საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება - დაარსდა თბილისში, 1907, ექვთიმე თაყაიშვილის ინიციატივით, ისტორიის მოყვარულთა წრის ბაზაზე.

საზოგადოებას ჰქონდა წესდება, რის მიხედვითაც ხდებოდა მისი მუშაობის ორგანიზება. საზოგადოების წევრები იყოფოდნენ კატეგორიებად: მზრუნავნი, საპატიონი, ნამდვილნი, კორესპონდენტნი და დამხმარენი. მზრუნავსა და საპატიო წევრს ირჩევდნენ საზოგადოების კრებაზე ხმების უმრავლესობით. ნამდვილი წევრების არჩევა შეიძლებოდა საზოგადოების 2 წევრის წინადადებით. კორესპონდენტებსა და დამხმარეებს ირჩევდა საბჭო. საზოგადოების საქმეებს მართავდა საზოგადოების კრება და საბჭო. საბჭოს შემადგენლობაში შედიოდნენ საზოგადოების თავმჯდომარე, თავმჯდომარის ამხანაგი, მუზეუმისა და ბიბლიოთეკის მცველი, ხაზინადარი, მდივანი და 4 წევრი. საზოგადოებას ჰქონდა განყოფილებები: საისტორიო საარქეოლოგიო, საეთნოგრაფიო, საანთროპოლოგიო, სალინგვისტო და სანუმიზმატიკო.

საზოგადოებამ დაარსებისთანავე დიდი თანადგომა მოიპოვა. საზოგადოების ფუნქციონირებას აძლიერებდა სხვადასხვა სახის შემოსაწირავები (ფული, წიგნები, ხელნაწერები და სხვა); აგრეთვე, წესდების შესაბამისად, საზოგადოების წევრთა მიერ შემოტანილი თანხა (მაგ, მზრუნავი ყოველწლიურად 600 მანეთს იხდიდა) და სხვა სახის დახმარება, რაც საზოგადოებას სასარგებლო საზოგადო საქმიანობის ფართო გაშლის საშუალებას აძლევდა. საზოგადოების წევრები აგროვებდნენ და ინახავდნენ საქართველოს და მისი მოსაზღვრე ქვეყნების არქეოლოგიის, ანთროპოლოგიის, ლიტერატურის და ეთნოგრაფიის მასალებს. საზოგადოებამ გამოსცა სამეცნიერო შრომების 2 სერია: „ძველი საქართველო“ და „საქართველოს სიძველენი“; 1914 წლის გამოსცა „ვეფხისტყაოსანი“, 1916 - „შაჰნამეს“ ქართული თარგმანი (I ტომი).

1918-1921 წლებში საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების თავმჯდომარე იყო ექვთიმე თაყაიშვილი, მდივანი ს. გორგაძე. დიდი ყურადღება ექცეოდა ექსკურსია-ექსპედიციების მოწყობას, რომლებსაც ფართო მეცნიერული ხასიათი ჰქონდათ (გროვდებოდა ძველი წიგნები, ხელნაწერები, ტარდებოდა არქეოლოგიური გამოკვლევები); ეწყობოდა სხვადასხვა სახის გამოფენები. მნიშვნელოვანი იყო ძველ ქართველ ხუროთმოძღვართა ნამუშევრების გამოფენა (VI-XIX საუკუნეები). საზოგადოება დიდ საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა. ფართო აუდიტორიისათვის სხვადასხვა საკითხზე კითხულობდნენ ლექციებს საზოგადოების წევრები: ივანე ჯავახიშვილი, კორნელი კეკელიძე, მოსე ჯანაშვილი, აკაკი შანიძე, დავით კარიჭაშვილი, პავლე ინგოროყვა. საზოგადოებამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სალექსიკონო და სალინგვისტო საქმიანობას. სათანადო მასალების შეგროვებაში, კვლევასა და სისტემატიზაციაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს: ექვთიმე თაყაიშვილმა, იუსტ. აბულაძემ, ს. გორგაძემ, გ. იმნაიშვილმა, პ. კარბელაშვილმა, ი. სონღულაშვილმა და სხვებმა.

საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება ქართველოლოგიის ცენტრი იყო, მის წევრებს დიდი ღვაწლი მიუძღვით თბილისის უნივერსიტეტის დაარსებაში. 1918-1921 წლებში საზოგადოება განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ძეგლების დაცვას, შესაბამისი მოთხოვნების წარდგენას სამთავრობო სტრუქტურებისადმი. საზოგადოების თავმჯდომარის ინიციატივით ხელოვნების კომისიამ შეადგინა კანონპროექტი და პარლამენტმა დაამტკიცა კანონი ხელოვნების ძეგლების საზღვარგარეთ გატანის აკრძალვის შესახებ. საზოგადოებას აწუხებდა ძეგლების გაძარცვისა და მოპარვის ფაქტები, რის გამოც დაჩქარებულად მიმდინარეობდა ძეგლების აღწერა-შესწავლა. ძეგლების შესასწავლად გამოყოფილ „მცირე კომისიას” ე. თაყაიშვილი ედგა სათავეში. განათლების მინისტრისადმი ერთ-ერთ მიმართვაში სახელოვნებო კომისიის თავმჯდომარე 1920 წლის მაისში წერდა: „შარშან მთავრობის განკარგულებით ექვთიმე თაყაიშვილი გაგზავნილი იყო ეკლესია-მონასტრების ნივთების აღსაწერათ და ეს დავალება ნაწილობრივ მან აასრულა და მთავრობის თავმჯდომარეს შესაფერი მოხსენება წარუდგინა. აუცილებელი საჭიროება მოითხოვს, რომ წელს ამგვარი მუშაობა გაგრძელდეს, წიგნები აიწეროს, სადაც არ არის აღწერილი და მათი ფოტოგრაფიული სურათები გადმოღებულ იქმნას. მეტია იმაზე ლაპარაკი, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საქმეს ჩვენი კულტურის და ხელოვნების შესასწავლად და ნამეტნავად ზომების მისაღებად, რომ ამგვარი განძი არ დაგვეკარგოს. მასთანავე, ექ. თაყაიშვილს ამგვარ მოგზაურობიდან ყოველთვის ჩამოაქვს ეროვნული მუზეუმისათვის სამღვდელოების ნებართვით შესანიშნავი ხელნაწერები და სხვა საარქეოლოგიო ნივთები, რაც თავისთავად პირველ საზრუნავ საქმეს უნდა შეადგენდეს ჩვენთვის. ამიტომ, კომისია შუამდგომლობს, იმ თანხიდან, რომელიც საკულტურო ნივთების შესაძენად არის გადადებული, 150 ათასი მანეთი გადადვას საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების განკარგულებაში ნივთების აღსაწერად და ამათი ფოტოგრაფიული სურათების გადმოსაღებად“. კომისიამ პირდაპირ მთავრობის თავმჯდომარეს მიმართა ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გურიაში შესწავლილ, შემოქმედის მონასტერში არსებულ მდგომარეობაზე. მიმართვაში ვკითხულობთ: „შემოქმედის მონასტერი გაძარცვეს ავაზაკებმა, ნაწილი ნაძარცვი ნივთებისა მილიციამ აღმოაჩინა და სრულიად დალეწილი და გაფუჭებული ახლა ინახება ოზურგეთის ხაზინაში, ნაწილი თვით შემოქმედის მონასტერში, ზოგიერთი ნივთების აღდგენა შეიძლება და აუცილებელიც არის, უამისოდ ამ ნივთებს ყოველგვარი მეცნიერული და ხელოვნური მნიშვნელობა დაეკარგება. ამიტომ, კომისია შუამდგომლობს, მოახდინოთ სათანადო განკარგულება, რომ ეს ნივთები სრულიად გადმოტანილ იქმნას ტფილისში და მათი აღდგენის ზრუნვის გაძღოლას იკისრებს საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების საბჭო საეკლესიო საბჭოსთან შეთანხმებით, ნაწილი ნივთებისა ინახება თვით შემოქმედის მონასტერში და მათი ჩამოტანის ნებართვას საზოგადოება საკათალიკოსო საბჭოს გამოსთხოვს“. საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება დიდი ამაგი დასდო მონასტრებში დაცული საეკლესიო ქონების აღნუსხვასა და გადარჩენას. (დოდო ჭუმბურიძე)


ლიტერატურა

  • რ. მეტრეველი, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, „ხელოვნება“, თბ., 1982;
  • სცსა, ფ. 1833, აღწ. 1, საქ. 1006.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები