სელი (მცენარე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სელი – Linum bienne Mill. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტი, პროფ. ა. გორგიძის ჰერბარიუმი
სელის ნათესი საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საკოლექციო ნაკვეთი
სელის ბოჭკოს ნიმუში "ძუძუანას" მღვიმიდან

სელი - (Linum L.). საქართველოს სამეურნეო ყოფაში უძველესი დროიდან, გარდა მარცვლეული და პარკოსანი მცენარეებისა, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საზეთე-ბოჭკოვან კულტურებს, განსაკუთრებით სელს. ამ მცენარეს ეწოდება: მეგრულად – „სუ // ფსუ // ქუმუ“, ჭანურად – „სულეი“, გურულად და აჭარულად – „ლერწამი“, სვანურად – „სელ“; თუშეთსა და ფშავ-ხევსურეთში – „ქუმელი“; ქართლ-კახეთსა და იმერეთში – „სელი“ (მაყაშვილი, 1949; მაისაია და სხვ., 2005).

კოლხეთში ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ცნობილი იყო „კოლხური სელი“.

სელი საქართველოში

არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით, კოლხური სელის შესახებ ცნობებს ვხვდებით ჰეროდოტეს (ძვ.წ. V საუკუნე), ქსენოფონტეს (ძვ.წ. 435/31-355/54 წწ.); სტრაბონის (ძვ.წ. 64/63-ახ.წ. 23/24 წწ.); არქანჯელო ლამბერტის (XVII ს.) ჟან შარდენის (XVII ს.) და სხვათა თხზულებებში.

გიორგი მთაწმინდელის ცნობით, ათონის მთაზე ივერიის ლავრაში ქართველი ბერები X-XI სს.-ში ეწეოდნენ სოფლის მეურნეობას და მოჰყავდათ დიკა და სელი (ჯავახიშვილი, 1930). ლ. დეკაპრელევიჩის (1938) მონაცემებით, XII ს.-ში საქართველოში გავრცელებული იყო როგორც საბოჭკოვე, ისე საზეთე სელი.

არქეოლოგიური გამოკვლევებით მტკიცდება, რომ კოლხეთის ტერიტორიაზე უძველეს ნამოსახლარებზე (ზუგდიდის რ-ნი, ანაკლია), ნოქალაქევში (ძვ.წ. VII-I სს.), აფხაზეთში, ეშერის ნაქალაქარზე (ძვ.წ. II-I სს.) და დასავლეთ საქართველოს შავი ზღვის მთელ სანაპიროზე აღმოჩენილია მრავალრიცხოვანი კერამიკა სელის ქსოვილების ანაბეჭდებით. ამ მასალების უძველესი ნაწილი ძვ.წ. II ათასწლეულით თარიღდება, ნაწილი კი – გვიან ბრინჯაოსა და შემდგომი ხანით (მაისაია და სხვ., 2012; მაისაია, 2013).

დასავლეთ საქართველოში, კავკასიის მთისწინებში, „ძუძუანას“ მღვიმეში აღმოჩენილია სელის ბოჭკოს უძველესი ნიმუშები, რომლებიც დათარიღებულია ზემო პალეოლითით, 30 000 წლით (Kvavadze et al., 2009).

გამოდის, რომ 30 000 წლის წინ ადამიანმა იცოდა სელის ქსოვილის დამუშავება. აქამდე ცნობილი იყო, რომ ჭინჭრისაგან დამზადებული ყველაზე ძველი ძაფი, ნაპოვნია ჩეხეთში და მისი ასაკი 29 ათასი წლით თარიღდება. „ძუძუანას მღვიმეში“ აღმოჩენილი ადამიანის ხელით დართული სელის ქსოვილის ნაშთები მთლიანად ცვლის წარმოდგენას ქვის ხანის ადამიანის ინტელექტის შესახებ (ჩაგელიშვილი, (2014).

მესოპოტამიასა და ეგვიპტეში მას უხსოვარი დროიდან იყენებდნენ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულებით, განსაკუთრებით საფეიქრო საქმეში. სელის ძაფისაგან მზადდებოდა მესაქონლეობისა და მიწათმოქმედებისათვის საჭირო შრომის იარაღები.

არქეოლოგიურ ძეგლზე „გადაჭრილ გორაზე“ აღმოჩენილია სელის ბოჭკოს ნაშთები, დათარიღებული ნეოლითით (VI ათასწლეული), აგრეთვე, სამხრეთ საქართველოში – წალკაში, „საფარ-ხარაბას“ სამაროვანში (ბეშთაშენი), დათარიღებული გვიანი ბრინჯაოს პერიოდით (Kvavadze, Narimanashvili, 2006 a; 2006 b).

ფარავნის ყორღანში (III ათასწლეულის I ნახევარი), აღმოჩენილია ნაშთი სელის ქსოვილისა, რომელიც დასაკრძალავ ურემზე იყო დაფენილი (Kvavadze et al., 2007).

სელის ქსოვილის უძველესი ნაშთები ნაპოვნია აგრეთვე ერგეტას (დიხაგუძუბა, II ათასწლეულის შუა პერიოდი) და არუხლოს (VI-IV ათასწლეული) არქეოლოგიურ ძეგლებზე (Русишвили, 1990; პაპუაშვილი რ., პაპუაშვილი ნ., 2005).

სელი კოლხეთში საკულტო მცენარე იყო. სელის სამოსელი სიწმინდის, სისუფთავის სიმბოლოდ ითვლებოდა. ამიტომ ვარაუდობენ, რომ ძვ.წ. V-III საუკუნეების სამარხებში (ვანი, ქობულეთი, დაბლა გომი) აღმოჩენილი სელის ქსოვილები მიცვალებულთა სუდარის ნაშთებია. ოჩამჩირის სანაპიროზე აღმოჩენილია ე.წ. ბადიანი კერამიკის ნაშთები სელის ქსოვილების ანაბეჭდებით. ეს ქსოვილები დამზადებული იყო ადგილობრივი მოსახლეობის მიერ რამდენიმე საუკუნით ადრე, ვიდრე იქ ბერძენთა კოლონია დაარსდებოდა (Соловьев, 1950; ლომოური, 1962; Рухадзе и др., 1988; ლომიტაშვილი, 1999).

ნოქალაქევის არქეოლოგიურ ძეგლებზე (ძვ.წ. VIII-II სს.) სხვადასხვა კულტურული მცენარის ნაშთებთან ერთად აღმოჩენილია სელის (Linum bienne) კარბონიზირებული მარცვლებიც (ბოკერია, 2010). აღმოჩენილია აგრეთვე, სელის წარმოებასთან დაკავშირებული ნიმუშები (ძვ. წ. VII-I სს.): ვერტიკალური სართავ-საქსოვი დაზგის პირამიდული საწაფეები, ნართის საწმენდი ორნამენტირებული ძვლის ნივთები და სხვ. (ლომიტაშვილი, 1999).

ო. ლორთქიფანიძე (1972) არქეოლოგიური გამოკვლევებისა და ბერძნულ-რომაული წყაროების საფუძველზე ასკვნის, რომ კოლხური სელი სახელგანთქმული იყო უკვე ძვ.წ. V ს.-ში (შესაძლოა რამდენადმე უფრო ადრეც), მთელ ანტიკურ სამყაროში

სელი აღნიშნულია „დაბადების“ ქართულ ტექსტში („დაბადება“, I, II, 1884).

საქართველოს კულტურულ სელს 2 ბიოეკოლოგიურ ჯგუფად ჰყოფენ: პირველ ჯგუფში შედის შავიზღვისპირეთში გავრცელებული სელი – Linum bienne Mill., რომელიც „კოლხური სელის“ სახელწოდებითაა ცნობილი. ამ სელის გავრცელება ძველი კოლხეთის ტერიტორიაზე შემოისაზღვრებოდა სამეგრელოს, აფხაზეთისა და აჭარის ტერიტორიით. კოლხურ სელში მოცემულია როგორც ველური სელის – Linum angustifolium Huds.-ის დამახასიათებელი ნიშნები (მრავალღეროიანობა, ბუჩქის გართხმული ფორმა, ხშირი შეფოთვლა და სხვ.), ისე კულტურული სელის (საბოჭკოვე და საზეთე) თვისებები. მეორე ბიოეკოლოგიურ ჯგუფში შედის საქართველოს სამხრეთ მთიანეთში (სამცხე-ჯავახეთი) გავრცელებული სელის – Linum humille Mill (=L. usitatissimum L.) ფორმები (აკჰალკატსი, 2009; მაისაია და სხვ. 2012).

გასული საუკუნის 80-იან წლებში საზეთე მთის სელის ნათესები აღწერილია თუშეთში, ომალოსა და შენაქოში (ბერიშვილი, შანშიაშვილი, გორგიძე, 1989).

ფილოგენეტიკური გამოკვლევებით მტკიცდება, რომ კოლხური სელი, სელის კულტურის ცოცხალი რელიქტია, ხოლო კოლხეთი-კულტურის წარმოშობის ერთ-ერთი კერა (გორგიძე, 1958).

XX ს.-ის 20-50-იანი წლების მონაცემებით, სელის გავრცელების არეალი თითქმის მთელ დასავლეთ საქართველოს მოიცავდა (მაისაია, 2009).

უძველესი დროიდან სელის ფართო გავრცელება განპირობებული იყო მისი სამეურნეო-საქსოვი და საკვები მნიშვნელობით.

ანტიკური სამყაროში ცნობილი კოლხური სელის ტილოს ბერძნები „სარდონულ ტილოს“ უწოდებდნენ. ეგვიპტური მაღალხარისხოვანი ქსოვილების ღირსეულ მეტოქედ სწორედ კოლხური სელის ქსოვილი ითვლებოდა (მიქელაძე, 1967)

კოლხური სელის საექსპორტო მნიშვნელობაზე საყურადღებო ცნობებს ვხვდებით ჟან შარდენის (XVII ს.), დონ კრისტოფორო დე კასტელის (XVIII ს.) და სხვათა თხზულებებში.

ჟან შარდენი (XVII ს.) ეხება რა სამეგრელოს მხარეს, აღნიშნავს: „...მეგრელები ძირითადად შავი ზღვის სანაპიროზე გემებით შემოსულ თურქებსა და ევროპელებთან ვაჭრობენ. სამეგრელოდან გააქვთ აბრეშუმი, სელის ძაფი, ტილო, სხვადასხვაგვარი ბეწვეული, ბზა, ცვილი, თაფლი და სხვ. სამეგრელოს მთავარი დადიანი ოსმალეთს ხარკის სახით მხოლოდ სელის ტილოს უხდიდა“ (ჟან შარდენი, 1975).

იმერეთის მეფის სოლომონ I-ის დესპანი მაქსიმე ქუთათელი (XVIII ს.) თავის მოხსენებაში წერდა: „... შავი ზღვის პირზედა ნარინჯი და ზეთისხილი მოდის. აბრეშუმი, ბამბა და სელი არის იმდენი, რომ ვაჭრებს სხვა ქვეყნებშიაც მიაქვთ, დიახ, იაფად ჰყიდულობენ“ (ბერძნიშვილი, 1969).

ისტორიული ჭანეთის – რიზეს ოლქი სელის წარმოების მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. აქ ლაზები ამზადებდნენ საუკეთესო ხარისხის სელის ქსოვილებს (ჩაჩაშვილი, 1956).

მცხოვრები უხუცესთა გადმოცემით, სელის ბოჭკოსაგან ამზადებდნენ ტილოს –„ჯვალოს“. სელის ტილოსაგან დამზადებული პერანგი „სუს-ოსარეს“ სახელწოდებით იყო ცნობილი. სელის პერანგი გრილი და სასიამოვნო იყო. მამაკაცები მას ყანაში მუშაობისას ატარებდნენ. გარდა სელის პერანგისა, ცნობილი იყო სელის პირსახოცები.

სამეგრელოს ეთნოგრაფიულ ყოფაში დამოწმებულია სელის ნართისაგან თევზის საჭერი ბადეების დამზადება

სელის ქსოვილებს ქართველი ხალხის წინაპრებისათვის არა მხოლოდ სამოქალაქო, არამედ სამხედრო მნიშვნელობაც ჰქონდა. ქსენოფონტეს ცნობით, ქართული ტომის მოსინიკების მეომრებს სელის ქსოვილისაგან დამზადებული პერანგები სცმიათ, ხოლო ხალიბები სელის ჯავშან-სამკედრულებს ატარებდნენ (მიქელაძე, 1967).

სელი საკულტო მცენარე იყო, მისი სამოსელი სიწმინდის, სისუფთავის სიმბოლოდ ითვლებოდა.

ძველი კოლხების სარწმუნოებრივი წარმოდგენით, მიცვალებულის სულისათვის საჭირო იყო ცხედრის გახვევა სელის ტილოში

დასავლეთ საქართველოში (მარტვილის რ-ნი) მცხოვრები უხუცესების გადმოცემით, „წმინდა“ სამოსლის დასამზადებლად საგანგებოდ არჩევდნენ მაღალღეროიან სელს.

სელი – Linum usitatissimum L. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საკოლექციო ნაკვეთი

კოლხეთის სამეურნეო ყოფაში უძველესი დროიდან დამკვიდრებული იყო აგრეთვე სელის ზეთის წარმოება. მას სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ იყენებდნენ, როგორც დასალევად, ისე წასასმელად – მალამოების სახით. სელის თესლი შეიცავს ეთეროვან ზეთებს – 30-48%, ცილას – 33%-მდე, ნახშირწყლებს – 26%-მდე, ორგანულ მჟავებს, ვიტამინ A-ს, გლიკოზიდ ლინამარინს და სხვ. სელის თესლისაგან მიღებული პრეპარატი – ლინეტოლი გამოიყენება ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის, კუჭის პეპტიური წყლულის ფარმაკოთერაპიაში. მას აქვს დამცველ-დამაწყნარებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ლინეტოლი გარედან წასასმელად გამოიყენება თერმული დამწვრობის და კანის სხივური დაზიანების დროს, აჩქარებს ქსოვილების რეგენერაციას და ეპითელიზაციას (თურმანაული, 1997; ქვათაძე, 2009).

კოლხთა ლეგენდარული მეფის აიეტის ასული მედეა მთელ ანტიკურ სამყაროში სახელგანთქმული იყო, როგორც ჯადოსნურ წამალთა დამზადების დიდოსტატი. შესაძლებელია, რომ სელის წარმოებით განთქმულ კოლხეთში, როგორც სამკურნალო, ისე სურნელოვანი ზეთის შემზადება სელის ზეთის საფუძველზე იყო აღმოცენებული. მთხრობელთა გადმოცემით, ჭრილობის სამკურნალოდ მოსახლეობა თანაბარი რაოდენობის თაფლის სანთლის, ღორის მუცლის ქონისა და სელის ზეთით შეზავებულ წამალს ამზადებდა (მარტვილის რ-ნი, მთხრ. გ. ელიავა, 1992).

„...სელის ზეთში უნდა მოვათავსოთ კრაზანას ყვავილები, მივიღებთ ბორდოსფერ მასას, რომელიც გამოიყენება ქალური დაავადების შემთხვევაში“ (ახალკაცი და სხვ. 2008).

გლეხები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ პირველნახად ზეთს, რომელსაც ავადმყოფს გულის ტკივილის დროს უზმოზე ასმევდნენ.

გართულებული მშობიარობის შემთხვევაში ბებიაქალი კვერცხს სელის ზეთში შეწვავდა, მატყლზე დაადებდა და ისე ადებდა იარაზე (მოლოდინი, 1959; ბერიაშვილი, 1964; ჩირგაძე, 2003; მაისაია და სხვ., 2012).

სელის ზეთსახდელი – გელაზი, სამცხე-ჯავახეთი

სელის ზეთით მკურნალობდნენ კუჭ-ნაწლავის, გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი და შარდ-სასქესო სისტემების დაავადებებს. სელის ზეთის ერთ-ერთი მომხმარებელი იყო ეკლესია. მონასტრებში ზეთი გამოიყენებოდა განსაკუთრებით მარხვის პერიოდში. ქართულ ყოფაში სელის ზეთი იხმარებოდა ლობიოს, ფლავის, მხალეულის შესაზავებლად. ზეთი განათების მიზნითაც ყოფილა გამოყენებული.

სელის ზეთი გამოიყენებოდა აგრეთვე, ტყავის დამუშავებაში, საღებავის დასამზადებლად (ჩიქოვანი, 1979).

სელის მარცვლის ფქვილისაგან ამზადებდნენ ფაფას, ე.წ. „ქუმუს“. „ქუმუ“ ყუათიანი საჭმელი იყო და ერთგვარი სამკურნალო დანიშნულებაც ჰქონდა. მას იყენებდნენ, როგორც ჩირქის გამოსადენ საშუალებას. „ქუმუსა“ და თაფლისაგან აკეთებდნენ ტკბილ ნაცხობს, რომელსაც „კანძილი“ ეწოდებოდა (მაისაია და სხვ., 2005).

აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში დამოწმებულია ჭრილობების მკურნალობა სელის ტამპონებით. მარილწყალში დამბალი „სელი“ ჭრილობის დეზინფექციას ახდენდა და სისხლის დენის შეჩერებასაც ხელს უწყობდა; გარდა ამისა, მარილი ქსოვილებს კუმშავდა. მარილიანი სელის ამოღების შემდეგ ექიმი ჭრილობას „კარაქმდნარით“ (გამდნარი და გაწურული კარაქი), ერბოთი ან თაფლით „გაპოხილი“ გაჟღენთილი სელით გატენიდა ან კარაქმდნარს, ერბოსა და თაფლს ჭრილობაში პირდაპირ ჩაასხამდა. სელის ტამპონს ჭრილობაში ორი-სამი დღის განმავლობაში ჩატოვებდა. შემდეგ ჭრილობას გახსნიდა, გასინჯავდა, თუ საჭირო იყო, ჭრილობას ისევ კარაქიანი და თაფლიანი სელით გატენიდა ან სამკურნალო მცენარეებს დაადებდა. თუ ჭრილობა „პირს შეიკრავდა“ და შიგ ჩირქი ჩადგებოდა, მაშინ სელის მარცვლებს მოხალავდნენ, დაფქვავდნენ და წყალზე მოადუღებდნენ. „ქუმელის“ ფაფას რაიმე ნაჭერზე წაუსვამდნენ და ამ ნაჭრით ჭრილობას გადაახვევდნენ ან ბალბის რძეში დაალბობდნენ, ჭრილობაზე თბილ-თბილს დაადებდნენ და შეახვევდნენ. ქუმელის ფაფა და ბალბა ჭრილობის დამწიფებასა და „პირის გახსნას“ უწყობდა ხელს. როდესაც ჭრილობა პირს გაიხსნიდა და ჩირქი წამოვიდოდა, მაშინ ჩირქის ამოსაწმენდად, დაჩირქებული ღია ჭრილობის სამკურნალო წამლებს იყენებდნენ (მინდაძე, 1981).

ჯავახეთში ორნაირი სელი ითესებოდა: ბრტყელი და გრძელი. გრძელი სელის ბოჭკოსაგან კარგი ქსოვილი მზადდებოდა, ბრტყელი სელისგან კარგი და ბევრი ზეთი გამოდიოდა. აგვისტოს მიწურულს, როცა სელი კარგად მომწიფდებოდა, მოთიბავდნენ. საძნე ანუ „ბჯის ურმით“ კალოზე მიიტანდნენ და პატარა ურემზე გამობმული კევრით ლეწავდნენ. ხორბალთან შედარებით სელი მსუბუქად უნდა გალეწილიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში სელის მარცვალი იმტვრეოდა დ მისი შემდგომი გამოყენება ძნელდებოდა. კალოზე გალეწილი სელის მარცვალს ჩვეულებრივ განიავებდნენ, გაასუფთავებდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიტანდნენ ზეთსახდელში. ზეთსახდელის კალო ქვის ფილებით მოფენილი სალეწი იყო. სელის ზეთი გამოიყენებოდა საჭმლის დასამზადებლად, ხოლო ქვის გეჯაში დარჩენილი გაწურული სელის მასა (კოპტონი)– საქონლის საკვებად, რომელიც რძეს აძლევდა მაღალკალორიულობასა და ცხიმიანობას. ასეთი რძისაგან დამზადებული ყველი იშვიათი გემოთი გამოირჩეოდა (ჩიქოვანი, 1982).

მესხეთში სელი მემინდვრეობის ერთ-ერთი უძველესი და მნიშვნელოვანი კულტურა იყო. რაც განპირობებულია ამ კულტურის მრავალმხრივი გამოყენებით – საკვებად, საქსოვად, ცხიმის მისაღებად. მესხეთში სელის სამი ჯიში მოჰყავდათ: ბრტყელი სელი, წიწმატა სელი და შავი სელი. სელს მესხეთში ძირითადად იყენებდნენ ზეთის გამოსახდელად. განსაკუთრებით მიღებული იყო ბრტყელი სელის ზეთი. გაზაფხულზე, ვიდრე მიწა სველია, სელის თესვას ერიდებოდნენ. ხალხური დაკვირვებით, მშრალად დათესილი სელი უფრო მეტ მოსავალს იძლეოდა. ამიტომ მიწა, როცა შეშრებოდა, მაშინ თესავდნენ. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ მოსავლის აღების ვადებს, რადგან სელის მწიფე თავთავებს ჩაბნევისადმი მიდრეკილება ახასიათებს. ამიტომ იღებდნენ შედარებით ნედლ თავთავებს. შემდეგ კალოზე აშრობდნენ და კევრით ლეწავდნენ. სელის მარცვალს გალეწვის შემდეგ სათანადოდ ამუშავებდნენ. ზამთარში ან გვიან შემოდგომით ზეთს ხდიდნენ სპეციალური ზეთსახდელებით. სელის ზეთს როგორც ერბოს, ისე ხმარობდნენ. მესხეთის მოსახლეობა სელის ზეთით აკეთებდა სადილებს, ქადას, ნამცხვარს, ბიშიც კარგი გამოდიოდა. ზეთს ინახავდნენ თიხის ქოთნებში (ბერიაშვილი, 1973).

ქუმელს (სელს) საკვები ზეთის მიღების მიზნით, ხშირად ყანის ირგვლივ შემოთესავდნენ. ნათესი სქლად რომ არ ამოსულიყო, ამიტომ თესლში ორ წილ ქვიშას შეურევდნენ. შემოსვლისას სელი ხორბალივით ყვითლდებოდა, შემოსულ ქუმელს ხელით იღებდნენ. ხელით მოგლეჯილს კრავდნენ კონებად და კონებს დატოტვილ სარზე - “ჩხარზე” ასხამდნენ და ასე დატოვებდნენ ერთი კვირის განმავლობაში, რომ გამომშრალიყო. გამომშრალ კონას აიღებდნენ, ფიცარზე დარტყმით ნაყოფს გააყრევინებდნენ და თუ რაიმე შერჩებოდა, რკინის საშუალებით ჩამობერტყავდნენ - გარიკავდნენ. ამის შემდეგ “რიჭით” გაანიავებდნენ. სანამ საკვებად გამოიყენებდნენ, ესაჭიროებოდა “დატყრობა”: დაყრიდნენ “წალოზე” ცეცხლს შეუნთებდნენ და მოხალავდნენ. ამის შემდეგ დიდი ზომის გურჩით ფილში უნდა დაენაყათ - დაებეგვათ. ქუმელის სანაყი ფილი ღრმა უნდა ყოფილიყო, რადგან ნაყვის დროს გამონადენი ზეთით სანაყი ქვა ცურვას დაიწყებდა. ღრმა ფილში კი ქუმელი ერთად მოიყრიდა თავს და ნაყვა ადვილდებოდა. დანაყილ ქუმელს მარილით შეაზავებდნენ და ინახავდნენ. ამ ნაზავს იყენებდნენ დიდმარხვაში საჭმლის შესაკაზმად (ჯალაბაძე, 1986).

წალკის მხარეში საზეთე სელის ორი სახეობა იყო ცნობილი: ბრტყელი სელი და შავი სელი. უპირატესობას ზეთის ხარისხის მიხედვით ბრტყელ სელს ანიჭებდნენ. შავი სელი უმეტეს შემთხვევაში საქონლის გასაზეთად და გასანათებლად იყო გამოყენებული. სასელე მიწას არჩევდნენ მაღლობ, მთაგორიან ადგილას. მიწას მარტში დახნავდნენ. დახნულს ფარცხით მოფორცხავდნენ. სელს მოხვნისთანავე დათესავდნენ. ღრუბლიანი დღე უნდა ყოფილიყო, რომ თესლს მიწაში სინესტე და სიგრილე შეენარჩუნებინა. დათესვის შემდეგაც ნათესს დაფარცხავდნენ. სელის ნათესი სქელი (ხშირი), რომ არ ყოფილიყო, სათესლე მასალას მშრალ მიწას აურევდნენ და ისე მოაბნევდნენ ხნულში.

მთხრობელის გადმოცემით, წვერიანი კაცი სელის თესვის წინ წვერზე ხელს ჩამოისვამდა და როგორც წვერია, იმ სისქით დათესავდა სელს. სელი დაახლოებით ერთ კვირაში ამოდიოდა. მოსავალს მარიამობის ბოლოს ან ენკენისთვის დასაწყისში იღებდნენ. მარცვლის დამწიფებას კოლოფის ფერითა და მისი ხელში მოფშვნეტით ამოწმებდნენ. სელი დაბალი იზრდებოდა, ამიტომ ცელით მკიდნენ და ზვინებად აყენებდნენ. მკიდნენ ოდნავ ნედლს, მარცვლის მოსავალი რომ არ დაკარგულიყო. სელი ილეწებოდა კალოზე, რომელიც კარგად იყო დატკეპნილი და მოსწორებული. სელს ჩვეულებრივ კევრით ლეწავდნენ. შემდეგ ცხრილებში ცხრილავდნენ და გაცხრილულს ბეღელში ტომრებით შეინახავდნენ. ზეთს ხდიდნენ ზამთარში. სელის ბზეს – „ჯაგანს“ საქონლისა და ღორების გამოსაკვებად ხმარობდნენ, ღეროთი – „ჩანდირით“ სახლის ბანს ხურავდნენ (მოლოდინი, 1959, 1963).

ძველად საქართველოში 3 ჯიშის სელი ითესებოდა:

  1. მაღალი სელი (საბოჭკოვე)– იძლეოდა კარგი ხარისხის ბოჭკოს და ცოტა თესლს.
  2. ხვეულა – ხუჭუჭა სელი (საზეთე) – შედარებით დაბალი იყო, იძლეოდა მდარე ხარისხის ბოჭკოს და უხვ თესლს.
  3. საშუალო სიმაღლის სელი – ჰქონდა საშუალო ღირსების ბოჭკო და იძლეოდა არცთუ ბევრ თესლს (რეხვიაშვილი, 1969; ბერძნიშვილი, 1969).

ძველი კოლხებს უმთავრესად მაღალი სელი მოჰყავდათ

სამეგრელოში (ხობის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, ჩხოროწყუს რ-ნები) მცხოვრებ უხუცესთა გადმოცემით: „...სელს ყამირი ანუ ახლად გატეხილი ნიადაგი უყვარს. თესავდნენ შემოდგომაზე, სიმინდის აღების შემდეგ. მიწას „ოგაფათი“– ხის კავით ხნავდნენ და სელის თესლს – „სუს“ ნახნავში პეშვით მიმოაბნევდნენ. ხშირად თესლს ურევდნენ ქვიშას, რათა ერთნაირი სიხშირის აღმონაცენი ყოფილიყო. დაახლოებით 10-12 დღის შემდეგ, ზოგჯერ უფრო გვიანაც ნათესი აჯეჯილდებოდა. ნათესი კარგად იზამთრებდა და ნაზამთრი სელი გაზაფხულზე ტანს აიყრიდა. დაახლოებით ივნისის დასაწყისში ღეროს ქვედა ფოთლები შეუყვითლდებოდა, რაც სიმწიფის ნიშანი იყო“. მომწიფებულ სელს ხელით გლეჯდნენ. თუ სელი მოწევისთანავე მოიგლიჯებოდა, მეტი ბოჭკოს მიღება შეიძლებოდა, სამაგიეროდ, მისგან დამზადებული ქსოვილი ტლანქი გამოდიოდა. თუ სელი მოიკრიფებოდა მაშინ, როდესაც ქვედა ფოთლები შეუყვითლდებოდა, მაშინ ცოტა ბოჭკოს ღებულობდნენ, მაგრამ მისგან უფრო წმინდა ქსოვილი მზადდებოდა. აღებულ მცენარეს შეკონავდნენ და აწყობდნენ ჩრდილში, რათა სელის ღეროები თანაბრად – „ნება ნებად“ – შემჭკნარიყო. დაჭკნობის პროცესი სამი დღე გრძელდებოდა. მეოთხე დღეს შეიძლებოდა მათი აკრეფა. სელის შემჭკნარი კონებიდან ჯერ მარცვალს გამოფშვნიდნენ. ამისათვის გაშლიდნენ ჭილოფს, დააწყობდნენ სელის ძნებს და ფეხით სრესავდნენ ან „საგვემელით“ ბეგვავდნენ, დააყრევინებდნენ მარცვალს. მარცვალგაცლილი სელის კონებს ხსნიდნენ და სამი დღის განმავლობაში მზეზე გაფენდნენ გასაშრობად. შემდეგ კვლავ შეკონავდნენ, კონებს გამდინარე წყალში დებდნენ ან 3 ღამეს ღია ცის ქვეშ აწყობდნენ. დანამული სელის კონა ინახებოდა მშრალ ადგილას და საჭიროების მიხედვით იყენებდნენ. მთხრობელთა გადმოცემით „სელი გურიაში ითესებოდა ძველად, მისგან ძირითადად ქსოვდნენ კარზინებს (ორხელიან კალათებს) და ჭილოფებს“ (ჩოხატაურის რ-ნი, სოფ. ზემო ფარცხმა, მთხრ. ს. ვაშალომიძე, 2014 წ.).

სელის „დაქსელვის“ ერთ-ერთი უძველესი ხელსაწყო „დგიმი“ იყო. თანამედროვე აგროტექნიკის გათვალისწინებით, საბოჭკოვე სელისათვის შერჩეული უნდა იყოს საკმაოდ ნოყიერი, ზომიერი სინესტისა და სარეველებისაგან გასუფთავებული ნიადაგი.

კოლხურ სელს განვითარების საშემოდგომო ციკლი ახასიათებს, ამიტომ ის უნდა დაითესოს შემოდგომაზე, ყინვების დაწყებამდე, ვიწრო რიგებად. სელის მოსავლის აღება საბოჭკოვედ შეიძლება მაშინ, როდესაც მცენარე ჯერ კიდევ მწვანეა; ხოლო სამარცვლედ, როდესაც კოლოფების 80-90% გაყვითლდება-გაყავისფრდება.

საქართველოს, განსაკუთრებით ძველი კოლხეთის, ეკონომიკურ ცხოვრებაში სელის ქსოვილების წარმოებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

XIX ს.-ში კი საექსპორტო საქონლის წარმოებაში პირველ ადგილს თანდათანობით იკავებს აბრეშუმის ქსოვილები, ხოლო XX ს.-ის მეორე ნახევრიდან - ევროპული ნაწარმი. ამის გამო სელის წარმოება დაცემის გზას დაადგა.

უძველესი კულტურის ეს ცოცხალი რელიქტი, საქართველოში ამჟამად თითქმის გამქრალია.

სელი – ბიბლიური მცენარე

„დაიცავით ჩემი წესები: პირუტყვს ნუ შეაჯვარებ ერთმანეთთან; ნუ დათესავ ყანაში ორნაირ თესლს; ნუ ჩაიცვამ მატყლისა და სელისგან მოქსოვილ ტანისამოსს“. (ლევიანნი 19, 19)


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები