სავაზირო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სავაზირო - საქართველოს ერთიან სამეფოში სავაზირო წარმოადგენდა სახელმწიფო საბჭოს - მეფესთან არსებულ სათათბირო და მმართველობით ორგანოს სათანადო სამოხელეო აპარატით.

ქართულ ისტორიოგრაფიაში სავაზიროსთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებებია გამოთქმული. თვალსაზრისით, რომელიც, ძირითადად, „ხელმწიფის კარის გარიგებას“ ემყარება, ვაზირის, როგორც უმაღლესი უფლებამოსილების მქონე მოხელის წოდება საქართველოში XII ს-ში უკვე არსებობდა და იგი ეკუთვნოდა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს ამირსპასალარს, მანდატურთუხუცესს და მეჭურჭლეთუხუცესს. შესაბამისად, არსებობდა სავაზიროც; თამარის მეფობის ბოლო წლებში და რუსუდანის ზეობისას მასში ათაბაგი და მსახურთუხუცესი შევიდნენ (ივ. ჯავახიშვილი, ნ. ბერძენიშვილი, დ. გვრიტიშვილი, მ. ლორთქიფანიძე, გ. ოთხმეზური); მეორე თვალსაზრისით, XII-XIII ს-ის პირველ ათწლეულში საქართველოს სამეფო კარზე მხოლოდ მწიგნობართუხუცესი იწოდებოდა ვაზირად, თავად სავაზიროს ჩამოყალიბება კი თამარის მეფობის შემდგომ ხანებში უნდა მომხდარიყო, რაც მნიშვნელოვანწილად უნდა ყოფილიყო განპირობებული ათაბაგის სახელოს დაწინაურებით და ვაზირის სახელოს გაყოფა-დანაწევრებით (შ. მესხია).

მწიგნობართუხუცესის ფუნქციების გაფართოებამ არსობრივად შეცვალა ცენტრალური აპარატის საქმიანობის ფორმა. თუ ადრე ცალკეული უწყების ხელმძღვანელები პირადად მოახსენებდნენ მეფეს მათ საგამგებლო უწყებაში არსებული მდგომარეობის შესახებ, XII ს-ის დასაწყისიდან მთავრობის ფუნქციას ასრულებდნენ „დარბაზის რიგის“ მაღალი თანამდებობის პირები მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის მეთაურობით. ამით ფაქტობრივად საფუძველი ჩაეყარა ცენტრალური მმართველობის მწყობრ აპარატს, რომელიც XIII ს-ის დასაწყისისათვის სავაზიროს სახით ჩამოყალიბდა.

ვაზირთა რაოდენობის ზრდასთან ერთად გაჩნდა მთავარი უწყებების შეთანხმებული მუშაობისა და ერთიანი პოლიტიკის გატარების საჭიროება. ამ მიზნით შეიქმნა სათათბირო მმართველობითი ორგანო - სავაზირო, რომელიც უზრუნველყოფდა ქვეყნის უზენაესი მმართველის წინაშე ვაზირთა ერთობლივ მოხსენებას მიმდინარე საკითხებზე და მათ შეთანხმებულ მართვას. სავაზიროში წინასწარ ხდებოდა სხვადასხვა უწყების შესახებ საკითხების განხილვა და ერთიანი პოლიტიკური ხაზის შემუშავება. სახელმწიფო საბჭო უმნიშვნელოვანეს საკითხებს წყვეტდა მეფის „საწოლში“, სადაც „ვაზირობა“ ანუ თათბირი მიმდინარეოდა. „ხელმწიფის კარის გარიგების“ თანახმად, ზუსტად იყო გაწერილი სავაზირო სხდომების ჩატარების ადგილი და წესები, დაცვისა და მომსახურე პერსონალის უფლება-მოვალეობები; სავაზიროს სხდომას იცავდა ე.წ. „საწოლის მეკრე“ (მესაწოლეთუხუცესის ხელქვეითი მოხელე), რომელიც ხელში არგნით იდგა საწოლის „კარს გარეთ“ და სხდომაზე შეიყვანდა გამოძახებულ პირს („ვისცა უბრძანებენ“).

მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი, როგორც უმაღლესი საერო და საეკლესიო მოხელე, „ვაზირთა უპირველესად“ ითვლებოდა, ხოლო სავაზიროში უფროს-უმცროსობის რიგით შედიოდნენ: ათაბაგი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი, მეჭურჭლეთუხუცესი და მსახურთუხუცესი. სავაზირო სხდომას სათათბირო ხმის უფლების გარეშე ესწრებოდნენ ვაზირთა თანაშემწენი: საწოლის მწიგნობარი, ამილახორი და ამირეჯიბი.

მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს, როგორც პრემიერს, ყველა საქმეზე მიუწვდებოდა ხელი, მათ შორის სამხედრო, საფინანსო და საეკლესიო საქმეებზე. სავაზიროში უწყებების ფუნქციების გათვალისწინებით ცალკე იყო გამოყოფილი „სამთა ვაზირთა“ (ათაბაგი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი) და „ორთა ვაზირთა“ (მეჭურჭლეთუხუცესი, მსახურთუხუცესი) ჯგუფები. „სამთა ვაზირთა“ ჯგუფი დიდი პატივით სარგებლობდა და, სავარაუდოდ, მათ წრეში ხდებოდა ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური, სამხედრო და საშინაო საქმეების განხილვა. შედარებით გვიან შექმნილად მიიჩნევენ „ორთა ვაზირთა“ ჯგუფს, რომელიც, ძირითადად, ქვეყნის საფინანსო და ეკონომიკურ საკითხებს განიხილავდა.

მეფე სავაზიროს ეთათბირებოდა ისეთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო საქმეების გადასაწყვეტად, როგორიცაა ქვეყნის თავდაცვა, მტერზე ლაშქრობა, ზავის დადება და ა.შ.; „ვაზირობის“ მოწვევა, მისი თავმჯდომარეობა მეფის პრეროგატივა იყო. „ხელმწიფის კარის გარიგების“ თანახმად, „ვეზირობაზე“ ირჩეოდა ომისა და ლაშქრობის საკითხები: სავაზიროში „ლაშქრობის ვაზირობა“ ამირსპასალარის კომპეტენცია იყო; ასევე განიხილებოდა „ქვეყნის გაცემისა და სამამულოდ შეწყალების“ საკითხები, რაც დაკავშირებული იყო სახელოების ბოძება-ჩამორთმევასთან. უმნიშვნელოვანესი საკითხების განხილვაში ყველა ვეზირი მონაწილეობდა, რისთვისაც მათ ეკუთვნოდათ „ქრთამი და სასაურვო“. სავაზიროს არსებობის სხვადასხვა ეტაპზე მისი, როგორც სათათბირო ორგანოს ძლიერება და კომპეტენცია ყოველთვის ერთნაირი არ იყო. მეფეს, მართალია, შეეძლო სავაზიროს წინააღმდეგ წასულიყო და საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიეღო, მაგრამ ეს იშვიათ შემთხვევაში ხდებოდა.

სავაზიროში, როგორც მმართველობით ორგანოში, აშკარად შეიმჩნეოდა ცენტრალური საუწყებო დარგობრივი მმართველობის სისტემის ჩამოყალიბების ტენდენციები, მაგრამ მისი განვითარება მოიშალა ერთიანი ქართული სამეფოს დაშლასთან ერთად.



წყაროები და ლიტერატურა

ხელმწიფის კარის გარიგება 1965: 86, 95-97; ქსე (8) 1984: 641-42. ჯავახიშვილი 1982: 268-9; ბერძენიშვილი 1958: 208-9; ბერძენიშვილი 1966: 39; გვრიტიშვილი 1962: 76-90; ლორთქიფანიძე 1966: 72-74; ოთხმეზური 1981: 49-52; მესხია 1979: 25; 70-75; ანთელავა 1983: 44-45, 99-100.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები