საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკონსტიტუციო კომისია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკონსტიტუციო კომისია - საქართველოს ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში 1918 წლის 6 ივნისს შეიქმნა სახელმწიფო კომისია „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკონსტიტუციო საფუძვლების შესადგენად“. ამ კომისიის შემადგენლობას დაევალა პროექტის შედგენა.

როგორც საარქივო მასალებიდან ირკვევა, საბჭოში ყოფილა წინადადება, რომ კონსტიტუციის პროექტის შედგენა ერთი რომელიმე პირისთვის მიენდოთ, რაც, მათი აზრით, უზრუნველყოფდა „კონსტიტუციის მთლიანობას“. თუმცა საკანონმდებლო ორგანომ ეს ინიციატივა დაიწუნა და კონსტიტუციის პროექტის ჩამოყალიბება სპეციალისტებისაგან შემდგარ კომისიას დაავალა. საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა 14 წევრით განისაზღვრა, კომისიაში შედიოდნენ როგორც პარტიის წარმომადგენლები, ისე უპარტიონი და მოწვეული პირები, თუმცა ამ თოთხმეტიდან უმრავლესობას მაინც სოციალ-დემოკრატები შეადგენდნენ, უფრო მეტიც, კომისიის თავმჯდომარეც და მდივანიც სოციალ-დემოკრატები იყვნენ. კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ:

კომისიაში ექსპერტებად იყვნენ მოწვეულები: გიორგი ნანეიშვილი, კონსტანტინე მიქელაძე, ზურაბ ავალიშვილი და ივანე ჯავახიშვილი.

კომისია დაკომპლექტებული იყო მხოლოდ ქართველი სპეციალისტებით, რომლებიც ზედმიწევნით იცნობდნენ საზღვარგარეთის, განსაკუთრებით კონტინენტური ევროპის კონსტიტუციონალიზმის გამოცდილებას, პროექტის შედგენაში არცერთ უცხოელ ექსპერტს არ მიუღია უშუალო მონაწილეობა, რასაც ადასტურებს კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორის, იუსტიციის მინისტრის, რაჟდენ არსენიძის სიტყვები: „უნდა აღვნიშნო ერთი რამ: ჩვენ არ გვყვანან სპეციალისტები, არც გარედან მოგვიყვანია, როგორც ჩვეულებრივ საჭიროა ხოლმე, რომელსაც შეეძლო კონსტიტუციის მთავარი დებულების ისე მკაფიოდ, მოკლედ და სხარტად ჩამოყალიბება და მისი პრინციპების შესახებ დაწვრილებითი მოხსენების გაკეთება. როგორც იცით, არც ჩვენ ვართ შინ მეტად მდიდარი მეცნიერებით, არც მეცნიერული ძალით და არც გარედან შეგვეძლო ისეთი ელემენტების მოყვანა, რომელნიც დიდად, მართლაც საბუთიან დახმარებას აღმოგვიჩენდნენ. ამიტომ კომისიას უხდებოდა თავისი საკუთარი შინაური ძალებით მუშაობა, თვითონ უნდა დაეგროვებინა ყოველგვარი მასალა, დაემუშავებინა საკითხი...“

ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიამ მეტად ნაყოფიერი მუშაობა აწარმოა კონსტიტუციის პროექტის შესადგენად. კომისიამ სულ ათი თვე იარსება, 1919 წლის მარტამდე, დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიის ჩამოყალიბებამდე.

დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისია

დამფუძნებელმა კრებამ თავის მესამე სხდომაზე ჩამოაყალიბა ოთხი კომისია, მათ შორის საკონსტიტუციო კომისია, რომელსაც დაევალა ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის მიერ დაწყებულ პროექტზე მუშაობის გაგრძელება. კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებული მასალები და დოკუმენტები კრების საკონსტიტუციო კომისიას გადაეცა. კომისიის შემადგენლობაში მცირეოდენი ცვლილებები განხორციელდა, აირჩიეს ახალი თავმჯდომარე და მდივანი. საკონსტიტუციო კომისიაში შედიოდნენ

ამ პერიოდისათვის პირველი კონსტიტუციის პროექტის შედგენაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით მთავრობის თავმჯდომარეს, ნოე ჟორდანიასა და იუსტიციის მინისტრს, რაჟდენ არსენიძეს. კონსტიტუციის პროექტის შემუშავების პროცესში ნოე ჟორდანიას როლს თავად ეროვნულ-დემოკრატებიც აღიარებდნენ. გიორგი გვაზავა წერდა: „ბატონ ნოე ჟორდანიას აზრს და შეხედულებას ექნება დიდი მნიშვნელობა და თითქმის გადამწყვეტი ზეგავლენა საკონსტიტუციო საკითხების განხილვის დროს დამფუძნებელ კრებაში“.

პირველი კონსტიტუციის პროექტის მომზედებაში აქტიურად მონაწილეობდა კომისიის თავმჯდომარე პავლე საყვარელიძე, რომელმაც პროექტის არაერთი დებულება შეიმუშავა. საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული პროექტი საქართველოს დამფუძნებელ კრებას გადაეცა 1920 წლის ნოემბერში.

ბექა ქანთარია

ლიტერატურა

  • სცსა. ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 201;
  • სცსა. ფ. 1833, აღწ. 1, საქ. 191; ბ. ქანთარია, კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტური პრინციპები და მმართველობის ფორმის სამართლებრივი ბუნება პირველ ქართულ კონსტიტუციაში, თბ., 2013.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები