სახალხო გვარდია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სახალხო გვარდია – ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა ჯერ კიდევ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე შექმნეს წითელი გვარდია, რომელმაც 1917 წლის რუსეთის რევოლუციების შემდეგ საქართველოში ანარქიულ ვითარებაში წესრიგი დაამყარა. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1918 წლის 2 ივლისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო კანონი „საქართველოს რესპუბლიკის სახალხო გვარდიის შესახებ“, რითაც სოციალ-დემოკრატიული პარტიული წითელი გვარდია გადაკეთდა სახალხო გვარდიად.

კანონის მიხედვით, გვარდიის მიზანს რესპუბლიკის, მისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვა შეადგენდა. გვარდიაში სამსახური შეეძლო ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც არ ირიცხებოდა ნამდვილ სამხედრო სამსახურში, სახალხო გვარდიელი ვალდებული იყო, მთავრობის მოწოდებისთანავე გამოცხადებულიყო საკუთარ რაიონულ შტაბში იმ იარაღით და აღკაზმულობით, რომელიც მას ჰქონდა მიბარებული შტაბისაგან. მოხალისეთათვის გვარდიაში სამსახური უსასყიდლო იყო, თუმცა სამსახურებრივი მოვალეობის აღსრულების დროს მას ეძლეოდა მთავრობისაგან დახმარება, ხოლო ინსტრუქტორები და ოფიცრები იღებდნენ სახალხო გვარდიის მთავარი შტაბისაგან ჯამაგირს. გვარდია მშვიდობიანობის დროს იმართებოდა მთავარი შტაბის, საოლქო და სარაიონო შტაბების მეშვეობით.

გვარდია ომის დროს ემორჩილებოდა საერთო მთავარსარდალს. სახალხო გვარდიის გაწვევა შეეძლო მთავრობის თავმჯდომარეს, თუ მისთვის შეუძლებელი იყო ამ უფლებით სარგებლობა, გვარდიის გამოწვევის უფლება ჰქონდა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს. საგანგებო ვითარებაში ამ ფუნქციით სარგებლობა შეეძლო მთავარ და რაიონულ შტაბებს, 1919 წლიდან ადგილობრივ შტაბებს ეს უფლება ჩამოერთვათ.

სახალხო გვარდია შედგებოდა რეგულარული და არარეგულარული შენაერთებისაგან. რეგულარული შენაერთები: საგანგებო ქვეითი ბატალიონი; ცხენოსანი დივიზიონი; საარტილერიო ბრიგადა; საგანგებო ტყვიისმფრქვეველთა რაზმი; ჯავშნოსან ავტომობილთა გუნდი (1920 წლიდან ჯავშანსატანკო დივიზიონი); ჯავშნიანი რკინიგზის რაზმი; საინჟინრო გუნდი. 19 სარეზერვო არარეგულარული ბატალიონი, რომლებიც ომის დროს იკრიბებოდნენ ტერიტორიული პრინციპით: თბილისის 4 ბატალიონი; გარეკახეთის ბატალიონი; კახეთის პირველი და მეორე ბატალიონები; დუშეთის ბატალიონები, ქართლის პირველი და მეორე ბატალიონები; ახალციხის ბატალიონი, იმერეთის პირველი, მეორე და მესამე ბატალიონები; სამეგრელოს პირველი და მეორე ბატალიონები; სოხუმის, გურიის და ბათუმის ბატალიონები. მთლიანობაში გვარდიის რეგულარული და არარეგულარული შენაერთების სამობილიზაციო შესაძლებლობა დაახლოებით 15 000 მებრძოლს შეადგენდა.

დიმიტრი სილაქაძე

ლიტერატურა

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებული, თბ., 1990;
  • დ. სილაქაძე, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურისა და რიცხოვნობის
  • საკითხისათვის, საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, შრომები, ტ. III, თბ., 2011.


წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები