სარი სინაპი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სარი–სინაპი

სარი სინაპი - ყირიმული ვაშლის ჯიშია, რომელიც ჩვენში საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული. აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის ყველა რაიონში გვხვდება ცოტად თუ ბევრად გაშენებული, უფრო მეტად ქართლის რაიონებში, შედარებით ნაკლებად ახალციხეში, კიდევ უფრო ნაკლებად სხვა რაიონებში; დასავლეთ საქართველოში კი იგი გვხვდება როგორც გამონაკლისი, ისიც მაღლობ რაიონებში. კახეთში სარი სინაპი თითო–ოროლა ხე თუ შეგვხვდება სადმე კოლმეურნეობის ბაღჩაში ან კარმიდამოზე დარგული. სარი სინაპს ნაყოფის ყუნწში ისეთი ბოში არ აქვს, როგორც მის მონათესავე ჯიშს „კანდილს“, მაგრამ მაინც, მისი უხვი მსხმოიარობის გამო ქარისგან ძლიერ ზიანდება ხოლმე და ნაქარალა ბევრი იცის. ამის გამო მისი გავრცელების რაიონები შედარებით უქარო უნდა იყოს. ძველ ნანგრევებში გვხვდება 60–80–წლიანი ხეები (სკრა – საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის სასწავლო ბაღი), რომელიც ორ–სამჯერაა გაახალგაზრდავებული, მაგრამ ჯერ კიდევ საკმაოდ კარგსა და უხვ მოსავალს იძლევა. ზოგიერთი რაიონის ნარგავებში სარი სინაპს დათმობილი აქვს საკმაოდ დიდი ადგილი – 5–10%–მდე.

ნაყოფი

სარი სინაპის ნაყოფი საშუალო ზომისაა, ნამდვილი ცილინდრისებრი მოყვანილობის, სიმეტრიულად განვითარებული. ახალგაზრდა იძლევა უფრო წვრილ ნაყოფს, ვიდრე სრულმოსავლიანობაში შესული ხე, რაც იმით უნდა აიხსნას, რომ ახალგაზრდა ხე ძლიერ ვეგეტაციური ზრდის პერიოდში არის და, მაშასადამე, პირობითი აგრესიულ ხარჯვის პროცესს აწარმოებს, მაშინ როდესაც სრულმოსავლიანობაში შესული ხე, პირიქით, ზრდა ჩამორჩენილია და პირობით უხვ დაგროვებას აწარმოებს, რაც ხელს უწყობს ნაყოფის გამსხვილებას.

სარი–სინაპის ყვავილი

ჯამი დახურული აქვს და მოთავსებულია პატარა და ღრმა ღრუში.

ნაყოფის ყუნწი მოკლეა, მსხვილი და ზის ვიწრო და ღრმა ღრუში.

ნაყოფის კანი გლუვია და თხელი, მაგრამ ძლიერ მკვრიცი, პრიალა ზედაპირით. ძირითადი ფერი მომწვანო–მოთეთროა. შემდეგში კი სრული სიმწიფისას, ოდნავ ყვითლდება და ერთგვარ წამურულ ფერს ღებულობს, ხოლო მზის მხარეზე უჩნდება მოწითალო–იისფერი ზოლები, რაც ჭრელად შეფერილ მარმარილოსებრ შთაბეჭდილებას სტოვებს. რაც უფრო მზიან და მყუდრო ადგილებშია ნაზარდი ხე და ნაყოფი, იმდენად უფრო მეტად შეიფერება მისი ნაყოფი. ხელსაყრელ გარემო პირობებში ნაყოფი ნაკლებად ზიანდება სოკოვანი დაავადებებით.

ნაყოფის ხორცი მოკრეფისას თეთრია და მეტად მკვრივი, სრულ სიმწიფისას კი ოდნავ რბილი და საკმაოდ წვნიანი ხდება. მცირე მჟავიანობა და შედარებით მეტი სიტკბო ნაყოფს გემოს აძლევს. მოკრეფის დროს უდგება გვიან, ოქტომბრის გასულს, ნაყოფი საწყობში ძლიერ კარგად სძლებს ივნისამდე თავისი თვისებების სრული შენარჩუნებით, სარი სინაპის ნაყოფი მოსახმარად სწორედ გვიან გაზაფხულზეა უკეთესი.

ხე

ხე ძლიერ იზრდება სანერგეში და შემდგომშიაც განაგრძობს ძლიერ ზრდას: ინვითარებს ვიწრო პირამიდულ ვარჯს, ხოლო უხვი მსხმოიარობის დროს კი ვარჯი ძლიერ გადაეშლება ხოლმე და ტოტებგადაზნექილ გულგახსნილ განიერ პირამიდულ ფორმას ღებულობს. მოკლე და უხვი სანაყოფე ტოტებით მთლიანად მოფენილია მთელი ხე (მე–23 სურათი).

მსხმოიარობას იწყებს მე–12–14 წლიდან, ხან უფრო გვიან მე–17 წლიდან, მაგრამ უცბად შედის ნორმალურ მოსავლიანობაში. 25–30–წლიანი ხე უკვე საგრძნობ უხვ მოსავალს იძლევა – 200–250 კილოს თითო ხიდან. 35–40 წლის ხე კარგ გარემო პირობებში ხშირად 700–800 კილო მოსავალსაც იძლევა.

ხის ბიოლოგიურ თავისებურებას შეადგენს გვიანი და ხანგრძლივი ყვავილობა. პირველი ტალღა უგრძელდება მთელი თვე, მაშინ როდესაც იგი სხვა ჯიშებში 15 დღეში მთავრდება. ყვავილი თვითსტერილია; კარგ გამანაყოფიერებლად ითვლება კანდილ სინაპი.ხასიათდება მეწლეობით.

ხე საკმაოდ კარგი ყინვაგამძლეა. მაინცდამაინც დიდ მოთხოვნილებას გარემო პირობებს არ უყენებს, როგორც სხვა ძვირფასი ევროპული ჯიშები. მაგრამ უხვი და მღალი ხარისხის მოსავლიანობის მისაღებად კი საჭიროა მყუდრო და უქარო ადგილმდებარეობის შერჩევა, ღრმა და ნახევრად მძიმე ნიადაგების და ზომიერი ტენიანობის ჰავის პირობების შერჩევა. მსუბუქ და არაღრმა ნიადაგზე, მშრალი ჰავისა და ნიადაგის პირობებში სარი სინაპი წვრილ ნაყოფს და მცირე მოსავალს იძლევა. ხე მალე ბერდება და ძლიერ მეწლეულობს. ჭარბტენიან ნიადაგში კი ნაყოფს არაგამძლეს იძლევა; საწყობში ნაყოფი სიმწარით ავადდება და შიდა დუღილს განიცდის, რაც არასასიამოვნო მომჟავო გემოს აძლევს მას, ხოლო ნაყოფის ხორცი ყომრალ–მორუხო ფერს ღებულობს.

უხვი მოსავლიანობა, ნაყოფის განსაკუთრებული დიდი გამძლეობა საწყობში, შედარებით კარგი გემო, კარგი ტრანსპორტაბელობა, თანაბარხარისხიანი მოსავლიანობა, რაც დიდ სასაქონლო გამოსავალს იძლევა, შედარებით ნაკლები მოთხოვნილება გარემო პირობებისადმი, უსათუოდ ფართო სამრეწველო მნიშვნელობის ჯიშად ხდის სარი სინაპს.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი ; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. - თბილისი : ტექნიკა და შრომა, 1939-1951. - 30 სმ[MFN: 51572] თემატიკა: - საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები = Промышленные сорта плодов Грузии = Varietes of commercial Georgian Fruits. - 1941. - 217, LIV გვ. : ილ., 71 ჩართ. ფურც. ფერ. ილ.. - დამატებითი თავფურცელი რუსულ, ინგლისურ ენებზე. - ტექსტი ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე. - 73მ., ყდა 7მ., 2500ც.[MFN: 52879] UDC: 634.1/7:631.526.32 თემატიკა: - ხილის ჯიშები საქართველოში;

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები