საქართველოს ეროვნული საბჭო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:54, 13 მარტი 2020-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები

საქართველოს ეროვნული საბჭო - საქართველოს ეროვნული ყრილობის მიერ 1917 წლის 22 ნოემბერს არჩეული საქართველოს საკანონმდებლო ორგანო.

ყრილობამ 22 ნოემბერს აირჩია ეროვნული საბჭოს პერსონალური შემადგენლობა - 67 წევრი და 61 კანდიდატი. პარტიული კუთვნილების მიხედვით: 26 სოციალ-დემოკრატი, 10 სოციალისტ-ფედერალისტი, 9 ეროვნულ-დემოკრატი, 7 სოციალისტ-რევოლუციონერი, 4 ალიონელი, 1 რადიკალ-დემოკრატი, 2 უპარტიო, 3 სამაჰმადიანო საქართველოს (აჭარა) წარმომადგენელი, 2 სოხუმის ოლქიდან (აფხაზეთი), 1 ზაქათალის ოლქიდან (საინგილო), 1 საქართველოს ოსთა წარმომადგენელი. ეროვნული საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს ნოე ჟორდანია, რომელიც იყო აგრეთვე საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის თავმჯდომარე. პრეზიდიუმში შედიოდნენ თავმჯდომარის ამხანაგები - ა. ჩხენკელი, გრ. რცხილაძე, გ. ვეშაპელი, მდივანი - პ. საყვარელიძე და ხაზინადარი - კ. მესხი.

1918 წლის 11 თებერვალს განხორციელდა ეროვნული საბჭოს რეორგანიზაცია, რის შედეგადაც მისი წევრების რაოდენობა 88-მდე გაიზარდა. შექმნის დღიდან დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ეროვნულმა საბჭომ 19 სხდომა ჩაატარა და, ფაქტობრივად, საქართველოს მთავრობის ფუნქციას ასრულებდა. იგი იყო ეროვნული მოძრაობის ხელმძღვანელი ორგანო. მის სხდომებზე განიხილებოდა ქვეყნის რეალობის უმნიშვნელოვანესი პრობლემები.

1918 წ-ის 26 მაისს, კვირა დღეს, 16 სთ. და 50 წთ-ზე, კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, გოლოვინის (დღევანდელ რუსთაველის) გამზირზე გაიმართა ეროვნული საბჭოს XIX სხდომა. სხდომის თავმჯდომარე ნ. ჟორდანიამ წაიკითხა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“, რომელიც საბჭომ ერთხმად დაამტკიცა. საქართველო გამოცხადდა დამოუკიდებელ დემოკრატიულ სახელმწიფოდ. საბჭომ დაამტკიცა საქართველოს კოალიციური მთავრობა ნოე რამიშვილის თავმჯდომარეობით, რომელიც 24 ივნისს შეცვალა ნ. ჟორდანიამ. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტით ეროვნული საბჭო მიჩნეულ იქნა საკანონმდებლო ორგანოდ, რომელსაც მთელი ძალაუფლება ხალხის მიერ არჩეული დამფუძნებელი კრებისათვის უნდა გადაეცა.

1918 წლის 29 მაისს ეროვნული საბჭოს სხდომაზე მისი წევრების რაოდენობა 121 კაცით განისაზღვრა. გაუქმდა აღმასრულებელი კომიტეტი და შეიქმნა პრეზიდიუმი 5 წევრის შემადგენლობით. 1 ივნისს ეროვნულმა საბჭომ პრეზიდიუმის შემადგენლობა დაამტკიცა: თავმჯდომარე - ნიკოლოზ ჩხეიძე, მოადგილეებად აირჩიეს - იოსებ ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, მდივნად - დავით ონიაშვილი, მდივნის ამხანაგად - იოსებ აბაკელია. იმავე სხდომაზეშეიქმნა კომისიები: ქონების, სამხედრო, საფინანსო, სამოსამართლო და საადმინისტრაციო, სასკოლო და ხელოვნების, სახალხო მეურნეობისა და სასურსათო, სამაჰმადიანო საქართველოს გამგებლობისა და საერობო.

1918 წლის 4 ოქტომბრის სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს სახელწოდების შეცვლის საკითხი დაისვა, რის შედეგადაც, 8 ოქტომბრის სხდომაზე მიღებული კანონის მიხედვით, ეროვნულ საბჭოს საქართველოს პარლამენტი ეწოდა. ეროვნულმა საბჭომ და შემდგომში პარლამენტმა ფუნქციონირების მანძილზე არაერთი კანონი შეიმუშავა და მიიღო, რომლებიც საქართველოს ეროვნული, სოციალური და დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნას ემსახურებოდა.

1918 წლის 22 ნოემბერს პარლამენტმა დაამტკიცა დამფუძნებელი კრების დებულება, რომელიც ითვალისწინებდა საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი და ფარული ხმის მიცემით არჩევნების ჩატარებას. არჩევნების დღედ 14 თებერვალი დაინიშნა. დამფუძნებელი კრების მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტმა 1919 წლის 31 იანვარს მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც პარლამენტი დათხოვნილად ითვლებოდა დამფუძნებელი კრების მუშაობის დაწყების დღიდან.

საქართველოს ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) მიერ მიღებული უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო აქტებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია კანონები:

  • საქართველოს მოქალაქეობის შესახებ (1918, 16 ივლისი);
  • სახალხო გვარდიის შესახებ (1918, 2 ივლისი);
  • დებულება სამხედრო მმართველობის (1918,აგვისტო)
  • კანონი რეგულარული არმიის ორგანიზების შესახებ (1918, აგვისტო);
  • დებულება სამხედრო ბეგარისა და მუდმივი ჯარის შევსების შესახებ (1918, აგვისტო);
  • საგუბერნიო, საოლქო და სამაზრო ადმინისტრაციის (1918, 2 აგვისტო);
  • სახელმწიფო საადგილმამულო ფონდიდან მამულების მცხოვრებთათვის კერძო საკუთრებად მიცემის შესახებ (1919, 28 იანვარი);
  • ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადების შესახებ (1918, 1 ოქტომბერი);
  • რეგლამენტის დამატებისა ეროვნულ უმცირესობათა ენის ხმარების შესახებ (1918, 15 ოქტომბერი);
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმწიფო უნივერსიტეტად გამოცხადების შესახებ (1918, 27 აგვისტო) და სხვ.

პარლამენტის შემდეგ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს კანონშემოქმედებითი მოღვაწეობა განაგრძო საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ.


ლიტერატურა

ნ. ჭანტურია, ეროვნული საბჭო და მისი ბრძოლა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და განმტკიცებისათვის. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი დისერტაციის ავტორეფერატი ხელნაწერის უფლებით, თბ., 2005; შ. ვადაჭკორია, პოლიტიკური პარტიები და საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა, 1917. თბ., 1998; ა. სილაგაძე, ვ. გურული, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. 1917-1918, თბ., 1998.

დიმიტრი შველიძე

იხილე აგრეთვე

საქართველოს ეროვნული საბჭო

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები