საბრძოლო ამოცანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:11, 6 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Nomanadze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბრძოლო ამოცანაჯარებისთვის (ქვედანაყოფების, ნაწილების, შენაერთების, გაერთიანებების, ზოგჯერ ჯგუფის ან ცალკეული სამხედრო მოსამსახურის) წინაშე დასახული ამოცანა, მიაღწიოს გარკვეულ მიზანს ბრძოლაში (ოპერაციაში) დადგენილი ვადისათვის.

საბრძოლო ამოცანას უსახავენ ზემდგომი სარდლები (მეთაურები). საბრძოლო ამოცანის შინაარსი დამოკიდებულია სამხედრო მოქმედებების სახეობაზე, ოპერაციის (ბრძოლის) ჩანაფიქრზე, შეიარაღებული ძალების სახეობასა და ჯარების გვარეობაზე, რაოდენობაზე, საკუთარი ჯარებისა და მოწინააღმდეგის ბრძოლისუნარიანობასა და საბრძოლო შესაძლებლობებზე, მათი მოქმედებების ხასიათსა და ვითარების სხვა პირობებზე.

საბრძოლო ამოცანა შეიძლება იყოს ტაქტიკური (ახორციელებენ ქვედანაყოფები, ნაწილები და შენაერთები), ოპერატიული (ახორციელებენ გაერთიანებები ოპერაციის დროს), სტრატეგიული (ახორციელებენ დაჯგუფებების ან არმიების ჯგუფები, უფრო იშვიათად – ერთი დაჯგუფება საომარი მოქმედებების თეატრზე მიმდინარე ოპერაციის დროს).

ჯარებში საერთო-საჯარისო გაერთიანების (შენაერთის, ნაწილის, ქვედანაყოფის) საბრძოლო ამოცანის არსია თავდაცვის დროს მოწინააღმდეგის დარტყმების მოგერიება, მისთვის მაქსიმალური დანაკარგის მიყენება და დაკავებული ზღუდეების, ზოლების (პოზიციების), თავდაცვის რაიონების, მონაკვეთების შენარჩუნება.

შეტევის (კონტრშეტევის) დროს საერთო-საჯარისო გაერთიანების (შენაერთის ნაწილის, ქვედანაყოფის) საბრძოლო ამოცანა, ჩვეულებრივ, მდგომარეობს იმაში, რომ გაანადგუროს მოწინააღმდეგის თავდაცვაში მყოფი ან შეტევაზე გადმოსული დაჯგუფებები დანიშნულ ზოლში (მონაკვეთში, რაიონში), დაეუფლოს დიდმნიშვნელოვან ზღუდეებს (რაიონებს ობიექტებს) აღნიშნული დროისათვის.

საბრძოლო ამოცანა შეიძლება დაიყოს უახლოეს და მომდევნო ეტაპის ამოცანებად. გარდა ამისა, მიეთითება შემდგომი შეტევის მიმართულება, ხოლო შენაერთისათვის – დღის ამოცანაც.

უახლოესი ამოცანა სრულდება, როგორც წესი, თავდაპირველი ოპერატიული მოწყობით და გულისხმობს მოწინააღმდეგის ცეცხლით დაზიანებას, გარკვეულ ზოლში (რაიონში) მისი ძალების განადგურებას და ზღუდეების (რაიონების, ობიექტების) დაუფლებას. ამით იქმნება პირობები მომავალი წარმატებული საბრძოლო მოქმედებებისათვის.

მომდევნო ამოცანაა მოწინააღმდეგის დაპირისპირებული დაჯგუფების, მის დასახმარებლად მისული რეზერვების განადგურების დასრულება და დასახული ზღუდის (რაიონის) დაუფლება. გაერთიანებისთვის მომდევნო ამოცანის შესრულებისას მიღწეულ იქნება ოპერაციის მიზანი, ხოლო შენაერთისათვის იგი შეიძლება დაემთხვეს დღის ამოცანას, ე.ი. საბრძოლო ამოცანას, რომელიც დღის ბოლოსათვის უნდა შესრულდეს. შემდგომი შეტევის მიმართულება განისაზღვრება იმ ვარაუდით, რომ უზრუნველყონ ზემდგომი გაერთიანების (შენაერთის, ნაწილის) მიერ საბრძოლო ამოცანის შესრულება.

შეიარაღებული ძალების სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარებში ქვედანაყოფების, ნაწილებისა და შენაერთების საბრძოლო ამოცანა გულისხმობს მოწინააღმდეგის ობიექტების დაზიანება-განადგურებას მათთვის სარაკეტო დარტყმების (ბირთვული იარაღის გამოყენებისას – ბირთვული დარტყმების) მიყენებით.

ავიაციის ქვედანაყოფებში, ნაწილებსა და შენაერთებში საბრძოლო ამოცანის შინაარსი განისაზღვრება მოწინააღმდეგის ობიექტების დაცვის მიხედვით. გასათვალისწინებელია ავიაციის გვარეობა და ძალების შემადგენლობა, თვითმფრინავების (ვერტმფრენების) მოქმედების რადიუსი და საბრძოლო დამუხტვა, დაზიანების გამოსაყენებელი საშუალებების სახეობა, დაზვერვის მონაცემების სისრულე. ბომბდამშენი, გამანადგურებელ-ბომბდამშენი (ტაქტიკური), მოიერიშე ავიაციის და სახმელეთო ჯარების ავიაციის ქვედანაყოფების, ნაწილების და შენაერთების საბრძოლო ამოცანაა, გაანადგურონ მოწინააღმდეგის ავიაცია აეროდრომებსა და ჰაერში. ასევე – საჰაერო თავდაცვის საშუალებები, მართვის პუნქტები, ობიექტები, ჯარების (ძალების) დაჯგუფებები.

გამანადგურებელი ავიაციის ქვედანაყოფების, ნაწილებისა და შენაერთების საბრძოლო ამოცანაა დაიცვან ჯარების (ძალების) დაჯგუფებები და სხვა ობიექტები საჰაერო მოწინააღმდეგის დარტყმებისაგან.

სადაზვერვო ავიაციის საბრძოლო ამოცანაა საჰაერო დაზვერვის წარმოება, სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის – საჰაერო დესანტების გადასხმა, ჯარების გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა.

საჰაერო თავდაცვის ჯარებში ქვედანაყოფების, ნაწილებისა და შენაერთების ძირითად საბრძოლო ამოცანას წარმოადგენს საჰაერო და კოსმოსური სივრცის დაზვერვის უწყვეტი წარმოება, ამასთანავე მართვის უმაღლესი რგოლების გაფრთხილება და ჯარების ინფორმირება მოწინააღმდეგის საჰაერო-კოსმოსური თავდასხმის თაობაზე, ჯარების (ძალების) დაჯგუფებების, ობიექტების ჰაერიდან და კოსმოსიდან მოსალოდნელი დარტყმებისაგან დაცვა.

სამხედრო-საზღვაო ძალებში საბრძოლო ამოცანა არის ხომალდების, ნაწილების, შენაერთების გაერთიანებების, საზღვაო ავიაციის და საზღვაო ქვეითი ჯარის ქვედანაყოფებისა და ნაწილების, ასევე მოწინააღმდეგის სარაკეტო წყალქვეშა ნავების, ფლოტის დამრტყმელი და ნავსაწინააღმდეგო დაჯგუფებების განადგურება. მათი საზღვაო (საოკეანო) გადაზიდვებისთვის ხელის შეშლა, ბადრაგის (სადესანტო რაზმების) განადგურება ზღვაში, დატვირთვისა და გადმოტვირთვის პუნქტებში, საკუთარი საზღვაო კომუნიკაციების და ფლოტის ბაზირების სისტემის დაცვა. ამასთან, სახმელეთო ჯარებისთვის ზღვისპირეთის მიმართულებებზე თავდაცვისა და შეტევის (კონტრშეტევის) წარმოებაში ხელის შეწყობა. სარდლების (მეთაურების) გადაწყვეტილებით, ზოგადი საბრძოლო ამოცანა შეიძლება დაიყოს კერძო ამოცანებად.

ფლოტის (ფლოტილიის) ოპერაციის განხორციელების დროს საბრძოლო ამოცანა, როგორც წესი, იყოფა უახლოეს და შემდგომი ეტაპის ამოცანებად.

სამხედრო-საზღვაო ძალების გაერთიანების უახლოესი საბრძოლო ამოცანა შეიძლება იყოს მოწინააღმდეგის ფლოტის დამრტყმელი დაჯგუფებების I ეშელონის განადგურება. მონაწილეობა გარკვეულ ზღუდეებამდე ზღვაზე ბატონობის მოპოვებაში, ზღვისპირა მიმართულებაზე მოქმედი სახმელეთო ჯარების დაჯგუფების მხარდაჭერა.

შემდგომი ამოცანის არსი შეიძლება იყოს მოწინააღმდეგის ფლოტის დამრტყმელი დაჯგუფებების I ეშელონის და მისი რეზერვების განადგურების დასრულება. მთავარია ზღვაზე ბატონობის არეალის გაფართოება (უფრო შორეულ რაიონებზე), საზღვაო გადაზიდვების ჩაშლა, ზღვისპირა მიმართულებაზე მოქმედი სახმელეთო ჯარების დაჯგუფების მხარდაჭერის გაგრძელება. ასევე სხვა ამოცანების თანამიმდევრული შესრულება.

ზოგიერთი სახელმწიფოს არმიის ქვედანაყოფებში, ნაწილებსა და შენაერთებში შეიძლება დაისახოს საბოლოო ამოცანა, რომელიც სრულდება უახლოესი ამოცანის შესრულების შემდეგ. იგი მდგომარეობს დღის ბოლოსთვის თავდაცვის ტაქტიკურ სიღრმეში არსებული ობიექტის დაუფლებაში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები