რუხაძე ლევან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლევან რუხაძე

რუხაძე ლევან პორფილეს ძე - (1884, დაბა ხონი - X.1937, სემიპალატინსკი, ყაზახეთი) - სოციალ-დემოკრატი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი, სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა გლეხის ოჯახში, განათლება მიიღო საოსტატო სასწავლებელში, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. ახალგაზრდობიდანვე შეუერთდა რსდმ პარტიას. 1917 წლის დეკემბერში აქტიურად მონაწილეობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის წითელი გვარდიის შექმნაში.

დამოუკიდებლობის პერიოდში ეწეოდა აქტიურ პუბლიცისტურ საქმიანობას, აქვეყნებდა სტატიებს გაზ. „ერთობაში“. აქტიურ პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ საქმიანობაში იყო ჩაბმული ახალციხის მაზრაში. იყო საქველმოქმედო საზოგადოებების წევრი. მისი თაოსნობით აღდგა ობოლთა თავშესაფარი და სხვა დაწესებულებები ახალციხეში. 1919 წლის თებერვალში აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიიდან, გვარდიის ყრილობაზე კი გვარდიის მთავარი შტაბის წევრად. 1920 წლის სექტემბერში მონაწილეობდა ევროპელი სოციალისტების დელეგაციის საქართველოში ჩამოსვლისას დახვედრის ცერემონიალში.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. მონაწილეობდა ანტისაბჭოთა გამოსვლებში. 1922 წელს გადაასახლეს საქართველოდან, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოთავსებული იყო სუზდალის ციხეში, სადაც მასთან ერთად არაერთი ქართველი პოლიტიკური მოღვაწე იყო, მათ შორის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, სახალხო განათლებისა და სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე. სიცოცხლის ბოლო წლებში ცხოვრობდა ყაზახეთში. 1937 წლის ოქტომბერში ე.წ. „ტროიკის“ გადაწყვეტილებით დახვრიტეს.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

  • ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, 2016;
  • სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 108;
  • გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919, №136, 1920, №210.

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები