სამხედრო დოქტრინა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო დოქტრინასახელმწიფოებში (სახელმწიფოების კოალიციაში) მოცემული დროისათვის ოფიციალური შეხედულებებით მიღებული სისტემა. ის გავლენას ახდენს პოლიტიკური მიზნით სამხედრო ძალადობის საშუალებების გამოყენებაზე, სამხედრო ამოცანების ხასიათსა და გადაწყვეტის ხერხებზე, ასევე სამხედრო მშენებლობის ძირითად მიმართულებებზე.

მოცემულ ისტორიულ ეტაპზე სამხედრო დოქტრინა კონცენტრირებული სახით გამოხატავს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შინაარსს, ახასიათებს სახელმწიფოს სამხედრო პოლიტიკის მთავარ მიმართულებებს.

სამხედრო დოქტრინის ფორმირებაზე განმსაზღვრელ გავლენას ახდენს ძალების განაწილება და თანაფარდობა სახელმწიფოთა შიგნით და გარეთ, მათი საშინაო და საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკური შესაძლებლობები, გეოპოლიტიკური მდებარეობის თავისებურებები, ასევე – იარაღისა და სამხედრო ტექნიკის წარმოების განვითარების დონე, შეიარაღებული ძალების მდგომარეობა, ხალხისა და არმიის სულიერ-ზნეობრივი ტრადიციები, მოკავშირე და მეტოქე სახელმწიფოების სამხედრო დოქტრინების მიზანმიმართულება და სხვა.

სამხედრო დოქტრინის ფორმირებას ახორციელებს ქვეყნის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა. მის დებულებებს ენიჭება ნორმატიული ძალა და სავალდებულოა სახელმწიფო ორგანოებისა და სამხედრო კადრებისათვის.

სამხედრო დოქტრინის შინაარსი აისახება დოკუმენტებში:

სამხედრო დოქტრინებში განასხვავებენ ორ მჭიდროდ დაკავშირებულ და ურთიერთგანმაპირობებელ მხარეს – პოლიტიკურსა და საკუთრივ სამხედროს. პოლიტიკური მხარე მოიცავს საკითხებს, რომლებიც ეხება შეიარაღებული ძალადობის საშუალებების გამოყენებას პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, სახელმწიფოს დამოკიდებულებას ომისადმი, სახელმწიფოს სამხედრო-პოლიტიკური მიზნების შინაარსს და მათი მიღწევის გზებს; შესაძლო ომისათვის მოსახლეობისა და არმიის მორალური-დეოლოგიური მომზადების ამოცანებს.

სამხედრო დოქტრინის საკუთრივ სამხედრო მხარე ეფუძნება მის პოლიტიკურ დებულებებს, აანალიზებს სახელმწიფოსათვის ომის საშიშროების დონეს, განსაზღვრავს შესაძლო ომის ხასიათს, მის ოპერატიულ-ტაქტიკურ თავისებურებებს, აწესებს შეიარაღებული ძალების მშენებლობის თვისებრივ-რაოდენობრივ პარამეტრებს, მათი დაკომპლექტების პრინციპებსა და საბრძოლო გამოყენების ხერხებს. იგი განსაზღვრავს ასევე სამხედრო-ტექნიკურ პოლიტიკას და ომისათვის ქვეყნის, მოსახლეობისა და შეიარაღებული ძალების ყოველმხრივი მომზადების ამოცანებს.

XXI საუკუნის დამდეგს ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო დოქტრინები ვითარდება ნატოს კოალიციური სამხედრო დოქტრინის პოლიტიკური და სამხედრო დებულებების საფუძველზე. კოალიციურ სამხედრო დოქტრინაში ხაზგასმით არის აღნიშნული არსებული საშიშროებებისა და საფრთხეების მრავალმხრივი ხასიათი. ნატოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ ფუნქციად არის აღიარებული კრიზისების კონტროლი, მონაწილეობა მშვიდობის აღდგენა-შენარჩუნების ოპერაციებში, როგორც გაეროს ეგიდით, ისე ალიანსის ინიციატივით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები