რაჭველიშვილი ქრისტეფორე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:30, 17 მაისი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქრისტეფორე რაჭველიშვილი

რაჭველიშვილი ქრისტეფორე ლუკას ძე - (1894, სოფ. სხვავა, რაჭის მაზრა - 17.I.1937) - ფილოლოგი, ისტორიკოსი და პუბლიცისტი (პუბლიცისტური ფსევდონიმი - რაჭველი). საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიის წევრი (1917 წლიდან). ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი (1914-1927).

სარჩევი

ბიოგრაფია

სწავლობდა თბილისის ქართულ გიმნაზიასა და ხარკოვის უნივერსიტეტში, საიდანაც სტუდენტთა მანიფესტაციაში მონაწილეობისათვის გარიცხეს და დააპატიმრეს, შემდეგ კი გაგზავნეს თავისუფალ გადასახლებაში. 1914-1917 წლეში სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ამ პერიოდში თანამშრომლობდა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტთან და გ. მაჩაბლის დავალებით ეწეოდა ქართველ სტუდენტებში პროგერმანული ორიენტაციის პროპაგანდას.

სამშობლოში დაბრუნების შემდგომ მიიწვიეს საქართველოს ეროვნულ საბჭოში. ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. მონაწილეობდა აფხაზეთში ეროვნული საბჭოს მიერ გაგზავნილ სპეციალურ დელეგაციაში. 1917 წელს მისი მონაწილეობით დაარსდა „ქართველ სამხედროთა კავშირი“.

საქართველოს ოკუპაციის შემდეგ იყო მემარჯვენე ფედერალისტთა არალეგალური ორგანიზაციის წევრი და თანამშრომლობდა პარიტეტულ კომიტეტთან. ჩეკამ დააპატიმრა და მეტეხის ციხეში იჯდა 1923 წლის ნოემბრიდან 1924 წლის ივნისამდე. შემდეგ პოლიტიკას ჩამოშორდა და ეწეოდა სამეცნიერო-პუბლიცისტურ მოღვაწეობას. სხვადასხვა დროს მუშაობდა სახელგამში, ჟურნალ „ლიტერატურული მემკვიდრეობის“ რედაქციაში; „ქართული სიტყვიერების საუნჯის“ კოლეგიის წევრად; ენობრივი ნორმების დამდგენ სახელმწიფო კომისიაში. დაპატიმრებამდე მუშაობდა საქართველოს სატელეგრაფო სააგენტოს სტილისტად. 1937 კვლავ დააპატიმრეს და დახვრიტეს შინსახკომის სამეულის დადგენილებით. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის 1956 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილებით რეაბილიტირებულია. მისი პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

ბონდო კუპატაძე

თხზულებები

  • საქართველოს მოკლე ისტორია (დასაბამითგან 1917 წლამდე), თბ., 1925;
  • საქართველოს ფეოდალიზმის ისტორია, თბ., 1927;
  • ქართული სტამბის წიგნი, თბ., 1934;
  • ილია ჭავჭავაძე, თბ., 1937.

ლიტერატურა

  • ლ. ურუშაძე, ქრისტეფორე რაჭველიშვილის ბიოგრაფიისათვის, ჟურ. „ამირანი“, ტ. XIX, თბ., 2008;
  • ბ. რაჭველიშვილი, ქარვის კრიალოსანი: მოგონებანი ქრისტეფორე რაჭველიშვილსა და მისი მეგობრების შესახებ, თბ., 2010;
  • სტალინური სიები საქართველოდან, ელექტრონული ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საიტი.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები