საკათალიკოსო საბჭო 1918-1921

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:25, 24 აპრილი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საკათალიკოსო საბჭო

საკათალიკოსო საბჭო 1918-1921 წწლებში - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი მმართველი ორგანო 1917-1934 წლებში. შედგებოდა როგორც სასულიერო, ისე საერო პირებისაგან. საკათალიკოსო საბჭოს წევრების არჩევნები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ ადგილობრივი კრების დასრულებისთანავე, 1917 წლის 17 სექტემბერს ჩატარდა. საბჭოს შექმნით, საქართველოში გაუქმდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალური მმართველობა. საბჭოს დაარსებისთანავე საეკლესიო კრებაზე აირჩიეს ოთხი საბჭოს წევრი: რაფიელ ივანიცკი, პავლე ინგოროყვა, პეტრე ბარათაშვილი და ქრისტეფორე კაპანაძე, რომელთაც დაევალათ, შეესწავლათ ეკლესიის მიმდინარე მდგომარეობა, ჩამოეყალიბებინათ მისი მართვა-გამგეობის ფუნქციები, თვალყური ედევნებინათ, თუ რამდენად შესაბამისობაში იქნებოდა საეკლესიო კრების მიერ მიღებული მართვა-გამგეობის დებულებანი და წლის თავზე მოწვეულ საეკლესიო კრებაზე გაეკეთებინათ მოხსენება.

1918-21 წლებში საკათალიკოსოს მოუწია აქტიური მუშაობა, მისი საქმიანობა იყო რამდენამდე რთული, რადგან მას, ერთი მხრივ, ახლად ავტოკეფალიააღდგენილი ეკლესიის მდგომარეობა უნდა გაეთვალისწინებინა, მეორე მხრივ, პასუხი უნდა გაეცა რუსეთის ეკლესიის პრეტენზიებისათვის და ადეკვატური დამოკიდებულება გამოენახა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის რელიგიურ პოლიტიკასთან. საკათალიკო საბჭო ცდილობდა საეკლესიო განათლების გავრცელების ორგანიზებას ქვეყნის მასშტაბით, რასაც ხელს უშლიდა ცენტრალური ხელისუფლების მკვეთრი სეკულარისტული პოლიტიკა. გარდა ამისა, საკათალიკოსო საბჭომ 1918-21 წლებში სცადა კონტაქტები დაემყარებინა სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებთან.

საკათალიკოსო გაუქმდა 1934 წლის 31 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეშვიდე ადგილობრივ კრებაზე, მის ნაცვლად შეიქმნა საქართველოს წმინდა სინოდი, რომლის წევრები მხოლოდ სასულიერო პირები უნდა ყოფილიყვნენ.

მიხეილ ქართველიშვილი

ლიტერატურა

  • საქართველოს ეკლესიის კალენდარი, თბ., 1976;
  • საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1918-1921 წლებში, თბ., 2000;
  • ქ. პავლიაშვილი, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელური ეკლესიის ისტორია (1800-1945), ნაწ. პირველი, თბ., 2008.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები