სვეტი-ცხოველი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სვეტი-ცხოველი - უფლის კვართსა და სიდონიას საფლავზე ამოსული კვიპაროსი სამი ასწლეულის მანძილზე იდგა როგორც ბეჭედი უდიდესი სიწმიდისა.

მცხეთის მცხოვრებლებმა შეამჩნიეს, რომ სნეული ჩიტები მიფრინდებოდნენ ხესთან, სხდებოდნენ ტოტებზე, კენკავდნენ წიწვებს და იკურნებოდნენ. გარეული ცხოველებიც მოდიოდნენ და ისინიც ჭამდნენ ჩამოცვენილ წიწვებს. გავიდა საუკუნეები, ხალხს დაავიწყდა ქრისტეს კვართი და სიდონიას საფლავი, მაგრამ თვით კვიპაროსს კი კვლავ თაყვანს სცემდნენ.

წმინდა ნინომაც გამოსცადა თავის თავზე ამ კვიპაროსის განმკურნებელი და სასწაულმოქმედი ძალა. ამიტომ მირიან მეფეს ურჩია სწორედ ამ კვიპაროსის ადგილას აეგო ქრისტიანული ტაძარი, მრავალი სასწაულის მხილველი წმ. ნინო ფიქრობდა, რომ შესაძლოა სწორედ აქ იყოს უფლის კვართი დაფლული.

წმ. მირიან მეფემ დაუჯერა წმ. ნინოს: მოაჭრევინა კვიპაროსი და მისგან შვიდი სვეტი გამოათლევინა, რადგან სურდა მცხეთის ტაძარი ისევე ყოფილიყო აგებული შვიდ სვეტზე, როგორც სოლომონის ტაძარი. 6 სვეტი აღმართეს, მეშვიდე კი ადგილიდან ვერ დაძრეს. დადარდიანებული მეფე მირიანი გვიან ღამით დაბრუნდა სასახლეში, ხოლო წმ. ნინო და მისი სულიერი დები მთელი ღამე ლოცულობდნენ. გათენებისას ყველას ეძინა წმ. ნინოს გარდა. უეცრად მის წინ საოცრად დიდი ნათელი დაეცა, რამაც ზევით ააწევინა თავი. წმ. ნინომ იხილა უფლის ანგელოზი მთლიანად გაბრწყინებული ახალგაზრდა კაცის სახით, რომელმაც სამი სიტყვა უთხრა გაოცებულ და შეცბუნებულ ქალწულს, მერე კი ხელი მოკიდა სვეტს და ჰაერში გააჩერა იგი ხის გადანაჭერის პირდაპირ. ჯერჯერობით არ ვიცით, თუ რა უთხრა ანგელოზმა წმ. ნინოს, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ თავის დროზე ეს სამი სიტყვაც გაცხადდება, რადგან უფალმა გვასწავლა: არ არსებობს დაფარული, რომელიც არა გაცხადდესო.

სვეტი ცეცხლის ენას დაემსგავსა, რომელსაც თავზე შვიდი ვარსკვლავით გაბრწყინებული სამეფო გვირგვინი დაედგა, ქვემოდან კი სურნელოვანი მირონი სდიოდა.

დილას მცხეთის ყველა მცხოვრებმა, მათ შორის მეფე მირიანმაც, მეფის ბაღში, იხილა მოგიზგიზე სვეტი. ყველა სირბილით გაეშურა მეფის ბაღისაკენ, რადგან ხანძარი ეგონათ. ადგილზე მისულებმა მუხლი მოიყარეს ჰაერში თავისით ჩამოკიდებული (ანგელოზს წმ. ნინოს გარდა სხვა ვერავინ ხედავდა) მირონმდინარე სვეტის წინაშე. ამ მირონს ყველანაირი სენის განკურნების უნარი აღმოაჩნდა და ვინც მას ქრისტეს რწმენით იცხებდა მტკივნეულ ადგილას, ყველა იკურნებოდა. მემატიანეს სიტყვებით, როცა მცხეთის ყველა მორწმუნე ავადმყოფი განიკურნა, სვეტი ნელ-ნელა დაეშვა თავის გადანაჭერზე და ისე შეუერთდა მას, თითქოს არასოდეს ყოფილა მისგან დაშორებული.

ამდენი სასწაულის მხილველმა ხალხმა ამ სვეტს „ცოცხალი“ სვეტი ანუ „სვეტი-ცხოველი“ უწოდა.

სარჩევი

სვეტი-ცხოვლის სასწაულები

სვეტიცხოველს უამრავი სასწაული მოუხდენია, ჩვენ მხოლოდ რამდენიმე განსაკუთრებულის შესახებ მოგითხრობთ.

  • სვეტიცხოვლის ყველაზე დიდი სასწაული მირონმდინარე ცეცხლის სვეტად გამოჩინება იყო. წმ. მამები მას ადარებენ იმ ცეცხლის სვეტს, რომელიც წინ უძღოდა ებრაელ ერს უდაბნოში ორმოცი წლის ხეტიალის დროს.
  • კახეთის დედოფალი სუჯი მონათვლის შემდეგ სვეტიცხოვლის მოსალოცად წამოვიდა. არაგვი საშინლად ადიდებული დახვდა. მეორე ნაპირიდან აფრთხილებდნენ სუჯი დედოფალს, წყალში არ შესულიყო, რადგან არაგვს იმ დღეს რამდენიმე მხედარი ცხენიანად წაეღო.

დედოფალი ცხენიდან ჩამოვიდა, ჩაიმუხლა და მხურვალედ შეევედრა სვეტიცხოველს, რომ მეორე ნაპირზე გადაეყვანა და ღირსი გაეხადა მისი თაყვანისცემისა.

პირჯვარი გამოისახა, არაგვსაც ჯვარი გადასახა, ამხედრდა ცხენზე და აბობოქრებულ არაგვში შეაგდო ცხენი. ყველა მხლებელი გაჰყვა და მოხდა სასწაული, რაც მოსეს და იესო ნავეს დროს აღესრულა: (მოსეს დროს მეწამული ზღვა გაიყო შუაზე და ისე გაიყვანა მშრალზე ებრაელები, იესო ნავეს დროს - იორდანე) ნათლის სვეტი დაეცა არაგვს, მის ორივე მხარეს ზღუდედ აღიმართა მდინარე და ფეხდაუსველებლად გავიდნენ მეორე ნაპირზე. ამ სასწაულის თვითმხილველნი პირქვედამხობილნი ადიდებდნენ უფალს და სვეტი-ცხოველს.

  • კაცობრიობის მტერი - სატანა - ყველას შეცდენას ცდილობს. ერთხელ, როცა სვეტიცხოვლის ტაძარში წმიდა დავით მეფე ლოცულობდა, ერთი წამის რაღაც მეათასედ ნაწილში ეჭვმა გაჰკრა, ნეტავ მართლა ამ სვეტის ქვეშააო უფლის კვართი?!

წმ. მეფე დავითს ღამე ასეთი ხილვა ჰქონდა: თითქოს სვეტიცხოვლის ტაძარში იყო; სვეტიცხოვლის თავზე იჯდა მოხუცი, მთლიანად გაბრწყინებული „სახედ ძველისა დღეთასა“ (ე.ი. მამა ღმერთის მსგავსი), რომელმაც მკაცრად უთხრა დავითს: „დავით! დავით! არა უწყია, თუ ვინა ვარ აქა მე! ესე უწყოდე შენ და ყოველთა: რომელსაც ჩემი მტკიცე რწმენა აქვს, ის არასოდეს არ შერცხვება; მორწმუნე იყავ და არა ურწმუნო, რამეთუ ურწმუნოება სასჯელია თვითონ!“ ძილისაგან გამორკვეული მეფე ზეზე წამოიჭრა და ცხენით მიირბინა სვეტიცხოვლის ტაძარში. ძალიან გაუკვირდა იქ მყოფ იოანე პატრიარქს მეფის ასეთი უდროო მისვლა, ისიც მარტოდმარტო. დავით მეფემ კითხვაზე პასუხი არავის გასცა, სვეტიცხოლის წინ პირქვე დაემხო და ცრემლების ფრქვევით ევედრებოდა უფალს ამ ცოდვის მიტევებას. მხოლოდ ხანგრძლივი სინანულის ლოცვის შემდეგ უამბო პატრიარქს ყველაფერი და მასაც შეევედრა ელოცა მისთვის.

განვლო საუკუნეებმა. სულთანის მეუღლემ დაავალა მონებს, გაეთხარათ სიდონიას საფლავი და მოეტაცათ კვართი უფლისა, მაგრამ საფლავიდან ცეცხლის ალი ამოვარდა, ისევე, როგორც იულიანე განდგომილის დროს, (რომელმაც მოინდომა ღმრთის ნების საწინააღმდეგოდ სოლომონის მიერ აგებული ტაძრის აღდგენა). საფლავიდან ამოვარდნილმა ცეცხლმა დაწვა მონები, ხოლო სულთნის მეუღლე დააბრმავა, როგორც მოციქულ პავლეს მიერ შერისხული მოგვი.

  • სვეტოცხოველთან ჯაჭვით დაბმული ეშმაკეული მოიყვანეს და წმ. ნინოს ლოცვით განიკურნა.
  • იმ დღეს, როცა პირველი სასწაული მოახდინა სვეტიცხოველმა, მცხეთის ყველა ოჯახი მეფის ბაღში იყო; მხოლოდ ერთი ებრაელი ოჯახი დასტიროდა ახლადმიცვალებულ ჭაბუკს. დედამ ბოლოს ასე დაიტირა: „ჰოჲ, ნათელო თვალთა ჩვენთაო მოვისწრაფოთ ნათლისა მის საკვირველისა ხილვად... აღდეგ თვით მას ნათელსა გაფუცებ და ნათლისა მის მიზეზსა, თავადსა ყოველთა ნათელთაჲსა“... უეცრად ჭაბუკი გაცოცხლდა და მაშინვე ის იკითხა, სად არისო ის ნათლის სვეტი, რომელმაც მე ჯოჯოხეთიდან ამომიყვანაო.

მშობლები კინაღამ დაიხოცნენ მოულოდნელი სიხარულისაგან, გულში იკრავდნენ მკვდრეთით აღმდგარ შვილს და ეხვეწებოდნენ, ეთქვა რა მოხდა. შვილი კი მხოლოდ სვეტიცხოვლის ნახვას მოითხოვდა.

როცა იხილა ნათლის სვეტი, შემოეხვია მკლავებით, მადლობდა მას და უფალს და მხოლოდ ამის შემდეგ უთხრა ხალხს, რომ სწორედ ამ ნათლის სვეტმა ამოიყვანა ჯოჯოხეთიდან, რომლის თავშიც იჯდა ის, ვინც მათმა მამებმა ჯვარს აცვეს და მან მქუხარე ხმით უთხრა ორ მშვენიერ ახალგაზრდას, რომ ეს ჭაბუკი დაებრუნებინათ თავისი მშობლებისათვის, რადგან ძალიან შეეცოდა ისინი მათი სინანულისა და რწმენის გამო.

ამის შემდეგ მშობლები, მათი გაცოცხლებული ყრმა და ამ ამბის შემსწრენი მთელი გულით ადიდებდნენ უფალს.

სვეტიცხოვლის ტაძარი მცხეთაში

სვეტიცხოვლის გარშემო ააგეს ტაძარი და მას სვეტიცხოვლის ტაძარი უწოდეს. ეს პირველი ტაძარი ხისა იყო და ატარებდა სიონის სახელწოდებას, ანუ იგი მიეძღვნა ღმრთისმშობლის მიძინებას. წმ. მეფე მირიანმა ამ ტაძარს წმიდათაწმიდაც უწოდა, მასში უფლის კვართისა და სვეტიცხოვლის არსებობის გამო. მეორე ტაძარი ხის ტაძრის ნაცვლად ააგო ქვიტკირისაგან წმ. მეფე ვახტანგ გორგასალმა. ამ ტაძრის ნაშთები შემორჩენილია ნანგრევების სახით დღევანდელ სვეტიცხოვლის ტაძარში. თანამედროვე სვეტიცხოვლის ტაძარი არის უკვე რიგით მესამე, რომელიც წმიდა ადგილზე გიორგი პირველის ბრძანებით ააგო კონსტანტინე არსაკიძემ მე-11 საუკუნის დასაწყისში. ტაძარი, თავისი გალავნითურთ მრავალჯერ იქნა დანგრეული მტრების მიერ და კვლავ აღდგენილი.

სვეტიცხოვლის ტაძრის სიწმინდეები

წმ. მამების და თეოლოგების აზრით, სვეტიცხოველთან დაკავშირებით, სამ უმთავრეს სიწმიდეს ვიხილავთ: სვეტი-ცხოველს, უფლის კვართს და სვეტიცხოვლის ტაძარს.

სვეტიცხოველს მოიაზრებენ, როგორც „ძველი დღის უფალს“ ანუ მამა ღმერთს, ხოლო უფლის კვართს - ძე ღმერთად, რადგან სვეტიცხოვლის ტაძარი უფლის კვართზე დგას, ისევე როგორც იერუსალიმის აღდგომის ეკლესია - უფლის საფლავზე, ამიტომ სვეტიცხოვლის ტაძარს განიხილავენ როგორც აღდგომის ტაძარს და კიდევ, როგორც თვით ღვთისმშობელს: როგორც ღვთისმშობელი ცხრა თვე ატარებდა უფალ იესო ქრისტეს თავისი მუცლით, ასევე სვეტიცხოვლის ტაძარი სულიერი ზეცის განსახიერებაა და ამავე დროს არის შემაერთებელი მიწისა და ცისა“, - წერს წმ. თამარ მეფის დროინდელი კათოლიკოსი - ნიკოლოზ გულაბერიძე.

სვეტიცხოვლის ტაძრის სიწმიდეებია:

1. უფლის კვართი;
2. სვეტიცხოველი;
3. უფლის შობის ადგილის - ბეთლემის გამოქვაბულის შავი მარმარილოს მაკეტი (სვეტიცხოველსა და პატრიარქის ტახტს შორის, სვეტიცხოვლის კედელზეა მიდგმული. 4-5 წლის წინ ამ მაკეტში სვეტიცხოვლიდან მირონმა დენა დაიწყო. ამჟამად სვეტიცხოვლის ტაძრის რეკონსტრუქციის გამო ბეთლემის გამოქვაბულის მაკეტი საერთოდ აღარ არის).
4. ილია (ელია) წინასწარმეტყველის ხალენი (ზემოდან მოსაცმელი); იგი ინახება სვეტიცხოვლის ტაძრის ძირითადი საკურთხევლის მარცხენა, მცირე საკურთხეველში, რომელიც სწორედ ელია წინასწარმეტყველის საკურთხევლის სახელითაა ცნობილი; ეს ხალენი გადმოუგდო თავის მოწაფეს - ელისეს. საუკუნეების განმავლობაში ეს ხალენი გადადიოდა ყველაზე მორწმუნე ებრაელის ხელში, როგორც ძველი აღთქმის ერთერთი უდიდესი სიწმინდე. ძვ. წელთაღრიცხვის 586 წ. როცა ნაბუქოდონოსორისაგან დარბეულ ებრაელთა ერთი ნაკადი საქართველოში შემოვიდა, თან შემოიტანა ეს ხალენიც. დაფლეს სწორედ იმ ადგილზე სადაც ამჟამადაა.

გაერთიანებული საქართველოს პირველ მეფე ფარნავაზს შემოუზღუდავს ეს ადგილი.

5. ილია წინასწარმეტყველის სახელობის საკურთხევლის სალოცავში არის „იაკობის ჭის“ სახელით ცნობილი ჭა, რომლის წყალი კურნების დიდი მადლის მატარებელია მორწმუნე ხალხისათვის. (p..s. ამჟამად იქ წყალი აღარ არის, ძალიან ღრმა ჭაბურღილია და ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ ჭის ძირშია დაფლული წმ. ელიას ხალენი).
6. თვით სვეტცხოვლის ტაძარი მოიაზრება როგორც აღდგომის ტაძარი და თვით ღმრთისმშობელიც.
7. სვეტიცხოვლის ტაძარში დგას პატარა ტაძარი, რომელიც არის ქრისტეს საფლავის ტაძრის ასლი. ამ ტაძრის შესახებ ჯონ უინკოლსი და ფრანცისკა ნელი ბერი ბერნანდინო ამიკო წერენ, რომ ქრისტეს საფლავის მცხეთური ასლი ზუსტად შეესაბამება იერუსალიმის მაცხოვრის საფლავის ტაძარს (იხ. ჯ. უინკოლსი, „ქრისტეს საფლავი, იერუსალიმი და მცხეთა“, ჟ „საქართველოს სიძველენი“, თბ., 2002 წ.). ეს ტაძარი სვეტიცხოვლის ტაძარში ჩაუშენებიათ IV საუკუნეში.

ყველა ამ სიწმიდეების გამო, მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარი სათაყვანებელი ადგილია არა მარტო ქართველისათვის, არამედ მსოფლიოს მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის.

სვეტიცხოვლის ტაძარი მუკუზანში

სამნავიანი ბაზილიკაა, მდებარეობს სოფელ მუკუზანში, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი ძირძველი ისტორიული სოფელია.

როგორც სპეციალისები ასკვნიან, მუკუზნის სვეტიცხოვლის ეკლესია VI-VII საუკუნის ისტორიული ძეგლია, მაგრამ მისი აგების ისტორია უფრო შორეულ წარსულში იღებს სათავეს. მისი დაარსების ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოში ქრისტიანიობის გავრცელებასთან, მისი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასა და მცხეთაში პირველი ქრისტიანული ტაძრის სვეტიცხოვლის აგების ისტორიასთან.

როგორც ცნობილია, მორწმუნე ხალხი სვეტიცხოვლიდან პატარ-პატარა-ნაწილს იღებდა, მისგან ჯვარს აკეთებდა და ამ ჯვარს სალოცავ ნიშად იყენებდა სოფლებში, შემდეგ კი მის გარშემო აშენებდა ეკლესიებს, რომელსაც ისევ სვეტიცხოვლის ტაძარს უწოდებდა.

სწორედ იმ ერთ-ერთ ჯვართაგანი სოფელ მუკუზანში ჩამოუსვენებიათ და იქ აღუმართავთ, შემდეგ მის ადგილზე „სვეტიცხოვლის“ სახელობის ეკლესია აუშენებიათ.

მუკუზნის სვეტიცხოველი არის ერთადერთი ტაძარი საქართველოში, რომლის შიგნითა ინტერიერში, ცენტრალურ ადგილას, იატაკიდან ნახევარი მეტრის სიმაღლეზე აშენებულია ჯვრის ტიპის ქვის ნაგებობა. სწორედ იმ ჯვრის ადგილზე, სადაც პირველად დააფუძნეს სასწაულმოქმედი კვიპაროსისაგან დამზადებული ჯვარი.

(გურჯაანის რაიონის სოფ. ახალშენში კიდევ არის ერთ-ერთი მსგავსი სვეტიცხოვლის ტაძარი, რომელიც არის სამი უკარებო შესასვლელით, უკანკელო. იქ დაკრძალულია მოძღვარი, ვინმე ღვინიევი).



წყარო

ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები