საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
SaqarTvelos demokratiuli respublikis mtavroba.jpg

მთავრობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა - არსებობის მანძილზე საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ჰყავდა 3 მთავრობა.

სარჩევი

პირველი კოალიციური დროებითი მთავრობა

პირველი კოალიციური დროებითი მთავრობა ჩამოყალიბდა 1918 წლის 26 მაისს და იარსება 24 ივნისამდე. 1918 წლის 26 მაისს ეროვნულმა საბჭომ დაამტკიცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კოალიციური მთავრობა ეროვნული საბჭოს აღმასკომის მიერ მოწონებული და ფრაქციებთან შეთანხმებული შემდეგი შემადგენლობით:

მეორე მთავრობა

მეორე მთავრობაში, პირველთან შედარებით, ორი ცვლილება განხორციელდა. 1918 წლის 24 ივნისს მთავრობის თავმჯდომარე ნოე რამიშვილის ნაცვლად გახდა ნოე ჟორდანია, ხოლო 1918 წლის შემოდგომაზე საგარეო საქმეთა მინისტრად (აკაკი ჩხენკელის ნაცვლად) ევგენი გეგეჭკორი დაინიშნა. მეორე მთავრობა არსებობდა 9 თვის მანძილზე, 1919 წლის მარტამდე.

მესამე სოციალ-დემოკრატიული მთავრობა

მესამე ერთპარტიული (სოციალ-დემოკრატიული) მთავრობა შედგა დამფუძნებელი კრების არჩევის შემდგომ. სოციალ-დემოკრატიული პარტიის დამაჯერებელი გამარჯვების პირობებში დამფუძნებელმა კრებამ მესამე მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილება უფრო გაზარდა. მას მიენიჭა ქვეყნის გარეთ სახელმწიფოს პირველი პირის სტატუსი (პრეზიდენტის უფლებამოსილებით). ოპოზიციის ნაწილი (ესერები და ფედერალისტები) მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ამგვარ გაფართოებას ეწინააღმდეგებოდა. კრებამ მთავრობის თავმჯდომარეობა დაავალა ნოე ჟორდანიას. მასვე ერთპიროვნულად დაეკისრა მთავრობის დაკომპლექტება. ახალი მთავრობა კაბინეტის ოპტიმიზაციის შედეგად, სამინისტროთა გაერთიანების კურსით ჩამოყალიბდა.

1919 წლის 21 მარტს დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა მესამე ერთპარტიული მთავრობა შემდეგი შემადგენლობით: ნოე ჟორდანია (მთავრობის თავმჯდომარე); ევგენი გეგეჭკორი (საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრი), ნოე რამიშვილი (შინაგან საქმეთა, სახალხო განათლების, სამხედრო მინისტრი), ნოე ხომერიკი (მიწათმოქმედების, შრომის და გზათა მინისტრი), კონსტანტინე კანდელაკი (ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი). 1919 წლის ბოლოს მთავრობის წევრად გიორგი ერაძე (შრომის და მომარაგების მინისტრად) დაინიშნა. 1920 წლის იანვარში სამხედრო მინისტრი გახდა გრიგოლ ლორთქიფანიძე, იუსტიციის მინისტრი კი - რაჟდენ არსენიძე. 1920 წლის 3 დეკემბერს კიდევ ერთი სამთავრობო ცვლილება განხორციელდა. განათლების მინისტრის პოსტი დიაკავა გრიგოლ ლორთქიფანიძემ, თავდაცვის მინისტრი გახდა ნოე რამიშვილის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ (პარმენ) ჭიჭინაძე, ხოლო მიწათმოქმედების მინისტრად დაინიშნა დავით ონიაშვილი. (ბონდო კუპატაძე)

მთავრობის თავმჯდომარე, როგორც ინსტიტუტი

1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის თანახმად, საქართველოში პირველად დამკვიდრდა რესპუბლიკური მმართველობა საპარლამენტო დემოკრატიის სახით, რომლის მიხედვით, საქართველოს დროებითი მთავრობა პასუხისმგებელი იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წინაშე (იხილეთ, ასევე, საქართველოს ეროვნული საბჭოს 1918 წლის 20 აგვისტოს დებულება „საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო მმართველობის“ შესახებ, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი ორგანოა მთავრობა). სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის არსებობის სამი წლის მანძილზე საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში მთავარი ადგილი მთავრობას, კერძოდ კი, მის ხელმძღვანელს - მთავრობის თავმჯდომარეს ეკავა. პრეზიდენტის თანამდებობის უარყოფამ მთვარობის თავმჯდომარის პოზიციების განმტკიცება გამოიწვია. იგი ამ დროის განმავლობაში ითავსებდა სახელმწიფოს მეთაურის ფუნქციებს. ამას ადასტურებს საქართველოს დამფუძნებელი კრების 1919 წლის 14 მარტის დეკრეტი „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის შედგენისა“, რომლის მიხედვით, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრ ნ. ჟორდანიას დაევალა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის შედგენა მისივე თავმჯდომარეობით. მე-2 მუხლის მიხედვით, მთავრობის თავმჯდომარე იმავე დროს იყო საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენელი. მნიშვნელოვანი დისკუსიები შედგა მთავრობის თავმჯდომარის სტატუსთან დაკავშირებით 1918-1921 წლების სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში. საკონსტიტუციო კომისიამ დიდი პოლიტიკური დებატების შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვით, მონარქის და პრეზიდენტის გარკვეული პრეროგატივები მთავრობის თავმჯდომარეს გადაეცა. საერთაშორისო წარმომადგენლობა, ელჩების მოწვევა, მთავრობის შემადგენლობის ფორმირება და განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიარაღებული ძალების გამოყვანა კონსტიტუციურად პრემიერს უნდა ეწარმოებინა.

თანამედროვე ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ პირველმა კონსტიტუციამ პრემიერი პრეზიდენტის უფლებებით აღჭურვა, რაც სწორი არ არის. კონსტიტუციურად მთავრობის თავმჯდომარე სარგებლობდა უფლებამოსილებათა მცირედი ნაწილით.

მთავრობის თავმჯდომარე უნდა ყოფილიყო აღმასრულებელი ხელისუფლების კონსტრუქციაში მთავარი პოლიტიკური ფიგურა. საპარლამენტო მთავრობის პოლიტიკური მთლიანობა გამოიხატება პრემიერის პიროვნებაში, რომელიც აერთიანებს კაბინეტს და წარმოადგენს საპარლამენტო სახელმწიფოს პოლიტიკის პასუხისმგებელ პირს. კონსტიტუციაში მთლიანადაა ასახული დამფუძნებელი კრების 1919 წლის 30 დეკემბრის რეზოლუციის სულისკვეთება, რომლის მიხედვით, სანამ კონსტიტუციით იქნებოდეს განსაზღვრული მთავრობის თავმჯდომარის კომპეტენცია, მიენიჭოს მას განსაკუთრებული უფლებანი მართვა-გამგეობისა და კანონიერების დაცვის საქმეში.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის 70-ე მუხლის მიხედვით, მთავრობის თავმჯდომარეს მიენიჭა პრეზიდენტის განსაკუთრებული უფლებების მხოლოდ გარკვეული ნაწილი:

ა) ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობა საერთაშორისო ურთიერთობებში; ელჩების დანიშვნა და უცხოელი დიპლომატიური კორპუსის აკრედიტაცია;
ბ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, მხოლოდ პარლამენტის თანხმობით, შეიარაღებული ძალის გამოყვანა;
გ) მთავრობის წევრების გამოწვევა ან დანიშვნა;
დ) მთავრობის წევრების დათხოვნა ან მთლიანად კაბინეტის გარდაქმნა.

სხვა სფეროში მთავრობის თავმჯდომარე შეზღუდულ იყო. (ბექა ქანთარია)

ლიტერატურა

  • ბ. ქანთარია, კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტური პრინციპები და მმართველობის ფორმის სამართლებრივი ბუნება პირველ ქართულ კონსტიტუციაში, 2013;
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებული (1918-1921), 1990.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები