საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეები — ქართული ტერიტორიულ-ეთნოგრაფიული ერთეულებიდან, რომლებიც დღევანდელი საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, აღმოსავლეთ საქართველოდან შეიძლება ჩამოვთვალოთ: ქართლი, კახეთი, ხევსურეთი, ფშავი, მთიულეთი, გუდამაყარი, ხანდო, ჭართალი, ხევი, ერწო-თიანეთი; დასავლეთ საქართველოდან: იმერეთი, სამეგრელო, სვანეთი, რაჭა, ლეჩხუმი, გურია, აჭარა; სამხრეთ საქართველოდან: სამცხე, ჯავახეთი.

სამხრეთ საქართველოში სხვა არაერთი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეც გვქონდა, რომლებიც ახლა დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს და რომელთა უმრავლესობამ დღეისათვის ფაქტობრივად დაკარგა ის ეთნოგრაფიული თავისებურებანი, რაც მას XVIII საუკუნეში ჯერ კიდევ მკვეთრად ჰქონდა შემორჩენილი. სამცხისა და ჯავახეთის გარდა, სამხრეთ საქართველოში ჩვენ გვქონდა შემდეგი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები: შავშეთი, კლარჯეთი, მაჭახელი, ერუშეთი, კოლა, არტაანი, პალაკაციო, ტაო... შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე განსახლებული იყვნენ ჭანები (ლაზები), რომლებიც ქართველურის ზანური შტოს ჭანურ (ლაზურ) დიალექტზე მეტყველებდნენ და მეტყველებენ. ისტორიულმა მსვლელობამ ლაზების (ჭანების) მხოლოდ მცირე ნაწილს მისცა შესაძლებლობა ქართულ სახელმწიფოში თანაცხოვრებისა. ამავე დროს, სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის მოქცეული იყო ორი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე – თორი და თრიალეთი – რომლებშიც გვიან შუა საუკუნეებში მოსახლეობის ცვლა მოხდა, პირველში ქართული ეთნოსით, მეორეში – საქართველოს საზღვრებს გარედან შემოსახლებული არაქართული ეთნოსებით დღევანდელი საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ – აზერბაიჯანშია საინგილოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული ერთეული, რომელიც ისტორიული აღმოსავლეთ კახეთის მემკვიდრეა და დვალეთი, რომელიც დღეს რუსეთის ფედერაციის (ოსეთის) ტერიტორიის ფარგლებში შედის. ქართველთა კიდევ ერთი ეთნოგრაფიული ჯგუფი ირანში, ფერეიდნის პროვინციაში ცხოვრობს, რომლებიც სამეცნიერო ლიტერატურაში ფერეიდნელი ქართველების სახელწოდებით არიან ცნობილი. ისინი XVII საუკუნის დასაწყისში შაჰ-აბასის მიერ კახეთიდან აყრილი ქართველების შთამომავალნი არიან.


წყარო

საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები