სადედე ფუტკრის რძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Fukkari 1.jpg

სადედე ფუტკრის რძე - მუშა ფუტკრების საყლაპავი და ყბისზედა ჯირკვლების სეკრეტი. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა. შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს, ჰორმონებს, ორგანულ მჟავებს და სხვა. წარსულში სადედე ფუტკრის რძე ითვლებოდა სამეფოს რჩეულ წარმომადგენელთა საკვებად და ამიტომ მას „სამეფო ჟელეს“ უწოდებდნენ.

სადედე ფუტკრის რძის მეცნიერული შესწავლა რამდენიმე ათეული წლის წინ დაიწყო, დღესაც გრძელდება და თანდათან მეტ აქტუალობას იძენს. მასში აღმოჩენილია 21 ამინომჟავა. მის შემადგენლობაშია წყალი – 60-70%, ცილები – 14-18%, შაქრები – 12%, ცხიმები – 1,7-5,7%, ნაცარი – 1%, სხვა ნივთიერებები 3,5%. მასში აღმოჩენილია თითქმის ყველა სახის ვიტამინი. სადედე რძის 1 : 100-დან 1 : 1000-მდე მასალით განზავებული წყალი სპობს 15 სახეობის ბაქტერიას, გრიპის ვირუსებს, სოკოებს. დადგენილია, რომ 1-2 დღის ჭიის უჯრედიდან ამოღებული რძე კლავს ამერიკული სიდამპლის გამომწვევ ბაცილას და სტრეპტოკოკებს.

ღალიანობის სეზონის განმავლობაში ერთი ფუტკრის ოჯახიდან შეიძლება 0,5 კგ. რძის მიღება. მიმდინარე საუკუნეში მას „ჯადოსნური წამალი“ შეარქვეს.

დადგენილია, რომ საქართველოში მიღებული სადედე ფუტკრის რძეს საუკეთესო მაჩვენებლები გააჩნია და თვისებრივად განსხვავდება სხვა ქვეყნებში წარმოებული ფუტკრის რძისაგან. ამიტომაც მასზე მოთხოვნა საზღვარგარეთის ქვეყნებში ყოველდღიურად იზრდება. საქართველოს მეფუტკრეები და მედიცინის მუშაკები მისი გამოყენებით წარმატებულ შედეგებს აღწევენ.

თანამედროვე მედიცინისათვის ცნობილია სადედე რძის ფარმაკოლოგიური მოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე, რომ იგი ახდენს სისხლძარღვთა გაფართოებას, არტერიული წნევის რეგულირებას, ამაღლებს დაბალ წნევას, ახდენს ანტისპაზმურ მოქმედებას, აუმჯობესებს იმუნურ სისტემას, არეგულირებს ლიპიდების ცვლას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას, აჩქარებს ბავშვებში ზრდის პროცესს, აუმჯობესებს მეხსიერებას, აახალგაზრდავებს ორგანიზმს, ხელს უშლის სიმსივნეების განვითარებას, ხელს უწყობს ინსულინის გამოყოფას და მრავალი სხვა.

სამკურნალო პრეპარატებთან ერთად სადედე ფუტკრის რძის გამოყენება ზრდის მრავალი სახის დაავადების მკურნალობის შედეგს.

გამომდინარე აღნიშნულიდან, სადედე ფუტკრის რძის წარმოების ზრდას საქართველოში დიდი პერსპექტივები აქვს.


წყარო

  • პური ჩვენი არსობისა: წიგნი I/ სოფლის მეურნეობა/,-ავტ: თამაზ კუნჭულია, შოთა კიკალიშვილი თბილისი: პალიტრა L, -2016
  • გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ

იხილე გარეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები