რცხილაძე გრიგოლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:40, 8 სექტემბერი 2020-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრიგოლ რცხილაძე

რცხილაძე გრიგოლ (გიგო) სიმონის ძე - (ფსევდ. ზანგი) - (1876, სოფ. ფანიანი, სიღნაღის მაზრა - 1934, თბილისი) პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის გიმნაზია, შემდეგ, 1902 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1901 წელს მონაწილეობდა მომავალი სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის დაარსების პროცესში. 1902 წლიდან მუშაობდა ამ პარტიის მომავალი ცენტრალური ორგანოს, გაზ. „ცნობის ფურცლის“ რედაქციაში, წერდა მოწინავეებს, შესანიშნავ ლიტერატურულ-კრიტიკულ წერილებს. 1906-1907 წლებში იყო პარტიის ცენტრალური ორგანოების, გაზ. „შრომის“, „მეგობარის“ რედაქტორი, რის გამოც დააპატიმრეს და ერთი წელი მეტეხის ციხეში იჯდა (1909). მონაწილეობდა პარტიის II კონფერენციაში, რომელმაც დაავალა პარტიის პროგრამის შედგენა. სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის III დამფუძნებელმა კონფერენციამ მიიღო გ. რცხილაძის მიერ შემუშავებული პარტიის პროგრამა. ამავე კონფერენციაზე აირჩიეს პარტიის თავმჯდომარის ამხანაგად (მოადგილედ). პოლიტიკურ საქმიანობასთან ერთად აქტიურად მოღვაწეობდა ქვეყნის საზოგადოებრივ-კულტურულ ასპარეზზე. 1908 წელს აირჩიეს „სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოების“ საბჭოს თავმჯდომარედ. მისი რედაქტორობით გამოვიდა ლიტერატურული კრებული „გრდემლი“.

1917 წლის რევოლუციების შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ-პოლიტიკურ პროცესებში. იგი კვლავ რჩებოდა სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად და ერთ-ერთ ლიდერად. 1917 წელს გამოაქვეყნა წიგნი „ამიერკავკასიის თვითმმართველობა“, რომელშიც ასაბუთებდა, რომ ავტონომია, პირველ რიგში, გულისხმობს ეროვნული სახელმწიფოს აღდგენას. 1917 წლის აპრილში მონაწილეობდა ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს პირველ სხდომებში. იმავე წლის ნოემბერში მოხსენებით გამოვიდა საქართველოს პირველ ეროვნული ყრილობაზე და განაცხადა, რომ მისი პარტიის მთავარი იდეა იყო ეროვნული ძალების ერთიანობა და „საერთო ნიადაგზე“ დგომა, რაც მაშინ განხორციელდა კიდეც ეროვნული ყრილობის სახით. ყრილობამ აირჩია ეროვნული საბჭოს თხუთმეტკაციანი აღმასრულებელი კომიტეტის შემადგენლობაში, სოციალისტ-ფედერალისტური პარტიიდან.

1918 წლის 4 ივნისს შედიოდა დელეგაციაში, რომელმაც აწარმოა მოლაპარაკება და გააფორმა საქართველო-ოსმალეთის ხელშეკრულება ფოთში. ამ ხელშეკრულებით ოსმალეთმა სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა, თუმცა ქვეყნის მნიშვნელოვანი ტერიტორიული დანაკარგების ფასად. 1919 წლის მარტში აირჩიეს და იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი და ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ფრაქციის ერთ-ერთი წარმომადგენელი. შედიოდა 1918 წლის ივნისში ეროვნული საბჭოს მიერ შექმნილი, რესპუბლიკის „საკონსტიტუციო საფუძვლების შემდგენი კომისიის“ თავდაპირველ შემადგენლობაში, რომელიც მალე დატოვა საზღვარგარეთ დიპლომატიური მივლინების გამო. იყო პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსების აქტიური მონაწილე და შედიოდა უნივერსიტეტის დამაარსებელი საზოგადოების გამგეობის შემადგენლობაში. დამოუკიდებლობის ბოლო თვეებში აირჩიეს დამფუძნებელი კრების სოციალისტ-ფედერალისტური ფრაქციის თავმჯდომარედ.

საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ, ჩამოსცილდა პოლიტიკურ საქმიანობას და მუშაობდა ადვოკატად, იურისკონსულტად. 1923 წლის შემოდგომიდან სიცოცხლის ბოლომდე კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ და კვლევით საქმიანობას სამოქალაქო სამართლის სფეროში. აქტიურად მონაწილეობდა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ჩამოყალიბებაში. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

დიმიტრი შველიძე

თხზულებები

გრიგოლ რცხილაძე, ამიერკავკასიის თვითმმართველობა, თბ., 1917.

ლიტერატურა

  • ვ. მაყაშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, ქსე, ტ. 8, თბ., 1984;
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, მამულიშვილთა სავანე, თბ., 1994.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

გიგო რცხილაძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები