სახალხო გვარდიის მთავარი შტაბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სახალხო გვარდიის მთავარი შტაბი - 1918 წლის 2 ივლისს ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული კანონის თანახმად, გვარდიის უმაღლესი მმართველი ორგანო იყო მთავარი შტაბი, რომელსაც ირჩევდა მთავრობის თავმჯდომარე შტაბის მიერ წარმოდგენილი კანდიდატებისაგან. მთავარი შტაბი რეგიონებში ფუნქციონირებდა რეგიონალური შტაბების მეშვეობით. სახალხო გვარდიის გაწვევა შეეძლო მთავრობის თავმჯდომარეს. თუ მისთვის შეუძლებელი იყო ამ უფლებით სარგებლობა, გვარდიის გაწვევის უფლება ჰქონდა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს.

1919 წლის 19 დეკემბერს მიღებული ახალი კანონის თანახმად, კიდევ უფრო დაკონკრეტდა გვარდიის დეტალები. სახალხო გვარდიის მმართველ ორგანოდ დარჩა მთავარი შტაბი, რომელიც შედგებოდა 21 წევრისაგან; მათ ირჩევდა გვარდიის ყრილობა ერთი წლის ვადით და ამტკიცებდა მთავრობა: მთავარი შტაბი პირდაპირ ექვემდებარებოდა რესპუბლიკის მთავრობას, მთავრობის თავმჯდომარის საშუალებით; მთავრობის სხდომებზე გვარდიის წარმომადგენელს ჰქონდა სათათბირო ხმა. წინა კანონისაგან განსხვავებით, მთავარ შტაბს ემორჩილებოდა საოლქო შტაბები, ხოლო ამ უკანასკნელს სარაიონო შტაბები. სარაიონო შტაბებს ერთი წლის ვადით ირჩევდა ადგილობრივ რაიონის გვარდიელთა საზოგადო კრება, ხოლო საოლქო შტაბს ამავე ვადით მთელი ოლქის გვარდიელთა კრება, რასაც საბოლოოდ ამტკიცებდა მთავარი შტაბი.

დიმიტრი სილაქაძე

ლიტერატურა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებლივი აქტების კრებული, 1918-1921, თბ., 1990; სცსა. ფ. 1833. აღწ. 1. საქ. 365.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები