სამცხის ერისთავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამცხის ერისთავი - სამცხის საერისთავო სამხრეთ საქართველოს იმ საერისთავოთა რიცხვს განეკუთვნება, რომელთა შექმნა საქართველოს პოლიტიკურმა გაერთიანებამ განაპირობა, მაგრამ XI ს-ის წყაროებში მისი არსებობა ჯერ კიდევ არ დასტურდება. აშკარაა, რომ სამცხის საერისთავო არ არსებობდა ლიპარიტ (IV) ბაღვაშისა და ბაგრატ IV-ის დაპირისპირების დროს, როცა მთელი სამცხე ლიპარიტის განკარგულებაში აღმოჩნდა. მოსალოდნელია, რომ სამცხის საერისთავო წარმოქმნილიყო დავით აღმაშენებლის დროინდელი ახალი სამხედრო-ადმინისტრაციული ოლქების გამოყოფის შედეგად, რასთანაც უნდა იყოს დაკავშირებული სამცხის ერისთავობასთან განუყრელად დაკავშირებული მეორე თანამდებობა - სამცხის სპასალარობა. ამგვარი დაკავშირების შესაძლებლობა პირველად ნ. ბერძენიშვილმა დაუშვა, თუმცა წყაროთა პირდაპირი მოწმობის გარეშე მისი მოსაზრება ვარაუდის დონეზე დარჩა. ზოგიერთი მოსაზრებით, სპასალარი იგივე „დიდი“ ერისთავი იყო, მაგრამ წყაროთა ჩვენებები მისი გაზიარების საფუძველს ნაკლებად იძლევა. პირველად სახელდებით სამცხის ერისთავი მოიხსენიება თამარის პირველ ისტორიკოსთან ყუთლუ არსლანის გამოსვლის შემდგომ მოვლენებთან დაკავშირებით: „სამცხის ერისთავად და სპასალარად აჩინეს ბოცო ჯაყელი“. ამ ცნობიდან ჩანს, რომ სამცხის საერისთავო თამარის მეფობამდე გაცილებით ადრე არსებობდა და იმთავითვე ჯაყელთა საგვარეულოს ხელში იყო. თამარის ისტორიკოსებთან და ჟამთააღმწერელთან ჯაყელები, მართალია, უმეტესწილად მხოლოდ სპასალარობით მოიხსენიებიან, მაგრამ, ზოგიერთი ავტორის მოსაზრებით, ასეთი შემთხვევები აიხსნება მემატინეთა თხრობის მანერით - რომელიმე უფრო დაბალი მოხელის თანამდებობა გადაეფარათ უფრო მაღალი თანამდებობით. რადგან მემატიანის თვალში სამცხის სპასალარობა გულისხმობდა სამცხის ერისთავობასაც, ამიტომ იგი ამა თუ იმ პირს უსათუოდ უფრო მაღალი პატივით - სპასალარობით მოიხსენიებდა (მ. ბახტაძე). მაგრამ ჟამთააღმწერელთან გვაქვს ისეთი შემთხვევაც, როცა ჯაყელთა წარმომადგენელი (ყუარყუარე) ორივე თანამდებობით იხსენიება: „ამანვე ერისთავმან სამცხისა, სპასალარმან ყუარყუარე...“ ჯაყელთა მიერ ამ ორი სხვადასხვა თანამდებობის ფლობას ადასტურებს ვახუშტი ბატონიშვილიც: „ბოცო ჯაყელი სამცხისა და სპასალარნი მუნებურთა სხვათა ერისთავთა“. მაშასადამე, სამცხის სპასალარობისა და სამცხის ერისთავობის შეერთება ცენტრალური ხელისუფლების საგანგებო ღონისძიების შედეგი იყო. რამდენადაც ამ სასაზღვრო ოლქში სპასალარი ამირსპასალარის უშუალო წარმომადგენელი და შუალედური რგოლი უნდა ყოფილიყო უმაღლეს სარდლობასა და ადგილობრივ ერისთავებს შორის (გვიანდელი სადროშოს მსგავსი). სამხარეო სპასალარებს მკაფიოდ განასხვავებს ერისთავებისაგან თამარის მეორე ისტორიკოსიც: „აღივსებოდა რა კრება, შემოვიდეს ყოველნი სპასალარნი და ერისთავნი სამეფოსანი“. ჟამთააღმწერელთან მოთხრობილია ეპიზოდი, რომელშიც ყვარყვარე ჯაყელი (სპასალარის რანგში) მოუწოდებს „ყოველთა მესხთა ერისთვთა და ტაძრეულთა“, შეკრებილიყვნენ თურქმანთა წინააღმდეგ საბრძოლველად. ამრიგად, სამცხის ერისთავი და სამცხის სპასალარი ორი სხვადასხვა თანამდებობა ჩანს, რომლებიც, რიგ შემთხვევებში, ერთსა და იმავე პირს - სამცხის ყველაზე დაწინაურებული საგვარეულოს წარმომადგენლებს ეძლეოდა ხოლმე.

სამცხის ერისთავები



წყაროები და ლიტერატურა

ისტორიანი და აზმანი 1959: 34, 49, ბასილი ეზოსმოძღვარი 1959: 119, 129; ჟამთააღმწერელი 1959: 213, 214, 297 ვახუშტი 1973: 172; ბერძენიშვილი 1974: 70; კლდიაშვილი 1979: 83-96; ანთელავა 1983: 201; კიკნაძე 1987: 51; ბახტაძე 2003: 272-273.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები