საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბიუჯეტის განხილვა და დამტკიცება (1919-1920)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბიუჯეტის განხილვა და დამტკიცება (1919-1920) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა - ქვეყნის უპირველესი ფინანსური დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იყო შემოსავლების ნაწილი და სახელმწიფო უწყებების მიერ განსახორციელებელი ხარჯები. დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველ წელს საქართველოს პარლამენტმა ვერ მოახერხა, ქვეყნის შემოსავლების და გასავლის აღრიცხვის საერთო დოკუმენტი შეედგინა. საკმაოდ დიდი იყო ბიუჯეტის დეფიციტი, რაც ართულებდა საბიუჯეტო პარამეტრების წინასწარ დაგეგმვას.

1919 წლის მაის-ივნისში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ შეიმუშავა 1919-1920 წლის შემოსავალ-გასავლის აღრიცხვის პროექტი, რომელიც გადაეცა დამფუძნებელ კრებას დასამტკიცებლად. ბიუჯეტზე მუშაობისა და მიღების წესი საგანგებოდ იყო გაწერილი დამფუძნებელი კრების რეგლამენტში, რომელიც ითვალისწინებდა საჯარო განხილვამდე კომისიის დასკვნის არსებობას. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაზე მისი განხილვა საკმაოდ დიდი ხნით გადაიდო. ამის მიზეზი იყო ის, რომ თავად დოკუმენტი არ იყო სრულყოფილი. მოგვიანებით, როდესაც ბიუჯეტის პროექტს განიხილავდნენ, დეპუტატები არაერთგზის უთითებდნენ ამ ხარვეზზე. 1920-ის 5 თებერვლის დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე აღინიშნა, რომ „ბიუჯეტი სრული რვა თვეა, რაც კომისიას გადაეცა და არავითარი ნიშანი არა სჩანს იმისა, რომ იგი ახლო ხანში წარმოედგინება დამფუძნებელ კრებასო“. 1920 წლის 31 მაისს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიამ დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი წარუდგინა, ასევე გადაწყდა, ეს დოკუმენტი განსახილვევად გასულიყო შემდეგი სახელწოდებით - „სახელმწიფოს 1919-1920 წლების ბიუჯეტი“.

დამფუძნებელი კრების წინაშე ბიუჯეტის შესახებ პირველი ვრცელი მოხსენებით 1920 წლის 16 ივლისის სხდომაზე წარდგა საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის თავმჯდომარე გრ. გიორგაძე. მან საგანგებოდ აღნიშნა, რომ „დღეს დამფუძნებელი კრება იხილავს სახელმწიფო ხარჯთ-აღრიცხვას, ბიუჯეტს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დამფუძნებელი კრება ამ დიად მნიშვნელოვან აქტის განხილვას იწყებს.“ ამასთანავე, გამომსვლელმა ყურადღება გაამახვილა იმ სირთულეებზეც, რომელიც თან ახლდა ბიუჯეტის შედგენას: „ბიუჯეტი არის დროებითი და ამ მხრივ წარმოდგენილი ბიუჯეტი დაგვიანებული არის, მაგრამ ამ დაგვიანებას ფრიად მნიშვნელოვანი გასამართლებელი საბუთი აქვს. როდესაც საფინანსო კომისია შეუდგა წარმოდგენილ ბიუჯეტის განხილვას, ერთი აშკარა გახდა ჩვენთვის. მრავალი ახალი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია არ იყო შეტანილი ბიუჯეტში. ჩვენ შევეცადეთ მთლიანობა დაგვეცვა და ყოველივე შემოსავალ-გასავალი შეტანილ ყოფილიყო, მაგრამ დღევანდლამდე ერთი უწყების ხარჯთ-აღრიცხვა არ არის შეტანილი. ეს არის მომარაგების სამინისტრო... გარდა ამისა მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო იმ გარემოებას, რომ საფინანსო კომისიის მუშაობა ძნელდებოდა მით, რომ სანამ ის განიხილავდა ამა თუ იმ შტატს და აპირებდა მის დაწერას და დამზადებას საკანონმდებლო ორგანოსთვის, ცხოვრება სისწრაფით მიექანებოდა და ეს შტატები და მისი ხარჯები სულ სხვა სახეს იღებენ. საფინანსო კომისიამ გადასწყვიტა შეჩერდეს ერთ დატაზე. ეს არის 1920 წლის პირველი იანვარი. ის მომენტი, რომელიც იყო პირველ იანვრამდე მიღებულია მხედველობაში, პირველი იანვრის შემდეგ კი რა ცვლილება მოხდა ეს არ არის შეტანილი ბიუჯეტში“.

ბიუჯეტის განხილვა დამფუძნებელმა კრებამ განაგრძო 22 ივლისის სხდომაზე, სადაც მოხსენებით გამოვიდა ლეო შენგელაია (მომხსენებელმა ვერ შეძლო სიტყვის დასრულება და 28 ივლისის სხდომაზე ბიუჯეტის განხილვა მისი გამოსვლით გაგრძელდა). ვრცელი დებატები ბიუჯეტის შესახებ გაიმართა 28-29 და 30 ივლისს, 4 და 7 აგვისტოს. განხილვაში მონაწილეობა მიიღეს: ლ. შენგელაიამ, თ. ღლონტმა, ბ. თევზაიამ, ი. სალაყაიამ, ს. კედიამ, ს. ავალიანმა, ი. ლორთქიფანიძემ, კ. ანდრონიკაშვილმა, ნ. ხომერიკმა, ალ. ასათიანმა, ივ. ჭავჭანიძემ, შ. ქარუმიძემ და სხვ.

1920 წლის 16 აგვისტოს დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა „სახელმწიფოს 1919-1920 წლების ბიუჯეტი“. იმავდროულად, დამფუძნებელმა კრებამ შეიმუშავა „წლიური ხარჯთ-აღრიცხვის ფორმულა“, რომელიც საფუძვლად უნდა დასდებოდა მომავალი 1920-1921 წლების ბიუჯეტის შედგენას. დოკუმენტში აღნიშნული იყო:

„ა) დაცულ იქნას სწორწონილობა სახელმწიფოს შემოსავლებსა და გასავალს შორის;
ბ) ადგილობრივ თვითმართველობათ სესხი მხოლოდ წარმოებისათვის ეძლეოდეს და ისიც მაშინ, როცა განზრახული დარგი წარმოებისა წინასწარ არის შესწავლილი და შეფასებული რესპუბლიკის ეკონომიკურ მდგომარეობასთან და ტეხნიკის განვითარებასთან.
გ) დაჩქარებით წარმოდგენილ იქნას კანონ-პროექტი ადგილობრივ თვითმართველობათა საბიუჯეტო უფლებისა და სანამ ეს კანონი მიღებული არ არის, გაეწიოს

ადგილობრივ თვითმართველობათ ხაზინიდან დახმარება მართველობის აპარატის მკვიდრ ნიადაგზე დასაყენებლად.“

1919-1920 წლების ბიუჯეტის ასიგნებები შეადგენდა 1 960 490 798 მან., შემოსავლები - 1 163 564 185 მან. არსებული დეფიციტი (796 926 313 მანეთი) უნდა დაფარულიყო მთავრობის სამეურნეო ოპერაციებიდან.

დამფუძნებელი კრების წევრები ბიუჯეტის განხილვის დროს გამოთქვამდნენ სურვილს, რომ მომავალი 1920-1921 წლების ბიუჯეტის შედგენა მთავრობას გაცილებით ადრე დაეწყო. ამ კუთხით გადაიდგა კიდეც კონკრეტული ნაბიჯები, 1920 წლის დეკემბრის დასაწყისში ფინანსთა სამინისტრომ დამფუძნებელ კრებას წარუდგინა 1920-1921 წლების ბიუჯეტის პროექტი. სავარაუდო ხარჯის მოცულობამ შეადგინა 8 552 414 771 მანეთი. ბიუჯეტის ასეთ გაზრდას თავისი ახსნა ჰქონდა. ფულის ინფლაციამ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო საქართველოს ეკონომიკა, ამასთანავე, ზოგადად, სახელმწიფო უწყებების ხარჯებიც მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი. დამფუძნებელმა კრებამ ბიუჯეტის პროექტის განხილვა ვერ შეძლო 1921 წლის თებერვალ-მარტის მოვლენების გამო.

ჯაბა სამუშია


ლიტერატურა

  • კრ. საქართველოს პირველ რესპუბლიკაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები და პოლიტიკა, თბილისი, 2016;
  • თ. ათანელიშვილი, ეკონომიკური რეფორმები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, თბ., 2016;
  • ჯ. ანჩაბაძე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ისტორიიდან (1918-1921), თბ., 2009.


წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ბიუჯეტი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები