სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:30, 16 სექტემბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია - პირველი სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც „მესამე დასის“ სახელით იყო ცნობილი 1892 წლის 25 დეკემბერს, დაბა ყვირილაში (ზესტაფონი), ი. კაკაბაძის ბინაში, არალეგალურად ჩატარებულ კონფერენციაზე შეიქმნა. მის მუშაობაში მონაწილეობდნენ: ე. ნინოშვილი, ნ. ჟორდანია, მ. ცხაკაია, ს. ჯიბლაძე, ი. კაკაბაძე, ნ. ჩხეიძე, დ. კალანდარიშვილი, ვ. ვაწაძე, ა. წითლიძე, ი. რამიშვილი, დ. კვიცარიძე, რ. კალაძე.

1893 წლის თებერვალში თბილისში მესამე დასელთა მეორე კრება იქნა მოწვეული. განიხილეს და დაამტკიცეს ნ. ჟორდანიას მიერ წარმოდგენილი პროგრამის პროექტი. 1895 წლიდან მესამედასელები თავიანთი იდეების პროპაგანდას ჟურნალ „კვალის“ მეშვეობით ეწეოდნენ. ამ პერიოდში ქართული სოციალ-დემოკრატია დამოუკიდებელ პოლიტიკურ ორგანიზაციას წარმოადგენდა. 1903 წლიდან ქართულმა სოციალ-დემოკრატიულმა მიმდინარეობამ დამოუკიდებელი არსებობა შეწყვიტა და რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიაში გაერთიანდა, როგორც მისი შემადგენელი ნაწილი. მესამედასელები რუსული მარქსიზმის დოგმებს დაემორჩილნენ და ქართულ ეროვნულ მოძრაობას დაუპირისპირდნენ. ისინი მწვავედ აკრიტიკებდნენ ქართული ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენის იდეას ეროვნული ავტონომიის ფორმით. რსდმპ-ის II ყრილობაზე (1903) ქართველი სოციალ-დემოკრატები (ჟორდანია, თოფურიძე) მენშევიკურ ფრთას მიემხრნენ.

1905 წლიდან ნ. ჟორდანიას ხელმძღვანელობით თბილისში გამოვიდა გაზ. „სოციალ-დემოკრატი“. მისივე ინიციატივით მოიწვიეს კავკასიის ორგანიზაციების პირველი კონფერენცია, რომელზეც შეიქმნა კავკასიის რსდმპ მენშევიკების კავკასიის ბიურო. რსდმპ IV, V და VI ყრილობებზე ქართველი სოციალ-დემოკრატების მრავალრიცხოვანი დელეგაციები აქტიურად მონაწილეობდა და მწვავედ უპირისპიდებოდა ბოლშევიკურ ფრაქციას. 1906 წლის სექტემბერში რსდმპ ამიერკავკასიის მენშევიკებისა და ბოლშევიკების გაერთიანებულ საოლქო კომიტეტში უმრავლესობა მენშევიკებმა მოიპოვეს. ამ დროიდან ბოლშევიკები კარგავენ გავლენას საქართველოში და პოლიტიკურ სადავეებს ქართული მენშევიკური სოციალ-დემოკრატია ეუფლება. რევოლუციურ მოძრაობას ხელმძღვანელობდნენ: ნ. ჟორდანია, ს. ჯიბლაძე, ნ. ჩხეიძე, ნ. რამიშვილი, ის. რამიშვილი, ა. ჩხენკელი, ე. გეგეჭკორი... რუსეთის ოთხივე მოწვევის სახელმწიფო სათათბიროში ქართველი სოციალ-დემოკრატები ხელმძღვანელ როლს ასრულებდნენ.სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარეები ზედიზედ იყვნენ ნ. ჟორდანია - I სათათბიროში, ი. წერეთელი - II სათათბიროში და ნ. ჩხეიძე - III-IV სათათბიროებში.

პირველი მსოფლიო ომის წინა და მისი მიმდინარეობის წლებში ქართულმა სოციალ-დემოკრატიამ შეცვალა ეროვნული საკითხისადმი დამოკიდებულება. მასზე გავლენა მოახდინა აშშ-ის პრეზიდენტის, ვ. უილსონის, 1916 წლის 21 დეკემბრის ცნობილმა დეკლარაციამ. ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენის სასარგებლოდ სააგიტაციო საქმიანობის დაწყებას პრინციპულად მოითხოვდა ნ. რამიშვილი. ეს საკითხი სოციალ-დემოკრატების 1916 წლის დეკემბრის თბილისის საგანგებო თათბირის მსჯელობის საგანი გახდა. იგივე საკითხი ლანჩხუთში, სოფ. ჯონჯუათში გამართულმა სოციალ-დემოკრატების კონფერენციამ განიხილა. სოციალ-დემოკრატები შეუთანხმდნენ სოციალისტ-ფედერალისტებს და ეროვნულ-დემოკრატებს, რომ ხელსაყრელ ვითარებაში მხარს დაუჭერდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას.

1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციის შემდეგ ქართული სოციალ-დემოკრატიის ლიდერები რუსეთის, ამიერკავკასიისა და საქართველოს პოლიტიკური მოვლენების სათავეში იდგნენ. ისინი ხელმძღვანელობდნენ სრულიად რუსეთის მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხთა საბჭოების აღმასრულებელ კომიტეტს (ნ. ჩხეიძე), ამიერკავკასიის მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხთა საბჭოებს (ნ. ჟორდანია), ამიერკავკასიის კომისარიატს (ე. გეგეჭკორი), ამიერკავკასიის სეიმს (ნ. ჩხეიძე), ამიერკავკასიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკას (ა. ჩხენკელი), საქართველოს ეროვნულ საბჭოს (ნ. ჟორდანია), საქართველოს დამოუკიდებელ დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას (ნ. რამიშვილი, ნ. ჟორდანია).

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ (1918. 26 მაისი), 1918 წლის 19 ნოემბერს შედგა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელი ყრილობა, რომელმაც მიიღო დადგენილება: „დღეიდან ჩვენი პარტია იწოდება საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ პარტიად“ (იხ. VIII ყრილობა). დამფუძნებელი ყრილობა საქართველოს სოციალ-დემოკრატების პირველ ყრილობად ჩაითვალა. საქართველოს სდპ-ამ 1919 წლის თებერვალში დამფუძნებელი კრების არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა და ერთპარტიული მთავრობა შეადგინა. 1920 სოციალ-დემოკრატიულ პარტიას გამოეყო „ახალი სხივის“ ჯგუფი (კ. ნინიძე, მ. ხოჭოლავა, ნ. იმნაიშვილი, ი. ფირცხალაიშვილი).

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთი ნაწილი საქართველოში დარჩა, არალეგალური ბრძოლა გააგრძელა და დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლას ჩაუდგა სათავეში, ხოლო მეორე ნაწილი ემიგრაციაში გაიხიზნა და საერთაშორისო სოციალ-დემოკრატიი, ორგანიზაციების, დასავლეთის სახელმწიფოების დახმარებით იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად.

საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია ხელმძღვანელობდა 1924 წლის აჯანყებას და წამყვანი ადგილი ეკავა პარიტეტულ კომიტეტში. 1925 წლის აპრილში არალეგალურად ჩატარდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის III კონფერენცია.

1934 წლის 21 აპრილს პარიზში მუშაობა დაიწყო საქართველოს სდ საზღვარგარეთული ორგანიზაციების კონფერენციამ. 1986 წლის 18 მაისს პარიზში, წმინდა ნინოს ქართული ეკლესიის დარბაზში ჩატარდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის IX ყრილობა. მან დაამტკიცა ახალი ვითარების შესაბამისი პარტიის პროგრამა და წესდება, განიხილა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესაძლებლობის საკითხი. საჭიროდ იქნა მიჩნეული პარტიის მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

შოთა ვადაჭკორია

ლიტერატურა

  • ვ. გურული, მ. ვაჩნაძე, ქართული სოციალ-დემოკრატია (1892-1918), თბ., 1999;
  • შ. ვადაჭკორია, ქართული სოციალ-დემოკრატია 1917-1921 წლებში, თბ., 2001. სცსა ჰარვარდის ფონდი.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

სოციალ-დემოკრატიული პარტიის მეორე ყრილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები