რუსეთ-საქართველოს ომი 1921

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წითელი არმია თბილისში 1921 წლის 25 თებერვალი

რუსეთ-საქართველოს ომი 1921 - (ცნობილია, როგორც წითელი არმიის შემოჭრა საქართველოში, საბჭოებისა და საქართველოს ომი), სამხედრო მოქმედებები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებსა და საქართველოში შემოჭრილ საბჭოთა რუსეთის არმიებს შორის თებერვალ-მარტში.

ბოლშევიკებმა 1920 წლისათვის ძირითადად გაანადგურეს თავისი მოწინააღმდგეები რუსეთში და იმპერიის ყოფილი სამფლობელოების ხელახლა შემოკრებას შეუდგნენ. იმავე წელს ძალით გაასაბჭოეს აზერბაიჯანი და სომხეთი.

საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის არსებობდა 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება, რომლითაც რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. სამაგიეროდ საქართველოს მთავრობამ ბოლშევიკებს ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალური მუშაობის ნებართვა მისცა. მაგრამ მალე გაირკვა, რომ 7 მაისის ხელშეკრულება რუსეთს სჭირდებოდა ქართველთა სიფხიზლის მოსადუნებლად. მოსკოვი ემზადებოდა სამხედრო ინტერვენციისათვის ამიერკავკასიის უკანასკნელი რესპუბლიკის გასაბჭოების მიზნით.

1921 წლის 12 თებერვალს სომხეთთან მოსაზღვრე რაიონში ბოლშევიკებმა მოაწყვეს გლეხთა აჯანყების იმიტაცია, 16 თებერვალს კი „აჯანყებულთა“ დახმარების საბაბით საქართველოში რუსეთის ჯარები შემოიჭრნენ. მთავარ დარტყმას თბილისის მიმართულებით აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიებიდან ახორციელებდა მე-11 საბჭოთა არმია (40,2 ათ. ხიშტი და ხმალი, 196 ქვემეხი, 1065 ტყვიამფრქვევი, 7 ჯავშანმატარებელი, 8 ტანკი და ჯავშნოსანი მანქანა, 50 თვითმფრინავი). ხოლო დამხმარე დარტყმებს – საბჭოთა მე-9 არმიის 31-ე მსროლელი დივიზია (სოხუმის მიმართულებით) და ჩრდილო კავკასიიდან თერგის ჯგუფის ჯარები (კობისა და ქუთაისის მიმართულებით).

საქართველოს შეიარაღებული ძალების საერთო რაოდენობა, მოწინააღმდეგის დაზვერვის ცნობით, 50 ათ. კაცი იყო, რაც გადაჭარბებული უნდა იყოს. თებერვლის თოვლიან დღეებში თბილისის სამხრეთ მისადგომებთან ცხარე ბრძოლები გაიმართა. წითლებმა შეტევა მიიტანეს ტაბახმელა-კოჯრის მონაკვეთზე, მაგრამ ქართული ნაწილების კონტრიერიშმა ისინი უკუაგდო (18–20 თებერვალი). რუსებმა დამატებითი ძალებით განაახლეს შეტევა (23 თებერვალი), მაგრამ ამჯერად უკვე შემოვლითი გზებით – დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან – დაემუქრნენ საქართველოს დედაქალაქს.


24 თებერვალს, საღამოს, თბილისი უკვე სამი მხრიდნ იყო ალყაშემორტყმული და ჩანდა, რომ რკალი მალე მთლიანად შეიკვრებოდა. ქართველ სარდლობას რეზერვები აღარ ჰყავდა მდგომარეობის გამოსასწორებლად. სამობილიზაციო გეგმა არასაკმარისი სისწრაფით სრულდებოდა, ხოლო ახლად გაშლილ ნაწილებს არ ჰყოფნიდათ აღჭურვილობა. ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება თბილისის დატოვების შესახებ. ღამით მთავრობამ და ჯარმა ქალაქი დატოვეს, 25 თებერვალს, დღისით, კი თბილისში წითელი არმია შემოვიდა.

ქართული ჯარები სხვა მიმართულებებზეც უკან იხევდნენ. ხელისუფლებამ ვერ მოახერხა საერთო-სახალხო წინააღმდეგობის ორგანიზება. მდგომარეობა გართულდა თურქეთის საზღვარზეც. ქემალისტურმა მთავრობამ საქართველოს ულტიმატური ფორმით მოსთხოვა ქალაქების – ართვინისა და არტაანის (არდაჰანის) დაცლა. ეს მოთხოვნა შესრულდა, მაგრამ თურქები არ შეჩერებულან და მალე ბათუმსა და ახალციხეს მოადგნენ.

18 მარტს საქართველოს მთავრობა ბათუმიდან საზღვარგარეთ ემიგრაციაში წავიდა, ხოლო ქალაქში დარჩენილმა ქართულმა ნაწილებმა თურქებს ბრძოლა გაუმართეს და ქალაქი შეინარჩუნეს. ეს იყო საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უკანასკნელი წარმატება. თურქების უკანდახევის შემდეგ ბათუმში რუსები შევიდნენ.


19 მარტისათვის საქართველოს ყველა ძირითად ქალაქში უკვე ბოლშევიკური დროშა ფრიალებდა. მანამდე კი, 16 მარტს, მოსკოვში რუსეთსა და თურქეთს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც ართვინი, არტაანი და ზოგი სხვა ტერიტორია თურქეთს გადაეცა.

სარჩევი

ჩრდილოეთი ფრონტი რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს

ჩრდილოეთი ფრონტი რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს - რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, რუსულმა არმიამ, კერძოდ თერგაღესტნის მებრძოლთა ჯგუფმა (1921 წლის 7 მარტიდან თერგ-დაღესტნის მე-10 არმია. არმიის მეთაური მიხეილ ლევანდოვსკი) და მასთან დაკავშირებულმა პარტიზანულმა რაზმებმა საქართველოს ჩრდილოეთიდანაც შემოუტიეს. რუსული ნაწილები საქართველოში შემოვიდნენ დარიალის ხეობიდან, თრუსოს, როკის, მამისონისა და ღების უღელტეხილების გავლით. დარიალის ხეობიდან ქართულ პოზიცებს უტევდა ცალკეული მსროლელი ბატალიონი, 97-ე საარტილერიო დივიზიონის ნახევარბატარეა და განსაკუთრებულ საქმეთა შენაერთი ანუ იგივე ალექსანდრე გეგეჭკორის სახელობის პარტიზანული რაზმი. თრუსოს ხეობაში კი თრუსოს უღელტეხილიდან გადმოვიდა ოსური პარტიზანული 900-კაციანი რაზმი ბადილა გაგლოევის მეთაურობით. პარტიზანულმა რაზმა გადმოლახა როკის უღელტეხილიც. მამისონის უღელტეხილზე გადმოვიდა 33-ე მსროლელი დივიზიის 98-ე ბრიგადა და თერგის საკავალერიო დივიზიონი, ხოლო ღების უღელტეხილზე ოს პარტიზანთა 800-კაციანი შენაერთი.

ხევის მიმართულებას საქართველოს მხრიდან იცავდა დარიალის სანაპირო რაზმი და დუშეთის გვარდიის ბატალიონის ნახევარი პოლკოვნიკ სიმონ წერეთლის მეთაურობით, ხოლო რაჭის მიმართულებას ასევე გვარდიის და სანაპირო რაზმის მცირე კონტინგენტი. ღებისა და მამისონის უღელტეხილებზე გადმოსული მოწინააღმდეგის შენაერთები აფხაზეთიდან შემოჭრილ მეცხრე არმიის ძალებს უნდა შეერთებოდა, როკის და თრუსოს უღელტეხილებიდან გადმოსული და დარიალის ხეობაში შემტევი რუსული ნაწილები კი თბილისის დამცველების ზურგში გასვლას ითვალისწინებდა, მაგრამ მათი წარმატება მთლიანად დამოკიდებული იყო თბილისზე შემტევი მეთერთმეტე არმიის წარმატებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ დამხმარე ნაწილების შეტევას აზრი ეკარგებოდა. დარიალის ხეობაში ბრძოლა ქართველების გამარჯვებით დაიწყო. მათ ააფეთქეს ხეობაში შემოსასვლელი ხიდი და მოწინააღმდეგეს დარიალის ძალიან ვიწრო ხეობაში თავის შემოყოფის საშუალებას არ აძლევდნენ, 18 თებერვალს კავკასიის ფრონტის სარდლობამ დარიალის ხეობაზე შემტევ ძალებს ხიდის აღდგენა, სწრაფი გადაადგილება და თბილისის სამხრეთით შემტევ ნაწილებთან შეერთება უბრძანა, თუმცა რუსულმა ნაწილებმა ეს ვერ მოახერხეს. ამიტომ ალაგირში მდგარ ოსურ პარტიზანულ რაზმს ებრძანა თრუსოს უღელტეხილზე გადასვლა და თრუსოს ხეობით კობში, ყაზბეგსა და დარიალის ხეობაში მდგარი ქართული ნაწილების ზურგში გასვლა.

900-კაციანი პარტიზანული რაზმი 10 ტყვაიმფრქვევით 22 თებერვალს დაიძრა ალაგირიდან, გადალახეს რთულად გადასასვლელი 3149 მეტრი სიმაღლის დათოვლილი უღელტეხილი და 28 თებერვალს შევიდნენ კობში, თუმცა ამ დროისთვის ქართული ძალები ხევში აღარ იყვნენ, რადგანაც თბილისიდან უკან დახევისას, 24-25 თებერვალს, ხევის ტერიტორიაზე მყოფ ქართულ ძალებს უკან დახევის ბრძანება მიუვიდათ. რაჭის მიმართულებაზე მამისონის უღელტეხილი 98-ე მსროლელმა ბრიგადამ და თერგის საკავალერიო დივიზიონმა 25 თებერვალს გადმოლახა, მალევე მათ შეუერთდა ღების უღელტეხილიდან გადმოსული ოსური პარტიზანული შენაერთი. უღელტეხილებიდან გადმოსულმა ძალებმა 3 მარტს აიღეს ონი. ონის აღების შემდეგ ამ ძალების უმეტესი ნაწილი დაიძრა ქუთაისისაკენ და 10 მარტს შევიდნენ კიდეც ქუთაისში.

ლიტერატურა

  • დ. სილაქაძე, დარიალის დათმობა თბილისის დაკარგვის გამო: ხევში მიმდინარე ბრძოლები რუსეთ–საქართველოს 1921 წლის ომის დროს, ჟურ. „ისტორიანი“, თბ., 2016, №2 (62);
  • ა. გიორგობიანი, გმირული ბრძოლების დღეები, თბ., 1967. დიმიტრი სილაქაძე


წყარო

იხილე აგრეთვე

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები