საქართველოს ეროვნული სამუზეუმო საგანძური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეროვნული სამუზეუმო საგანძური - საქართველოს მუზეუმებში, ეკლესია-მონასტრებში, სასახლეებში (თბილისი, ზუგდიდი, ბორჯომი) დაცული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ექსპონატები, ოქროს და ვერცხლის ნივთები, ხელნაწერები, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ 1921-1945 წლებში ემიგრაციაში, საფრანგეთში გაიტანა.

წითელი არმიის საქართველოში შემოჭრის და რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების შემდგომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ივანე ჯავახიშვილმა უნივერსიტეტის პროფესორს, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილეს ექვთიმე თაყაიშვილს მთავრობასთან შუამდგომლობა სთხოვა, რომ სამუზეუმო საგანძური, ბოლშევიკების დარბევისგან გადარჩენის მიზნით, დროებით საზღვარგარეთ გაეტანათ. ჯავახიშვილის შიში არ იყო უსაფუძვლო, რადგან კარგად უწყოდა, თუ როგორ გაყიდეს სამოქალაქო ომის პერიოდში რუსული მუზეუმების ექსპონატები ბოლშევიკებმა.

ნოე ჟორდანიას განკარგულებით უცხოეთში გასატანად მომზადდა ეროვნული საგანძური, რომელიც განთავსდა 249 ყუთში. საგანძურის სრული აღწერილობა 2 ცალად მომზადდა. საქართველოში არსებული სია გამოქვეყნდა 1931 წლის 22 თებერვალს გაზეთ „კომუნისტში“. მის მეთვალყურედ და პასუხისმგებელ პირად დაინიშნა ექვთიმე თაყაიშვილი. საგანძური 20-21 თებერვლის ღამეს გავიდა ტფილისის რკინიგზის სადგურიდან. ქუთაისში დაემატა ექსპონატები, მათ შორის, გელათის მონასტრიდან. საგანძური 3 მარტს ჩავიდა ბათუმში. კავკასიაში საფრანგეთის კომისრის აბელ შევალიეს დახმარებით, საგანძური ვაგონებიდან გადაიტანეს ფრანგულ კრეისერ „ერნესტ რენანზე” და 11 მარტს სტამბულისკენ გააგზავნეს. სტამბოლში საგანძური ძველ ფრანგულ სამხედრო სატრანსპორტო გემ „ბენ ჰოაზე” გადაიტანეს. 1921 წლის 10 აპრილს საფრანგეთში, მარსელის ნავსადგურში, ეროვნული საგანძური ჩამოტვირთეს და მარსელის ბანკში დააბინავეს.

ემიგრაციაში ეროვნული საგანძური მუდმივად საფრთხის ქვეშ იყო. სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკოლოზ დადიანის ასულმა სალომემ, ობოლენსკის ქვრივმა, სასამართლოში შეიტანა სარჩელი და მოითხოვა განძის ის ნაწილი, რომელიც მისი მამა-პაპის კუთვნილი ზუგდიდის სასახლიდან იყო წაღებული, სასამართლო 7 წელს გაგრძელდა და ექვთიმე თაყაიშვილმა დიდი ძალისხმევით მოიგო. 1926 წელს ნიუ-ორკის „მეტროპოლიტან მუზეუმის“ დირექტორმა ე. თაყაიშვილს სთხოვა ქართული საგანძურის აშშ-ში 6 თვით გამოფენა, რაზეც უარი მიიღო. ნიუ-იორკის ნატიფ ხელოვნებათა მუზეუმის დირექტორი 500 000 ფრანკად სთავაზობდა ე. თაყაიშვილს ქართულ კოლექციებში დაცული ტიხრული მინანქრების შესყიდვას, სანაცვლოდ, განძის შენახვის საფასურს გაუსტუმრებდნენ ბანკს, აგრეთვე გამოსცემდნენ ექვთიმე თაყაიშვილის ნაშრომებს და ალბომს. 1933 წლამდე, ვიდრე საქართველოს ემიგრანტულ მთავრობას საფრანგეთმა სტატუსი არ გაუუქმა, განძეულობა ხელუხლებლად ელაგა. ამ დროიდან კი დაიწყო ბრძოლა ეროვნული განძის გადასარჩენად. ექვთიმე თაყაიშვილს განძეულის პატრონობის დამამტკიცებელი არავითარი იურიდიული დოკუმენტი არ გააჩნდა. იურისტების რჩევით, ექვთიმე თაყაიშვილმა დაარწმუნა საფრანგეთის მთავრობა, რომ მარსელის ბანკში შენახული განძეულობა არასოდეს შეადგენდა ემიგრანტული მთავრობის საკუთრებას, რომ იგი საქართველოს კერძო მუზეუმის საკუთრება იყო და, საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად, მათვე უნდა დაბრუნებოდათ. ამასობაში საფრანგეთის მთავრობამ სადავოდ ქცეულ განძეულობას ადგილი შეუცვალა და მარსელის ბანკიდან პარიზის ერთ-ერთ ბანკში გადაიტანა და მცველად ფრანგი მოხელე ჟოდონი მიუჩინა.

II მსოფლიო ომის დროს ოკუპირებული პარიზის ბანკის სეიფებში ჩაკეტილი საქართველოს სამუზეუმო ქონება კვლავ საფრთხის წინაშე დადგა. ზოგიერთი ემიგრანტი ქართველის მიერ გესტაპოსთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ნაცისტებმა წარმომადგენლები გააგზავნეს და საფრანგეთის მთავრობისაგან ოფიციალურად მოითხოვეს განძეულის გატანა ბერლინში. დაიწყო მოლაპარაკება. ზურაბ ავალიშვილმა და გრიგოლ ფერაძემ შეძლეს ნაცისტების დარწმუნება, რომ სამუზეუმო ექსპონატებს არავითარი მატერიალური ღირებულება არ გააჩნდა და მხოლოდ ქართველი ერისთვის იყო მნიშვნელოვანი.

მსოფლიო ომის დასასრულს ე. თაყაიშვილმა წერილით მიმართა საბჭოთა კავშირის ელჩს საფრანგეთში ბოგომოლოვს ეროვნული საგანძურის საქართველოში დაბრუნების შესახებ. ე. თაყაიშვილის წერილობითი მოხსენება ბოგომოლოვმა გააცნო მარშალ დე გოლს. დე გოლი იმჟამად საბჭოთა კავშირთან ხელშეკრულების დასადებად ემზადებოდა და ეროვნული საგანძურის საქართველოსთვის დაბრუნება მისი მხრიდან დიპლომატიური ჟესტი იქნებოდა ი. სტალინის წინაშე. 1944 წლის 23 ნოემბერს დე გოლმა გასცა განკარგულება განძის დაბრუნების შესახებ. ორმა საგანგებო თვითმფრინავმა, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის აეროპორტების გავლით, საქართველოში ჩამოიტანა სამუზეუმო განძეულობა. საგანძურს თან ახლდა მისი მცველი - 82 წლის ექვთიმე თაყაიშვილი.


ლიტერატურა

  • შ. ამირანაშვილი, „საქართველოდან სხვადასხვა დროს გატანილი სამუზეუმო განძეულობა და მისი დაბრუნება“, თბ., 1968, თბ., 1978;
  • ე. თაყაიშვილი, „რჩეული ნაწერები“;
  • ე. უბილავა, „განძეულის გუშაგი“, თბ., 1980;
  • გ. ჟორდანია, „დაბრუნებული საუნჯე“, 1983;
  • ი. მეგრელიძე, „ექვთიმე თაყაიშვილი“, თბ., 1989.
ბონდო კუპატაძე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები