცალკე ჰქონიათ გაკეთებული „ქორეთი”, რომელიც განკუთვნილი ყოფილა ისეთი ჭირნახულის შესანახად, როგორიცაა კვახი, სათესლე სიმინდის ტარო, ლობიო, მუხუდო და სხვა. ქორეთზე სცოდნიათ აგრეთვე ხილის შენახვა.

ტრადიცია ყოფილა მარნის შენობების მუხის ხით აგების (ისინი ქვიტკირისაც უშენებიათ) და ზემოთ დახერხილი ხისაგან ბეღლების გამართვისა.

მეურნეობა

რაჭას, ლეჩხუმთან ერთად, დასავლეთ საქართველოში წამყვანი ადგილი ეკავა ხორბლის ნათესებით. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი ხორბლის სახეობებიდან რაჭის ყანებში დადასტურებულია ცხრა სახეობა. ქერი და შვრია უფრო მაღალმთიან სოფლებში იყო გავრცელებული (1621 წლის დოკუმენტით რაჭველ გლეხებს გადასახადი ჰქონდათ შეწერილი პურზე, ქერზე, ღვინოზე...).

რაჭაში დიდი ადგილი ეკავა მევენახეობას. ქვემო რაჭაში მევენახეობა-მეღვინეობა იყო წამყვანი, სოფელმა თავისი მიკროჰავის შესაფერისი საგანგებო ჯიშიც კი გამოიყვანა (თხმორული, ხოტეური)... რიონის მარჯვენა სანაპიროზე მზიგულ, თირნიადაგიან ფერდობებზე გაშენებული ალექსანდროული, მუჯირეთული და კეთილშობილური საფერავი იძლეოდა საყოველთაოდ სახელმოხვეჭილ „ყიფიანის ღვინოს”, ამჟამად „ხვანჭკარის” სახელწოდებით რომაა ცნობილი” . გარდა აღნიშნული ჯიშებისა, ეთნოლოგებს რაჭაში სხვა მრავალი ვაზის ჯიში აქვთ გამოვლენილი – საერთო ჯამში ას ჯიშზე მეტს ითვლიან, რომელთა უმეტესობა ადგილობრივი გლეხების მიერ იყო გამოყვანილი.

რაჭაში ძირითადად დაბლარი ვენახი იცოდნენ. გვხვდებოდა „ტალავარიც”, რომელიც ჭურის თავებისა და ეზოების საჩრდილობლად გამოიყენებდა. ცნობილია, რომ აღმოსავლეთ საქართველოსათვის დამახასიათებელი იყო დახურული მარანი, დასავლეთ საქართველოსათვის – ღია. რაც შეეხება რაჭას, აქ ორივე ტიპის მარანი იყო გავრცელებული. რაჭაში „ღია მარნის მეოხებით ისტორიულად ხორციელდებოდა ბუნებრივად ტკბილი ღვინოების წარმოება, ხოლო დახურული მარანი ბოლომდე დადუღებული, „მშრალი” ღვინოების დამზადებას უზრუნველყოფდა”.

რაჭაში მესაქონლეობაც სათანადო დონეზე იყო განვითარებული. რაჭველთა ყოფაში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა ღორის მოვლა-მოშენებას. „ღორი – სიცოცხლე მათი,” – წერდა ვახუშტი ბაგრატიონი. რაჭული ლორი მთელ საქართველოში იყო და არის ცნობილი. სალორე ღორებს საგანგებოდ უვლიდნენ. დამარილებული ღორის ხორცი კვამლში გამოყავდათ და იღებდნენ შესანიშნავი გემოვნების ლორს.

ხელოსნობა

რაჭველები სხვადასხვა დარგის საუკეთესო მოხელეებად იყვნენ ცნობილი. მოხელეობა და ხელოსნობა, მცირემიწიანობის გამო, რაჭველებს შემოსავლის დამატებით წყაროდ ჰქონდათ ქცეული. ძირითადი ხელობა რაჭაში დურგლობა იყო. „შინამრეწველობის მასალებშიც” ქვემო რაჭის შესახებ შენიშნულია: „მოსახლეობის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგს წარმოადგენს ხე-ტყის დამუშავება. აქაური შინამრეწველობიდან უპირველესად თვალში გეცემათ ხეზე მუშაობა – დურგლობა. თითქმის ყველა სოფელში შეხვდებით ათამდე მაინც კარგ დახელოვნებულ დურგალს.

სოფელი წედისი რკინის იარაღების დამზადებითაც იყო ცნობილი: „ჯეჯორისავე აღმოსავლით არს დაბა წედისი და ციხე მცირე. აქ არს ლითონი რკინისა და იღებენ მრავალს”. ჩვეულებრივ შემოდგომაზე და ზამთარში ამტვრევდნენ რკინის მადანს. მისი გამოდნობის შემდეგ რკინას ღებულობდნენ, რომლისაგანაც აკეთებდნენ ნალებს, ნამგლებს, ნაჯახებს, სახნისს, ჯაჭვებს... 1820 წლისათვის წედისში 20 ქურა მდგარა. ისტორიკოსმა მამისა ბერძნიშვილმა ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ XI საუკუნის ნიკორწმინდის დაწერილში გაცვლის ობიექტად ხშირად სახნისია დასახელებული, მონასტრისაგან სულ თორმეტი სახნისი ყოფილა გასხვისებული. რკინის სახნისის გაკეთება კი მხოლოდ ხელოსანს შეეძლო. ამ გარემოებამ მეცნიერს სრულიად სამართლიანად აფიქრებინა, რომ მონასტერს გააჩნდა რკინის გარკვეული მარაგი და მონასტრის განკარგულებაში და დამოკიდებულებაში იყვნენ სახნისის დამზადების მცოდნე მოხელე-ხელოსნები.

რაჭული სამზარეულო

რაჭველები პურის ფქვილისაგან ამზადებდნენ ე. წ. ჩართულებს. ჩართული ისეთი ნამცხვარია, რომელსაც გულში „სართავად” სხვა რამე აქვს ჩადებული. ცხვებოდა სხვადასხგვარი ჩართული:

  1. ქადუანი – პურის გულად აქვს ღორის ქონის ან ერბოს და ფქვილის ნაზავი;
  2. ლობიანი – პურის გულში ურევენ მოხარშულ, ხახვითა და მარილით შეზავებულ, წინასწარ ნაცარწყალში კანგაცლილ ლობიოს. უმატებენ ღორის ხორცსაც;
  3. ხაჭაპური – ცომს გულში ურთავენ კვერცხშერეულ ხაჭოს, ზოგჯერ ყველს. ამიტომ შესაბამისად ხაჭვიანებს ან ყველიანებსაც უწოდებენ;
  4. კვახიკაკლიანები – კეცებში მოხალულ კვახის კაკალს ნაყავენ, ცრიან, თბილ წყალში წურავენ, იმ წვენს დაადუღებენ ნადუღსავით. მოდუღებისას ცოტა სიმინდის ფქვილს ურევენ. მარილით შეაზავებენ, გადააჭრიან უმ ხახვს და ამგვარად გამზადებულს ჩაურთავენ პურში;
  5. დახვეულა – ლორის გულჩართული ბაჭულა;
  6. ფხლუანი – ჭარხლის ფოთოლს (ნოშოს) მოხარშავენ, ასტამით მოკეპავენ, ნადუღს ან ხაჭოს და მარილს შეურევენ და პურში ჩაურთავენ.

„რაჭველთა სამეურნეო ყოფის კუთხურ თავისებურებას მკაფიოდ ავლენდა ის ფაქტიც, რომ ერთ-ერთ დიდმნიშვნელოვან და ამასთან აუცილებელ საბოსლობო შესაწირავს წარმოადგენდა რაჭული წესით მომზადებული ღორის შაშხი, რომელსაც რაჭველები მთელი წლის განმავლობაში ხმარობენ საკვებად და რაჭული საპატიო სუფრის თითქმის განუყრელ ატრიბუტს წარმოადგენს. ეს ისეთივე ნიშანდობლივი პროდუქტია სოფლად მცხოვრები რაჭველებისათვის როგორც, მაგალითად, ღომი და სულგუნი მეგრელებისათვის ან ხინკალი აღმოსავლეთ საქართველოს მთიელებისათვის”.

რიტუალები

საყურადღეობოა მთის რაჭაში თიბვისა და მკის დროს შემორჩენილი „ქორქლის”, „ღუღუნისა” და „მთიბლური შაირის” შესრულება. ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასაწყისში წერდნენ: „შესანიშნავია სიმღერა, რომელსაც მღერიან რაჭველები მკის დროს. იგი იწყება ნელა, მაგრამ თანდათან მისი ტემპი მატულობს და ამის შესატყვისად ჩქარდება მუშაობაც. საბოლოოდ ტემპი ისეთ სიჩქარეს აღწევს, რომ მთელი სიმღერა ჰეჲ, ჰეჲდღა იქცევა, მკელები კი იმდენად აჩქარებენ მუშაობას, რო პური საოცარი სისწრაფით ეფინება მიწაზე”.

„მიცვალებულის დაკრძალვაზე „ზრუნის შაირში” წარმოთქმული ტექსტები სრულდებოდა მკის დროს ქალების მიერ (ქორქალი) და თიბვის დროს – მამაკაცების მიერ (ღუღუნი). სამხმიანი საგლოველი სიმღერა „ზრუნის შაირი” სრულდებოდა მიცვალებულის თავზე დაკრძალვის წინ (ძირითადად ქალების, იშვიათად მამაკაცების მიერ). ერთდროულად ეს იყო მოთქმითი ტირილის ტექსტები. რაჭულ „ზრუნის შაირს” ბევრი საერთო აქვს აღმოსავლეთქართულ დატირების რიტუალთან”. მიიჩნევენ, რომ მთის რაჭაში აღნიშნული სიმღერები მიცვალებულის კეთილგანწობილების მოსაპოვებლად სრულდებოდა.

ცნობილია, რომ მიცვალებულის მამაკაცების მიერ სიმღერით დატირება, რომელსაც ზარს უწოდებდნენ, სვანეთის ყველა თემს შემორჩა. მიუთითებენ, რომ ზარი რაჭაშიც ყოფილა გავრცელებული, თუმცა ეთნოგრაფიულად ხელმისაწვდომი პერიოდისათვის მისი შემსრულებლები ფაქტობრივად აღარ იყვნენ. გადმოცემით მოზარენი სამ კაცზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. „ზარი „ულექსოდ”, „უსიტყვოდ” იმღერებოდა, მარტოოდენ „ოი-ოი”-ს, ““ვაი-ვაი”-ს, „ოჰი-ოჰი”-ს იძახდნენ. ყველა მიცვალებულზე მოზარეების ორი ჯგუფი ყოფილა – ერთნი მიცვალებულთან ახლოს იდგნენ, მეორენი მომსვლელებს თავიანთი ზარით ჭიშკართან ეგებებოდნენ. გარდაცვლილის ტრაპეზზე, მიცვალებულის შესანდობარის შემდეგ, საგალობელი – „სულმა მათმა” – სრულდებოდა.

საყურადღებოა ხვავისა და ბარაქისთვის განკუთვნილი დღესასწაული რაჭაში, რომელიც პირველი და მესამე ჭაბუკობის სახელით არის ცნობილი. ამ დღესაწაულების დროს კლავდნენ მამალს, აცხობდნენ სართვიანებს და ერთ განატეხს. განატეხს ჭაბუკობის სახელზე შეულოცავდნენ; სანთელს ოჯახის უფროსი კაცი კალოზე გაიტანდა, ცეცხლში ჩააკმევდა, ხოლო თან წაღებულ მამლის შიგნეულსა და თავფეხს იქვე შეჭამდა. თუ პირველ ჭაბუკობაზე მამალს ვერ დაკლავდნენ, მაშინ მესამე ჭაბუკობაზე უნდა დაეკლათ, განატეხიც მაშინ უნდა გამოეცხოთ და კალოზეც ამ დღეს ელოცათ.

საქართველოში თითქმის ყველგან დადასტურებულია გვალვის საწინააღმდეგო ირაციონალური რიტუალები. ამ მხრივ გამონაკლისი არც რაჭა იყო. ქვემო რაჭაში ასრულებდნენ გუთნით წყლის მოხვნის რიტუალს, რომელსაც წინ უსწრებდა უფრო ფართოდ გავრცელებული ლაზარობა და გონჯაობა. გვალვის დროს რამდენიმე ახალგაზრდა კაცი შეამხანაგდებოდა. მათგან ერთს „გონჯად” აირჩევდნენ, რომელსაც გააშიშვლებდნენ (მუხლებამდე ამოკაპიწებული ქვედა საცვლის გარდა არაფერი არ უნდა სცმოდა) და სულ შავად შემურავდნენ; ხელში გრძელ ეკალს, რომელსაც საკულტო ანუ „წმიდა” ხის მნიშვნელობა ჰქონდა, მისცემდნენ. ასე მოკაზმული „გონჯას” მესვეურობით რიტუალის მონაწილეები კარდაკარ ჩამოივლიდნენ; ეზოში შესვლისას კი სიმღერას წამოიწყებდნენ: „გონჯა მოდგა კარსა, // აბრიალებს თვალსა, // რილოსა და ცხრილოსა // ღმერთი მოგვცემს წვიმასა”. ამ დროს სახლის პატრონი ან ოჯახის რომელიმე წევრი „გონჯას” უკნიდან წამოეპარებოდა და დიდი ჭურჭლით წყალს შეასხამდა. „გონჯა” თავს იცავდა ეკლიანი წნელით, ვისაც მიეწეოდა ყველას ურტყამდა. ამ პირს ყველა ოჯახი ასაჩუქრებდა ყველით, ქათმით, ჭირნახულით და სხვ.

საახალწლოდ ღორის დაკვლის ტრადიცია იყო. ამავე დროს აუცილებელი იყო ეზოში შეშით სავსე ურემი მდგარიყო, გამოეცხოთ ლობიანები, რომელსაც „ბაჭულებს” უწოდებდნენ და „კაც-ბასილა”. „კაც-ბასილას” ბავშვებს ურიგებდნენ. იცოდნენ სხვადასხვა დღესასწაულები: კოხიჯრობა, ბოსლობა, მელაკუდაობა, ჩიტფაფობა, გიორგობა და სხვა მრავალი.

„ბოსლობა” ყველიერის დაწყების წინა დღეებში იცოდნენ. „ამ დღისათვის ყოველ ოჯახში განსხვავებული საჭმელი უნდა მომზადებულიყო. აცხობდნენ ბაჭულებს, ქადიანებს, ხარშავდნენ ლორს და ა. შ. საღამოზე ოჯახის უფროსები ბოსელში გზავნიდნენ ახალგაზრდებს, უმთავარესად ბიჭებს, თან გაატანდნენ ხოლმე ღორის ნაჭერსა და კვერცხს. ბიჭები გავიდოდნენ თუ არა ეზოში, ხმამაღლა დაიძახებდნენ „ბოსელ, ბოსელ, ბუ” და ამ ძახილით შევიდოდნენ ბოსელში. თავიანთ საქონელს ლორის მსუქან ნაჭერს ჩამოუსვამდნენ შუბლზე რამდენჯერმე და თან ეუბნებოდნენ: „სუქდებოდე, კეთდებოდე, ნადირს მოერიდებოდე, დათვი მჭლე და შენ მსუქანი”. ამის შემდეგ, ერთის გარდა, ყველანი გარეთ გამოვიდოდნენ. ვინც ბოსელში დარჩებოდა, წამოღებულ კვერცხს დამალავდა. მეორე დღეს, ვინც ამ კვერცხს იპოვიდა, ხალხური „რწმენით”, ის ბედნიერი იქნებოდა; როდესაც ბოსლიდან სახლისაკენ წამოვიდოდნენ, სახლის კარები დაკეტილი ხვდებოდათ. შიგნიდან დიასახლისი გარეთ მყოფებს ეკითხებოდა: „ხარებმა რა დაგაბარეს? – გუთანი დაგვახვედრეო, ძროხებმა რა დაგაბარეს? – რძის ჭურჭელი დაგვიმზადეთო, ცხენებმა რა დაგაბარეს? – ურემი გაგვიმზადეთო, ღორებმა რა დაგაბარეს? – საღორე გაგვიმზადეთო, ყანებმა რა დაგაბარეს? – ბეღლები დაგვიმზადეთო, ქათმებმა რა დაგაბარეს? – საბუდრები დაგვიმზადეთო.” ასეთი კითხვა-პასუხის დამთავრების შემდეგ სახლში კარის ზღურბლთან დიასახლისი ხვდებოდათ, რომელსაც ხელში ეჭირა ჯამი თხლად აზელილი ქატოთი, ან სიმინდის ფქვილი და თითოეულ მათგანს სახეში შეაყრიდა. ხალხური რწმენით ოჯახის წევრებს ამის შემდეგ არავითარი სენი არ შეეყრებოდათ”.

წყარო

საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები