სამხედრო ძალადობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:41, 22 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო ძალადობა – იძულებითი ზემოქმედება რეალურ ან პოტენციურ მოწინააღმდეგეზე.

მისი განმასხვავებელი ნიშნებია:

  • მიზნების და შინაარსის პოლიტიკური ხასიათი;
  • განსაკუთრებული ორგანიზაციის (არმია, სხვა შეიარაღებული ფორმირებები) და სპეციალური საშუალებების (იარაღის) გამოყენება;
  • რეალიზაციის ფორმების მრავალფეროვნება.

სამხედრო ძალადობას შეიძლება ახორციელებდნენ:

  • სახელმწიფოები (კოალიციები) და მათი სტრუქტურები;
  • ადამიანთა სოციალური, ეროვნული და სხვა დაჯგუფებები;
  • პოლიტიკური პარტიები;
  • მოქალაქეთა დამოუკიდებელი ორგანიზაციები;
  • ტერორისტული და კრიმინალური ჯგუფები.

სამხედრო ძალადობას შეიძლება მიმართონ აგრესის, დაპყრობის და დასჯის მიზნით. ზოგჯერ შეიძლება გამოიყენონ სამხედრო თავდასხმის თავიდან აცილების და მოგერიების, სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის, ხალხთა თვითგამორკვევის უფლების რეალიზაციის საშუალებად.

სამხედრო ძალადობა შეიძლება მიმართული იყოს როგორც სახელმწიფოს შიგნით არსებული ცალკეული სოციალური წარმონაქმნების, ისე გარეშე ძალების წინააღმდეგ. სამხედრო ძალადობის გამოყენება ქვეყნის შიგნით, როგორც წესი, დაკავშირებულია საზოგადოების განვითარების კრიზისულ პერიოდებთან, როდესაც ძალაუფლებისათვის ბრძოლაში რადიკალური პოლიტიკური ძალები გამოდიან შეიარაღებული აჯანყების, სამხედრო ამბოხების, სამხედრო გადატრიალების მოწოდებით, ხოლო მთავრობა ახორციელებს რეპრესიულ და ანტიტერორისტულ სამხედრო ქმედებებს. სამხედრო ძალადობა საერთაშორისო წინააღმდეგობების გამწვავების შედეგია და ვლინდება აგრესიის, სამხედრო ბლოკადის, შეიარაღებული ინტერვენციის, საერთაშორისო ტერორიზმის და სხვა ფორმით.

გამოყოფენ სამხედრო ძალადობის ორ ძირითად სახეობას: სამხედრო ძალის უშუალო, ფიზიკურ გამოყენებას და ამ ძალის გამოყენებით დამუქრებას. პირველ შემთხვევაში სამხედრო ძალადობის აქციები, როგორც წესი, აწყდება საპასუხო წინააღმდეგობას და თან სდევს სხვადასხვა მასშტაბის ომი ან შეიარაღებული ბრძოლა; მეორე შემთხვევაში – სამხედრო ძალა გვევლინება მორალურ-ფსიქოლოგიური ზეწოლის საშუალებად. ამ სახეობას განეკუთვნება ძალის დემონსტრაციის სხვადასხვა ფორმები. სამხედრო ძალადობა, რა მოტივებითაც უნდა ამართლებდნენ მას, დაკავშირებულია ადამიანთა მსხვერპლთან და მატერიალურ დანაკარგებთან. საერთაშორისო სამართალი გმობს და უარყოფს მის გამოყენებას აგრესიული ექსპანსიონისტური მიზნებისათვის.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები