რუსეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „რუსეთი“ გადაიტანა გვერდზე „რუსეთის ფედერაცია“)
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „რუსეთის ფედერაცია“ გადაიტანა გვერდზე „რუსეთი“ გადამისამართებ...)

16:01, 23 აპრილი 2018-ის ვერსია

რუსეთის დროშა

რუსეთი (Russia – რუსეთის ფედერაცია) – სახელმწიფო ევროპის აღმოსავლეთ და აზიის ჩრდილოეთ ნაწილში. ესაზღვრება ჩრდილოეთ-ყინულოვანი ოკეანე, ბალტიის ზღვა, შავი და აზოვის ზღვები.

ფართობი – 17,8 მლნ. კმ2. მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფო ტერიტორიის მიხედვით. ესაზღვრება 14 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს.

მოსახლეობა – 143 მლნ. კაცი (2012). დასახლებულია 100-ზე მეტი ეროვნების წარმომადგენლებით, მათგან რუსები 81,5%.

ოფიციალური ენა – რუსული.

დედაქალაქი – ქ. მოსკოვი.

რუსეთი ფედერაციული რესპუბლიკაა. ფედერაციაში შედის: 21 რესპუბლიკა, 55 მხარე, ფედერალური მნიშვნელობის 2 ქალაქი (მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი), 11 ავტონომიური მხარე.

სახელმწიფოს მეთაურია ფედერაციის პრეზიდენტი.

საკანონმდებლო ორგანო – ორპალატიანი ფედერალური კრება (ფედერაციის საბჭო და სახელმწიფო დუმა). აღმასრულებელ ძალაუფლებას ახორცილებს ფედერაციის მთავრობა.

დღევანდელი რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორია 1917 წლამდე წარმოადგენდა ყოფილ რუსეთის იმპერიის ტერიტორიას, ხოლო 1917 წლიდან 1991 წლამდე ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიას. მასში რუსეთი შედიოდა რუსეთის საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკის სახით.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ფედერაცია მისი კანონმემკვიდრე გახდა. არის გაეროს მუდმივი წევრი. 1991 წელს მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა.

საქართველოს მიმართ რუსეთის ფედერაცია ატარებდა აგრესიულ პოლიტიკას და მხარს უჭერდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სეპარატისტულ მოძრაობას, რომელიც დასრულდა აგრესიით საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციით.

რუსეთი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა. აქვს მსოფლიოში უდიდესი მინერალური რესურსები. მის წილად მოდის მსოფლიოს ბუნებრივი აირის 30%, ქვანახშირის 5-6% მარაგი. სათბობ-ენერგეტიკულ ბალანსში წამყვანი ადგილი უჭირავს ნავთობს და ბუნებრივ აირს. ელექტროენერგიის დაახლოებით 10%-ს გამოიმუშავებენ ატომური ელექტროსადგურები. აქვს მნიშვნელოვანი სიმძლავრის მანქანათმშენებლობა, ქიმიური, ნავთობტექნიკური, ხე-ტყის, მსუბუქი, კვების მრეწველობა. ასევე – სამხედრო მრეწველობის მძლავრი სისტემა. აწარმოებს სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო შეიარაღებისა და ტექნიკის ყველა სახეს, მათ შორის სარაკეტობირთვულ და სამხედრო-კოსმოსურს. რუსეთს მეორე ადგილი უკავია მსოფლიოში იარაღის გაყიდვით.

სოფლის მეურნეობაში წამყვანი ადგილი უჭირავს მეცხოველეობას და მცენარეული კულტურების მოყვანას, თუმცა სრულად ვერ აკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნას.

ძირითადი საზღვაო პორტებია:

  • ნოვოროსიისკი, ტუაფსე, სოჭი – შავ ზღვაზე;
  • სანქტ-პეტერბუგი, კალინინგრადი – ბალტიის ზღვაზე;
  • მურმანსკი – ბარენცის ზღვაზე;
  • ვლადივოსტოკი, ნახოდკა, კორსაკოვი, ხოლმსკი, ვანინო – შორეულ აღმოსავლეთში.

საჰაერო მიმოსვლის კვანძებია: მოსკოვი, სანქტპეტერბურგი, ნოვოსიბირსკი, ხაბაროვსკი, მინერალური წყლები. აქვს მყარი ასაფრენდასაფრენ ბილიკიანი 600-მდე აეროდრომი.

რუსეთის შეიარაღებული ძალები მოიცავს სამ სახეობას (სახმელეთო ჯარებს, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალებს), მათგან დამოუკიდებელ სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარებს და სამხედრო-კოსმოსურ ძალებს.

სამხედრო-ძალოვან და გასამხედროებულ სტრუქტურებს განეკუთვნებიან: უსაფრთხოების ფედერალური სამსახური, საგარეო დაზვერვის სამსახური, ფედერალური სასაზღვრო სამსახური, სამოქალაქო თავდაცვის ჯარები, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სარკინიგზო ჯარები. სამხედრო ოლქების რაოდენობა შემცირებულია 4-მდე (დასავლეთის, სამხრეთის, ცენტრის და აღმოსავლეთის).

სამხრეთის სამხედრო ოლქში, რომელიც ესაზღვრება საქართველოს, შედის ყოფილი ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქი, შავი ზღვის ფლოტი და კასპიის ფლოტილია.

რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობაა: სახმელეთო ჯარები – 300 ათ. კაცი, სამხედრო-საჰაერო – 183 ათასი, სამხედრო-საზღვაო – 161 ათასი, კოსმოსური ძალები – 150 ათ., საჰაერო სადესანტო – 35 ათ., სტარტეგიული დანიშნულების – 120 ათ. (2012).

სამხრეთის სამხედრო ოლქში (შტაბი დონის როსტოვში) შედის: 70 ათ. სამხედრო მოსამსახურე, სახმელეთო ჯარები – 56 ათ., სამხედრო-საჰაერო – 10 ათ., სამხედრო-საზღვაო – 4 ათ.. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდება შერეული სახით (გაწვევით და დაქირავებული პირებით).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები