სინდიკალისტ-მაშვრალთა კავშირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოციალისტ-ფედერალისტთა (სინდიკალისტ-მაშვრალთა) კავშირი - 1919 წლის 3 იანვარს საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტების პარტიას გამოეყო ანარქისტულად განწყობილი ჯგუფი და დამოუკიდებელი პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნა სცადა. იმავე წლის აპრილში ჩატარდა ორგანიზაციის პირველი კონფერენცია. ახალდაფუძნებულ პარტიას ეწოდა „საქართველოს სარევოლუციო სინდიკალისტ-მაშვრალთა კავშირი“. სინდიკალისტების ლიდერები იყვნენ: ალექსანდრე წერეთელი, ძმები ისიდორე (მთავარი კომიტეტის თავმჯდომარე) და ვასილ ვარაზაშვილები, სერგო გერსამია, გენო ქელბაქიანი, კოკი ჟორდანია, გრიგოლ ლაღიძე და სხვ. ორგანიზაციის დაარსებაში ენერგიულად მონაწილეობდა ვ. ჩერქეზიშვილი.

სინდიკალისტები სცემდნენ გაზ. „ახალ ნაკადს“. სხვადასხვა მიზეზების გამო გაზეთის გამოცემა ფერხდებოდა ხოლმე. 1919 წლის სექტემბერში სინდიკალისტების ერთი ნაწილი დაბრუნდა სოციალისტ-ფედერალისტების პარტიაში, მაგრამ სინდიკალისტ-მაშვრალების ორგანიზაციამ განაგრძო ფუნქციონირება. „კავშირის“ გავლენა ქვეყნის რეალურ პოლიტიკურ პროცესებში ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო.


ორგანიზაციამ არსებობა განაგრძო საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგაც. 1921 წლის 27 მარტს შედგა „სინდიკალისტ-მაშვრალთა კავშირის“ კრება, რომელმაც მიიღო ორგანიზაციის წესდება. 1921 წლის 4 აპრილს გამოვიდა ახალი გაზეთი „მაშვრალთა ხმა“. ორგანიზაციის მიზანი იყო „ხალხის ეკონომიკური მონობიდან განთავისუფლება“, რაც უნდა მომხდარიყო მუშათა დამოუკიდებელი თვითმოქმედი სინდიკატების შექმნისა და სახელმწიფოს გაუქმების გზით. „კავშირი“ მტკიცედ იდგა საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნების პოზიციაზე. 1921 წლის გაზ. „მაშვრალთა ხმის“ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ნომერში მოწოდება იყო გამოქვეყნებული: „არ დავივიწყოთ 26 მაისი“. „მაშვრალთა“ წარმოდგენით, მუშები და, საზოგადოდ, მშრომელები უნდა გაერთიანებულიყვნენ სინდიკატებში (პროფკავშირებში) და სინდიკატების ეროვნულ ფედერაციაში, ხოლო სხვადასხვა ქვეყნების ეროვნული ფედერაციები გაერთიანდებოდნენ საერთაშორისო ერთობაში - შრომის მსოფლიო კონფედერაციაში. სინდიკალისტები უარყოფდნენ მარქსისტულ-ბოლშევიკურ სოციალიზმს და აღიარებდნენ თავისუფალ სოციალიზმს. 1921 წლის შემოდგომიდან წყდება ინფორმაციები „სინდიკალისტ-მაშვრალთა კავშირის“ არსებობის შესახებ.

დიმიტრი შველიძე

ლიტერატურა

დ. შველიძე, ანარქო-სინდიკალიზმის ისტორიიდან საქართველოში, კრებულში: „ჟამთააღმწერლობა ჭეშმარიტის მეტყუელება არს“, ზურაბ პაპასქირი - 60, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა თბ., 2010-2013.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები