სალაყაია იოსებ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოსებ სალაყაია

სალაყაია იოსებ ბეჟანის ძე - (1881, სოფ. თეკლათი, სენაკის მაზრ. - 1940, აჟენი) - ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი, ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა გლეხის ოჯახში, წლების განმავლობაში პოლიტიკური დევნის გამო ცხოვრობდა შვეიცარიასა და ბელგიაში. განათლება ბელგიაში მიიღო. 1919 წლის 12 მარტს დამფუძნებელი კრების პირველ სხდომაზე მან ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1921 პოლონეთის მთავრობამ საქართველოს დამოუკიდებლობა დე იურე ცნო. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში ი. სალაყაია პოლონეთში (სიმონ სიდამონ ერისთავის შემდეგ) საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი იყო. თავმჯდომარეობდა ვარშავაში არსებულ ქართულ საზოგადოებას. 1920 წელს დაარსდა სპეციალური ორგანო - „ქართული კომიტეტი პოლონეთში“. მას ჰქონდა თავისი სტატუსი, დამტკიცებული პოლონეთის ხელისუფლების მიერ. კომიტეტმა მუშაობა გააგრძელა საქართველოს ოკუპაციის შემდეგაც, 1922 წლის ბოლომდე. მას ხელმძღვანელობდა ს. ყურულიშვილი, ხოლო შემდეგ ი. სალაყაია.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ი. სალაყაია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად აქტიურად იბრძოდა საქართველოს შელახული უფლებების აღსადგენად. შედიოდა ნ. რამიშვილის თავმჯდომარეობით პარიზში მოქმედ საპროპაგანდო-სააგიტაციო კომისიის შემადგენლობაში. იყო ასევე ვარშავის ქართული კოლონიის გამგეობის თავმჯდომარე. 1926 ე. გეგეჭკორთან ერთად, მონაწილეობდა პოლონეთის სდმპ კონგრესის მუშაობაში, ხოლო, 1933 წლის ნოემბერში - ქართული ასოციაციის კრების მუშაობაში. მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიის ჯარების მიერ საფრანგეთის ოკუპაციის პერიოდში, 1940 წელს ემიგრაციაში მყოფი საქართველოს ეროვნული მთავრობის მიერ წარგზავნილი იყო საფრანგეთის დასავლეთში მდებარე ქ. ანჟეში შეხიზნულ პოლონეთის მთავრობასთან, სადაც გარდაიცვალა. მოგვიანებით იგი ქ. ანჟედან ლევილის ქართველთა სასაფლაოზე გადაასვენეს. მისი მეგობარი, ემიგრანტი ს. ასათიანი ი. სალაყაიას ასე ახასიათებს: „მისი იდეალი: დემოკრატიით სოციალიზმის განხორციელება - საერთო ბედნიერების დამყარება, მისი საყვარელი ერის თანასწორი უფლებებით საერთაშორისო ოჯახის წევრად გახდომა - შეურაცხყვეს და ისიც სასოწარკვეთილებამ მოიცო - ერის დაპყრობას დიდად განიცდიდა. უწინ მხიარული, საუკეთესო მომავლის იმედებით აღფრთოვანებული, შეუჩერებელი მებრძოლი, დაპყრობის შემდეგ, ძვირად ნახავდით მას მხიარულს, თვით ღიმილიც კი ხატავდა მის მწარე განცდებს. მიუხედავად ათეული წლების გასვლისა - ეს განცდები მასში არ შენელებულა!...“

ლელა სარალიძე

ლიტერატურა

  • ჟურ. „ჩვენი დროშა“, პარ., 1949, №1;
  • ლ. სარალიძე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური მისიები დასავლეთ ევროპაში 1918-1921 წწ., დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, თბ., 1994;
  • რ. დაუშვილი, ქართული ემიგრაცია 1921-1939 წლებში, თბ., 2007.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

იოსებ სალაყაია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები