სვანეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:29, 7 ივლისი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სვანეთისაქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი ტერიტორიულ-ეთნოგრაფიული ერთეულია. იგი დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში, კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს. სვანეთი ზემო სვანეთად (ენგურის ხეობა) და ქვემო სვანეთად (ცხენისწყლის ხეობა) იყოფა. ასევე ცალკე გამოიყოფა კოდორის ხეობის სვანეთი, სადაც სვანები XIX ს. არიან დასახლებული, მაგრამ უფრო ადრეც აქ სვანები მკვიდრობდნენ, რასაც ანტიკური წყაროებიც ადასტურებენ, რომლებიც სვანებს „მისიმიანელების“ სახელით მოიხსენიებენ. სვანების თვითსახელწოდება „მუ-შუან“ ბერძნულ ენაზე „მისიმიანად“ გარდაიქმნა (ყაუხჩიშვილი, 1936, გვ. 277-280; მელიქიშვილი, 1965, გვ. 67).

ადმინისტრაციულად ზემო სვანეთი მესტიის რაიონში შედის, ქვემო სვანეთი - ლენტეხის რაიონში, ხოლო კოდორის (დალის) სვანეთი - აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში. სვანეთს აღმოსავლეთით რაჭა ესაზღვრება, სამხრეთით - ლეჩხუმი და სამეგრელო, დასავლეთით-აფხაზეთი, ხოლო ჩრდილოეთით კავკასიონის მთავარი ქედის იქითა მხარეს-ყარაჩაი და ბალყარეთი.

სვანები თავდაპირველად უფრო ვრცელ ტერიტორიაზე იყვნენ განსახლებულნი. მათ თავის დროზე ეჭირათ ლეჩხუმისა და რაჭის მნიშვნელოვანი ნაწილი. სვანები ცხოვრობდნენ დღევანდელი სამეგრელოს გარკვეულ ტერიტორიაზეც. სტრაბონი წერს, რომ სვანები კავკასიონის მწვერვალებზე, დიოსკურიის ზემოთ ცხოვრობენო, ე.ი. დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზეც ყოფილან განსახლებულები, რასაც უდავოდ მოწმობს ის სვანური ტოპონიმები, რომლებიც არაერთია აფხაზეთში და მათ შორის „სოხუმი,“ რომლის თავდაპირველი სახელწოდება „ცხუმი“ იყო.

სვანები განსახლებულნი ყოფილან ჩრდილოეთ კავკასიაშიც, მდინარეების - თერგისა და ყუბანის სათავეებში, სადაც ასევე დასტურდება სვანური ტოპონიმები (ლავროვი, 1956, გვ. 78, 89). თერგის, ბახსანის და ყუბანის სათავეებში ამჟამადაც არის სვანური ტიპის სხვადასხვა შენობა-ნეგებობანი. სვანეთი ჯერ დასავლეთ საქართველოს ეგრის-ლაზიკის მეფეებს ემორჩილებოდა, შემდეგ - ერთიანი საქართველოს მეფეებს. სვანეთი, როგორც პოლიტიკურად, ისე კულტურულად საუკუნეთა მანძილზე საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო. სვანებს ისეთივე წილი აქვთ შეტანილი ერთიანი ქართული კულტურის შექმნაში, როგორც საქართველოს დანარჩენი ეთნოგრაფიული ერთეულების წარმომადგენლებს. მიუხედავად იმისა, რომ სვანებისათვის საოჯახო სამეტყველო ენა ერთ-ერთი ქართველური ენა სვანური იყო, დღემდე შემორჩენილი ყველა საისტორიო საბუთი სვანეთში ქართულ ენაზეა შესრულებული და ბევრ მათგანში სვანები ღმერთს შესთხოვენ არამარტო თავიანთი თემისა და სვანეთის, არამედ „ერთობილი საქართველოს“ სიკეთეს.

სვანეთი თემებად იყოფოდა. ქვემო სვანეთი, რომელიც სამეგრელოს მთავრების გამგებლობაში იყო სამი თემისაგან (ლენტეხი, ჩოლური, ლაშხეთი) შედგებოდა. ზემო სვანეთი, რომელიც ბალის ქედით ორ ნაწილად იყოფოდა, 12 თემის ერთობლიობას წარმოადგენდა. ბალს ქვემო სვანეთი დადეშქელიანების სამფლობელო იყო და მასში ეცერის, ფარის, ცხუმარის და ბეჩოს თემები შედიოდა. თავისუფალ სვანეთში კი რვა თემი იყო: ლატალი, ლენჯერი, მესტია, მულახი (მულახ-მუჟალი), წვირმი, იფარი, კალა და უშგული.

სვანეთი ქართული ეკლესია-მონასტრების განძთსაცავი იყო. ამავე დროს სვანი ოსტატების მიერ დიდი რაოდენობითაა შექმნილი ოქრომჭედლობის, კედლის მხატვრობისა და ხეზე კვეთის ნიმუშები. სვანეთი კოშკების მხარეა, რომლებსაც თავდაცვის ფუნქცია ჰქონდათ. აქ ორასამდე კოშკს ითვლიან. სვანეთში ყველა გვარს თავისი კოშკი ჰქონდა, რომელთა მშენებლობაში მთელი სოფელი, თემი მონაწილეობდა. არანაკლებ საყურადღებოა კოშკების გვერდით მიდგმული ქვითკირის ორსართულიანი ძველი საცხოვრებელი სახლები. შემორჩენილია ასამდე, ბუნებრივ-გეოგრაფიულ გარემოში შესანიშნავად ჩაწერილი ეკლესია. სვანური მცირე ზომის ეკლესიები ერთნავიანი და დარბაზული ტიპისაა. ისინი ძირითადად XXV სს. შექმნილი და დამშვენებულია ქართული წარწერებით. სვანეთი საქართველოს ერთადერთი ეთნოგრაფიული მხარეა, სადაც ეკლესიის გარეთა კედლებზე ფრესკები გვხვდება. ამასთანავე, გარე კედლებზე შესრულებული ზოგიერთი ფრესკა საეკლესიო-სასულიერო მოვლენასთან როდია დაკავშირებული. მაგალითად, ლაშთხვერისა და ჩაჟაშის ეკლესიების გარე ფრესკებზე მოსე ხონელის „ამირან-დარეჯანიანის“ რამდენიმე სიუჟეტია გამოსახული.

სვანებს ჰქონდათ საერთო სასვანო დროშა - ლემ, რომელიც ზემო სვანეთის დროშად ითვლებოდა. „ლემ“-ი სინამდვილეში მგლის გამოსახულებას წარმოადგენდა.

სვანეთი მდიდარია მუსიკალური ფოლკლორით. განსაკუთრებით აღსანიშნავია საყოველთაოდ ცნობილი მზისა და განთიადის საგალობლები, საგმირო და საფერხულო - სახუმარო სიმღერები. სვანურმა ყოფამ დღემდე შემოინახა სიმღერის განსაკუთრებული სახე, სამგლოვიარო სიმღერა - „ზარი,“ რომელსაც მხოლოდ მამაკაცები ასრულებენ. ბალს ზემო სვანეთის ყველა თემში მხოლოდ ამ თემისათვის დამახასიათებელი, ორიგინალური ზარი სრულდებოდა, ბალსქვემო სვანებს კი ერთი ზარი ჰქონდათ. სვანეთისათვის დამახასიათებელია ეპიკური პოეზია - საგმირო ბალადები, რომლებიც ურითმოა.

სვანური სოფლები მჭიდრო დასახლებით გამოირჩეოდა. აქ მცირე დასახლებული პუნქტები გვქონდა. მიწის ფართობი დიდი დასახლებული პუნქტების წარმოქმნის საშუალებას არ იძლეოდა. XIX ს. ბოლოს სვანეთში ასორმოცზე მეტი სოფელი იყო. მესაქონლეობა სვანეთში, მარცვლეულის მეურნეობასთან ერთად, სოფლის მეურნეობის მთავარი დარგი იყო. სვანეთი თითქმის ერთადერთი ისტორიულ-ეთნოგრაფიული რეგიონია, სადაც სათიბები ირწყვებოდა, რაც ზაფხულის განმავლობაში ბალახის ორჯერ მოთიბვის საშუალებას აძლევდა აქაურ მკვიდრებს (გეგეშიძე, 1961, გვ. 116-118). სვანები მატყლისაგან ამზადებენ ქუდებს და ნაბდებს. სვანური ქუდები, რომლებიც მთელ საქართველოში მოწონებით სარგებლობდა და სარგებლობს, სამი ფერის (თეთრი, შავი და რუხი) მზადდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ სვანეთი მაღალმთიანი ეთნოგრაფიული რეგიონი იყო, ის ჩაკეტილი, დანარჩენი საქართველოსაგან მოწყვეტილი არ ყოფილა. სვანებს მჭიდრო სამეურნეო-ეკონომიკური კავშირები ჰქონდათ ჩრდილოეთ კავკასიელ მთიელებთანაც იმ არაერთი გზა-ბილიკით, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იყო გაჭრილ-გაყვანილი. 50 სვანეთისათვის ნიშანდობლივი იყო გარე სამუშაოზე სიარული. მოსახლეობის ერთი ნაწილი – შრომისუნარიანი მამაკაცები სვანეთიდან დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა ეთნოგრაფიულ რეგიონში გადიოდა სამუშაოდ. სვანების გარე სამუშაოზე გასვლა გვიან გაჩენილი მოვლენა კი არ იყო, არამედ ის ისტორიის სიღრმეში იყო წარმოქმილი და საქართველოს არც სხვა მთიანი ეთნოგრაფიული მხარეებისათვის იყო უცხო.

სვანების გარე სამუშაოზე სიარული დაფიქსირებულია 1503 წ. საისტორიო საბუთში. აღნიშნული მოვლენა იყო სვანეთის ბართან სამეურნეო-ეკონომიკური კავშირის ერთ-ერთი სახე. ამასთანავე, ეს იყო ერთგვარი წინაპირობა სვანეთის მოსახლეობის ბარში გადასახლებისა. გარე სამუშაოზე სიარული, რომელიც სახნავ-სათესი მიწების სიმცირით იყო გამოწვეული, ხანგრძლივი ზამთრის პერიოდში ხდებოდა. გარე სამუშაოზე გასული სვანები ძირითადად მუშაობდნენ ხე-ტყის დამზადებაზე, სამშენებლო მასალის ხერხვაზე, ტყის გაჩეხვაზე. ბარავდნენ ბაღებსა და ვენახებს, ჭრიდნენ თხრილებს და სხვ. საყურადღებოა, რომ 1909 წელს 1646 პასპორტი გაუციათ გარე სამუშაოზე გამსვლელთათვის.

ვახუშტის (გვ. 788) დახასიათებით, სვანები „არიან კაცნი დიდტანოვანნი, ახოვანნი, დიდ-მძლედ მუშაკნი, ბართა ვერ შემმართებელნი, მთათა სიმაგრეთა და ციხეთა შინა მაგარნი, სიკუდილის არა მომდსენენი...სარწმუნოებით არიან იმერთა თანა ქართულითა და უმეცარნი აწ მისნიცა.” აკად. ნ. ბერძენიშვილი ხაზგასმით აღნიშნავდა თავისუფალ მთიელთა, კერძოდ სვანთა, უდიდეს პოლიტიკურ როლს ქვეყნის ცხოვრებაში ("მოლაშქრენი მეფისა!") შუა საუკუნეების მთელ სიგრძეზე.


წყარო

საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები