სამხედრო პოლიტიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო პოლიტიკა - საზოგადოების და მისი სოციალურ-პოლიტიკური ინსტიტუტების შეხედულების, ურთიერთობისა და საქმიანობის სისტემა, რომელიც უშუალოდ უკავშირდება სამხედრო ორგანიზაციის შექმნას, პოლიტიკური მიზნებისათვის შეიარაღებული ძალადობის საშუალებების მომზადებასა და გამოყენებას. სამხედრო პოლიტიკის ძირითადი სუბიექტია სახელმწიფო, მის მიერ შექმნილი ორგანიზაციები და დაწესებულებები, აგრეთვე სახელმწიფოთა კავშირები. გარკვეულ პირობებში დამოუკიდებელ სამხედრო-პოლიტიკურ აქტიურობას იჩენენ ხალხები, კლასები, ერები და სხვა სოციალური და ეროვნული ჯგუფები, პოლიტიკური მოძრაობები და პარტიები. სამხედრო პოლიტიკის სუბიექტები არიან პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელები და რიგითი მოქალაქეები, რომელთა უფლება-მოვალეობები თავდაცვის დარგში განსაზღვრულია ეროვნული კანონმდებლობით. სამხედრო პოლიტიკა არის სახელმწიფოს საერთო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. მასში გამოხატულებას პოულობს ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობა, ეკონომიკური განვითარება, დემოგრაფიული ვითარება, პოლიტიკური ორგანიზაცია, სოციალურ-კულტურული ფაქტორები. სამხედრო პოლიტიკა მუდმივ გავლენას ახდენს საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებზე. მათ უწევთ სხვადასხვა ამოცანის გადაწყვეტის შემთხვევაში სამხედრო ძალის გამოყენება. სწორად ამიტომ თვით სამხედრო პოლიტიკას აქვს მრავალწახნაგოვანი ხასიათი, მოიცავს საქმიანობის სამხედრო-ეკონომიკურ, სამხედრო-ტექნიკურ, სამხედრო-საკადრო და სხვა მიმართულებებს (სამხედრო პოლიტიკის სახეობებს).

სამხედრო პოლიტიკა წარმოადგენს თეორიული და პრაქტიკული მხარეების ორგანულ ერთიანობას. თეორიული – მოიცავს სამხედრო საქმიანობის კანონზომიერებების და პრინციპების წარმოჩენას, სამხედრო-პოლიტიკური ვითარების ანალიზს, პროგნოზირებას და განჭვრეტას, სამხედრო მშენებლობის პრინციპების განსაზღვრას და სხვა. პოლიტიკური მიზნებისათვის სამხედრო ძალადობის საშუალებების გამოყენებაზე ჩამოყალიბებული ოფიციალური შეხედულებების სისტემა გამოიხატება სახელმწიფოს უსაფრთხოების სტრატეგიაში (სამხედრო დოქტრინაში), პარტიების და მოძრაობების საპროგრამო დოკუმენტებში. სამხედრო პოლიტიკის პრაქტიკული მხარე დაკავშირებულია ქვეყნის საჭირო სამხედრო ძლიერების შექმნა-შენარჩუნებასთან; შეიარაღებული ძალების მშენებლობასთან, საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფასთან; იარაღისა და სამხედრო ტექნიკის წარმოებასთან, თავდაცვითი ინფრასტრუქტურის შექმნასა და განვითარებასთან, ქვეყნის დასაცავად მოქალაქეების მორალურ-ფსიქოლოგიური მზადყოფნის ფორმირებასთან; სამობილიზაციო რეზერვების შექმნასა და დაგროვებასთან; საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობასთან და სხვა.

სამხედრო პოლიტიკის ურთიერდაკავშირებულ ნაწილებად გვევლინება სამხედრო-პოლიტიკური ცნობიერება, ინსტიტუტები და დაწესებულებები, ურთიერთობები, საქმიანობა. სამხედრო-პოლიტიკურ ცნობიერებაში თავს იყრის საზოგადოების წარმოდგენები ისტორიაში სამხედრო ფაქტორის როლის შესახებ, სამშობლოს დაცვის და მხედრული მოვალეობის იდეები, დამოკიდებულება კონკრეტული ომებისა და სამხედრო-პოლიტიკური მოვლენებისადმი. სახელმწიფო თავისი სამხედრო პოლიტიკის ფართო სოციალური მხარდაჭერისათვის შეიმუშავებს და ნერგავს მასებში სამხედრო იდეოლოგიას.

სამხედრო-პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და დაწესებულებებს განეკუთვნება:

  • ხელისუფლების ორგანოები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ სამხედრო პოლიტიკის შემუშავებასა და რეალიზაციაში (ძალოვანი სამინისტროები, კომიტეტები, შტაბები და სხვა);
  • სახელმწიფო და არასახელმწიფო შეიარაღებული ფორმირებები;
  • სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები და სხვა ჯარები, გასამხედროებული სტრუქტურები და სხვა;
  • დაწესებულებები და სამსახურები, რომლებიც შეადგენენ სამხედრო ორგანიზაციის სასიცოცხლო უზრუნველყოფის სისტემას (სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, სამხედრო-ადმინისტრაციული დაყოფა და სხვა).

სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობები მრავალფეროვანია. სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების რეალური მდგომარეობა არის სამხედრო პოლიტიკის შედეგი და ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს მის ამოცანებს და შინაარს. სამხედრო-პოლიტიკური საქმიანობა წარმოადგენს სამხედრო პოლიტიკის სუბიექტის უშუალო ძალისხმევას სასურველი სამხედრო-პოლიტიკური ვითარების ჩამოსაყალიბებლად. გადასაწყვეტი ამოცანებია ომის თავიდან აცილება, ნდობის ღონისძიებების განვითარება ან/და სამხედრო ექსპანსიისათვის მზადება. სახელმწიფოს ქმედებები შეიარაღებული თავდასხმის თავიდან აცილების, ჩაშლის ან მოგერიებისათვის შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ნორმებს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები