საქართველოს დამფუძნებელი კრების განათლების კომისია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოს დამფუძნებელი კრების განათლების კომისია - 1917 წლის ნოემბერში საქართველოს ეროვნულმა ყრილობამ აირჩია ეროვნული საბჭო, სადაც, სხვა კომისიებთან ერთად, შეიქმნა სასკოლო სექცია. იგივე სექცია განათლების სექციის სახელით არსებობდა დამფუძნებელ კრებაშიც და აქტიურ მუშაობას ეწეოდა საქართველოს რესპუბლიკის განათლების სფეროს მოწესრიგების, ქვეყანაში განათლების რეფორმის განხორციელებისათვის.

განათლების კომისიის წევრები რამდენჯერმე შეიცვალა, 1920 წლისთვის მისი შემადგენლობა ძირითადად ასეთი იყო:

  1. ლეო ნათაძე - კომისიის თავმჯდომარე (სოციალ-დემოკრატი);
  2. მოსე დავარაშვილი (სოციალ-დემოკრატი);
  3. მუხრან ხოჭოლავა (სოციალ-დემოკრატი);
  4. ქრისტინე შარაშიძე (სოციალ-დემოკრატი);
  5. ჰაიდარ აბაშიძე (სოციალ-დემოკრატი);
  6. თედორე კიკვაძე (სოციალ-დემოკრატი);
  7. ნიკიფორე იმნაიშვილი (სოციალ-დემოკრატი) - კომისიის მდივანი;
  8. პავლე ბიული (სოციალ-დემოკრატი);
  9. შალვა ნუცუბიძე (სოციალისტ-ფედერალისტი);
  10. ექვთიმე თაყაიშვილი (ეროვნულ-დემოკრატი);
  11. გრიგოლ ნათაძე (სოციალისტ-რევოლუციონერი‏‎);
  12. გარიკ სტეფანიანი (დაშნაკი).

სხდომა იმართებოდა კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და ხუთშაბათს, დილის 9-11 საათზე. განათლების კომისია იხილავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა სკოლების მართვა-გამგეობისა და გაეროვნების (ყველა საგნის ქართულ ენაზე სწავლების) პრობლემები. ის ეხმარებოდა განათლების სამინისტროსა და მთავრობის ერთობლივ მოქმედებას განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების განსახორციელებლად.

პირველივე სხდომაზე ნოე ცინცაძემ აღნიშნა, რომ წინააღმდეგი იყო სკოლების მართვის ცენტრალიზაციისა, მისი აზრით, სკოლას თვითმმართველობის ორგანოსთან აქტიურად უნდა ეთანამშრომლა და ამით უფრო ეფექტურად გადაჭრიდა მის წინაშე მდგარ პრობლემებს. სარევიზიო აპარატიც (ინსტრუქტორების სახით) ადგილზე უნდა მოწყობილიყო. რაც შეეხებოდა პირველდაწყებითი სკოლების კონტროლს, ეს რაიონების ინსპექტორებს უნდა დავალებოდა. სკოლების მართვა-გამგეობის სრულ დეცენტრალიზაციას ბევრი მომხრე ჰყავდა, ასეთი იყო ნიკო ნიკოლაძეც, რომელიც კომისიაში შედიოდა და 1918 წლის 14 აგვისტოს სხდომაზე დააყენა სკოლების სრული დეცენტრალიზაციის საკითხი. მას ცოტა მხარდამჭერი აღმოაჩნდა. მმართველი პარტიის წარმომადგენლებს სჯეროდათ, რომ იმ ურთულეს პოლიტიკურ და სოციალურ პირობებში განათლების სისტემას ცენტრალიზაცია უფრო წაადგებოდა. ყველა კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც განათლების სამინისტრო რეფორმებს ატარებდა, საპარლამენტო კომისიაში განიხილებოდა და მთავრობასთან თანხმობით მტკიცდებოდა.

ხშირი იყო აზრთა დაპირისპირება. 1918 წლის 4 ოქტომბერს ასეთი დაპირისპირება გამოიწვია კანონპროექტმა სკოლებში საღვთო სჯულის სწავლების გაუქმების შესახებ. კანონპროექტში დატოვებული მუსლიმანური რელიგიის სწავლების გამო წარმოიშვა უთანხმოება და საკითხის გადაწყვეტა შემდგომი სხდომისთვის გადაიდო „საკითხის გასარკვევად“ სხდომას უნდა დასწრებოდა ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენელი - კონიაშვილი. კომისია ღებულობდა კანონპროექტებს, ანუ გადაწყვეტილებას სასკოლო სისტემის ყველა რგოლის გასაუმჯობესებლად. განათლების კომისია თავის სხდომებზე ხშირად იხილავდა მასწავლებელთა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხს; სამინისტროს მიერ შემუშავებულ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტს არგებდა რეალურ საჭიროებას, ვინაიდან პარლამენტის კომისია უმაღლესი ინსტანციის ინტერესს გამოხატავდა, ცალკეული კანონპროექტის შეცვლა და ახალი კანონის შექმნა მისი მოვალეობაც იყო. (დოდო ჭუმბურიძე)


ლიტერატურა

მ. ფართალაძე, დამფუძნებელი კრების განათლების კომისია, თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კრებული - ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები, 2017, №1(20), სცსა, ფ. 1836, საქ. 244.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები