საჰაერო თავდაცვის ჯარები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საჰაერო თავდაცვის ჯარები – ზოგიერთი ქვეყნის შეიარაღებული ძალების სახეობა, რომელიც განკუთვნილია ჰაერიდან და კოსმოსიდან მოსალოდნელი დარტყმებისაგან ქვეყნის ადმინისტრაციული, სამრეწველო-ეკონომიკური ცენტრების და რაიონების, შეიარაღებული ძალების დაჯგუფებების, მნიშვნელოვანი სამხედრო და სხვა ობიექტების დასაცავად. თავის ამოცანებს ასრულებენ დამოუკიდებლად და შეიარაღებული ძალების სხვა სახეობებთან ურთიერთქმედებით, მოწინააღმდეგის საჰაერო-კოსმოსური თავდასხმის საშუალებების ჰაერში და უახლოეს კოსმოსში განადგურების გზით.

საჰაერო თავდაცვის ჯარებს აგრეთვე ევალება სახელმწიფო საზღვრის დაცვა საჰაერო სივრცეში, ბალისტიკური რაკეტების შესაძლო სტარტების რაიონებზე თვალთვალი, კოსმოსური სივრცის კონტროლი, საჰაერო სივრცის გამოყენების წესის კონტროლი. საჰაერო თავდაცვის ჯარების ჩამოყალიბება დაკავშირებულია პირველ მსოფლიო ომში ავიაციის საბრძოლო გამოყენებასთან. გერმანიაში, საფრანგეთსა და რუსეთში შეიქმნა საზენიტო ზარბაზნები, რომლებმაც დასაბამი მისცეს საზენიტო არტილერიას.

დიდი ქალაქების დასაცავად ჩამოყალიბდა სპეციალური ავიარაზმები, იყენებდნენ გადამღობ აეროსტატებს და პროჟექტორებს, ჩამოყალიბდა საჰაერო თვალთვალის და შეტყობინების სამსახური. ომის შემდგომ პერიოდში გრძელდებოდა საჰაერო თავდაცვის ჯარების სრულყოფა და აღჭურვა თანამედროვე გამანადგურებელი თვითმფრინავებით, საზენიტო არტილერიით და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით, რადიოტექნიკურმა ჯარებმა მიიღეს რადიოსალოკაციო ტექნიკა. ზოგიერთი სახელმწიფოს არმიებში საჰაერო თავდაცვის ჯარები არ არის გამოყოფილი შეიარაღებული ძალების დამოუკიდებელ სახეობად; ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ამოცანების შესრულება ეკისრებათ სამხედრო-საჰაერო ძალებს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები