სვიმეონ მესვეტის სავანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სვიმეონ მესვეტის სავანე - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, ნასოფლარ რკონის მონასტრის სამხრეთ-დასავლეთით, 400 მ-ზე, მთის ფერდობზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ნაგებობა (5,6X3,8 მ) სამსართულიანია, ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: სამხრეთ-აღმოსავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი კუთხეები თითქმის მთლიანად ჩამონგრეულია. პირველი სართულის უმეტესი ნაწილი მიწაშია ჩამჯდარი. ამ სართულის ჩრდილოეთ და აღოსავლეთ კედლებში ორი პატარა სარკმელია გაჭრილი. სათავსის შუაში წყლის შესაგროვებელი ჭა იყო ამოჭრილი. მეორე სართული საცხოვრებელია. შესასვლელი დასავლეთ კედელშია. აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო პატარა სარკმელია, ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში – ბუხარი. დასავლეთ კედელზე მიდგმულია მესამე სართულზე ასასვლელი კიბე. მესამე სართული ცილინდრული კამარითაა გადახურული. იგი სამლოცველოა, რომელსაც აღმოსავლეთით აფსიდი აქვს. ოთხივე კედელში თითო სწორკუთხა სარკმელია. სართულშუა გადახურვა ხის კოჭებს ეყრდნობოდა.

სამლოცველოს კედლები მთლიანად შელესილი და მოხატული ყოფილა. მოხატულობა გვიანდელ ფეოდალურ ხანას მიეკუთვნება. ფრაგმენტები შემორჩენილია აფსიდში და დასავლეთ კედელზე. აფსიდში ღვთისმშობლის ნახევარფიგურაა ყრმით ხელში. მის ქვემოთ, მომდევნო რეგისტრში წმინდა მსხვერპლი უნდა იყოს გამოსახული. ამავე რეგისტრში გაირჩევა ეკლესიის მამანი. საკურთხევლის სარკმლის წირთხლები ორნამენტითაა მორთული. დასავლეთ კედლის ზედა რეგისტრის მოხატულობა არ შემორჩენილა. მომდევნო რეგისტრში მთავარანგელოზის დიდი ზომის ნახევარფიგურაა, ქვემოთ კი წმინდანის პატარა გამოსახულება. სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე რამდენიმე ფიგურის ფრაგმენტი ჩანს. მოხატულობის წყობა ატექტონურია, რეგისტრები არ შეესატყვისება არქიტექტურას. კოლორიტი მუქია. ჭარბობს მოწითალო-ყავისფერი, შავი-მურანარევი, მონაცრისფრო-ლურჯი. სავანის ფასადები დასრულებულია ქვის ორსაფეხურიანი ლავგარდნით. ნაგებობა გადახურულია ორფერდა სახურავით.


წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები