საქართველო (გაზეთი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„საქართველო“ (24.V.1915 - 25. II. 1921) - ყოველდღიური გაზეთი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის ორგანო. გამოდიოდა ჟურნალ „კლდის“ (1912 - 1915) დახურვის შემდეგ. 1920 წლის 10 დეკემბერს, შსს-ს დადგენილებით, გაზეთის გამოცემა დროებით შეწყდა და იგი გამოვიდა „ახალი საქართველოს“ სახელწოდებით, რომელიც 11-ში ამავე სამინისტროს დადგენილებით კვლავ დახურეს (იხ. „სახალხო გაზეთი”, 1920 წლის 12 დეკ. №1002; აგრეთვე „სახალხო საქმე”, 1919 წ-ის 13 ნოემბ. №678). რედაქციამ მუშაობა განაახლა „ივერიის“ სახელწოდებით, შემდეგ ისევ დაიბრუნა თავდაპირველი სახელდება.

გაზეთმა რამდენჯერმე შეწყვიტა გამოსვლა ფინანსური პრობლემების გამო. გაზეთს ჰქონდა ლიტერატურულ-შემეცნებითი, ილუსტრირებული საკვირაო დამატება, რომელმაც 1917 წლიდან არსებობა შეწყვიტა. რედაქციამ კვირა დღე უქმედ გამოაცხადა და ორშაბათობით „საქართველო“ აღარ გამოდიოდა. ამრიგად, 1917 წლდან მისი პერიოდულობა განისაზღვრა კვირაში 6 ნომრის გამოცემით. „საქართველომ“ რამდენიმე რედაქტორი გამოიცვალა, რაც პარტიის შიგნით არსებულ უთანხმოებებთან იყო დაკავშირებული. 1915 წლის 24 მაისიდან - 1917 წლის 12 აპრილამდე გაზეთს მესვეურობდა ალ. (სანდრო) შანშიაშვილი, 1917 წლის 12 აპრილიდან 15 აგვისტომდე - გრ. ვეშაპელი (ვეშაპიძე), 1918 წლის 15 აგვისტოდან 1919 წლის 18 მაისამდე - გ. ქიქოძე, 1920 წლის აგვისტოდან 1921 წლის 23 თებერვლამდე - სპირ. კედია. 1920 წლის იანვარ-აპრილში გაზეთს გამოსცემდა „თბილისის ვაჭარ-მრეწველთა პალატის“ მიერ შექმნილი სარედაქციო კოლეგია, რამაც ამ ეტაპზე მისი წმინდა ინფორმაციული ხასიათი განაპირობა.

სხვა პარტიული გამოცემებისგან განსხვავებით, გაზეთი „საქართველო” მანამდე დაარსდა, ვიდრე ეროვნულ-დემოკრატიული ჯგუფი პარტიად ჩამოყალიბდებოდა (1917). მან თავის ირგვლივ შემოიკრიბა გამოჩენილ მოღვაწეთა ბრწყინვალე შემოქმედებითი გუნდი, რომელთა მოწადინებითაც „საქართველო” ეროვნული იდეალებისთვის მებრძოლ გამოცემად ჩამოყალიბდა. გაზეთის ცნობილ ავტორთაგან შეგვიძლია დავასახელოთ: მიხ. ჯავახიშვილი, გრ. რობაქიძე, ვ. ბარნოვი, გ. ქიქოძე, შ. დადიანი, რ. გაბაშვილი, შ. ამირეჯიბი, შ. ქარუმიძე, ალ. ფრონელი (ყიფშიძე), შ. არაგვისპირელი, ს. ახმეტელი, დ. ჩიქოვანი და სხვ.

მიხ. ჯავახიშვილი მ. ადამაშვილის ფსევდონიმით აქვეყნებდა წერილებს, გრიგოლ რობაქიძე კი - გივი გოლლენდის. გაზეთში აქტიურად მოღვაწეობდნენ აგრეთვე: ზაქარია ედილი (ედილაშვილი), მოსე ჯანაშვილი, ილია ჭყონია, აპოლონ წულაძე და სხვ. ისინი არაერთი საინტერესო წერილით წარსდგნენ მკითხველის წინაშე, რომელთა დიდი ნაწილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იდეით იყო გამსჭვალული. აღსანიშნავია, რომ გაზეთში თანამშრომლობდა „ცისფერყანწელი” პოეტი ლელი ჯაფარიძე. იგი 1918-1919 წლებში უძღვებოდა რუბრიკას „საქართველოს პარლამენტში” და დამფუძნებელიკრების მუშაობას აშუქებდა.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია „საქართველოს” ღვაწლი ქართული ლიტერატურისა და კულტურის წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ გაზეთი პარტიული პერიოდული ორგანო იყო, ცდილობდა, ვიწროპარტიულობისგან თავი დაეღწია და საერთო-ეროვნული პოზიციიდან ესაუბრა საზოგადოებასთან. მიუხედავად ამოცანის სირთულისა, რაც დაძაბულ და პოლარიზებულ პოლიტიკურ ატმოსფეროში მუდმივ საბრძოლო მზადყოფნას ითხოვდა ამ ტიპის პრესისგან, მაინც შეიძლება ითქვას, რომ „საქართველო” ახერხებდა ერთი პარტიის ინტერესებიდან ზოგადქართულ პრობლემებამდე ამაღლებულიყო. ამით სახელწოდებასაც ამართლებდა და მთლიანად საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს ემსახურებოდა. „საქართველო“ დამოუკიდებლობის წლებში ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფოებრივი სიმტკიცისა და ეკონომიკური აღმავლობის პოზიციაზე იდგა, დღის წესრიგში აყენებდა ქვეყნისათვის საჭირბოროტო პრობლემებს. მხარს უჭერდა პროგრესული რეფორმების გატარებას ცხოვრების ყველა სფეროში. რადიკალურად უპირისპირდებოდა პრორუსულ პოლიტიკას, მკითხველს აჩვენებდა თანამედროვე მსოფლიოს ორ დიამეტრულად საპირისპირო ძალას და ურჩევდა აერჩია დასავლური ღირებულებითი ვექტორი, რომელიც რუსეთთან შედარებით მეტი პროგრესისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნების მომტანი იყო. განსაკუთრებით თანაუგრძნობდა უკრაინის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, რომელიც თავდაუზოგავად იბრძოდა უკრაინის ტერიტორიაზე რუსი ბოლშევიკების წინააღმდეგ.

გამოცემის მესვეურები მოსახლეობას ფრთხილ, წინდახედულ და გონივრულ ქმედებას ურჩევდნენ. „ქართველებო, შეგნებულათ, შეერთებულათ, დინჯათ!“ – მოუწოდებდნენ გაზეთის ფურცლებიდან, ასაბუთებდნენ, რომ საჭირო იყო, ქართველ ერს შეეცვალა ორიენტაცია და ჩამოშორებოდა რუსეთს. გადმოსცემდნენ ქვეყანაში შექმნილ ნამდვილ ვითარებას, რუსული ორგანიზაციების ანტიქართულ საქმიანობას, მათ პოლიტიკურ ზრახვებს. გაზეთი წინააღმდეგი იყო ისეთი დემოკრატიისა, რომელიც თვალს ხუჭავდა და თავისუფლებას აძლევდა ყოველგვარ ანტიქართულ აზრსა და მოქმედებას. განსაკუთრებულ აღშფოთებას გამოთქვამდა რუსი ესერებისა და კადეტების მიმართ; დაუნდობლად აკრიტიკებდა ქართველ ბოლშევიკებს, მათ მოღალატურ საქმიანობას; ყურადღებას იჩენდა რუსეთში მცხოვრები ქართველებისადმი. ამ საკითხზე იგი ხშირად აქვეყნებდა მასალებს და სახავდა გზებს მათ სამშობლოში დასაბრუნებლად. ინტენსიურად აშუქებდა აგრეთვე საქართველოში მცხოვრები არაქართული მოსახლეობის პრობლემებს; მათ შორის სომეხთა საკითხს, მეტადრე საქართველო-სომხეთის კონფლიქტის თემას. განსაკუთრებულ ინტერესს ამჟღავნებდა სამაჩაბლოს, საინგილოსა და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს პრობლემატიკის მიმართ. საგულისხმო მასალებს აქვეყნებდა სამაჰადიანო საქართველოსა და ბათუმის ოლქში არსებული სიტუაციის შესახებ. ამ თემას ეძღვნებოდა მუდმივმოქმედი რუბრიკა „ბათუმის ცხოვრება“, რომელშიც უამრავი ცნობა იყო თავმოყრილი ქალაქის ყოველდღიურობის, მის წინაშე არსებული პრობლემების შესახებ. სათანადო ადგილს უთმობდა ლიტერატურული ნაწარმოებებსაც. უნდა ითქვას, რომ იმდროს ცალკეულ გამოცემებს საკუთარი ფავორიტი ავტორები ჰყავდა, რომელთა ნაწარმოებებსაც ინტენსიურად აქვეყნებდნენ. ეს ერთგვარი „მესაკუთრეობა” თუ „ფავორიტულობა” მსოფლმხედველობრივ და ესთეტიკურ პრიორიტეტებზე იყო დაფუძნებული და ამ გამოცემათა მიზანდასახულობით მართლდებოდა. მათ რიცხვში იყო ეროვნულ-დემოკრატიული „საქართველოც”, რომელიც „ცისფერყანწელთა” თხზულებებს ანიჭებდა უპირატესობას.

გაზეთი გვამცნობდა მოდერნისტული პერიოდიკის სიახლეებსაც (მაგ., ინფორმაცია ქუთაისში ჟურნალ „მეოცნებე ნიამორების“ გამოსვლის შესახებ (№44, 1919)). „საქართველოს“ ფურცლებზე დაიბეჭდა ცნობილი მწერლების არაერთი ნაწარმოები. მაგ., 1919 წლის ნომრებში გამოქვეყნდა ვასილ ბარნოვის „ტრფობა წამებულისა“, ვალერიან გაფრინდაშვილისა და გიორგი ლეონიძის ლექსები და სხვა.

მანანა შამილიშვილი

ლიტერატურა

  • გ. ბაქრაძე, ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია, თბ., 1947;
  • ო. ჯანელიძე, ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან, თბ., 2002;
  • ო. ჯანელიძე, საქართველოს ახალი და თანამედროვე ისტორია, თბ., 2009;
  • დ. ჭუმბურიძე, ისტორიული პორტრეტები - დასაწყისი XX საუკუნისა, თბ., 2008;
  • გ. საითიძე, ჟურ. „კლდე“ (1912-1915 წ. წ. ), გამომც. „ნეკერი“, თბ., 2003;
  • თ. სეხნიაშვილი, საქართველშო-რუსეთის ურთიერთობები 1918-1921 წლებში გაზეთ „ერთობისა“ და „საქართველოს“ მიხედვით - საქართველოს ახალი
  • ისტორიის საკითხები, თბ., 2006;
  • მ. შამილიშვილი, 1900-1910-იანი წლების ქართული ჟურნალისტიკის ძირითადი ტენდენციები, წიგნ. XX საუკუნის ქართული ლიტერატურა, თბ., 2016.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები