სამხედრო-საჰაერო ძალები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:30, 7 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო-საჰაერო ძალები - (ზოგ სახელმწიფოშისამხედრო ავიაცია), შეიარაღებული ძალების სახეობა, რომელიც განკუთვნილია სხვა სახეობებთან ერთობლივი მოქმედებისათვის მოწინააღმდეგის საავიაციო, სახმელეთო და საზღვაო დაჯგუფებების გასანადგურებლად, მისი სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის ძირის გამოთხრისთვის, სახელმწიფო და სამხედრო მმართველობის, ლოგისტიკის და ტრანსპორტის მუშაობის დეზორგანიზაციისათვის. აგრეთვე საკუთარი სახმელეთო ჯარების და ფლოტის ძალების მხარდაჭერისთვის, საჰაერო დესანტის გადასხმის, საჰაერო დაზვერვისა და საჰაერო გადაზიდვებისათვის.

ზოგი ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში შედის საჰაერო თავდაცვის შენაერთები და ნაწილები, რომლებიც მოწინააღმდეგის საჰაერო შეტევებისგან იცავენ ქვეყნის ადმინისტრაციულ, სამრეწველო ცენტრებს და რაიონებს, შეიარაღებული ძალების დაჯგუფებებს, მნიშვნელოვან სამხედრო და სხვა ობიექტებს.

ჩვეულებრივ, სამხედრო-საჰაერო ძალები მოიცავს სამხედრო მმართველობის, ავიაციის გვარეობის (ბომბდამშენი ავიაცია, გამანადგურებელ-ბომბდამშენი ავიაცია, გამანადგურებელი ავიაცია, მოიერიშე ავიაცია, სადაზვერვო ავიაცია, სამხედრო-სატრანსპორტო ავიაცია), საჰაერო თავდაცვის ჯარების გვარეობის (საზენიტო სარაკეტო ჯარები, რადიოტექნიკური ჯარები) ორგანოებს, სპეციალურ ჯარებს, ლოგისტიკის ნაწილებს და დაწესებულებებს, სხვა ნაწილებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს.

სამხედრო დანიშნულების პირველი თვითმფრინავები XX საუკუნის დამდეგს გაჩნდა. საფრანგეთის (1909), რუსეთის (1910) და სხვა ქვეყნების სამხედრო სამინისტროებმა დაიწყეს თვითმფრინავების შეძენა და სამხედრო მფრინავთა კადრების მომზადება. 1911 წელს იტალიამ პირველმა გამოიყენა ავიაცია მოწინააღმდეგის ჯარების დაზვერვისა და დაბომბვისათვის. I მსოფლიო ომის დასაწყისში ავსტრია-უნგრეთს ჰქონდა 65 სამხედრო თვითმფრინავი, გერმანიას – 232, რუსეთს 263, საფრანგეთს – 156. ომის წლებში მეომარი ქვეყნების თვითმფრინავების საერთო რაოდენობა 12-ჯერ გაიზარდა. ცალკე გამოიყო ავიაციის გვარეობები: სადაზვერვო, გამანადგურებელი, ბომბდამშენი.

საავიაციო ტექნიკის რაოდენობრივმა და თვისებრივმა განვითარებამ გააძლიერა ავიაციის როლი სამხედრო ოპერაციებში. სულ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა ჰაერში უპირატესობისათვის ბრძოლას.

სახელმწიფოთა უმრავლესობის სამხედრო-საჰაერო ძალები მოიცავენ საავიაციო სარდლობებს, რომლებიც აერთიანებენ ტაქტიკური გამანადგურებლების, მოიერიშეების, სადაზვერვო, სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების და ვერტმფრენების შენაერთებს და ნაწილებს, ხოლო შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის სამხედრო-საჰაერო ძალები – აგრეთვე სტრატეგიული ავიაციისა და ბალისტიკური რაკეტების შენაერთებს. შეერთებულ შტატებს საავიაციო სარდლობები და სამხედრო-საჰაერო ძალები ჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა რაიონში. აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები ევროპაში შეადგენს ნატოს გაერთიანებული სამხედრო-საჰაერო ძალების საფუძველს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები