რობაქიძე გრიგოლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრიგოლ რობაქიძე

რობაქიძე გრიგოლ ტიტეს ძე - (28.X.1882, სოფ. სვირი - 19.XI. 1962, ჟენევა) - ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, თანამედროვე ქართული და გერმანული ფსიქოლოგიური რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

სარჩევი

ბიოგრაფია

ქუთაისის სასულიერო სასწავლებლისა და სემინარიის დასრულების შემდეგ სწავლა ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო, საიდანაც ერთ წელში, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, გარიცხეს. 1902 წელს სწავლა ლაიპციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიურ ფაკულტეტზე გააგრძელა. 1908 წელს დაბრუნდა საქართველოში და მალე ქართველ სიმბოლისტთა ერთ-ერთი ლიდერი გახდა. 1915 იყო „ცისფერყანწელების“ ორდენის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

1917 წელს მისი აქტიური მონაწილეობით დაარსდა საქართველოს მწერალთა კავშირი. 1917 წელს რამდენიმე თვე სპარსეთის ომში გაატარა. 1918-1921 წლებში მონაწილეობდა დამოუკიდებელი საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ლიტერატურულ ცხოვრებაში. მისი წერილები ქართულ და რუსულ ენებზე იბეჭდებოდა გაზეთებში: „საქართველო“ და „კავკაზი“ ფსევდონიმებით „გივი გოლენდი“ და „გ. რობაქიძე-კავკასიელი“. 1918 წელს გივი გოლენდის ფსევდონიმით გამოაქვეყნა ესეი „გიორგი შერვაშიძე“. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ აირჩიეს დოცენტად ქართული ლიტერატურის კათედრაზე. 1919 წელს თბილისში რუსულ ენაზე დაიბეჭდა ესეების კრებული „პორტრეტები“. საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის არსებობის პერიოდში მუშაობდა სახელმწიფო საქმეთა სამმართველოში, იყო მთავრობის სხდომების მდივანი. იმავდროულად კითხულობდა ლექციებს თბილისის ქალთა უმაღლეს კურსებზე ფილოსოფიისა და პოეზიის უახლესი მიმდინარეობების შესახებ. 1919 წელს ეპიზოდურად მონაწილეობდა პარიზის სამშვიდობო კონფერენციაში, როგორც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი. იმავე წელს მისი უშუალო მონაწილეობით დაფუძნდა ქართული ლეგაცია სტამბოლში. 1920-21 წლებში ასწავლიდა გერმანულ რომანტიზმს თბილისის უნივერსიტეტში. 1920 წლის 18 ოქტომბერს გაზეთ „ბარრიკადის“ პირველ ნომერში გამოქვეყნდა მისი კრიტიკული წერილი „საქანელა და სახჩობელა“, 1920 წლის 25 ოქტომბერს წერილი ნოე ჟორდანიას შესახებ. 1920 თანამშრომლობდა ჟურნალ „შვილდოსანთან”. 1920 წლის სექტემბერში შთამბეჭდავი სიტყვით მიესალმა საქართველოში მყოფ ევროპის სოციალისტთა დელეგაციას.

საქართველოში ბოლშევიკური მმართველობის დამყარების შემდეგ ხელმძღვანელობდა ხელოვნების განყოფილებას განათლების კომისარიატში, აქტიურად მონაწილეობდა ქაშუეთის ტაძრის გადარჩენაში. 20-იანი წლების დასაწყისში ქართული თეატრის სცენაზე იდგმებოდა მისი პიესები: „ლონდა“, „მალშტრემი“ და „ლამარა“. 1925-26 წლებში ჟურნალ „მნათობში” გამოქვეყნდა რომანი „გველის პერანგი“. 1931 წლიდან გარდაცვალებამდე იყო პოლიტიკური ემიგრანტი: 1946 წლამდე ცხოვრობდა გერმანიაში, ხოლო 1946 წლიდან - შვეიცარიაში. 1942 მისი უშუალო მონაწილეობით ემიგრაციაში დაარსდა ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი. 30-იან წლებში გერმანიაში დაიბეჭდა მისი ნაწარმოებები: „კავკასიური ნოველები“, „მეგი“, „ქალღმერთის ძახილი“, „დემონი და მითოსი (მაგიური ჩანახატები)“, „გრაალის მცველნი“, მათ შორის ბროშურები ჰიტლერსა და მუსოლინიზე.

ეკა ჯავახიშვილი

ლიტერატურა

  • აკ. ბაქრაძე, კარდუ, ანუ გრიგოლ რობაქიძის ცხოვრება და ღვაწლი, „ლომისი“, თბ., 1999;
  • გრ. რობაქიძე, ჩემი ცხოვრება, ნაშრომების კრებული, „ბარრიკადი“, 18 ოქტომბერი, 1920;
  • „საქართველოს რესპუბლიკა“, 13 თებერვალი, 1920.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები