საქართველოს ეროვნული ყრილობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოს ეროვნული ყრილობა - 1917 წლის 19-24 ნოემბერი. 1917 წლის 19 ნოემბერს მოწვეულ იქნა საქართველოს პოლიტიკური პარტიების, მუშათა საბჭოების, ქალაქების თვითმმართველობის, კულტურულ-საგანმანათლებლო თუ სავაჭრო-საფინანსო დაწესებულებების, ეროვნულ უმცირესობათა და სხვ. არჩეული წარმომადგენლებისაგან შემდგარი საქართველოს ეროვნული ყრილობა.

სარჩევი

ყრილობის დელეგატები

ყრილობას ესწრებოდა 324 დელეგატი გადამწყვეტი ხმით და 19 დელეგატი სათათბირო ხმით.

დელეგატების რაოდენობა ორგანიზაციათა მიხედვით ყროლობაზე ასე გადანაწილდა:

  • ინტერპარტიული საბჭოსა და პოლიტიკურ პარტიათა წარმომადგენელი – 67 დელეგატი;
  • მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოსი – 15 დელეგატი;
  • ქალაქების თვითმმართველობების – 33 დელეგატი;
  • საგუბერნიო, სამაზრო და სასოფლო აღმასრულებელი კომიტეტების – 89 დელეგატი;
  • ქართული ჯარის – 20 დელეგატი;
  • კოოპერატივების – 8 დელეგატი;
  • მასწავლებელთა კავშირის – 9 დელეგატი;
  • ქართული პრესის – 9 დელეგატი;
  • კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების – 35 დელეგატი;
  • ვაჭარ-მრეწველთა და ბანკების – 26 დელეგატი;
  • თავადაზნაურობის – 20 დელეგატი;
  • სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ქართული საზოგადოებების – 6 დელეგატი;
  • საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოსი – 1 დელეგატი;
  • სხვადასხვა დაწესებულებათა – 8 დელეგატი;
  • ქართველ მაჰმადიანთა და ქართველ კათოლიკეთა – 7 დელეგატი;
  • საქართველოში მცხოვრები ებრაელების – 3 დელეგატი;
  • აფხაზებისა – 2 დელეგატი (გაზ. „ერთობა“, 1917 წ. ნოემბერი).

ყრილობას დაესწრო საქართველოს კათოლიკოსი კირიონ მეორე, უცხო სახელმწიფოთა და მეზობელი ერების წარმომადგენლები, ამიერკავკასიის კომისარიატი სრული შემადგენლობით, რუსეთის კავკასიის არმიის მთავარსარდალი გენერალი პრჟევალსკი და სხვები.

პრეზიდიუმი

ყრილობა ინტერპარტიული საბჭოს სახელით აკაკი ჩხენკელმა გახსნა. სიტყვის დასასრულს მან წაიკითხა ინტერპარტიული საბჭოს მიერ შემუშავებული სია პრეზიდიუმის წევრებისა, რომელიც ყრილობამ ერთხმად მიიღო: ამ სიის თანახმად ყრილობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ნოე ჟორდანია, მის ამხანაგებად: აკაკი ჩხენკელი, გ. ლასხიშვილი , გრ. ვეშაპელი, ვლ. გობეჩია და პ. საყვარელიძე. მდივნებად - ს. დადიანი, მ. გაბაშვილი, ივ. გომართელი ი. მაჭვარიანი და გ. ურატაძე. (გაზ. „საქართველო“, 1917 წ. ნოემბერი)

სამანდატო კომისია

სამანდატო კომისიის წევრები იყვნენ: გ. ფაღავა, ფ. მგელაძე, შ. მიქელაძე, მ. საყვარელიძე, ივ. ჩერქეზიშვილი, ალ. ყანჩელი, პ. ბარათაშვილი, რ. გაბაშვილი, შ. შარაშიძე და ლეო შენგელაია (ქიაჩელი). (გაზ. „საქართველო“, 1917 წ. ნოემბერი).

ყრილობის რეგლამენტი

  1. თავმჯდომარის უდასტუროდ სიტყვის წარმოთქმის ნება არავის აქვს. ლაპარაკის მსურველი თავმჯდომარისაგან იღებს ნებართვას ბარათის მიწოდებით.
  2. მომხსენებლის პირველი სიტყვა დროით არ განისაზღვრება, მეორედ შეუძლიან ილაპარაკოს არა უმეტეს ნახევარი საათისა. დანარჩენ ორატორებს პირველი სიტყვის სათქმელად ეძლევათ 15 წუთი, ხოლო მეორედ 5. სიტყვა კითხვის დაყენების შესახებ განსაზღვრულია სამი წუთით.
  3. ერთსა და იმავე საკითხის შესახებ ერთსა და იმავე ორატორს მხოლოდ ორჯერ შეუძლია ილაპარაკოს.
  4. განმარტება საპირადო საკითხის გამო მიიღება მხოლოდ მაშინ, როდესაც კამათი მთავარ საკითხის გამო დამთავრებულია.
  5. ვინცობაა, ორატორთა სიაში მოთავსებული პირი კრებაზე არ აღმოჩნდა, როცა მისი ჯერი დადგება, იგი პირველად გადატანილ იქნება სიის ბოლოს და განმეორებით კი - სრულებით ჰკარგავს სიტყვის უფლებას.
  6. ორატორთ შეუძლიანთ თავისი ჯერი ლაპარაკისა ერთმანეთს დაუთმონ ან თავის უფლება სიტყვის თქმისა მას გადასცენ, ვინც სიაში შეტანილი არ არის.
  7. სიტყვა წარმოითქმის მხოლოდ ტრიბუნიდან.
  8. ყოველი წინადადება წერილობით მიიღება თავმჯდომარის მიერ.
  9. კითხვის დაყენების წესრიგი თავმჯდომარეზე არის დამოკიდებული.
  10. ყოველი დადგენილებანი მიიღება ხმის მარტივი უმრავლესობით, ხელის აწევით ან ადგომით. (გაზ. „საქართველო 1917 წ. გიორგობისთვე)

ყრილობის მოწვევის მიზეზი

ყრილობაზე დელეგატებს სიტყვით მიმართა ნოე ჟორდანიამ, სადაც იგი განმარტავდა ყრილობის მოწვევის მიზეზებს: „დღეს მთლი რუსეთი და თითქმის მთელი ევროპა განიცდის ძველი ცხოვრების ეკონომიკურ, ნაციონალურ და პოლიტიკურ ცხოვრების დანგრევის დიდ მომენტს და ჩვენ ვშიშობთ აბობოქრებული ცხოვრების ზღვის ტალღამ ჩვენ არ ჩაგვიტანოს რღვევის მორევში. ჩვენ პატარა ერი ვართ და ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, რომლის ახლოს გაჭიმულია დიდი საომარი ფრონტი, ამიტომ გვმართებს დიდი სიფრთხილე, გარდა ამისა, რუსეთში გაჩაღდა სამოქალაქო ომი, დღეს არ არსებობს ცენტრალური მთავრობა და რუსეთთან ჩვენი პატარა ქვეყნის კავშირი თითქმის სავსებით გაწყდა. ამნაირად ერთის მხრით ჩვენს ახლოს დიდი საომარი ფრონტი არსებობს, ხოლო მეორეს მხრით რუსეთთან კავშირის გაწყვეტა გვავალებს ჩვენს თავს მივხედოთ, ჩვენს თავს ვუპატრონოთ (ტაშის ცემა) ამ ნიადაგზე შეერთდა ჩვენში არსებული პოლიტიკური პარტიები (ტაშის ცემა) და სთქვეს, ჩენში არის გადასაჭრელი ორი კითხვა და საჭიროა მათ გარშემო, როგორც ნაციონალური, ისე ინტერნაციონალური ძალების გაერთიანებაო. პირველი კითხვა ჩენი ფიზიკური არსებობის უზრუნველყოფა და მეორე კითხვა - შექმნა იმ საფუძვლისა, რომელზედაც აგებული იქნება ჩვენი ხალხის თავისუფალ კულტურული განვითრების შენობა. დღვანდელმა ეროვნულმა ყრილობამ ამ შენობას ერთი ქვა უნდა დაუდგან საფუძვლად. (გაზ. „ერთობა“, 1917 წ. ნოემბერი).

ყრილობის დღის წესრიგი

  1. თანამედროვე მომენტი და ქართველი ერი;
  2. მოხსენება თავადაზნაურთა ქონების შესახებ;
  3. მიმდინარე კითხვები (ერობა, ჯარის ნაციონალიზაცია, სკოლების ნაციონალიზაცია, მართვა-გამგეობისა და ადმინისტრაციის ნაციონალიზაცია, სასურსათო საკითხი, საბჭოს არჩევა). (გაზ. „ერთობა“, 1917 წ. ნოემბერი).

სამუშაო სექციები

ყრილობამ 20 ნოემბრის სხდომაზე განსახილველი საკითხები პროფილის მიხედვით სექციებში გადაიტანა. შეიქმნა 9 სექცია რომლებსაც თავმჯდომარეობდნენ:

  1. ეროვნულ საკითხთა სექცია - თავმჯდომარე ივ. გობეჩია;
  2. საერობო რეფორმების სექცია - თავმჯდომარე მ. მაჩაბელი;
  3. ჯარის ნაციონალიზაციის სექცია - თავმჯდომარე ი. გედევანიშვილი;
  4. სკოლა და უნუვერსიტეტის სექცია - თავმჯდომარე ივ. ჯავახიშვილი;
  5. ადმინისტრაციის სექცია - თავმჯდომარე გრ. გიორგაძე;
  6. იუსტიციის სექცია - თავმჯდომარე შ. მესხიშვილი;
  7. საფინანსო სექცია - თავმჯდომარე ნიკო ნიკოლაძე;
  8. სასურსათო სექცია - თავმჯდომარე ილ. ქარცივაზე;
  9. თავადაზნაურთა ქონების საკითხის სექცია - თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელი.

„დღევანდელი მომენტი და ქართველი ერის პოლიტიკური მდგომარეობა“

ყრილობის უმთავრეს საკითხზე - „დღევანდელი მომენტი და ქართველი ერის პოლიტიკური მდგომარეობა“ - მოხსენებით ნოე ჟორდანია გამოვიდა.

მიმდინარე მსოფლიო ომის პირობებში, როცა რეგიონში ერთმანეთს ეჯახებოდა დიდ სახელმწიფოთა ინტერესები, ხოლო ფრონტის ხაზი თბილისიდან არც ისე შორს გადიოდა, უაღრესად ფრთხილი და წინდახედული მოქმედება იყო საჭირო. ნ. ჟორდანიას აზრით, ასეთ ვითარებაში საქართველო ისევ რუსულ ორბიტაში უნდა დარჩენილიყო, ოღონდ არა საბჭოთა ბოლშევიკურის, არამედ დემოკრატიული რუსეთისა, რომლის დამფუძნებელ კრებას საქართველოსთვის ეროვნულ-ტერიტორიული ავტონომია უნდა დაეკანონებინა.

ყრილობის მონაწილეებმა სხვა ალტერნატივებზეც იმსჯელეს. ნოე ჟორდანიას შეხედულების წინააღმდეგ გამოვიდნენ ეროვნულ-დემოკრატები გიორგი ვეშაპელი, გიორგი გვაზავა და შალვა ქარუმიძე. მათ პრაქტიკული თვალსაზრისით მიუღებლად მიიჩნიეს პრორუსული კურსის საჯაროდ აღიარება, რასაც შეეძლო მომავალში ხელი შეეშალა საქართველოს თავისუფლებისთვის. რადიკალ-დემოკრატიული პარტიის დელეგატს დავით ჩიქოვანს ყრილობაზე საქართველოს სახელმწიფოებრივი აღდგენის საკითხიც უნდა დაესვა, მაგრამ საბოლოოდ ეროვნულ-პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებმა ამჯობინეს, არ შეეტანათ დისონანსი საერთო განწყობილებაში. მათ მხარი დაუჭირეს რეზოლუციას.

რეზოლუცია

რეზოლუციის განხილვა

ნოე ჟორდანიას მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი განიხილა ყრილობის ეროვნულ-პოილიტიკურმა სექციამ, რომლის წევრებიც იყვენენ:

სოციალ-დემოკრატები: ნოე ჟორდანია, გრიგოლ გიორგაძე, ვლადიმერ ჯუღელი, გრიგოლ ურატაძე, კონსტანტინე გვარჯალაძე, მიხეილ კლიმიაშვილი, გიორგი ფაღავა, დავით ონიაშვილი;

სოციალისტ-ფედერალისტები: გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ რცხილაძე, გრიგოლ გველესიანი, იასონ ბაქრაძე, იაკობ ფანცხავა, სამსონ ფირცხალავა, დიმიტრი უზნაძე, აკაკი ფაღავა;

სოციალ-დემოკრატი ალიონელები: პავლე საყვარელიძე, დავით სულიაშვილი, ლეო შენგელაია, ნიკოლოზ ქარცივაძე;

სოციალისტ-რევოლუციონერები: ივანე გობეჩია, იოსებ გობეჩია, პარმენ საბაშვილი;

ეროვნულ-დემოკრატები: გიორგი გვაზავა, გრიგოლ ვეშაპელი, ვასილ წერეთელი, ირაკლი ამირეჯიბი, ტიციან ტაბიძე, ლევან ჯაფარიძე, დავით გურამიშვილი, შალვა ამირეჯიბი.

მიღებული რეზოლუცია

  1. ქართველი ერი დღესაც ისევე, როგორც ასი წლის განმავლობაში სდგას რუსეთის ორიენტაციის ნიადაგზე.
  2. ქართულმა დემოკრატიამ დღიდან თავისი პოლიტიკური არსებობისა თავისი სვე-ბედი მჭიდროთ დაუკავშირა რუსეთის დემოკრატიას და მასთან ერთად მოქმედებით ფიქრობს თავისი პოლიტიკური, ეკონომიური და ნაციონალური მისწრაფებანი განახორციელოს.
  3. რუსეთის შუაგულში გაჩაღებული სამოქალაქო ომის მეოხებით დღეს არ არსებობს ერთი ცენტრალური რევოლუციური მთავრობა, აღიარებული მთელი რევოლუციური რუსეთის მიერ. ამ გარემოებამ აიძულა ყველა განაპირა ქვეყნები და მათ შორის ამიერ-კავკასია თვისი შინაური საქმეები თვისივე ძალ-ღონით მოაგვარონ და შესფერი დაწესებულებანი შექმნან. ამიტომ ყრილობა მხარს უჭერს ამიერკავკასიის ახლად შემდგარ მმართველობის დროებით ორგანოს „ამიერკავკასიის კომისარიატს“. ეს კომისარიატი პასუხისმგებელი უნდა იყოს ამიერ-კავკასიის სეიმის წინაშე, რომელიც განზრახულია შესდგეს დროებით რუსეთის დამფუძნებელ კრების წევრთა არჩევნებში გამორკვეული პროპორციის მიხედვით პარტიათა კანდიდატებისგან..
  4. ყრილობამ საჭიროდ სცნო შესდგეს, როგორც დროებითი დაწესებულება საქართველოს დროებითი საბჭო ნაციონალურ კითხვათა და საჭიროებათა გამოსარკვევათ, გასაძღოლათ და ცხოვრებაში გასატარებლად საბჭოს შესადგენათ ყრილობა არჩევს 60 წევრს. საბჭოს წევრები თავის ადგილს უთმობენ ამიერ-კავკასიის სეიმის ქართველ დეპუტატებს, როდესაც არჩევნების დასრულებით ამიერ-კავკასიის საარჩევნო ოლქში მათი ვინაობა გამოირკვევა. რიცხვი დეპუტატებისა გამრავლებულ იქნება საარჩევნო პროპორციის მიხედვით. პარტიათა შეთანხმებით საბჭოს წევრებათ შეიძლება მიღებულ იქნას აგრეთვე ისეთი პირები, რომელნიც დამფუძნებელ კრების საარჩევნო სიებში შეტანილ არ ყოფილან.
  5. ამ ადგილობრივ ძალთა თავის მოყრა არ კმარა ყველა მიმდინარე საჭიროებათა დასაკმაყოფილებლათ, განსაკუთრებით ისეთ საჭიროებათა, როგორიცაა მაგ. კავკასიის ფრონტის შენახვა, კითხვა ომისა და ზავის, სასურსათო, ფინანსური და სხ. ჩვენი ძირითდი ინტერესები მოითხოვენ დაუყოვნებლივ შესდგეს რუსეთის სარევოლუციო მთვრობა და მოწვეულ იქნას დამფუძნებელი კრება.
  6. ყრილობა საჭიროდ სთვლის განხორციელებულ იქნას საქართველოში ისეთი ნორმები, რომელნიც მას საშუალებას მისცემენ თვისუფალ განვითრებისათვის და ავალებს დამფუძნებელ კრების ქართველ დეპუტატებს მოითხოვონ რუსეთის დამფუძნებელ კრებაზე ამ ნორმების მიღება და დადასტურება. ასეთ ნორმებით, მიაჩნია ყრილობას საქართველოს სრული თვითმართველობა საკუთრი საკანონმდებლო კრებით ადგილობრივ საკითხებზე. ტერიტორიის საზღვრები გაიმიჯნება დაინტერესებულ მოსაზღვრე ერებთან შეთანხმებით. საქართველოში მოქცეული ნაციონალური უმცირესობანი მიიღებენ სრულ უფლებრივ გარანტიას კულტურულ განვითრებისას, ყრილობა საჭიროდ აღიარებს ამ მთავარ კითხვაში მოხდეს შეთანხმება ამიერკავკასიის ერთა შორის.
  7. თუ რუსეთის სამოქალაქო ომი გაგრძელდება და დამფუძნებელ კრების მოწვევა ახლო მომავალში ვერ მოხერხდა, უნდა იქნას მოწვეული ადგილობრივი დამფუძნებელი კრებები, როგორც ამიერ-კავკასიის, ისე ცალ-ცალკე ერების, რომელნიც ურთიერთის თანხმობით დაამყარებენ შესაფერ დემოკრატიულ და ნაციონალურ წყობილებას, როგორც თვითეულ ეროვნულ-ტერიტორიალურ ერთეულში, ისე მთელ ამიერ კავკასიაში.
  8. საქართველოს დამფუძნებელი კრების მოწვევისთვის ზრუნვა ევალება საქართველოს ეროვნულ საბჭოს. (გაზ. „ერთობა“, 1917 წ. ნოემბერი).

პოლიტიკურ პარტიათა განცხადებები

გრიგოლ რცხილაძე (ს. ფედ.)

„დღევანდელი დღე დიდი დღეა. დღევანდელი დღე თავდებია საქართველოს გაერთიანებისა და მისი პოლიტიკური იდეების განხორციელებისა. ს. ფედერალისტებმა გადასწყვიტეს სეპარატიულად არ გამოვიდნეთ“.

გიორგი ნათაძე (ს. რ.)

„არის ხოლმე ისეთი წუთები, როდესაც ადამიანი განცდილი აღფრთოვანების გავლენის ქვეშ იმყოფება, არ უნდა ხმა ამოიღოს. სიჩუმეს არჩევს. ასჩვიდმეტი წლის განმავლობაში დღემდე საქართველო არ არსებობდა. საქართველო დღეს იწყებს არსებობას“. (ტაში)

ნ. ქარცივაძე (ალიონელი)

„ჩვენ „ალიონელები“ დღეიდან ჩვენ სიტყვაზე უარს ვამბობთ, გამოიძებნა ძლიერი ენა, რომელმაც გააერთიანა ქათველი დემოკრატია. თუ დღემდე ნოე ჟორდანია ქართველი დემოკრატიის ბელადი იყო, დღეიდან იგი ქართველი ერის ბელადი ხდება“. (მქუხარე ტაში).

გიორგი გვაზავა (ერ.-დემ.)

ეროვნულ დემოკრატიული პარტია თვიდანვე იდგა ქართველი ერის მთლიანობის ნიადაგზე. დღეს ეს ლტოლვილება განხორციელდა. ამიტომ ჩვენი პარტია არ გამოდის სეპარატისტულად“.

გრიგოლ გიორგაძე (სოც.-დემ.)

„დადგა დრო, როდესაც ს. დემოკრატიამ უნდა წამოაყენოს და გადასჭრას კანონიერად ეროვნული საკითხი. ჩვენ დამფუძნებელი კრებიდან ნამდვილი პოლიტიკური ავტონომიით დავბრუნდებით“.

ფ. მახარაძე. (ბოლშევიკები)

„ნ. ჟორდანიას მოხსენება, რომელსაც ტაში დაუკრეს ეროვნულ-დემოკრატებმა და ს. ფედერალისტებმა, დამარხულად უნდა ჩითვალოს. არსებობს ანდაზა: „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო“, (პარტერიდან ისმის ხმა: „არსებობს მეორე ანდაზაც: „ციხე შიგნიდან ტყდებაო“!). ჩვენ სეპარატიულ გამოსვლით ვსჭრით იმ შტოს, რომელზედაც ჩვენ ვსხედვართ... ან უნდა აღსდგეს კერენსკის მთავრობა, ან და მხარი უნდა დავუჭიროთ იმ მთავრობას, რომელიც საქმით იცავს დაბეჩავებულ ერების ინტერესებს. ქართულმა ინტერპარტიულმა საბჭომ დაივიწყა ქართული მშრომელი ხალხის ინტერესები. აკ. ჩხენკელმა განცხადა, რომ ეს ყრილობა პირველი ეროვნული ყრილობაა, და განა შეიძლება ეროვნული ყრილობა ამ სახით. შეიძლება ეროვნული ყრილობის მოწვევა მკვდარ ორგანიზაციებიდან?! ქართველმა ხალხმა არ იცის რისთვის შეიკრიბა ეროვნული ყრილობა. (ისმის ხმები („ვიცით“ „ვიცით“). ერთად ერთი ფრაქცია, რომელიც სავსებით იცავს ერის უფლებას, ეს ბოლშევიკური ფრაქციაა. სამწუხაროა, რომ აქ ოპოზიციაში ვცხოვრობთ, როდესაც ლახვარი ეცემა კაპიტალისტურ წესწყობილებას. ეს თავის თავად ერების განთავისუფლებას მოასწავებს. ომის ცეცხლში მხოლოდ პატარა ერები იღუპებოდნენ. კერენსკის მთავრობა ისე იქცეოდა, როგორც მეფის. (ორატორს ლაპარაკის ვადა გაუვიდა მის მიერ წამოყენებულ საკითხზე ყრილობამ დაადგინა, რომ მსჯელობა არ იქონიოს. ამიტომ კამათი შეწყდა)

ი. გეგია (სამურზაყანო)

მე მსურს თქვენი ყურადღება მივაქციო იმ ძმურ დამოკიდებულებას, სამურზაყანოს, აფხაზეთის და საქართველოს შუა. ისტორიულად მათ ერთი უღელი უწევიათ. ისინი ძმები ყოფილან და ძმებად დარჩებიან. სამურზაყანო კისრულობს როლს, რომ საქართველოს და აფხაზეთის ხიდად გახდეს (ორატორის უკანასკნელი სიტყვა მხურვალე ტაშმა დაჰფარა).

სულთანოვი (ზაქათალა)

ზაქათლის მხცოვრებლების დავალებით ვუცხადებ ქართულ ეროვნულ ყრილობას, რომ ზაქათლის ოლქი ძმურ და მეგობრულ დამოკიდებულებას დაიჭერს საქართველოსთან. ჩვენ საქართველოსთან ერთდ დავიცავთ და პატივს ვცემთ ამ თვისუფლებას, რომელსაც ამდენი ხანია, შევნატროდით. (მხურვალე ტაში) (გაზ. „საქართველო“, 1917წ., გიორგობისთვე).

საქართველოს ეროვნული საბჭო

საქართველოს ეროვნულმა ყრილობამ 22 ნოემბერს სხდომაზე აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭოს შემადგენლობა. 66 წევრი და 61 კანდიდატი ხოლო 6 წევრი სათათბირო ხმით. საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ნოე ჟორდანია, ხოლო თავმჯდომარის მოადგილედ აკაკი ჩხენკელი.

თავადაზნაურთა ყრილობის გადაწყვეტილება

ქართველ თავადაზნაურთა სახელით, მისმა წინამძღოლმა კონსტანტინე აფხაზმა საქართველოს ეროვნულ ყრილობას ამ წოდების კუთვნილი კოლექტიური ქონება გადასცა. საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში დაგროვილი სიმდიდრის ღირებულება 60 მლნ. რუსულ მანეთს უტოლდებოდა.

კ. აფხაზი: „მე წამოვდექი თქვენს წინაშე თბილისის გუბერნიის თავად აზნაურების დავალებით, რათა გაუწყოთ თავად აზნაურთა ყრილობის დადგენილება ღვინობისთვის 29 დღისა.“ ამ დღეს გადაწყდა, რომ მთელი თავად-აზნაურების ქონების ღირსეულ მემკვიდრედ გამოცხადებულ იქნას ქართველი ერი.“ (გაზ. „საქართველო“, 1917წ., გიორგობისთვე).

ეროვნული ყრილობის მნიშვნელობა

ეროვნული ყრილობა სანიშანსვეტო მოვლენა იყო საქართველოს თვისუფლებისათვის ხანგრძლივი ბრძოლის ისტორიაში. ეროვნული საბჭოს შექმნით, არსებითად, ჩამოყალიბდა, ქართული ხელისუფლება, რომელიც ეროვნული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მესაჭედ მოგვევლინა. (ო. ჯანელიძე)

იხილეთ აგრეთვე

აკაკი ჩხენკელის სიტყვა წარმოთქმული საქართველოს პირველ ეროვნულ ყრილობაზე 1917 წლის 19 ნოემბერს.

ვასილ წერეთელი საქართველოს ეროვნული ყრილობის შესახებ

გუჯარი სრულიად საქართველოჲს კათოლიკოზ-პატრიარქის კირიონ II-სა საქართველოჲს ეროვნულ ყრილობის მიმართ

კონსტანტინე აფხაზის სიტყვა წარმოთქმული საქართველოს პირველ ეროვნულ ყრილობაზე

დავით ნიჟარაძის სიტყვა წარმოთქმული საქართველოს პირველ ეროვნულ ყრილობაზე

ისკანდერ ეფენდი ცივაძის სიტყვა წარმოთქმული საქართველოს პირველ ეროვნულ ყრილობაზე

წყარო

აბაშიძე, ზაზა. საქართველო და ქართველები: (საკითხავი წიგნი): [სახელმძღვ.] / ზაზა აბაშიძე, მიხეილ ბახტაძე, ოთარ ჯანელიძე; ზაზა აბაშიძის რედ.; რუკების ავტ. მანანა შეყილაძე; მხატვ. ეკა ტაბლიაშვილი. - თბილისი, 2013 (შპს „ფავორიტი პრინტი“). - 676, [10] გვ.: რუკ.; 22 სმ.. - ყდაზე: ქართველ მეფეთა ხელრთვები და ნიშნები. - ISBN 978-9941-0-5498-3

გაზეთი: „ერთობა“, 1917 წლის ნოებმერი № №201, 203, 205

გაზეთი: „საქართველო“ 1917 წლის გიორგობისთვე №260

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები